2023-ის პოლიტიკური წელი მალე დასრულდება. დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება. ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციამ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციურ ფლანგზე, ცოტა არ იყოს, დაბნეულობა გამოიწვია. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პირობებში, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიები “რუსულ ოცნებად” ნათლავდნენ, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ევროპული ერთობისკენ. ოპოზიციას სხვა აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ კვლავ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის დაწევისა და პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა წამოსწიოს წინა პლანზე.

10 ნოემბერს ოპოზიციური ტელეარხის – “ფორმულას” დაკვეთით Edison Research-ის მიერ შესრულებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, სადაც დღეის მდგომარეობის პარტიების რეიტინგია მოცემული. Edison Research-ის მიერ წარმოდგენილი ციფრები უნდობლობას იწვევს ერთი მარტივი მიზეზის გამო, პარტიებს შორის გადანაწილებული პროცენტული მაჩვენებლების საერთო ჯამი 100%-ს აღემატება და 102%-ს შეადგენს. კვლევა მოიცავს 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდს და შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 4-პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას აქვს ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის შან­სი.

Edison Research-ის თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:

  1. “ქართული ოცნება” – 37%
  2. “ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი” – 21%
  3. “საქართველოსთვის” – 9%
  4. “ლელო” – 5%
  5. “გირჩი”/”დროა” – 4%
  6. ლეიბორისტული პარტია – 4%
  7. “ხალხისთვის” – 4%
  8. “გირჩი” (იაგო ხვიჩია) – 4%
  9. “ალტ-ინფო” – 3%
  10. “ხალხის ძალა” – 3%
  11. “მოქალაქეები” – 3%
  12. “პატრიოტთა ალიანსი” – 2%
  13. “ევროპული საქართველო” – 1%
  14. სხვა – 1%

საერთო ჯამში 102%-ია, რაც კვლევის მიმართ სანდოობას აქვეითებს.

ერთი კვირის შუალედით გამოქვეყნდა GORBI-ს კვლევა, რომლის დამკვეთიც პროსახელისუფლებოდ წოდებული ტელეკომპანია “იმედია”. შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

სხვა პარტიების მაჩვენებელი, “გორბის” შემთხვევაში ასეთია:

  1. „ნაცმოძრაობა – სტრატეგია აღმაშენებელია“ – 20%,
  2. „გირჩი მეტი თავისუფლება“ – 4%,
  3. „დროა“ – 4%,
  4. „ლელო“ – 4%,
  5. „ევროპული საქართველო“ – 3%,
  6. „საქართველოსთვის“ – 3%,
  7. „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%,
  8. „ლეიბორისტული პარტია“ – 2%,
  9. „მოქალაქეები“ – 1%,
  10. „გირჩი“ – 1%,
  11. სხვა 5%,

ამ შემთხვევაში 100%-იანი სიზუსტე დაცულია.

კვლევის შედეგებით და საკუთარი თავით კმაყოფილებას ვერ მალავს მმართველი პარტია, თუმცა მწვავე უკმაყოფილება გამოხატეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა.

გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანებული მისი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავა.

“ბევრი სკეპტიკოსია, რომელიც ჩვენს გაერთიანებას უწინასწარმეტყველებს: „კი, აიღებენ რაღაც ხმას“. ნახავთ, რომ ჩვენი გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პირველ ადგილზე გავა. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი აზრით, როგორიც არ უნდა იყოს საარჩევნო ბარიერი „ქართული ოცნება“ წაგებისთვის არის განწირული და ამიტომ “ეჭიდება 2%-იან ბარიერს”.

“თუ იქნება 5%-იანი ბარიერი, მაშინ ოპოზიციურ ფლანგზე გამსხვილებებია საჭირო. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ნაბიჯი გადავდგით, ამით მაგალითი ვუჩვენეთ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ სჯობს დროულად გადაიდგას ეს ნაბიჯი”, – აცხადებს ვაშაძე.

საკუთარი პარტიის რეიტინგის ერთნიშნა ციფრებში გამოსახვას არ ეთანხმება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მიაჩნია, რომ მისი პარტიის რეიტინგი 10%-ზე დაბლა არასდროს ჩამოდის, შესაბამისად, საერთაშორისო კვლევის ცენტრს სოციოლოგიური კვლევის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

ამასთან დაკავშირებით ნათელაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს მიმართავს:

„ჩვენი პარტიის რეიტინგი არასოდეს ჩამოდის 10%-ზე დაბლა. იძულებული გავხდებით ჩვენი სიმართლე ვამტკიცოთ ამერიკის სასამართლოებში ობიექტური საარჩევნო ოქმებით, როდესაც თქვენ გვიწერდით ორ პროცენტს და შედეგად ვიღებდით 26%-ს. მეტი დისკრიმინაცია რასაც ამერიკული ინსტიტუტები ეწევიან (სხვათა შორის რუსულთან ერთად), ჩვენს მიმართ უკვე 25 წელზე მეტია, წარმოუდგენელი და უპრეცედენტოა“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ GORBI-ს კვლევა, სადაც “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 55%-იანი მხარდაჭერა უფიქსირდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გაცემამდე ჩატარდა. “ოცნების” ლიდერების აზრით, დღეს ეს მაჩვენებელი 60%-მდე ადის და 2024 წლის პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოვლენ.

ირაკლი ზარქუა

„კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ ცელი გამოუსვა ოპოზიციას. ერთმანეთს აბრალებენ, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ელაპარაკებიან ევროპელ პარტნიორებს”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ საარჩევნო ბარიერის თემა პოლიტიკური დღის წესრიგში დააბრუნა. ოპოზიცია ხელისუფლებას ერთი წლის წინანდელ დაპირებას ახსენებს და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევას სთხოვს.

საუბარია მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან 2022 წლის ზაფხულში გაკეთებულ განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ბარიერის შემცირების საკითხი გადაწყდებოდა. თუმცა, ხელისუფლება ოპონენტებს ახსენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სწორება 2022 წლის ბოლოზე ჰქონდა და არა 2023 წელზე. როგორც ჩანს, პარლამენტი ერთი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს აღარ მიუბრუნდება, რადგან ხელისუფლება ბარიერის დაწევის საკითხს აღარ განიხილავს. ოპონენტები მმართველ პარტიას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და წინასაარჩევნო გადაჯგუფებებზე იწყებენ ფიქრს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება” 2024 წლის არჩევნებით კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში და ოპოზიციასთან არანაირი კოალიციური მმართველობა დღის წესრიგში არ დადგება.

მისივე თქმით, ფუჭად ცდილობს ოპოზიცია “ყალბი კვლევებით” საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას. პარტიების ადგილი, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ და საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ, პარლამენტში არ არის.

“ხომ აქვთ პრეტენზია, ხომ ამბობენ მზარდი რეიტინგი აქვს ოპოზიციასო?! აგერ არის ბატონო, 5%-იანი ბარიერი და ვნახოთ, რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს ამ 5%-იან ბარიერს. როდესაც პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ და საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, რა გინდა საერთოდ პოლიტიკაში და რა პრეტენზია გაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

მამუკა არეშიძე

ბოლო სოციოლოგიური კვლევების შეფასებისას ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ “ენმ”-სთვის ხმის მიმცემთა დიდი ნაწილი პირადად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისგან შედგება. რაც შეეხება გახარიას პარტია “საქართველოსთვის” შანსებს, ერთ წელიწადში კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. არ გამორიცხავს, რომ “ოცნების” გადამდგარმა პრემიერმა მორიგი სიურპრიზით გააოცოს ამომრჩეველი.

“გახარიამ სწორი ტაქტიკა აირჩია, არ ჩანს აქტიურ პოლიტიკურ ველზე, საუბრობენ მისი პარტიის წევრები, რაც მის მიმართ, საზოგადოებაში გარკვეულ მოლოდინებს აჩენს”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისივე შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა, “ქართულ ოცნებას” აქვს სერიოზული შედეგის მიღების შესაძლებლობა. რეგიონული გამოწვევების და შიდა პოლარიზაციის ფონზე მმართველმა პარტიამ მოახერხა უმნიშვნელოვანესი რამ – სტაბილურობის განცდის გაჩენა. ეს იქნება კიდეც, საარჩევნოდ ხელისუფლების მთავარი გზავნილი.

მამუკა არეშიძე ასევე არ გამორიცხავს ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელიც, კვლავ ბიძინა ივანიშვილის (“ქართული ოცნების” დამფუძნებელი) ქოლგის ქვეშ აღმოცენდება.

რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე Edison Research-ის კვლევაში 2%-იან ცდომილებას კომიკურს უწოდებს და მიაჩნია, რომ ამ კვლევის შედეგებზე საუბარი უაზრობაა.

მისი შეფასებით, სავარაუდოა, რომ ვიღაცებმა ამ ჯგუფს მისცეს კონკრეტული დაკვეთა, თუ რომელი პარტიისთვის რამდენი პროცენტი მიენიჭებინათ. თუმცა “გორბისა” და Edison Research-ის კვლევებს თუ შევადარებთ, “ენმ”-ს რეიტინგში მხოლოდ 1%-იანი სხვაობაა, ხოლო “ოცნების” შემთხვევაში 18%-იანი, რამაზ საყვარელიძის აზრით, ჩნდება ეჭვი, რომ „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი კვლევის მიზანი იყო არა „ენმ“-ს რეიტინგის აწევა, არამედ „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაწევა რეალურთან შედარებით.

„ამ ორი მონაცემის შედარებაში უკვე სამწუხარო სურათი იკვეთება. ოპოზიცია ცრუობს და მიდის გაყალბებაზე. 102 % – ეს არის ოპოზიციის დაკვეთით გაკეთებული კვლევა, რომელიც არის გაყალბებული“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მესამე ძალის გამოჩენის დაკვეთა დიდი ხანია არსებობს ქართველ ამომრჩეველში. მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის მიუხედავად, ვერ გამოიკვეთა ძალა, რომელსაც ძველი და ურეიტინგო სახეების ჩანაცვლების პრეტენზია ექნებოდა. ასეთები კი მმართველ პარტიაშიც და ოპოზიციაშიც მრავლად არიან, ანუ პოლიტიკოსები, რომლებსაც ხალხი აღარ ენდობა, მაგრამ ცუდსა და უარესს შორის იძულებითი არჩევანის გამო, ამომრჩეველი კვლავ „ოცნებისკენ“ იხრება.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „მესამე ძალის“ დაბადებისთვის მარტო სურვილი არ კმარა. ოპოზიციის უხარისხობამ გააჩინა ნიჰილიზმი – შესაძლებელია კი, ოპოზიციაში ნორმალური ალტერნატივა გაჩნდეს?

საყვარელიძის თქმით, ოპოზიციამ ვერ გააცნობიერა, რომ ის ხელისუფლების ალტერნატივად უნდა გამოიყურებოდეს, რაც მარტო ხელისუფლების გინებას არ ნიშნავს.

„ალტერნატივის წონა უნდა გქონდეს ოპოზიციას ისეთივე, როგორც ხელისუფლების პოლიტიკურ ჯგუფს გააჩნია. ასეთი წონიანი ფიგურები დღეს, ოპოზიციაში პრაქტიკულად არ არის და საზოგადოებაში იმედია დაკარგული, რომ შესაძლებელია, ოდესმე გამოჩნდეს. უიმედობის გაჩენა არის ოპოზიციის დამსახურება“, – ამბობს Dalma News-თან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება ევროკომისიის მხრიდან პოლარიზაციის შემცირების რეკომენდაციას, რამაზ საყვარელიძის აზრით, გაუგებარია, რატომ უნდა მიაღწიონ ოპოზიციურად განწყობილმა მხარეებმა, დემოკრატიის პირობებში, პოლარიზაციის შემცირებას? თუ პოლარიზაცია არ არის გადასული ძალისმიერ დაპირისპირებაში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დაპირისპირება დემოკრატიული პროცესია.

შორენა პაპაშვილი