უახლოეს ათწლეულებში საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს დიდი სახელმწიფოების სტრატეგიული სამკუთხედი – აშშ-ჩინეთი-რუსეთი ჩამოაყალიბებს. ამის შესახებ კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (NIIRK) მიერ ორგანიზებული VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის – „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2023. მიზნები და ღირებულებები“ პლენარულ სხდომაზე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გ.არბატოვის სახელობის აშშ-ს და კანადის ინსტიტუტის დირექტორმა – ვალერი გარბუზოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ სტრატეგიულ სამკუთხედს ყველა შანსი აქვს იმისათვის, რომ ამ საუკუნის ბოლომდე უცვლელი დარჩეს.

„სამკუთხედს წარმოადგენენ დღევანდელი სამყაროს ძალაუფლების ცენტრები – სამი ძალა, რომლებსაც გლობალური დომინირების ან გლობალური ლიდერობის საკუთარი, კარგად გააზრებული, ან შესაძლოა არც თუ ისე კარგად გააზრებული პროგრამები აქვთ. ეს არის სამი მსოფლიო ლოკომოტივი საკუთარი დაპირისპირებისა და ურთიერთქმედების ღერძებით“, – განაცხადა გარბუზოვმა.

ვინ მართავს ბურთს?

ექსპერტის აზრით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და დომინანტი ძალა შეერთებული შტატებია, რომელსაც საკუთარი პოზიციების საუკუნის ბოლომდე, ან სულ მცირე 2050 წლამდე, შენარჩუნების ყველა შესაძლებლობა აქვს. პოზიციის შენარჩუნების საიდუმლო კი, სწორედ ამ პოზიციების ფორმირების სქემაშია.

”შეერთებულ შტატებში მე-19-ე საუკუნის ბოლოს გააცნობიერეს, რომ მათ თავიანთ საზღვრებში ცხოვრება არ შეეძლოთ და ამიტომ გასცდნენ მას. კონტინენტური ექსპანსია დასრულდა და გლობალური ექსპანსია დაიწყო. მას შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, როგორც თანამედროვე სამყაროს არაფორმალურმა იმპერიამ იწყო ჩამოყალიბება. მან შეაღწია დანარჩენ მსოფლიოში, შეაღწია ქვეყნებსა და კონტინენტებზე ფინანსების, ეკონომიკის, სულიერი სფეროს მეშვეობით. ასეთი იმპერიის განადგურება ადვილი არ არის“, – თქვა მან.

გარბუზოვის თქმით, მიუხედავად ამისა, ასეთ არაფორმალურ იმპერიასაც კი ადრე თუ გვიან ეყოლება კონკურენტები, რომლებიც მას დაუპირისპირდებიან. პირველი კონკურენტი იყო სსრკ, მაგრამ საბჭოთა კავშირი ამ კონკურენციაში დამარცხდა.

„წლების შემდეგ კიდევ ერთი კონკურენტი გამოჩნდა, რომელიც დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა გამოკვებეს. ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. საუბარია თანამედროვე მსოფლიოს მეორე არაფორმალურ იმპერიაზე, ვინაიდან იგი თითქმის იგივე გზით ჩამოყალიბდა – საქონლის ექსპორტი, ინვესტიციები, ფინანსები. აშშ-ს სამომხმარებლო ბაზრის 80% ჩინური პროდუქციაა. მთელი აფრიკა ჩინურმა ინვესტიციებმა მოიცვა. პროექტები შეიძლება მცირეა, მაგრამ ათასობით“, – დასძინა მან.

მესამე ძალა არის რუსეთი, რომელსაც თავად გარბუზოვი არაფორმალურ იმპერიად არ მიიჩნევს. „ეს არის ყოფილი საბჭოთა იმპერია, რომელიც დღეს ყველაზე რთულ პერიოდს – „პოსტ იმპერიული“ სინდრომის სტადიას უმკლავდება“, – თქვა მან და იქვე დასძინა, რომ მსგავსი პროცესი ყველა დანგრეულ იმპერიაში ვლინდება და სხვადასხვა მეტროპოლია ამ პრობლემას სხვადასხვა გზით უმკლავდება.

”ზოგიერთმა, მაგალითად, ბრიტანულმა მმართველობამ პრობლემა უბრალოდ გადაჭრა: ყოფილი კოლონიები ფინანსური ბერკეტების და იმპერიული პრეფერენციების დახმარებით შეინარჩუნა. პოლიტიკური თავისუფლება კი მიანიჭა, თუმცა არა ყველას. რუსეთმა მსგავსი რამ ვერ შექმნა“, – განაცხადა მან.

გარბუზოვის თქმით, რუსეთის ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე, რუსეთის სასაზღვრო ზონა სხვა ქვეყნების გავლენის სფეროში დარჩა. საბჭოთა მემკვიდრეობა იმ სახით, რომლითაც არსებობდა, დაიკარგა.

„ეს არის რუსეთის მთავარი პრობლემა და არა ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა“, – დარწმუნებულია ის.

ვალერი გარბუზოვი

სადამდე მიგვიყვანს აშშ-თან დაპირისპირება?

გარბუზოვის შეფასებით, ზემოაღნიშნულ სამ ძალას შორის ორი კონფრონტაციული ღერძია – ჩინეთი-აშშ და რუსეთი-აშშ. მთავარი კონფრონტაციული ღერძი აშშ-ს და ჩინეთს შორისაა.

„თუმცა, ეს კონფრონტაციული ღერძი არც ისე კონფრონტაციულია, რადგან მასში ურთიერთდამოკიდებულებაა ჩაქსოვილი. სინამდვილეში, მათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ისინი ჩხუბობენ და სავაჭრო ომებს აწარმოებენ, მეტი არაფერი“, – განაცხადა მან.

გარბუზოვს მიაჩნია, რომ ამ ღერძში ჩაშენებულია კონფრონტაციის რეგულირების მექანიზმი, რომელიც ურთიერთობებში აფეთქების საშუალებას არ იძლევა. „ჩინეთს არ სჭირდება ომი: არც გლობალური, არც რეგიონული, არც ცივი და არანაირი. ჩინეთს სჭირდება განვითარება და განვითარებას სჭირდება მშვიდობა“, – დასძინა მან.

რუსულ-ამერიკული კონფრონტაციული ღერძი ასეთი შინაარსის არ არის, ის შინაარსისგან დაცლილი ღერძია, – აღნიშნა გარბუზოვმა. „შეიარაღების კონტროლის სისტემა, რომელიც ცივი ომის დროს მთავარი იყო, დაინგრა. სანქციების პოლიტიკის გარდა სხვა არაფერი არსებობს. ანუ ურთიერთქმედების შემადგენელი არის სანქციების სპირალი და ცხადია, რომ ეს უარყოფითი შინაარსია“, – განაცხადა მან. ამ ღერძის საშიშროება ის არის, რომ მას არ გააჩნია მარეგულირებელი მექანიზმი, ვინაიდან არ არსებობს ერთმანეთზე დადებითი დამოკიდებულება. კონფრონტაციის ეს ღერძი ასევე საშიშია იმითაც, რომ ორივე მხარე ბირთვული ძალაა.

„ამიტომ, დაპირისპირება უნდა მოგვარდეს. ეს შესაძლოა გახანგრძლივდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველთვის ასე არ უნდა იყოს. ორმა ქვეყანამ უნდა მოინდომოს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიწყოს მოლაპარაკება და რაღაც შეცვალოს საგარეო პოლიტიკაში. ორივე მხარე უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა გარბუზოვმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ურთიერთობები დიდხანს ვერ გაგრძელდება.

„ყველა გონიერ ადამიანს კარგად ესმის ეს, მაგრამ თავისი ქორი, სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებსაც ჰყავს და რუსეთსაც“, – დასძინა მან.

სტრატეგიული პარტნიორობა გადაჭარბებულია?

„ჩინეთ-რუსეთის ღერძი – ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამას ჩინეთი და რუსული მხარე დიდი სიფრთხილით უწოდებენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთგავლენა და ურთიერთქმედებაა, მაგრამ გარკვეულ საზღვრებშია მოქცეული“, – განაცხადა მან.

გარბუზოვმა მიანიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩინეთი ხშირად თავს იკავებს რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კენჭისყრისას; უკრაინის კრიზისის დროს ჩინეთის მთავრობა მხარს უჭერს, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული საქონლის მიწოდებით; ჩინეთი რუსეთს სამხედრო საქონელს არ აწვდის.

„მოკავშირეები ამას ჩვეულებრივ არ აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიული პარტნიორობა ზოგისთვის ეიფორიაა. თუმცა, ჩინეთი არსებულ ვითარებას მხოლოდ საკუთარი (და არა რუსული) ინტერესების პრიზმით უყურებს“, – დასძინა მან.

მოამზადა ნანა ვაგრამიანმა