საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სკანდალში გაეხვა. 11,5 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ, თავისი წინამორბედის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ის ლობისტების შესახებ ამერიკულმა კანონმა ამხილა. FARA-ს (Foreign Agents Registration Act) დოკუმენტში აღწერილია მიხეილ სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის გაწეული მომსახურება და ხარჯები.

გიორგი მარგველაშვილი ნახსენებია FARA-ს 28-გვერდიანი ანგარიშის მე-7 გვერდზე, სადაც მითითებულია – “საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სათავეში უდგას კოალიციას ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ცხოვრების გადასარჩენად”. ზუსტად ამავე სახელწოდების სათაურით გამოქვეყნდა სარეკლამო მასალა BLOOMBERG-ზე. 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის სახელით მომზადებულ პეტიციაში, რომელსაც 130-ზე მეტი პოლიტიკოსი თუ სხვადასხვა თანამდებობის პირი აწერს ხელს, საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში წამებით მოკლავენ, პასუხისმგებლობა კი, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” ეკისრება, რომელიც ექსპრეზიდენტს სამკურნალოდ უცხოეთში წასვლის საშუალებას არ აძლევს. სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, ციხის საკნის ნავლად, კლინიკა “ვივამედის” საგანგებოდ დაცულ პალატაში ცხოვრობს.

მარგველაშვილის მიერ მომზადებულ პეტიციაზე ხელმომწერნი ეთანხმებიან ტექსტის შინაარსს, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმრობაში სააკაშვილის სიკვდილი საქართველოს საგარეო იმიჯს დააზარალებს, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობაში გაჩნდება კითხვა, – არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, სადაც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას.

“ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. გაღრმავდება კითხვები საერთაშორისო თანამეგობრობაშიც: არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, რომლებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობის პრინციპებს და ძალუძთ დემოკრატიულად ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა”, – ვკითხულობთ მარგველაშვილის მიერ მომზადებულ პეტიციაში, რომელიც მის პირად ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ვხედავთ, ამერიკული კანონი FARA (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) ქართველი პოლიტიკოსების მამხილებელ საშუალებად იქცა. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოში 7-9 მარტის აქციების შედეგად ჩავარდა.

მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებულნი არიან, რომ სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის მარგველაშვილმა გარკვეული თანხა აიღო. ეს თანხა კი მას სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გადაუხადა.

“მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ თანახმად, მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

თავად გიორგი მარგველაშვილი ამ ინფორმაციას ბინძურ ტყუილს უწოდებს და აქცენტს თანხის სიმცირეზე აკეთებს.

გიორგი მარგველაშვილი

“პოლიტიკური პოზიციაა ეს ჩემი, რომ ბინძურ ტყუილებზე კომენტარი არ უნდა ვაკეთო. ცოტა შეურაცხმყოფელია, მე თუ ქრთამების აღება მინდოდა, 11 500-ს ავიღებდი, ძალიან შეურაცხმყოფელი თანხა არის ჩემი ძალიან, ამას ვაფიქსირებ კიდევ ხაზგასმით. თვითონ მილიონებს იპარავენ და მე ე.ი. 11 500-ზე მეტი ვერ გაიმეტეს ჩემთვის ტყუილშიც კი, წარმოგიდგენიათ?!“, – განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ FARA (Foreign Agents Registration Act) არის კანონი, რომელიც აშშ-ში ლობისტურ კომპანიებს ფინანსების გამჭვირვალობას ავალდებულებს. მონაცემები ქვეყნდება იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტზე ქვეყნდება.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერები სააკაშვილის ლობირებაში საქართველოში აშშ-ს საელჩოს ზოგიერთ თანამშრომლის მონაწილეობაზეც მიანიშნებენ. ამ ბრალდებას საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა. მათ სახელისუფლებო პარტიის წევრები და ზოგიერთი მედიასაშუალებები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. საელჩოს განცხადებაში არაფერია ნათქვამი მარგველაშვილის სახელთან დაკავშირებულ სკანდალზე.

“თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა”, – წერია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. მისი აზრით, სახეზეა აშშ-ს საელჩოს საქართველოს ხელისუფლებას ჩვეული ჭიდილი, რაც არასწორია.

გიორგი ვოლსკი

“თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, ეს საელჩოს განცხადებაში იქნება, მარგველაშვილის განცხადებაში, თუ ნებისმიერ სხვა განცხადებაში, ხელისუფლებას და იმ ადამიანებს კი არ უნდა მიუტრიალდნენ და საყვედური უთხრან, რომლებიც ამ თემაზე საუბრობდნენ, არამედ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა და მადლობა ღმერთს, რომ გამოქვეყნდა. ჩამოთვლილია, გვარებია მითითებული ადამიანების, რომლებიც თანხის სანაცვლოდ სამუშაოს ასრულებენ, პირადად იღებენ”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

თავად მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მის შვილს არავითარი ლობისტები არ სჭირდება. საკმარისია მხოლოდ, მისი სახელის ხსენება და ყველა მზად არის დახმარებისთვის.

“სად არ ვყოფილვარ, ამერიკაში მაღაზიის გამყიდველებმაც კი იციან სააკაშვილის ბიოგრაფია. მოსახლეობამ ეს,, – როგორ დაუშვით, რა დღეში ჩაგიგდიათო“, – აცხადებს გიული ალასანია.

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მარგველაშვილთან დაკავშირებით მეორე სკანდალზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, არსებობს გეგმა, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პირდაპირი მოკავშირე. “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ ყოველი ასეთი კავშირი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნებას” გამარჯვების შანსს უზრდის.

“პარადოქსთან გვაქვს საქმე, რომ ქართველი პოლიტიკოსები უყურებენ და ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, მოქმედებენ არა ხალხის ინტერესებით, არამედ მოქმედებენ სხვა ქვეყნებისა და სხვა ხალხების ინტერესებით. ამიტომ, 2024 წლის არჩევნებს მე სწორედ ასე ვხედავ, რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება, მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, “უცხო ქვეყნების აგენტების შესახებ” ამერიკული კანონი FARA საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს იმ დესტრუქციული საქმიანობების გამოაშკარავებაში, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ეწევა უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ.

გია აბაშიძე

“ძალიან ბრიყვულია ამ ყველაფრის უარყოფა. აშშ-ს საელჩოს 26 ივლისის განცხადებით რა გამოდის, თურმე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობა საელჩოს სახით, არ ეთანხმება საკუთარი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ დოკუმენტებს? დააბრალო ეს ყველაფერი ცალკეულ ქართულ მედიასაშუალებებს, ძალიან არასერიოზულია. სჯობდა საერთოდ არ გაეცა პასუხი აშშ-ს საელჩოს. ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ზუსტად საქართველოში იგივე ამერიკული კანონის მიღებას”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, 7-9 მარტის მოვლენებმა დაგვანახა ის, რომ საქართველოს მიმართ ადგილი აქვს სამარცხვინო ფარისევლობას. კანონს, რომელიც აშშ-ში ათწლეულებია მუშაობს, დაარქვეს “რუსული კანონი” და ჩააგდეს. მაშინ, როდესაც, ამერიკის გარდა, თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში იხილება მსგავსი კანონპროექტის მიღება, გაცილებით მძიმე სასჯელებით.

რაც შეეხება, გიორგი მარგველაშვილის ლობისტურ შესაძლებლობებს, გია აბაშიძის შეფასებით, ურეიტინგო მარგველაშვილისთვის, არც თუ მცირე თანხაა 11 500 აშშ დოლარი. უფრო მეტიც, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა.

“მარგველაშვილი იმდენად ურეიტინგოა, რომ მისი გამოსვლები არაფრის მომცემი არ არის. პრეზიდენტის თანამდებობიდან წავიდა ნულოვანი რეიტინგით. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მმართველ პარტიას ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია. მაგრამ დღეს რეალურად სახეზეა ურეიტინგო სახეების თავმოყრა სააკაშვილის გარშემო. სააკაშვილი ვერ შეეგუა იმას, რომ ის უბრალოდ, ყოფილი პრეზიდენტია”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

ნანა კაკაბაძე

კითხვაზე, თუ რატომ რჩება დღის წესრიგში სააკაშვილის თემა და ხელოვნურად ხომ არ ხდება მისი, როგორც პოლიტიკოსის აქტუალიზაცია, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ სააკაშვილს დასავლეთში სერიოზული ძალები ლობირებენ, ანუ ისინი, ვის ინტერესებსაც ატარებდა სააკაშვილი ქვეყანაში.

კაკაპაძის აზრით, სააკაშვილი თუ იგრძნობს, რომ მასზე აღარ ზრუნავენ, შეუძლია გააღოს პირი და ილაპარაკოს, თუ ვისი დავალებით აკეთებდა ქვეყანაში იმ საშინელებებს – დაწყებული თვალთვალით, მიყურადებითა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებით, დამთავრებული ქუჩაში ხალხის ჩახოცვით, ციხეებში ხალხის გაუპატიურებით. საიდან ჰქონდა მას ეს მწვანე შუქი და რატომ ვერ ვხედავდით დასავლეთის მხრიდან რეაგირებას, ასეთ უმტკივნეულეს საკითხებზე ჩვენს ქვეყანაში?

„სააკაშვილი პირს თუ გააღებს, ეს საფრთხეს შეუქმნის ასევე „ენმ“-ს, როგორც პარტიას. ამიტომ, ის ადამიანები მიხეილ სააკაშვილს კი არ იცავენ, როდესაც აბსურდულ პეტიციებს აწერენ ხელს, როგორც მაგალითად ევროპარლამენტში მოხდა, როდესაც 44-მა პარლამენტარმა მოაწერა ხელი, ან კონგრესიდან როდესაც აკეთებენ განცხადებებს…”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე შეფასებით, სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი იმდენად, რამდენადაც მის უკან დგას უზარმაზარი მანქანა. ეს ძალები თუ არ დამარცხდა მსოფლიო დონეზე, არსებობს შანსი იმისა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

შ. ქარჩავა