2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა რეფერენდუმის ფუნქცია ვერ შეასრულა, როგორც ამას ოპოზიცია ელოდა. მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის უმეტეს მუნიციპალიტეტებში უპირატესობა აჩვენა, თუმცა, ქვეყნის დიდ ქალაქებში და მათ შორის დედაქალაქიც მეორე ტური დაინიშნა. საქართველოს მოსახლეობას არჩევანი კვლავ ორ პოლუსს შორის აქვს გასაკეთებელი. შეცვალა თუ არა არჩევნების ბედი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრებამ და რას უნდა ველოდოთ II ტურის შემდეგ, ამ და სხვა საკითხებზე Dalma News-ს პოლიტოლოგები, ზაალ ანჯაფარიძე და ლადო ბოჟაძე ესაუბრა.

– როგორ დაახასიათებთ არჩევნების პირველ ტურს?

ზაალ ანჯაფარიძე: არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ისეთივე მხარდაჭერა აქვს, რა ხმებიც საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს, მაგრამ, ასევე გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ აშკარად უჭირს კონკრეტულ რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 2016 წლის არჩევნებიდან მოყოლებული “ოცნება” ხმებს კარგავს. ამის მიუხედავად შეინარჩუნა მმართველი პარტიის პოზიცია, იმიტომ, რომ მისი მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც ვერ აგროვებს იმდენ ხმას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. შესაბამისად, ამ არჩევნების პირველმა ტურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემაში ვართ.

ლადო ბოჟაძე

ლადო ბოჟაძე: საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რომლებიც პირველ ტურს ესწრებოდნენ მაღალი შეფასება მიეცა 2 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზების თვალსაზრისით. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კოვიდუსაფრთხოება და აქაც მაქსიმალურად იყო ყველა რეგულაცია დაცული. ამ არჩევნებზე პირველად მოხდა, რომ 3200 უბანზე ხმის დათვლის პროცესი გადაიღეს, შემდეგ ვიდეო აიტვირთა სერვერზე და ყველას შეეძლო ენახა, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორ დაითვალეს ხმები. საჩივრების რაოდენობას რომ გადავხედოთ, შარშანდელ არჩევნებთან შედარებით ნაკლები იყო, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ საჩივრების ელექტრონული რეესტრი გაკეთდა.

თავად ის, რომ პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციას არ უსაუბრია გაყალბებებზე, არ ჩაუტარებია აქციები და მიტინგები, ნიშნავს იმას, რომ მათაც კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მათ აღიარეს პირველი ტურის შედეგები, არჩევნებში დამარცხება, ე.წ რეფერენდუმში დამარცხებაც და მეორე ტურისთვის მოემზადნენ, რაც ასევე მიანიშნებს იმას, რომ ენდობიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ მოხსნიდნენ კანდიდატურებს, როგორც ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გააკეთეს.

– სააკაშვილის ფაქტორმა იქონია თუ არა გავლენა არჩევნების პირველ ტურზე და ზოგადად ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე?

ზაალ ანჯაფარიძე

ზ.ა: სააკაშვილის ფაქტორმა იმოქმედა, მაგრამ ამას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. სააკაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას”, რამდენიმე პროცენტი მოუტანა, თუმცა იმავდროულად ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზაციასაც და ქვეყანაში არეულობა შემოიტანა.

ლ.ბ: რა თქმა უნდა, სააკაშვილის შემოპარვამ ქვეყანაში და მერე მისმა დაპატიმრებამ შედეგი იქონია. ფაქტობრივად იმდენივე ადამიანი მოვიდა ამ არჩევნებზე, რაც შარშან საპარლამენტო არჩევნებზე. განსაკუთრებულად მაღალი იყო ეს რიცხვი სხვა თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით. სააკაშვილის დაპატიმრებამ საარჩევნო უბნებზე მოიყვანა მისი მხარდამჭერებიც, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც და სხვა ადამიანებიც. ეს ფაქტორი, ასევე, იყო მიზეზი იმის, რომ პირველ და მეორე ტურს შორის კვლავ ორპოლუსიანობაში დავრჩენილიყავით. სადაც მეორე ტური იმართება, საარჩევნო ბიულეტენებში „ენმ“-სა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები არიან. ასეთი შავ-თეთრი არჩევნები დიდწილად სააკაშვილის დამსახურებაა. მისი ეს ვითომ შიმშილობა, თუ დიეტა არჩევნებისთვის ნაციონალების ამომრჩევლის მობილიზებას ემსახურებოდა.

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელი

– როგორია მეორე ტურის მიმართ მოლოდინები და სამეგრელოში, რამდენად მაღალია ანზორ მელიას შანსები?

ზ.ა: სამეგრელო ტრადიციულად ითვლებოდა „ნაციონალური მოძრაობის” საყრდენად. არ ვიცი ეს რით არის გამოწვეული. მეგრელების გარკვეულ რაოდენობას აქვს ასოციაცია გამსახურდიასა და სააკაშვილს შორის, რომ ორივე ებრძოდა რუსეთს. ასევე, სააკაშვილის გარემოცვის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები სამეგრელოდან იყვნენ, აქვთ გარკვეული კავშირები, გავლენები რეგიონულ ელიტაში, შესაბამისად ეს მოქმედებს. „ქართულ ოცნებას“ სამეგრელოში ექსპრემიერი გიორგი გახარია რომ ჰყოლოდა, შესაძლოა, არც კი დამდგარიყო იქ მეორე ტურის აუცილებლობა. როცა “ოცნებას” გახარიას ფაქტორი გამოეცალა დადგა ეს შედეგი. მეორე ტური სამეგრელოს გარდა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაინიშნა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სათანადოდ ვერ გააანალიზა დაშვებული შეცდომები და ვერ უპასუხა მოსახლეობის მოთხოვნებს. ან შეარჩიეს მერობის ნაკლებად პოპულარული კანდიდატი. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.

ლ.ბ: თქვენ ნახეთ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია 27 ოქტომბერს, რომელსაც ქვეყნის 150 000-მდე მოქალაქე ესწრებოდა. ამ აქციაზე იყო დედაქალაქის მოსახლეობაც, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე უპრობლემოდ დაამარცხებს ნიკა მელიას. სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებშიც საგრძნობლად არის შეცვლილი პოლიტიკური ვითარება, როცა არჩევანი არის „ქართულ ოცნებასა“ და „ენმ“-ს შორის, ადამიანებს ასეთ დროს არ უჭირთ არჩევანის გაკეთება, იმიტომ, რომ არჩევანს ვაკეთებთ სამართლიანობასა და უსამართლობას, ძალადობასა და თავისუფლებას შორის. რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისით ზუგდიდი არის ყველაზე საინტერესო, იმიტომ, რომ ნაციონალების კანდიდატი პირველი ტურის მონაცემებით იგებს არჩევნებს, თუმცა “ოცნება” ზუგდიდშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

მამა და შვილი მელიები ზუგდიდში (სამეგრელო)

– სამეგრელოს თემა 27 ოქტომბრის აქციაზეც იყო აქცენტირებული. “ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავიანთ გამოსვლაში, რამდენჯერმე კეთილგანწყობა გამოხატეს ამ რეგიონის ამომრჩევლის მიმართ, რატომ თქვენის აზრით?

ლ.ბ: თუ გავიხსენებთ იგივე 2012 წელს, სამეგრელოში მაშინ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდა გამარჯვება. ერთადერთი ფოთში გაიმარჯვა „ოცნების“ კანდიდატმა. 2014, 2017, 2020 წლების არჩევნებზეც და ისედაც, ყოველთვის იგრძნობოდა სამეგრელოში „ენმ“-ს მიმართ მხარდაჭერა. მათ ჰყავთ იქ მყარი ელექტორატი, თუმცა ეს საკმარისი არ არის გამარჯვებისთვის. 27 ოქტომბერს ნაციონალებმა ზუგდიდში ფაქტობრივად კონტრაქცია გამართეს. ის ისტერიკა, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდთან მიმართებით ადასტურებს იმას, რომ ზუგდიდშიც არ იქნება პრობლემა „ოცნების“ გამარჯვება.

– რას უნდა ველოდოთ 30 ოქტომბრის შემდეგ?

ზ.ა: ვვარაუდობ, რომ „ნაციონალურ მოძრობას“ აქვს კიდევ დაგეგმილი ექსცესები. პირადად ველოდები მათი მხრიდან დესტრუქციას.

ლ.ბ: იმის გამო, რომ 2 ოქტომბერს არჩევნები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ოპოზიციას აღარ მიეცა საფუძველი, რომ 3 ოქტომბერს ექსცესები მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი იმ დროისთვის უკვე დაპატიმრებული იყო, ოპოზიციას გაუჭირდა აქციების ჩატარება და 14 ოქტომბერს ძლივს მოახერხეს. საერთაშორისო დამკვირვებლები მეორე ტურსაც დააკვირდებიან და არ მგონია ოპოზიციას მიეცეს საფუძველი, რომ 31-ში განსაკუთრებული ექსცესები თუ არეულობები გამოიწვიოს. თუმცა შეეცდებიან ადამიანების ემოციებზე თამაშს იმაზე საუბრით, რომ მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობდა დამძიმდა და ა.შ. მაგრამ 31-ში ოპოზიციას მოუწევს დამარცხების აღიარება, სააკაშვილს კი – ჭამის დაწყება.

სააკაშვილის მხარდაჭერების აკცია რუსთავში

– არჩევნების შემდგომ, როგორ გესახებათ სააკაშვილის მომავალი, შეინარჩუნებს ის აქტუალობას?

ლ.ბ: მას 6 წელი აქვს მისჯილი და ბოლო წამამდე მოუწევს ამ სასჯელის მოხდა. ასეთია საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება და ის აღსრულდება. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები, ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად იქნება მშვიდი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ეცდება გარკვეული პრობლემების შექმნას, იქნება ეს საპარლამენტო ბოიკოტი, თუ საკრებულოებში დემარში. რაც მთავარია, არჩევნებში დამარცხება გარკვეულ პროცესებს გამოიწვევს პარტია „ენმ“-შიც. ნიკა მელია ან თავად წავა თავმჯდომარის თანამდებობიდან, ან გადააყენებენ. შესაძლოა სააკაშვილის შვილიც გახდეს პარტიის თავმჯდომარე. თავად სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და ვერ იქნება არა თუ პარტიის თავმჯდომარე, არამედ მისი წევრიც კი. მას ეკრძალება საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა. იმ ოპოზიციასაც მოუწევს პასუხისგება ამომრჩევლის წინაშე, რომლებიც ამბობდნენ, რომ მესამე ძალა იყვნენ, რეალურად კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შექმნეს კოალიცია.

პროცესები დაწყებულია „ენმ“-ს შიგნითაც, მელიამ უკვე განაცხადა, რომ თუ თბილისის მერი გახდებოდა წავიდოდა პარტიის თავმჯდომარეობიდან. მელია ვერ გახდება თბილისის მერი, მაგრამ პარტიიდანაც წავა დამარცხებული, შეიძლება საერთოდ პოლიტიკიდან წასვლაც მოუწიოს. წაგებული არჩევნების გამო, ნაციონალები მელიაზე გადატეხენ ჯოხს.

ზ.ა: სააკაშვილის ფაქტორის გარეშე ნიკანორ მელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბევრს არაფერს ნიშნავს. შესაძლოა სხვებზე უკეთესი ბიოგრაფია აქვს, მაგრამ მისი ბიოგრაფიაც ბევრი რამით არის დამძიმებული. მელიას აქვს მეორე მინუსი, ის არის ძალიან აგრესიული და დესტრუქციული. ასეთი ლიდერების დრო წავიდა. აქედან გამომდინარე, თუ მელია დამარცხდება და „ენმ“ მეორე ტურს წააგებს, ამ პარტიის მომავალს ძალიან მუქ ფერებში ვხედავ.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი