“რუსულ ბიზნესს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის( რომლის შემადგენლობაში სომხეთიცაა) ქვეყნებთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი აქვს”, – განაცხადა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე – „სომხეთისა და რუსეთის რეგიონებს შორის ურთიერთქმედება ახალ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში”, ევროპულ-აზიური კვლევითი ცენტრის ( ქ. ეკატერინბურგი) დირექტორმა ანდრეი რუსაკოვმა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების, კერძოდ, სომხეთის სხვადასხვა საწარმოსადმი ყურადღება შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დღითიდღე მზარდი სანქციების გამო, კიდევ უფრო გაიზარდა. შედარებით ყველაზე დაუცველი სფეროებია: ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორები, თუმცა ეკონომიკის სხვა სექტორებსაც მხარდაჭერა და შესაბამისი სასაქონლო ალტერნატივა სჭირდებათ.

”კოლოსალური ნიშები თავისუფლდება”, – განაცხადა ანდრეი რუსაკოვმა და დასძინა, რომ რუსული ბაზარი სხვადასხვა პროფილის საკმაოდ დიდმა კომპანიებმა დატოვეს. ესენია კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ „B2B“ (ბიზნესი ბიზნესისათვის) და სამომხმარებლო მოთხოვნის სფეროებში. შედეგად, გასული წლიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ყველაზე მრავალფეროვანი ბიზნესის წარმომადგენლობითი დელეგაციები გაიგზავნა. მაგალითად, სვერდლოვსკის რეგიონის, საიდანაც თავად რუსაკოვია, მაღაზიების თაროებზე სომხეთიდან გაგზავნილი უამრავი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გამოჩნდა.

თუმცა, სომხეთის პოტენციალი ამით არ შემოიფარგლება და ვისურვებდი, რუსეთის მაღაზიების თაროებზე უფრო მეტი საქონელი იყოს წარწერით – „დამზადებულია სომხეთში”. ექსპერტის თქმით, საბედნიეროდ სომხეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩასული დელეგაცია სომხური ტანსაცმლითაც დაინტერესდა და უამრავი საწარმო და ქარხანა მოინახულა.

რუსაკოვმა ასევე დასძინა, რომ სომხური ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა რუსეთის ფედერაციის სურვილი, სომხეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანს მიაერთოს. როგორც ცნობილია, ფედერალურ ასამბლეაში გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-საქართველო-სომხეთი-ირანის სატრანსპორტო დერეფნის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

“აღინიშნა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის მხარდაჭერა აუცილებელია. მოგეხსენებათ, თავდაპირველად დერეფანი რუსეთ-აზერბაიჯანი-ირანის მარშრუტზე უნდა გასულიყო, მაგრამ ამ ჯაჭვში სომხეთის მიერთების შესაძლებლობაზე ექსპერტებმა არაერთხელ იმსჯელეს. რუსეთ-საქართველო-სომხეთი-ირანის სატრანსპორტო დერეფნის პროექტს არსებობის უფლება აქვს. მჯერა, ექსპერტთა დისკუსია გაიმართება და მხარდაჭერასაც მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ცენტრის ექსპერტები აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროექტის შემუშავებაში, მხარდაჭერასა და განხილვაში“, – განაცხადა რუსაკოვმა და დასძინა, რომ ამ საკითხში სომხეთის ხელისუფლებაზეც ბევრია დამოკიდებული.

ეკონომიკური პოტენციალი არსებობს და თუ ეკონომიკური პოტენციალია, ახალი საგადასახადო ბაზა, ახალი ლოგისტიკური ბერკეტი ჩნდება“, – განაცხადა რესპონდენტმა.

მისი აზრით, სომხური ბიზნესი გულისყურით უნდა მოეკიდოს შეთავაზებულ წინადადებებს, რადგან ბიზნესმენები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის თავად სომხეთზე გაცილებით დიდი რეგიონებიდან, სომხური პროდუქტებით ინტერესდებიან. მაგალითად, მხოლოდ სვერდლოვსკის ოლქის მოსახლეობა 4,2 მილიონი ადამიანია და ამ რეგიონის მთლიანი რეგიონული პროდუქტი სომხეთის მშპ-ს აღემატება.

“რუსეთის ნებისმიერი რეგიონი ცალკე ქვეყანაა. გარდა ამისა, თითოეულ რეგიონს, გაბატონებული ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, თავისი სპეციალიზაცია აქვს. მაგალითად, სვერდლოვსკის ოლქი მეტალურგიული რეგიონია, სომხეთს კი სპილენძის მსოფლიო მარაგების 1%, ხოლო ურანის მსოფლიო მარაგების 4-6% აქვს”, – აღნიშნა ექსპერტმა.

ანდრეი რუსაკოვი

ამის საპასუხოდ ჟურნალისტებმა საკმაოდ გონივრულად იკითხეს: ამა თუ იმ წარმოების მოცულობის გაზრდა მნიშვნელოვან ინვესტიციებთან არის დაკავშირებული და რა უნდა გააკეთონ სომეხმა მეწარმეებმა, თუ ერთ დღეს მოულოდნელად ანტირუსული სანქციები მოიხსნება? ცენტრის დირექტორის პასუხი კი ასეთი იყო: სანქციები დიდი ხნის განმავლობაში არ მოიხსნება.

“ჩემს პირად მოსაზრებას გეტყვით, რომელსაც, ბევრი ექსპერტი იზიარებს, როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ – სანქციები არ მოიხსნება. ეს არარეალურია, რადგან გეოპოლიტიკური პირობები უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. უბრალოდ გულუბრყვილობა იქნება იმის მოლოდინი, რომ ხვალ ევროკავშირი მოულოდნელად შეიკრიბება და სანქციების მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ, ამ სანქციებით საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება. რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სოციალური სისტემა უნდა მოერგოს მათ, მიიღოს ისინი, როგორც მოქმედი რეალობა“, – დასძინა სპეციალისტმა.

მედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ სომხურ-რუსული ისეთი თანამშრომლობის შექმნაზე, რომელიც ანტირუსული სანქციების გარეშე გრძელვადიან ბიზნესს უზრუნველყოფს. რუსაკოვმა კი განაცხადა, რომ „თუ გადაწყვეტილებები მიიღება, ეს დიდი ხნით უნდა იყოს, რადგან ინვესტიციებს ანაზღაურება სჭირდება”.

“თვალყურს ვადევნებთ სომხეთის ეკონომიკას, თქვენ გაქვთ საგადასახადო შეღავათები IT სტარტაპებისთვის, მაგრამ რატომღაც, ბოლო 3 წლის განმავლობაში ორჯერ გადაიხედა. სომეხი პარლამენტარების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ გავაკრიტიკებ, მაგრამ თუ მე ფული გარკვეული საგადასახადო რეჟიმის პირობებში ჩავდე და 3 წლის შემდეგ ის გადაიხედა, მაშინ მიჩნდება შეკითხვა არასტაბილურობაზე და მომავალში ბიზნესის კეთების მიზანშეწონილობაზე“, – განაცხადა ექსპერტმა.

რუსულ დახლებზე სომხური ბიზნესის ხელმისაწვდომობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რუსაკოვმა განაცხადა: „ძირითადად, სომხური ბიზნესი ინტეგრაციული გაერთიანების ნაწილი უნდა იყოს, რადგან სომხური ბაზარი ძალიან მცირეა და მას მასშტაბის ეფექტი სჭირდება. სხვათა შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის იდეა სწორედ ეს იყო. 182 მილიონი ადამიანისთვის შეუზღუდავი ბაზრის მოპოვება. ასე რომ, დღეს რუსეთში ბიზნესის განვითარების უნიკალური შესაძლებლობები არსებობს, მათ შორის სომხური ბიზნესისთვისაც, რადგან ზოგიერთმა მსოფლიო ბრენდმა რუსული ბაზარი დატოვა.

სომხეთში რუსული ბიზნეს-დელეგაციების ხშირ ვიზიტებზე საუბრისას, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სომეხი ბიზნესმენები მათ სერიოზულად უნდა მოეკიდონ.

„დღეს რუსული ბიზნესის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სივრცეში პარტნიორების და მუდმივი პარტნიორების ძიებაა. გარდა ამისა, დღევანდელ რეალობაში გადახდები და საბანკო რეალობა აქ უფრო კომფორტულია. ბიზნესმენები დელეგაციებში იკრიბებიან, რადგან კარგად ხედავენ, რომ ნამდვილი პარტნიორები სჭირდებათ. სომეხ ბიზნესმენებს ვურჩევ, რომ ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდონ. ეს თამაში არ არის . ვიზიტები არ არის ბიუროკრატიული ან პროტოკოლური ხასიათის, ისინი არ ხორციელდება ვინმეს დავალებით“.

როგორ მოიქცევიან ადგილობრივი მეწარმეები, ამას დრო აჩვენებს. ანდრეი რუსაკოვმა კი დამაიმედებლად შეაჯამა: „გასულ წელს სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი გაორმაგდა, თუმცა ეს არ არის ზღვარი. რუსეთის ბაზარს გაცილებით დიდი რაოდენობით პროდუქციის, მათ შორის სომეხი მწარმოებლების ჩათვლით, ათვისება შეუძლია“.

ირინა გრიგორიანი