პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსი” ამერიკულ ორგანიზაციებს – NDI-ისა და IRI-ის ღიად დაუპირისპირდა, უკვე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების მიმართ საქართველოს მოსახლეობაში ნიჰილისტური დამოკიდებულება იკიდებს ფეხს. აღნიშნული ორგანიზაციები ერთი მხრივ ცდილობენ, ძალიან არ დაშორდნენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განწყობებს, თუმცა, მეორე მხრივ ამომრჩეველს მათთვის სასურველ პოლიტიკოსებს წარმოუდგენენ რეიტინგულ ფიგურებად. ასე მაგალითად, ბოლო, რამდენიმე კვლევის შედეგებით, დავით ბაქრაძე, რომელიც საკუთარი პარტიის წევრების გარდა ლამის აღარავის ახსოვს, NDI-ის რეიტინგებში მხარდაჭერის შთამბეჭდავი პროცენტებით წარმოგვიდგება.

“პატრიოტთა ალიანსში” მიაჩნიათ, რომ NDI ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასარგებლო თამაშს თამაშობს და მოითხოვენ NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდეს.

ირმა ინაშვილი

ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მას ღიად სდებს ბრალს პოლიტიკურ კორუფციაში და საქართველოში NDI-სა და IRI-ს საქმიანობის აკრძალვას მოითხოვს. სწორედ ამ მიზნითა და მოწოდებით, “პატრიოტთა ალიანსმა” თბილისში, აშშ-ს საელჩოს წინ პროტესტანტების შთამბეჭდავი რაოდენობა შეკრიბა და შეეცადა ვაშინგტონისთვის ამგვარად მიეწოდებინა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ხმა.

აშშ-ს საელჩოსთან 26 იანვარს გამართულ აქციაზე, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, მათი პარტიის მიერ ქვეყნის სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 77%-მა დააფიქსირა, რომ საქართველოში სამხედრო მიუმხრომლობა სურთ. სულ გამოიკითხა 212 000 ადამიანი.

დავით თარხან-მოურავმა აშშ-ს საელჩოს წინ გამართულ აქციაზე ფურცლების სქელი შეკვრა ააფრიალა. მისი განმარტებით ეს ის 212 000 ფურცელია, სადაც თითოეულ ფურცელზე კონკრეტული პირის პოზიციაა დემონსტრირებული. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სურს საქართველო, შვეიცარია-ავსტრიის მსგავსად ნეიტრალური სახელმწიფო იყოს.

თარხან-მოურავმა პარტიული რეიტინგების შესახებ კვლევის შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, NDI-სა და IRI-ს გამოკითხულთა მხოლოდ 3,1% ენდობა, 79% საერთოდ არ ენდობა, დანარჩენებმა კი უბრალოდ არ იციან, ვინ არიან ეს ორგანიზაციები. პატრიოტების კვლევის მიხედვით, გიგა ბოკერიას რეიტინგი განისაზღვრება 0,48%-ით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეიტინგი კი 6.3%-ზეა დაცემული, ხოლო შალვა ნათელაშვილს გამოკითხულთა 0,2% უჭერს მხარს.

დავით თარხან-მოურავი

“30 პარტია გაერთიანდა სააკაშვილი-ბოკერიას ირგვლივ, ჯამში 8 პროცენტიც ძლივს არიან. ​ესენი არიან სიცრუის მანქანები, რომლებიც მხოლოდ სააკაშვილზე და ბოკერიაზე მუშაობენ. ეს ყველაფერი, ეს არის დიდი კორუფცია”, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

როგორც აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა განაცხადეს, მათი სამიზნე არის არა ამერიკის კონგრესი, არამედ რამდენიმე კონგრესმენი კრამერის, ბრაიზას, შენემანისა და თორტონის სახით, რომელებიც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიმართ ღია მხარდაჭერით საქართველოს და ქართველ ხალხს უქმნიან საფრთხეს.

“ამერიკის კონგრესს, სენატს, ამერიკის ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ უნდა გაიტანონ საქართველოდან დიდი ტყუილი, NDI-სა და IRI-ის სახით. ჩვენ ვებრძვით ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად თამაშობს თქვენთან და ამ ბოროტი თამაშის შედეგია – 800 000 ხმა დაუწერეს ვაშაძეს (“ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი 2018 წლის არჩევნებში). თუ ვინმე ვაჭრობს “ქართულ ოცნებასთან”, ეს ხარ შენ – გიგა!”, – ასე მიმართა ირმა ინაშვილმა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ იდეოლოგს, ამჟამად “ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგა ბოკერიას.

ირმა ინაშვილის შეფასებით, NDI და IRI ის ორგანიზაციებია, რომლებიც თავად აშშ-ს პრეზიდენტს ეწინააღმდეგებიან, ებრძვიან და მტრობენ. საქართველოში მათი “საქმიანობა” დიდი ხანია სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემად იქცა.

ირაკლი გოგავა

“საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ NDI არის არასამთავრობო ორგანიზაცია და არ წარმოადგენს ამერიკის ოფიციალურ ხელისუფლებას. ამერიკაში უამრავი ინტერესის ჯგუფი არსებობს, რომლებიც ცდილობენ საქართველოში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განახორციელონ.

მისივე თქმით, NDI ყოველთვის ირჩევს თავის ფავორიტს პოლიტიკურ სპექტრში და შემდეგ, კვლევებით ეხმარება მას. ეს ფავორიტი ჯერ სააკაშვილი იყო, შემდეგ “ქრისტიან-დემოკრატები”, ახლა კი დავით ბაქრაძეა. ის ორგანიზაცია კი, რომელსაც NDI უკვეთავს კვლევებს – “CRRC-საქართველო”, დაკავშირებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ესეც დიდი პრობლემაა.

“მე უკრაინაში მუშაობის გამოცდილება მაქვს, NDI იქაც ატარებს კვლევებს, მაგრამ უკრაინაში 12 თუ 14 სერიოზული კვლევითი ცენტრია. 7-8 აქედან მართლაც ობიექტურ კვლევას დებს. თან, როდესაც 14 კვლევა ქვეყნდება და იქიდან ერთი არის NDI, მათ ფონზე საერთოდ იკარგება ამ კვლევის შედეგები. მთავარი ამოცანა ჩვენთვის სანდო კვლევითი ორგანიზაციის შექმნაა. ასევე, მეცნიერებათა აკადემიას შეუძლია ასეთი კვლევების ჩატარება. აკადემიკოსები პატივსაცემი ხალხია და არა მგონია, უღირდეთ, რაღაც კვლევის გამო გაიფუჭონ ავტორიტეტი. მოკლედ, შესაქმნელია ქართული, სანდო ალტერნატივა”, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

გია აბაშიძე

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, “პატრიოტთა ალიანსის” 26 იანვრის აქცია იყო გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, რაც საქართველოში დაცულია. მისივე თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით პატრიოტთა ალიანსს ახასიათებს ის, რომ მისი საპროტესტო აქციები ყოველთვის ჯდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. გარდა ამისა, “პატრიოტთა ალიანსს” ძალიან მარტივად შეუძლია თბილისის სპორტის სასახლის შევსება.

რაც შეეხება IRI და NDI-ის კვლევებს, გია აბაშიძის თქმით, საქართველოში ყველას აქვს მოღვაწეობის და მუშაობის საშუალება, თუმცა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ურჩევს, შეცვალონ თავიანთი, საველე სამუშაოების შემსრულებელი ტენდენციური კომპანიები, განსაკუთრებით CRRC-ი, რომელიც ნათლად არის “ლელოს” – ბადრი ჯაფარიძისა და ე.წ ევრონაცების – ლევან თარხნიშვილის გავლენის ქვეშ.

“ასე, რომ როდესაც NDI-ის ბრენდით ქვეყნდება კვლევები და ის აცდენილია საარჩევნო შედეგებს, ცოტა უნდა დააფიქროს NDI-ის ხელმძღვანელობა, როგორც საქართველოში, ისე მის სათაო ოფისში, ამერიკაში”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მისივე ინფორმაციით, IRI-ის თავმჯდომარის მოადგილე რენდი შენემანმა, რომელიც ასევე ფლობს PR-კომპანია Orion Strategies, 2004 წლიდან “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ოფიციალური აგენტი იყო აშშ-ში და 2019 წლის ოქტომბერში უკვე ნაცებთან გააფორმა კონტრაქტი ლობიზმზე, 2019 წლის ბოლოს, საქმიანობის ანგარიში ჩააბარა ხელისუფლებას. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ დეკემბერში ამერიკაში მყოფი ნაცებისთვის მზადება ნოემბრიდან დაიწყო. Orion Strategies შეხვედრის ორგანიზების ელ-ფოსტები არაერთი კონგრესმენის, სენატორის ოფისებში, ასევე არაერთ ანალიტიკოსსა და და მედია-ორგანიზაციას დაუგზავნა. მათ შორის: ადამ კინზინგერს და კონგრესის არაერთი წევრის ოფისებს, სენატორ რუბიოს და კიდევ 8 სენატორის ოფისს, ლუკ კოფის, კურტ ვოლკერს, ბრაიან ვიტმორს, “ბლუმბერგს”, “ვაშინგტონ პოსტს”, “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენს” და ა.შ…

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გია აბაშიძეს პრეტენცია აქვს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან, რომ, როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში არ ქირაობს ლობისტ კომპანიებს და სამოქმედო სივრცეს მთლიანად “ნაციონალურ მოძრაობას” უტოვებს. ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკის კეთება საერთაშორისო ასპარეზზე ხდება ლობისტების მიერაც, ეს ერთ-ერთი შემადგენელია გარესამყაროსთან კომუნიკაციისთვის.

“რევანშისტ “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს მედიაში თუ არასამთავრობო სექტორში ახასიათებთ თემებით მანიპულირება და ისეთი სურათის წარმოდგენა, თითქოს ჩამოშლილია ქვეყანა, სახელმწიფოებრიობა არ არსებობს… სინამდვილეში კი, პირიქით, საქართველოსა და აშშ-ს შორის არის უპრეცედენტოდ მაღალი თანამშრომლობა და პარტნიორობა არსებობს, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ჩანს. ვიცით, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს დაქირავებული ამერიკული ლობისტი კომპანია, რომელსაც ასეულ ათასობით დოლარს უხდის. საინტერესოა, რომელიც ფულით უხდის? ამერიკაში ეს არალეგალური არ არის, პირიქით, ეს ყველაფერი ფიქსირდება და დეკლარირებულია. უბრალოდ, ქართველი ამომრჩევლის უმეტესობამ არ იცის, რომ ასეთი რაღაცები სრულიად გამჭვირვალედ და სრულიად ცხადად არსებობს”, – აცხადებს გია აბაშიძე.

ტენდენციური სოციოლოგიური კვლევების გარდა, საქართველოს საშინაო პოლიტიკის ახალ ტრენდად იქცა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილი, აშშ-ს კონგრესმენების “ბედნიერი წერილი”. წერილში გამოთქმულია შეშფოთება პოლიტიკური დევნისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო. ერთ-ერთი წერილი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც გამოქვეყნდა, სადაც ამერიკის 4 კონგრესმენის – ადამ კინსინგერის, ელიოტ ენჯელის, ჯერი კონოლისა და მაიკლ მაკოლის სახელით, გამოთქმული იყო შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის დონესთან დაკავშირებით.

“ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელისუფლება ითანამშრომლებს აშშ-ს კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის ეკონომიკური დონის ასამაღლებლად. საქართველო, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს”, – ნათქვამია კონგრესმენების წერილის ბოლოს.

საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრებმა, წერილის კომენტირებისას განაცხადეს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებები მნიშვნელოვნად სცდება იმ რეალობას, რომელიც არსებობს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში. ექსპრემიერმა, ამჟამად კი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებს შესთავაზა, ნუ მოახდენენ ვითარების დრამატიზებას, “ნებისმიერი საკითხი და გაუგებრობა” დიალოგის ფორმატში განიხილონ და არა წერილებით.

P.S. ყურად იღებს თუ არა პატრიოტების მოთხოვნას პროკურატურა ძნელი სათქმელია, მაგრამ საქართველოს რომ არ სურს აშშ-სთან ურთიერთობების გართულება, ეს ფაქტია. თუმცა ისიც აშკარაა, რომ ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს და დემოკრატიასაც ასაზრდოებს. კეთილის მსურველების რჩევის მიუხედავად, “ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამერიკელი ლობისტების მოსყიდვას არ ჩქარობს. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი კი აცხადებს, რომ აშშ ამაყობს საქართველოს ერთგულებით.

შორენა პაპაშვილი