მძაფრად პოლარიზებულ საქართველოში, პოლიტიკის გარეშე, ერთი შეხედვით ისეთმა უწყინარმა ამბავმაც ვერ ჩაიარა, როგორიც საახალწლო ნაძვის ხეა. ჯერ კიდევ ოქტომბერში, თბილისის მერია იტყობინებოდა, რომ საახალწლო მორთულობებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან თითქმის 1 მლნ აშშ დოლარს, ეროვნულ ვალუტაში – 2,8 მლნ ლარს დახარჯავდნენ. მოსახლეობას ასევე დაჰპირდნენ, რომ 2020 წელს თბილისი ახალი, 25 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხით შეხვდებოდა. არჩევანი იტალიურ კომპანია IDO SRL-ზე გაკეთდა, რომელსაც საგანგებოდ თბილისისთვის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხე უნდა დაემზადებინა. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 25 სექტემბერს გაფორმდა, ნაძვის ხის ღირებულება 304,848 ევროს, დღევანდელი კურსით 998,072 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, თბილისის მერიამ იტალიური კომპანიისგან უკანასკნელ პერიოდში კიდევ ორ ტენდერზე გააფორმა ხელშეკრულება. მათგან პირველი 387,150 ევროს ღირებულების (1,267,529 ლარის) ხელშეკრულება “საახალწლო განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის” დაიდო. და კიდევ, 137,512 ევროს (450,214 ლარის) ხელშეკრულებას ხელი 21 ოქტომბერს მოეწერა, რომელიც “საახალწლო განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვას” ითვალისწინებდა.

საქართველოს დედაქალაქმა საახალწლო სამზადისი შემოდგომის მიწურულს დაიწყო. ნოემბერში თბილისის მერი კახა კალაძე იტალიაში პირადად ჩავიდა და ქალაქ რეჯიო ემილიაში თბილისისთვის განკუთვნილი ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.

დეკემბრის დადგომასთან ერთად, დედაქალაქის მთავარი გამზირები ერთმანეთის მიყოლებით იძენდა საახალწლო იერს. ბოლო წლებში, თბილისის გარეუბნების მოსახლეობა ხშირად საყვედურობს ქალაქის მერიას, რომ ცენტრალურ გამზირებზე შექმნილი საახალწლო განწყობა მათთან არ იგრძნობა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, წინა წლებში შეძენილი საახალწლო ილუმინაციები თბილისის სხვადასხვა უბნებზე ნაწილდება. მთავარი სიახლე კი, დედაქალაქის ცენტრში, რუთაველის გამზირზეა. თუ კი შარშან თბილისის მთავარი გზავნილი – “სიცოცხლით სავსე ქალაქი” იყო და ცენტრალური გამზირი ოქროსფრად ანათებდა, ხოლო მთავარი ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრს აღწევდა, წლეულს თბილისს “ისტორიებით სავსე ქალაქი” ჰქვია, რუსთაველის გამზირი სტუმრებს კოსმოსში ამოგზაურებს ნაძვის ხე კი 3 მეტრით გამაღლდა.

წინასაახალწლო სამზადისი 25 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დასრულდა, მაგრამ დაიწყო ახალი სკანდალი. საბჭოთა ეპოქიდან, ფაშფაშა და ფუმფულა ნაძვის ხეებს შეჩვეული საზოგადოება აგრესიით შეხვდა მინიატურულ, ნაძვის ხის ფორმებთან დაახლოებულ იტალიურ ნაწარმს. მისი სისადავე და მინიატურული ფორმა, სოციალურ ქსელსა თუ ტელეეკრანიდან დაცინვისა და კრიტიკის საგნად იქცა. განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიები და მათთან გაიგივებული კერძო ტელეკომპანიები აქტიურობდნენ. საახალწლო დღესასწაული პოლიტიკურ კინკლაობაში გადაიზარდა. მოსახლეობის ნაწილს ნაძვის ხე კატეგორიულად არ მოეწონა, მეორე ნაწილი კი ამბობდა, რომ დიზაინი მოსწონთ, თუმცა ფასი (300 ათასი ევრო) ეძვირებათ.

ოპოზიციამ თბილისის მერი იტალიურ კომპანიასთან კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, რის საფუძველზეც კომპანია IDO SRL-ი ძალიან ხშირად ​იმარჯვებს. კახა კალაძე გააკრიტიკეს თბილისის საკრებულოშიც. დეპუტატების თქმით, 84 ტოტისგან შემდგარ “გაპუტულ ნაძვის ხეში” მერიამ 1მლნ 89 ათასი ლარი გადაიხადა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილისს, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქს სჭირდება ახალი წლის ატრიბუტიკა იმისთვისაც, რომ მიმზიდველი იყოს. მთავარი ნაძვის ხე გააკრიტიკა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმაც, ხოლო რიგით IV, პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ნაძვის ხეს სოციალურ ქსელში დასცინა.

კომენტარის გაკეთება, არც თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას დაზარებია და განაცხადა, რომ მისი მერობის დროს არცერთი თეთრი არამიზნობრივად არ დახარჯულა. ნაძვის ხე იყო, თუ დედაქალაქის საახალწლო განათება. ყველაფერი გაწერილი და დაანგარიშებული მქონდა, რათა საფრთხე არ შექმნოდა ქალაქის მცხოვრებელთა ეკონომიკურ მდგომარეობასო. მეორე საკითხია ვინ რა დაიჯერა მისი ამ განცხადებიდან, რადგან ისიც ცნობილია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას ჩატარებული ტენდერებისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია განადგურებულია.

კალაძის ახალი ნაძვის ხე ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში, მისმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამაც გააშარჟა და იაფფასიანი პერფორმანსი დადგა პირდაპირ ეთერში. “მეც შემეძლო 1,5 მლნ ლარად დავმდგარიყავი ნაძვის ხის ნაცვლად”, – განაცხადა მან.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი თბილისელების კრიტიკას სამართლიანად მიიჩნევს იმ ნაწილში, რომ როცა ქალაქში უამრავი სოციალური პრობლემა და გაჭირვებაა, ბიუჯეტის თანხები გასართობ ღონისძიებებზე რაციონალურად უნდა იხარჯებოდეს. გემოვნებას რაც შეეხება, დეპუტატის თქმით, ნაძვის ხე ზოგს მოსწონს, ზოგს არა. მაგრამ ისტერია, რომელიც ამას მოჰყვა გარკვეული ძალებისგან, უადგილოა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც თბილისის მერი კახა კალაძე გახდა, დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ თბილისს მზრუნველი ხელი დაეტყო. კალაძეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია სოციალური ქსელის მეშვეობით აქვს.

როგორც Dalma News-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ფეისბუქში განთავსებულ კომენტარებს კალაძე პირადად კითხულობს და მოქალაქეების პრობლემატიკაში აქტიურად არის ჩართული. ინტერნეტმომხმარებლებს ასევე, შეუძლიათ თვალი ადევნონ მერის ფეისბუქლაივებს, რომლებიც იმას მოწმობს, რომ ღამის საათებში, როცა დედაქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სამუშაო დღის ბოლოს ისვენებს, თბილისის მერი რომელიმე ობიექტზე იმყოფება და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ამოწმებს. ამდენად, ლოგიკურია, თბილისელების დიდი ნაწილი ენდობოდეს მერს და არ სურდეთ მათი რჩეული კორუმპირებული იყოს.

საახალწლო ნაძვის ხის გარშემო გამოთქმულ კრიტიკას მალევე გამოეხმაურა თავად თბილისის მერი კახა კალაძე და განაცხადა, რომ ნაძვის ხე მასში გადახდილ ფასს შეესაბამება და ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მან აბსურდული უწოდა იტალიურ კომპანიასთან კორუფციულ გარიგებებზე ოპოზიციის ბრალდებებსაც.

“ნამდვილად არ მეგონა თუ ახალი წელი პოლიტიზირებული იქნებოდა. სამწუხაროდ, ოპოზიცია ისევ ფსკერზეა. ჩვენ დედაქალაქში, ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და საუკეთესო განათება გვაქვს. რამდენადაც არ უნდა ეცადონ ოპოზიციის გაბოროტებული და განაწყენებული წევრები, თბილისი საუკეთესოდ არის მორთული საახალწლოდ”, – განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ და დასძინა, რომ მომავალი წლისთვის ეცდება ნატურალური ნაძვის ხე ნორვეგიიდან ჩამოიტანოს.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში, ქალაქში სამკუთხედი ხუფის ფორმის ნაძვის ხე იდგმებოდა. დღეს კი მსოფლიოში სულ სხვა ტენდენციაა. მაქსიმალურად ცდილობენ, ხელოვნური საახალწლო ნაძვის ხე ნატურალურს ჰგავდეს.

მოქალაქეები…

ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, მოქალაქეები ცდილობდნენ ნაძვის ხე საკუთარი თვალით ენახათ და თავად შეეფასებინათ იგი. მძიმე სამუშაო დღის ბოლოს, სამსახურიდან სახლში მიმავალმა ფიზიკოსმა, ირმა ვიბლიანმა არ დაიზარა და ყბადაღებული ნაძვის სანახავად რესპუბლიკის მოედანზე მივიდა. როგორც თავად ამბობს, იქ დახვდა ბავშვებისთვის მოწყობილი სრული ზღაპარი. მისი აზრით, თავად ნაძვის ხე სრულებით ნორმალურია და საერთოდ არ არის დასაცინი. მან ნაძვის ხეს ფოტოები გადაუღო და საკუთარი შთაბეჭდილებები მეგობრებს ფეისბუქის მეშვეობით გაუზიარა.

“ბავშვი რომ ვიყო, საოცრად ბედნიერი ვიქნებოდი ამ სანახაობით, თუმცა არც დიდებს გვაწყენდა ბავშვობაში დაბრუნება”, – წერს ირმა ვიბლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მოქალაქეთა მეორე ნაწილი, რომლებიც თავს პოლიტიკურად ნეიტრალურად აცხადებენ, ნაძვის ხეს მისი ღირებულების გამო აკრიტიკებენ. ჟურნალისტი ნიკა ჯალაღონია მიიჩნევს, რომ 1,2 მილიონი ლარი არაფერშია გადაყრილი, ხოლო ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ ნაძვის ხეს საჯაროდ იწონებენ, უბრალოდ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მერის გამართლებას ცდილობენ, რითაც სახელმწიფო მოხელეებს კორუფციისკენ ახალისებენ.

“​მილიონიანი ნაძვის ხეს რომ იწონებთ, როცა მოსახლეობის 70 % ღარიბი ან ღატაკია, სასაცილოა. ამ ფასად ხეს კი არა, ტყეს ჩამოვიტანდი. კალაძის გაკეთებული სხვა რაღაცეები მომეწონა, მაგალითად საახალწლო განათებები და შევაქე, მაგრამ ცუდზე ვამბობ, რომ ცუდია. თქვენ ეს რომ თქვათ, ალბათ, თავი “ნაცი” გეგონებათ, ასეთი კომპლექსებით ხართ შეპყრობილი “ნაც-ქოცები” და ამიტომაც მივექანებით ჭაობისკენ. კარგი კარგია და ცუდი ცუდია, გინდა “ოცნების” გაკეთებული იყოს და “ენმ”-ს”, – აცხადებს ნიკა ჯალაღონია.

ინტერნეტმომხმარებელი ნინო ჩიკვაიძე კი ხელისუფლებას ურჩევს, საკუთარი სტანდარტით, რომ აცხოვროს ერი, შესაბამისი მდგომარეობაც უნდა შეუქმნას, და თუ არ გამოდის, ეს სტანდარტიც არ უნდა მოახვიოს თავს.

“იმ ადამიანებს რა უნდა ვუთხრათ, ვინც ახალი წლის ღამეს შვილებს, უსახსრობით, არასათანადო მკურნალობის გამო კარგავენ, რათა დანარჩენებმა ამ გაქუცული საცოდაობით თავისი შვილები გაახარონ ბიუჯეტის ხარჯზე? ბიუჯეტზეა საუბარი, თორემ საკუთარი ვინც სად უნდა იქ ხარჯოს”, – ამბობს იგი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ საშობაო-საახალწლო დღეებში, შეჭირვებისა და პრობლემების მიუხედავად, ადამიანები ცდილობენ, განსაკუთრებულად პოზიტიურები იყვნენ, შესაძლებლობის მაქსიმუმით ემზადებიან საზეიმო სუფრებისთვის, გასცემენ საჩუქრებს, ეხმარებიან გლახაკებს, ღმერთს შესთხოვენ უკეთეს წელიწადს, ივიწყებენ წყენასა და პატიობენ ერთმანეთს.

“მაგრამ არსებობენ “გრინჩი” პოლიტიკოსებიც, რომლებიც წარუმატებლად ცდილობენ ჩაშხამებას, ნეგატივის, ბოროტების ტირაჟირებას – თურმე წვეთოვანზეა შეერთებული საქართველო და არაფერი ეშველება…”ასეთ “გრინჩებს” მართლაც არაფერი ეშველებათ. ჩვენ საქართველოს კი ეშველება”, – აცხადებს გია აბაშიძე.

სანამ სრულიად ქართული პოლიტიკური სპექტრი თბილისის ნაძვის ხის სიგრძე-სიმაღლე-სიგანეს ზომავს, ოქროსფრად განათებულმა ნაძვის ხემ სრულიად ქართული სოციალური ქსელი დაიპყრო და სატელევიზიო ეთერის ვარსკვლავად იქცა.

25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით კი, თბილისის მერია ქალაქის სტუმრებსა და მის მცხოვრებლებს რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე ეპატიჟება საახალწლო საღამოებზე. 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ტრადიციულად გალა-კონცერტი გაიმართება. ახალი წლის პირველ საღამოს თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარდგება მსმენელის წინაშე. 5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს.

მთელი დღის განმავლობაში, იმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები; თბილისის საშობაო ბაზარი ააერთიანებს პროექტებს “დააგემოვნე თბილისის ქუჩებში” და “თბილისური ბაზარი”. ორბელიანის მოედანი, 3 კვირის განმავლობაში ელოდება პატარებს გასართობ პროგრამებზე. საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი კი, 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება.

შორენა პაპაშვილი