აზერბაიჯანის ტურისტულმა ბაზარმა ტუროპერატორების იმედები გაამართლა -მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში ჩასული უცხოელი სტუმრების რაოდენობა, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 11,1%-ით გაიზარდა. საუბარია მსოფლიოს 190 ქვეყნიდან ჩასულ დაახლოებით სამ მილიონ ადამიანზე. პირველ ხუთეულში ტრადიციულად რუსეთი, საქართველო, თურქეთი, ირანი და საუდის არაბეთი მოხვდნენ.

უცხოელები აზერბაიჯანში გასტრონომიული, ეკოლოგიური, გასაჯანსაღებელი, სანადირო, ზამთრის, საგანმანათლებლო, საქმიანი ტურიზმისთვის მიდიან. ტურისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დაახლოებით 55%-მა მომსახურების სრული პაკეტით ისარგებლა, 22%-მა – მხოლოდ ტრანსპორტით და სხვადასხვა სახის სასტუმროს მომსახურებით 12%-ზე მეტმა – ტრანსპორტით და კვებით. აზერბაიჯანის ქალაქებს შორის ბაქო კვლავინდებურად ყველაზე მოთხოვნადია. რეგიონებს შორის ტურისტები უპირატესობას გაბალს, შეკის, გუბუს და გუსარს ანიჭებენ.

2019 წელს, ავტორიტეტული გამოცემების და ტურკომპანიების ვერსიით, ბაქო და რეგიონალური ტურისტული ცენტრები დსთ-ს საუკეთესო კურორტების რეიტინგის პირველ ადგილებზე მოხვდნენ. ამგვარად, ანალიტიკური სააგენტო „ტურსტატის“ რეიტინგში საექსკურსიო ტურიზმის მიმართულებით აზერბაიჯანი საუკეთესო სამეულში მოხვდა.

“2019 წელს, ტურიზმის სფეროში მასშტაბური სამუშაო ჩატარდა. მოეწყო ძალიან ბევრი გამოფენა, ფორუმი, სემინარი, ინფოტური, რომლებიც ამ სფეროს განვითარება-გასრულყოფილებას მიეძღვნა. 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აზერბაიჯანის ტურისტული სააგენტოს ასოციაციის შექმნა, რომლის მთავარი ფუნქცია ტურისტული სააგენტოებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა, ტურისტული პროდუქციის ტურისტული მომსახურების ხარისხის გაზრდაა”, – განაცხადა აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, მუზაფერ აგაკერიმოვმა Dalma News-ის კორესპოდენტთან საუბარში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო აზერბაიჯანის ტურიზმის ბიუროსთვის შეფასების უფლებამოსილების მინიჭება, რაც ითვალისწინებს სასტუმროების შეფასებას მათი ვარსკვლავების რაოდენობასთან შესაბამისობაში.

მუზაფერ აგაკერიმოვმა

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ სერტიფიცირება და “ვარსკვლავების” მინიჭება სასტუმრო ბიზნესის განვითარებას დამატებით იმპულსს შესძენს და ეს მასპინძლობის ინდუსტრიის დონეს აამაღლებს.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის აპრილში, რიგით მეთვრამეტე, აზერბაიჯანული საერთაშორისო გამოფენა „ტურიზმი და მოგზაურობა“ AITF 2019 მოეწყო. ტრადიციულად, გამოფენამ თავის მოედანზე თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ბაზრის წარმომადგენლებს, ნაციონალურ და რეგიონალურ ტურისტულ ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს.

“აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის მხრიდან მომზადდა ექსკურსიამძღოლთა ჯგუფი, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მთელ რიგ ქვეყნებთან, რომელთა შორისაა ჩინეთი, რუსეთი, უზბეკეთი და ა.შ.. ასევე გაიმართა შეხვედრები რეგიონულ მეწარმეებთან, რომლებსაც განემარტათ ტურიზმის სექტორში ბიზნესის წარმოების და გაუმჯობესების შესაძლებლობები. ჩვენი მონაცემებით, 2020 წელს ზრდის ტემპი კვლავ გაიზრდება. კერძოდ, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა დსთ-ს ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ევროპიდან და ა.შ. ამავე დროს, აზერბაიჯანში დამსვენებელთა რაოდენობით ერთ – ერთ ლიდერ ქვეყნად, კვლავ რუსეთი რჩება”, – დასძინა მუზაფერ აგაკერიმოვმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს მკვეთრად გაიზარდა ტურისტების ნაკადი ჩინეთიდან -11 თვის განმავლობაში ქვეყანას დაახლოებით 25 ათასი ჩინელი ტურისტი ესტუმრა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 64%-იანი ზრდაა. აზერბაიჯანის ტურიზმის ბიურომ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთის ორ მთავარ ონლაინ პლატფორმასთან – Ctrip და Qyer, რაც გამოიწვევს ტურისტული პროდუქტების შემუშავებას, რომლებიც ორიენტირებული იქნება, როგორც ჩინეთის ბაზარზე, ისე ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის გაზრდაზე.

გარდა ამისა, ინდონეზიიდან აზერბაიჯანში ჩასმული ადამიანების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ”წელს აზერბაიჯანში 6 ათასი ინდონეზიელი ჩამოვიდა, შარშან ეს მაჩვენებელი 4 ათასი იყო. რადგან პირდაპირი რეისები არ არსებობს, ინდონეზიელები აზერბაიჯანში, ძირითადად თურქეთისა და რუსეთის გავლით ხვდებიან ”, – განაცხადა ინდონეზიის ელჩმა აზერბაიჯანში. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიაკავშირების განხორციელების შესაძლებლობა განიხილება.

“ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპის პარალელურად, აუცილებელია მომსახურების სპექტრის გაფართოება და განუვითარებელი მიმართულებების განვითარება, მაგალითად, საკრუიზო და სარკინიგზო ტურიზმის. რაც შეეხება ზამთრის ტურიზმს, უკვე აშკარაა, რომ სეზონი ნაყოფიერი იქნება. შაჰდაგის სათხილამურო კურორტი ზამთრის დასვენებისთვის ყველაზე დიდ, მოთხოვნად და ძვირადღირებულ ადგილად რჩება. ყველას არ აქვს კურორტზე დასვენების შესაძლებლობა, განსაკუთრებით დეკემბერში – სადღესასწაულო სეზონისა და კორპორატიული წვეულებების დროს. ზომიერი ფასების პოლიტიკის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კონკურენტული გარემოს გამკაცრებით. ამისთვის აუცილებელია ახალი ზამთრის მარშრუტების და საკურორტო კომპლექსების გახსნა, მაგალითად, ზაქათალისა და კახის რეგიონებში”, – განაცხადა მუზაფერ აგაკერიმოვმა.

Горнолыжный курорт Шахдаг

ამასთანავე, ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მომსახურების ხარისხი მომხმარებელთა საჭიროებებს კვლავაც არ აკმაყოფილებს. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ქვეყნის რეგიონულ ტურისტულ ცენტრებში.

“თუ ბაქოში უფრო ხელსაყრელი და სასურველი ვითარებაა, ქვეყნის რეგიონებში ამ თვალსაზრისით ყველაფერი ძალიან სამწუხაროდ გამოიყურება. თუ მაგალითად, რომელიმე ევროპულ ქვეყანას მოვიყვანთ, ვნახავთ, რომ მომსახურების დონე ერთნაირად კარგია, როგორც დედაქალაქში, ისე პატარა ქალაქებში. აზერბაიჯანისთვის აუცილებელია მომსახურების სერვისები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზარდოს და ერთ დონეზე განავითაროს”, – დასძინა აგაკერიმოვმა.

რაც შეეხება სახელმწიფო დოტაციებს, წლეულს აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული მეწარმეობის განვითარების ფონდის ხაზით, ტურიზმის სექტორს 9 მილიონი მანათის შეღავათიანი კრედიტები გამოეყო, რაც დაახლოებით 5 მილიონ აშშ. დოლარზე მეტია. საერთო ჯამში, ფონდმა 53 მილიონი მანათი (დაახლოებით 31 მილიონი აშშ.დოლარი – რედ.) გასცა, რაც 4 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს.

ამასთანავე, 11 დეკემბერს, აზერბაიჯანში მესამე მემილიონე ტურისტი ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის თურქეთის მოქალაქე სედა უნლუ, რომელიც ბაქოში ანკარიდან ჩაფრინდა. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სტუმარს დიდი თაიგულით შეეგება. შეგახსენებთ, 2018 წელს აზერბაიჯანში 2,8 მილიონი ტურისტი ჩავიდა, რომლებმაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში ორ მილიარდზე მეტი აშშ.დოლარი დახარჯეს.

აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ტურისტული ნაკადი გაიზრდება და ქვეყანას 3,5 მილიონამდე ტურისტი ესტუმრება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო პირობას დებს, რომ მომავალ წელს, ბაქოში ამუშავდება ტურისტების დახმარების და მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც უცხოელებისთვის უამრავი სახის მომსახურებას უზრუნველყოფს და ექნება ცხელი ხაზი.

ლეილა ალიზადე