ევროპარლამენტში პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. ადრესატი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას განაგრძობს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კვლავ მთავრობის დაუკითხავად გაემგზავრა და უხერხულ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა. მას ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

ევროპარლამენტარების ამ ქმედებით „ქართულ ოცნებაში“ შეშფოთებულები არიან. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა აზრით, ისევ ამოქმედდა ის ძველი ლობისტური ხაზები, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ საქართველოს პრეზიდენტს პატიმარი სააკაშვილის შეწყალება აიძულონ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის დელეგაციითაც. სს მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი აღნიშნულ კონფერენციაზე საკუთარი სურვილით იმყოფებოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

„ეს არის ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი, თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რათა ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება და ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის გარდაცვალების ფაქტს. სურთ, რომ პარალელები გაავლონ. ანუ, ისევ ამოქმედებულია ის ძველი ლობისტური ხაზები და კიდევ ერთი მცდელობაა, აიძულონ ზურაბიშვილი, რომ შეიწყალოს სააკაშვილი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი შიშობს, რომ სააკაშვილის შეწყალებით სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ვერდიქტს გამოუტას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩენას აპირებს.

„თავად ზურაბიშვილს ვინღა შეიწყალებს, პოლიტიკოსები თუ ქართველი ხალხი? გვარამიას შეწყალების დროს კიდევ კარგად გადარჩა ქართველი ხალხის რისხვას. არ მგონია, სააკაშვილის შეწყალებამ მას კარგი დღე დამართოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის პოლიტიკაში დარჩენას აპირებს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არსებობს საერთაშორისო სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც მიჩნეულია, რომ სააკაშვილმა შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი. არსებობს ქართული მართლმსაჯულების უამრავი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, სამწუხაროდ, არსებობს ფაქტები, რომ ოჯახები პრაქტიკულად განადგურდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ.

მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ საჭიროზე მეტი კომფორტი შეუქმნეს პატიმარ სააკაშვილს, რის გამოც რცხვენიათ იმ ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვის, რომელთა ოჯახების წვერებიც სააკაშვილის ციხეებში უმძიმეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს.

ბექა ოდიშარია

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრი პატიმრის მშობლის თვალებში ჩახედვის რცხვენია იმის გამო, რომ გაცილებით ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ადამიანები იხდიან სასჯელს იქ, სადაც უნდა იხდიდნენ მსჯავრდადებულები, სააკაშვილი კი, იმის გამო, რომ ხარჯავს მილიონებს, აზიანებს საქართველოს, ხალხს, ხელისუფლებას, ევროპულ მისწრაფებებსა და მომავალს, ამის გამო კომფორტულ მდგომარეობაშია.

„ასეთი პრეცედენტი თუ გაგიგიათ, რომ პრეზიდენტმა მიატოვოს საკუთარი სამშობლო, მოქალაქეობა, გახდეს რომელიღაც გუბერნიის გუბერნატორი, შემდეგ უკანონოდ გადმოკვეთოს საზღვარი, აღმოჩნდეს სამართლიანად პენიტენციურ სისტემაში და მისთვის ყველაფერი კეთდება, რომ მან თავი იგრძნოს დამშვიდებულად. რაც შეეხება ნავალნის, ამ ორი ფიგურის ერთმანეთთან შედარება, სულ მცირე, ნავალნის ოჯახს ძალიან ეწყინებოდა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით დაკავებულ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ბრალი რამდენიმე საქმის გამო აქვს წარდგენილი. სასამართლომ ის დამნაშავედ უკვე ცნო ერთ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, სააკაშვილმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მანვე, ჩაიდინა, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება. როგორც ჩანს, ყოველივე ეს ევროპარლამენტარებისთვის ბოროტმოქმედება არ არის.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, დაწყებულია სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის ღონისძიებების კიდევ ერთი რაუნდი. ქართულმა საზოგადოებამ უკვე იხილა ამ მცდელობების პირველი და მეორე წარუმატებელი რაუნდები, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდა სააკაშვილსა და მის ოჯახს. ახლა იწყება მესამე რაუნდი.

ანალიტიკოსის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ ეს ყოველივე წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, როგორც ჩანს “ენმ”-ს უჭირს ლიდერის კუთხით და სააკაშვილის გარდა სხვა აღარავინ დარჩათ. ევროპარლამენტარების მიერ ხელმოწერების შეგროვებაში, მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ინსტრუქტაჟი, როდესაც სრულიად სხვა თემაზე გამართული სადისკუსიო პანელი სიკორსკიმ სააკაშვილის თემისთვის გამოიყენა, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, მოწმობს ლობისტების ხელის არსებობას.

“ნაციონალებმა დააანონსეს, რომ უახლოეს ხანებში კიდევ ვნახავთ საერთაშორისო წრეების ძალისხმევას და მოთხოვნებს სააკაშვილის გათავისუფლებაზე. მათ გეგმა წინასწარ აქვთ გაწერილი, ფული გადახდილი და მიყვებიან ამ გეგმას. თვალს ადევნებენ, სალომე ზურაბიშვილს დაითანხმებენ თუ არა, „ქართული ოცნება“ გატყდება თუ არა, იმის ფონზე, რომ ევროკავშირის წევრობაზე უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, შესაბამისად, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ გარემო მომწიფებულია ხელისუფლებაზე ზეგავლენისთვის“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსის თქმით, აქ არის მკაფიო იურიდიული მომენტი. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე და ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ბრალდებაზეა განაჩენი გამოტანილი. დანარჩენ ბრალდებებზე სასამართლო განხილვა გრძელდება.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება შეიწყალოს მსჯავრდადებული მაშინ, როდესაც მის მიმართ გრძელდება სასამართლო პროცესი, მას შეუძლია გარისკოს და შეიწყალოს ვალერი გელაშვილის საქმეზე, მაგრამ თავის მხრივ, პროკურატურას შეუძლია ექსპრეზიდენტი ბრალდების ხელახლა წაყენებით ციხეში დააბრუნოს. ასეთი სცენარის შემთხვევაში კი, ანალიტიკოსის აზრით, არსებობს საფრთხე, რომ სააკაშვილის დაკავებისას მოხდეს შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებსა და ნაცმოძრაობის აქტივისტებს შორის.

„სალომე ზურაბიშვილის საგარეო იმიჯზე, ალბათ, ეს დადებითად იმოქმედებს, პოლონეთის სს მინისტრმა ვლადისლავ სიკორსკიმ ღია ტექსტით განაცხადა, – ბევრ ჩვენგანს სააკაშვილი ევროპული მოდერნიზაციის სიმბოლოდ მიაჩნიაო. თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს მას, ამას ჩაუთვლიან თამამ, გაბედულ და პოზიტიურ ნაბიჯად. მაგრამ, არ მგონია, საქართველოშიც ასეთი დამოკიდებულება მოჰყვეს სააკაშვილის შეწყალებას. ზურაბიშვილი ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ რისკზე წავა, ამის შემდეგ, ძნელი სათქმელია, როგორ გაგრძელდება მისი პრეზიდენტობა, ხალხის რისხვას ვერ ასცდება“, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

ნიკა ჩიტაძე

ევროპარლამენტარების მიერ ხელმოწერების შეგროვება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ პოლიტიკური პატიმრების ყოლაში, რაც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის იმიჯის შემლახავი ბრალდებაა? Dalma News-ის ამ კითხვაზე, ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ ეს სწორედ ასეა.

მისი აზრით, სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სწორედ პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

„ევროპელების შეშფოთება ნათელია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი და იდევნება პოლიტიკური ნიშნით. ხელისუფლება ამას არ აღიარებს და სურთ სააკაშვილი კრიმინალად წარმოაჩინონ, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ევროპარლამენტართა დიდი ნაწილი სთხოვს სალომე ზურაბიშვილს შეიწყალონ სააკაშვილი. სწორედ პრეზიდენტს გააჩნია პატიმრის შეწყალების სამართლებრივი ბერკეტი“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მისივე თქმით, თუ ზურაბიშვილს აქვს პრეტენზია, რომ იყოს პროდასავლელი პოლიტიკოსი და აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაშინ პოლიტპატიმრის არსებობა ქვეყანაში ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს.

სააკაშვილის მიმართ პოზიტიურად განწყობილი ექსპერტიც ეთანხმება იმას, რომ სააკაშვილის შეწყალება სამართლებრივად შეუძლებელია, რადგან მის მიმართ სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულება. ნიკა ჩიტაძის აზრით, ერთადერთი გამოსავალი სასამართლოს მიერ სააკაშვილისთვის დაჩქარებული წესით პატიმრობის შეფარდებაა.

შორენა პაპაშვილი