2024 წელს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც უკვე მესამე ვადით არის ხელისუფლებაში, ოპოზიციური გაერთიანების მთავარი სამიზნეა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ოპოზიცია ცდილობს გამოიყენოს შანსი და ქართველი ამომრჩეველი დაარწმუნოს იმაში, რომ “ოცნებას” ქვეყანა რუსული ორბიტისკენ მიჰყავს, ოპოზიციური პარტიები კი, დასავლური პერსპექტივისთვის ირჯებიან. პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ოპოზიციური გაერთიანების ავანგარდში დარჩეს და კვლავაც საკუთარ დღის წესრიგს დაუქვემდებაროს დანარჩენი ოპოზიცია. თუმცა, მათ ლიდერობაში შემცილეები გამოუჩნდნენ. ბანკირების – ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია “ლელო საქართველოსთვის” “ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის” შექმნას აპირებს და სამომავლო თანამშრომლობაზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.
“მივესალმებით ყველას, ვინც გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე მივესალმებით, თუ ცალკე პროდასავლური პარტიები გააკეთებენ ერთობას”, – განაცხადა “ენმ”-ს ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და “სტრატეგია აღმაშენებელთან” პოლიტიკური გაერთიანების შექმნა დააანონსა.
20 ივლისს ამ პარტიებმა გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადება გააკეთეს და სხვა პარტიებიც დაპატიჟეს. მთავარი კრიტერიუმი პროდასავლურობაა. ამ ერთობაში შესვლაზე უარს აცხადებენ პარტიები – „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, თუმცა, ცოტა ხნის წინ, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობას განიხილავდნენ.
“ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა. ყველაფერს ვიზამ, რომ რუსების გაგდება და პროდასავლური სამომავლო კოალიცია ოპტიმალური იყოს“, – აცხადებს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
პროდასავლური პარტიებისთვის ღია კარის დატოვების არ სჯერათ „გირჩი-მეტი თავისუფლებაში“. მათი აზრით, ხაბეიშვილის შეთავაზება სინამდვილეში ტყუილია, რადგან კარგად იციან, რომ „გირჩი“ არ მივა.
“გია ბარამიძემ თქვა, – ჩვენ ქრისტიანები ვართ და ეგენი არაქრისტიანები არიანო”, – აცხადებს “გირჩის” წევრი ცოტნე კობერიძე.
“ნაციონალური მოძრაობა” არ ამხელს თავის სამომავლო გეგმებს, თუ ვინ იქნება სიის ნომერი პირველი, ანუ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ამ თემას ისინი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივასთან ბმაში განიხილავენ.
“სრული სიგიჟეა ამ პირობებში ამის განხილვა, როცა არ ვიცით, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ, ჩვენს ქვეყანას გაარუსებენ თუ არ გაარუსებენ, გამოვგლეჯთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენს სახელმწიფოს თუ არ გამოვგლეჯთ. ამაზეა საკითხი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობის ან არარსებობის საკითხი უნდა გადაწყდეს”, – აცხადებს ხაბეიშვილი.
“სტრატეგია აღმაშენებელს” კი, “ქართული ოცნების” დამარცხება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“ წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ასეთ შემთხვევაში ერთმა პარტიამ უნდა აიღოს 50%-ზე მეტი. ამ რაოდენობის ხმების ამღები კი, დღეს ოპოზიციაში ნაკლებად მოიძებნება პარტია. პარალელურად ცნობილია, რომ პარტია „ლელო“ “ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის” შექმნას აპირებს და სამომავლო თანამშრომლობაზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს. პარტია „დროაში“ ჯერჯერობით თავს იკავებენ იმაზე საუბრისგან, მიდის თუ არა მათსა და „ლელოს“ შორის თანამშრომლობაზე კონსულტაციები. თუმცა, 2021 წელს ამ ორმა პარტიამ, თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 დღით ადრე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობაში“ გამარჯვების პლატფორმა ვერ იქნება იქამდე, ვიდრე რეალურ ოპოზიციურ ნიშას არ დაიჭერენ, რომელიც ქვეყნის დასანგრევად კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ მისი უკეთესი მომავლისთვის. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, ამ ვითარებაში რევოლუციური კომიტეტი შეიქმნა, რომელში ჩართვას ესწრაფვის სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, რადგან თავად პარტიების განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან საკმაოდ ყუათიანად არიან დაფინანსებული.
„ეტყობა, აქამდე პარტიული მშენებლობისთვის ან რაიმე პროგრამული მუშაობისთვის ვერ მოიცალეს და ერთადერთი კუნძულია „ნაცმოძრაობა“, საიდანაც შორს არც არასდროს წასულან“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პოლიტოლოგისა და ფსიქოლოგის, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ოპოზიცია ერთიანდება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს კი არ არის ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრის არაერთმა კვლევამ აჩვენა ის, რომ ორ ალტერნატივას შორის – „ქართული ოცნება“ თუ “ენმ” ამომრჩეველი უპირატესობას პირველს ანიჭებს.
“ოპოზიცია რომ დაიძახებს, – გავერთიანდეთ „ოცნების“ გადასაგდებად, ეს გამოიწვევს ამომრჩეველში პირიქით მობილიზაციას, რომ ნაციონალები შემთხვევით, მართლა არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთი ლოზუნგი, როცა ფონი „ოცნების“ სასარგებლოა, პირიქით მობილიზაციას მოახდენს ამომრჩევლისას, რომ აირჩიონ „ოცნება“. ოპოზიცია თავს უფრო უარეს დღეში ჩაიგდებს”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, თუ დასავლეთი ხელს შეუწყობს საქართველოში რევოლუციას, ამით ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. რევოლუცია არ ნიშნავს გამარჯვებას, მაგრამ დესტაბილიზაცია წესით, არ უნდა იყოს დასავლეთის ინტერესში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
რამდენად შთამბეჭდავად გამოიყურება დღეს ოპოზიცია და რამდენად გულწრფელია თავად “ნაციონალური მოძრაობა”, არჩევნებში წარმატება სხვა წვრილ-წვრილ პარტიებს გაუნაწილოს? რამაზ საყვარელიძის შეფასებით, როდესაც ბანკები ერთიანდებიან, საფუძველია ის, რომ არც ერთი არ არის ღონიერი და ერთიანდებიან იმისთვის, რომ უფრო მეტი შეძლონ. თუმცა, ბანკების გაერთიანებისას ერთიანდება კაპიტალი, მაგრამ პოლიტიკური პარტიების გაერთიანებით არ ერთიანდება ამ პარტიების ამომრჩეველი.
„ამომრჩეველს შესაძლოა ერთი პარტია მოსწონდეს, მაგრამ მეორე პარტია მისთვის მიუღებელი იყო. ამიტომ, როგორც წესი, გაერთიანება უფრო ნაკლებ ელექტორატს იძლევა. თუმცა, თუ გავიხსენებთ 2011 წელს „ოცნების“ პოლიტიკაში შემოსვლას, ეს იყო გაერთიანება იმისთვის, რომ ივანიშვილს სხვა პატარ-პატარა პარტიები გაეყვანა, თუმცა დღეს, საეჭვოა “ნაციონალურ მოძრაობას” უნდოდეს, რომ თავისი კონკურენტები, საკუთარი ქულებით შეიყვანოს პარლამენტში“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს ქართველ ამომრჩეველს შეუქმნას განცდა, რომ არსებობს მხოლოდ 2 ალტერნატივა – ერთ მხარეს პროდასავლური ოპოზიცია, მეორე მხარეს კი, პრორუსული „ოცნება“. ანალიტიკოსის აზრით, ამ პოლიტიკური გზავნილის ადრესატი არის, არა მარტო ქართველი ამომრჩეველი, არამედ დასავლეთიც, რომლის მხარდაჭერაც ძალიან ეიმედება ქართულ ოპოზიციას, რომ გადამწყვეტ მომენტში დასავლეთი მხარს მათ დაუჭერს.
„ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, ბლოკებისა და კოალიციების შექმნა აკრძალულია, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები, რომელიმე პარტიასთან უნდა გაერთიანდნენ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ დასთანხმდა კენჭი იყაროს ნაციონალების საარჩევნო სიით. ეს მგონი, კეთდება იმისთვის, რომ შექმნან მრავალცენტრიანი პროდასავლური ოპოზიციის იმიჯი, რათა დასავლეთში დაინახონ, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, პროდასავლური ორიენტაციის, რომლებიც, მართალია, ცალ-ცალკე იბრძვიან, მაგრამ საერთო მიზანი აქვთ”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებისთვის ვიღაც-ვიღაცები დაჯგუფდებიან, ვიღაც დამოუკიდებლად იყრის კენჭს, მაგრამ საბოლოოდ, თუ კი ნახავენ, რომ აგებენ არჩევნებს, გამოუცხადებენ შედეგებს უნდობლობას, როგორც ეს გააკეთეს 2020 წელს, პარლამენტში არ შედიოდნენ იმ იმედით, რომ დასავლეთი არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს და მისცემდა ბიძგს რევოლუციურ პროცესებს.
„დღესაც ამის იმედი აქვთ. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ რა კონფიგურაციითაც არ უნდა დალაგდნენ ოპოზიციური პარტიები, მაინც ვერ ახერხებენ იმდენი ხმის აღებას, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ და მთავრობა დააკომპლექტონ”, – აცხადებს ანალიტიკოსი.
საბოლოოდ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. საინტერესოა, რამდენად თანხვედრაშია საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები დასავლელი პოლიტიკოსების სურვილებთან?
ზაალ ანჯაფარიძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართველი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის სურვილია, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა, ისინი არ შეადგენენ მოსახლეობის 85%-ს.
მისივე თქმით, ევროპასთან ინტეგრაცია ნიშნავს ევროპული თამაშის წესების მიღებას. ამ თამაშის წესების ბევრი კომპონენტი კი, ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები კულტურული, პოლიტიკური თუ რელიგიური თვალსაზრისით. ამიტომაც აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ მოიქცევა ამ არჩევნების დროს პასიური ამომრჩეველი.
“2012 წელს პასიური ამომრჩეველი არ დარჩა სახლში. მათ მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“, რამაც განაპირობა „ოცნების“ გამარჯვებაც. ახლაც ამომრჩეველი თუ ჩათვლის, რომ „ენმ“-ს ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე არსებობს, ის კვლავაც გამოვა არჩევნებზე”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში განსაკუთრებული იქნება, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში რეგიონში და მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გამოიკვეთა დასავლეთის სურვილი, რომ აღარ სურთ “ქართული ოცნება” მეოთხე ვადით იხილონ საქართველოს ხელისუფლებაში. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მისცენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ხელი შეუწყონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას, რომ საზოგადოებამ აღარ მისცეს ხმა „ოცნებას“ როგორც ანტიევროპულ ძალას. ოპოზიციას დღეს ხელში სხვა არანაირი ინსტრუმენტი არ გააჩნია, მათი ერთადერთი იმედია, რომ ევროკავშირმა საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და ამას ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვეს.
შორენა პაპაშვილი