მოძველებული მარაზმის გვერდის ავლით ბავშვობაში დაბრუნებაზე დასმული კითხვის პასუხი, შეიძლება ითქვას, რომ ნაპოვნია. ამ ყველაფერს პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე მოგიყვებით. შესაძლოა მკითხოთ, ბავშვობაში დაბრუნება რა საჭიროა?! იმისთვის, რომ ეს სტრესისგან გათავისუფლებს და სასიკეთოდ მოქმედებს! გადატვირთვის შემდეგ, თითქოს ხელახლა დაიბადე. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მინიატურული ავტომობილების ნახვის შემდეგ, შორეულ ბავშვობაში აღმოვჩნდებოდი. ავტომობილები, მატარებლები, ფაეტონები, თვითმფრინავები და გადაადგილების სხვა საშუალებები ძველი საკერავი მანქანებისგან არის დამზადებული. თუმცა, ამას მხოლოდ მაშინ მიხვდები, თუ ზოგიერთი მათგანის საბურავს კარგად დააკვირდები. გარდა ამისა, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას მოქმედი ფარები აქვს და თითოეულ მინიატურულ ნაკეთობაში მუსიკალური ყუთია. ყველა ამ სასწაული ნივთის ავტორი ვაჟა ხაჩიურია, რომელიც  თავისი შემოქმედებით საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილია.

ვაჟა ხაჩიური

საით მიექანება ბავშვობა

საკერავი მანქანების რეინკარნაციას ვაჟამ ხუთი წლის წინ მოჰკიდა ხელი. მინიატურული ავტომობილები, თვითმფრინავები, მატარებლები და ბევრი სხვა რამ სპონტანურად კეთდებოდა. თავდაპირველად, მოძველებული საკერავი მანქანების შესაძენად ნავთლუღის ბაზარსა და მშრალ ხიდზე დადიოდა, ახლა კი საზღვარგარეთიდანაც სთხოვენ მინიატურული ნაკეთობების დამზადებას. ვაჟას კოლექციის თითოეული ნივთის დამზადებას, ნაკეთობის სირთულიდან გამომდინარე, 3-4 თვე სჭირდება. ვაჟა ამ საქმეს თავისუფალ დროს უთმობს.

– მაღალ ხელოვნებაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ. ვარ ინჟინერი, რომელიც თავისი ჰობის მეშვეობით დიდ სიამოვნებას იღებს.

პირდაპირ გეტყვით, თავმდაბლობს. პირველ რიგში, იგი უბრალო, რიგითი ინჟინერი კი არ არის, არამედ კონიაკის ქარხანაში მთავარი ენერგეტიკოსია, სადაც უკვე 25 წელია მუშაობს. მეორეც, ვაჟა მინიატურებზე ბავშვობიდან მუშაობს და შესაბამისად ამ ხელობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მესამე – ვაჟა კოლორიტული პიროვნებაა. სწორედ მისნაირ ადამიანებზე ამბობენ – დედამიწის მარილიაო.

– კარგად მახსოვს ჩემი პირველი მინიატურა – პატარა ხანჯალი, რომელიც სამზარეულოს დანისგან გავაკეთე. ამდენს რომ ვლაპარაკობთ, ნაკეთობების ნახვა არ გსურთ? – შემოსძახა მოულოდნელად ოსტატმა.

– მე ხომ აქ სწორედ მათ სანახავად მოვედი! ვზივარ და გელოდები.

– წავედით, – მითხრა მან და სასტუმრო ოთახისკენ გამიძღვა.

კარგი იქნებოდა ეს არ გაეკეთებინა, რადგანაც მასპინძლებმა მაშინვე დამკარგეს. ამოვვარდი რეალობიდან და კითხვების დასმის უნარი წამერთვა. ხელში ფოტოაპარატი მეჭირა, რომლითაც სურათები უნდა გადამეღო. მთელი ეს შესანიშნავი კოლექცია ოთახის იატაკზე იყო განლაგებული. გინახავთ ბავშვები, რომლებსაც იატაკზე სათამაშოები აქვთ მიმოფანტული და თავიანთ ფანტაზიებში ნებივრობენ? ე.ი. ადვილად წარმოიდგენთ იმ მდგომარეობას, რომელშიც მე აღმოვჩნდი. ვაჟა საერთოდ არ იმჩნევდა კმაყოფილი იყო, თუ გაოცებული. მისთვის ეს ჩვეულებრივი სანახაობაა. როგორც თავად მითხრა, ერთხელ მასთან უცხოური ტელეარხის ოპერატორი მივიდა და სთხოვა, ამ სათამაშოებთან ერთი საათით, მარტო დაეტოვებინა.

ხალხი თავს იმტვრევს კითხვაზე – საით მიექანება ბავშვობა – და ეძებს პასუხს. არსადაც არ მიდის. უბრალოდ, საკუთარ თავში ჩახედვის გვეშინია.

– ველოსიპედი არ გამომიგონებია. ალბათ, იცით, საკერავი მანქანის ფეხებისგან მაგიდებს, როგორც ამზადებენ. სხვათა შორის, ეს ფეხები უფრო ძვირია, ვიდრე სხვა ნაწილები. ერთხელაც დავფიქრდი, როგორ შეიძლება მანქანის ზედა ნაწილის გამოყენება-მეთქი.

ზუსტად ამ დროს მინიატურულ ორთქლმავალთან გავიყინე. შემდეგ – მინიატურულ ფაეტონთან. ვაჟას კოლექციაში სულ 12 ნამუშევარია. თავისი შემოქმედების რეალიზებაზე მას არ უფიქრია, სანამ ორთქლმავლები არ შეუკვეთეს.

– როდესაც საჩუქრის შესახებ მითხრეს, ჩემს მეგობარს ვუთხარი, თავი დამანებე-მეთქი. რა ორთქმავალი, რის ორთქმავალი! ორთქმავალი ცხოვრებაში არ მინახავს. ერთი-ორჯერ მუშტაიდის ბაღში მოვკარი თვალი. შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი: – ვაჟა, განა მანქანისგან ორთქლმავალს ვერ ააწყობ? მივუჯექი კომპიუტერს და დავიწყე შესწავლა. მე ხომ აბსოლუტურად ყველა დეტალს მანქანისგან ვამზადებ. მთელი თვე იმაზე ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეკეთებინა ორთქლმავალი. საბოლოოდ მოვიფიქრე ოპტიმალური ვარიანტი: გამეკეთებინა ისეთი მატარებელი, რომელსაც 6 ბორბალი ექნებოდა. ხომ იცით, საკერავ მანქანას ერთი ბორბალი აქვს, მე კიდევ 6 მჭირდება, ანუ 6 საკერავი მანქანა უნდა მეშოვა. მხოლოდ ორთქლმავლისთვის 25 პატარა დეტალის დამზადება დამჭირდა. ერთ-ერთი ორთქმავალი აზერბაიჯანის რკინიგზის მინისტრისთვის დავამზადე, მეორე თურქეთის რკინიგზის და წყლის რესურსების მინისტრის კაბინეტში დევს. მესამე რეტრო-ავტომობილი, იმ ქარხნის დირექტორ ელგუჯა ბუბუტეიშვილს გადასცეს საჩუქრად, სადაც მე ვმუშაობ.

საკერავი ისტორიები და შთაგონება

შემდეგ მე და ვაჟა სასტუმრო ოთახს ვტოვებთ და იმ ოთახში გავდივართ, სადაც მანამდე ვისხედით. ამასობაში მის მეუღლეს სუფრა გაუშლია.

– საიდან აღარ მირეკავენ. ერევნიდან, მანქანებს მთავაზობენ. ვლადივოსტოკიდან ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მეუბნება, – ჩემს მანქანას ნემსის სამაგრი გაუტყდა და შემთხვევით თუ გაქვთ, გამომიგზავნეთ და ნებისმიერ თანხას გადაგიხდითო. თავისი საკერავი მანქანის ფოტოებიც გამომიგზავნა. მე კი მივწერე: ძვირფასო, მანქანის ნაწილს უფასოდ გამოგიგზავნი-მეთქი.

– ძველი მანქანები, როგორიცაა მაგალითად ზინგერი, ალბათ, ძვირია?

– მათი ფასი 50 აშშ.დოლარია. მანქანის ფეხები უფრო ძვირად იყიდება. ამ მანქანების სიძვირის შესახებ ჭორები სხვადასხვა მიზეზით ვრცელდებოდა. ერთი ისეთი ისტორია მაქვს გაგონილი, რომ რევოლუციის შემდეგ, სუფთა ოქროს ქვეყნიდან გატანა შეუძლებელი იყო, ამიტომ მანქანის ნაწილების სახით ადნობდნენ. არსებობს ასევე, თავად ზინგერის ანდერძთან დაკავშირებული ჭორებიც. თითქოსდა მან დაწერა, რომ ვინც 10 მანქანას შეაგროვებდა, მილიონ მანეთს გადასცემდნენ.

ვაჟა პირველ სადღეგრძელოს – ჩვენი გაცნობისას სვამს და განაგრძობს:

– მანქანები სახლში რომ მომქონდა, ვცდილობდი ცოლისთვის დამემალა, რადგანაც სულ მებუზღუნებოდა – რას მიგროვებ სახლში ამ ჯართსო.

– ახლა არ ბუზღუნებს?

– მას შემდეგ, რაც ვაჟამ თავის პირველ ნამუშევარში 3 ათასი აშშ.დოლარი იშოვა, აღარ ვბუზღუნებ, – ამბობს ნინო სიცილით.

– როდესაც რეკავდნენ და ჩემს ცოლს ეკითხებოდნენ – ვაჟა რას აკეთებსო, პასუხობდა – თამაშობსო. ახლა, როცა რეკავენ და მკითხულობენ, ნინო პასუხობს – მუშაობსო. მანამდე საღამოს 10 საათზე რომ ვმუშაობდი, მეუბნებოდა, მეზობლები წუხდებიანო, ახლა 12 საათამდეც კი ვმუშაობ-ხოლმე, აღარაფერს მეუბნება. 

– აბა, რა, – ადასტურებს ნინო – ჩვენ, ქალები სანამ პრაქტიკულ სარგებელს არ დავინახავთ, სულ ვბუზღუნებთ.

– თქვენ მოდიხართ სამსახურიდან და დაღლილი ისევ მუშაობას იწყებთ? შთაგონება და მუზა, ხომ შეკვეთით არ მოდის?

– არაფერია დაუძლეველი. თუ გინდა, ყველაფერს შეძლებ. რაღაცის გაკეთება მოინდომე – უნდა გააკეთო და არ უნდა იწუწუნო, თუ ახლა არ გამოგდის, მაგრამ თუ რაღაც გამოგდის, არ შეჩერდე, ბოლომდე მიაწექი, დაასრულე. მე ამას მივხვდი. მაგრამ თუ ყველაფერი ხელიდან გივარდება, გვერდზე გადადე, ე.ი. შენი დღე არ არის. მე ხომ სხვა ადგილი არ მაქვს, ეზოში ვმუშაობ. ვმუშაობ ბურღით და სწორედ ამის გამო ვჩერდები-ხოლმე. რომ არა ასეთი დელიკატური მომენტები, დილამდე ვიმუშავებდი.

– დილით ისევ სამსახურში…

– სტუდენტობის დროს, ღამ-ღამობით ნახაზებს ვადგენდი. გავშლიდი ქაღალდებს მაგიდაზე და დილამდე ვამთავრებდი.

რას იტყოდა ამაზე ვალოდია მარკარიანი

– იგი ყოველთვის რაღაცის შეკეთებით არის დაკავებული, – ყვება ნინო. – ვაჟას მშვიდად, ერთ ადგილზე ჯდომა არ შეუძლია. ყოველთვის მოძრაობაშია, ყოველთვის მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ სამსახურში ისვენებს. ვფიქრობ, ამ საქმიანობას ხელი იმიტომ მოჰკიდა, რომ ბევრი თავისუფალი დრო გაუჩნდა. ადრე მუხლჩაუხრელად მუშაობდა, სამსახურში გვიანობამდე რჩებოდა და უქმეებზეც მუშაობდა. საინტერესოა, 90-იან წლებში ასეთი რაღაცეებით ერთობოდა ვინმე? მაშინ სხვა დრო იყო, ყველასთვის რთული და მძიმე, მაგრამ ჩვენთვის 90-იანი წლები მხოლოდ კოლორიტული იყო. „კონიაკი“ არც ერთი წუთით არ გაჩერებულა, საჭმელი ყოველთვის გვქონდა, თუმცა ჩვენს გარშემო ადამიანებს სახლიდან გამოჰქონდათ ჭურჭელი, ავეჯი, ძვირფასეულობა და საჭმლისთვის ყიდდნენ. სამსახური, გათბობა (ამ დროს თვალი ბუხარს შევავლე) და ელექტროენერგია გვქონდა, ყველაფერი მისი ძალისხმევის წყალობით.

– არსებობს ტუტეს აკუმულატორი, რომლის წყალობითაც ჩვენს სახლში სინათლე ყოველთვის იყო,- განაგრძობს ვაჟა, – შემდეგ ტელევიზორის ჩამრთველიც შევიძინე. მეზობლები ჩვენთან კინოსეანსებს აწყობდნენ. საღამოს სამსახურიდან მოსულს სრული კინოთეატრი მხვდებოდა სახლში. ზოგჯერ, ისეთი დაღლილი მოვდიოდი, ყველას გაყრა მინდოდა, მაგრამ მართლა ხომ ვერ ეტყვი მეზობელს – წადი ახლა, შენს სახლშიო.

როდესაც ვაჟა სიგარეტის მოსაწევად გავიდა, ნინომ მითხრა, რომ მის ქმარს ოქროს ხელები აქვს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ყოველთვის დედას და მამას ედგა მხარში და ეხმარებოდა. სახლში ჭერიდან დაწყებული, ბუხრით და ჭაღით დამთავრებული, ყველაფერი მისი გაკეთებულია.

ნინოსთან საუბრისას მივხვდი, რომ ბევრად უფრო იოლი იქნებოდა, თუ ვკითხავდი – რა არ იყო ოჯახის თავის ნახელავი, რადგანაც საითაც არ გაიხედავ, ყველგან და ყველაფერში მისი ხელი და მონაწილეობა იგრძნობა. ლითონის საყვავილეები თაროებზე, ქვის სურათები კედლებზე და კიდევ უსასრულოდ შეიძლება ვაჟას ნახელავების ჩამოთვლა.

ამასობაში ვაჟა შემოვიდა და დაიწყო მოყოლა: ჩემი სიდედრი, როცა ჯერ კიდევ ახალი სიძე  ვიყავი, ძალიან ხშირად იმეორებდა, რომ მასთან სამსახურში იყო ვალოდია მარკარიანი, რომელსაც ყველაფერი ეხერხებოდა და ნამდვილი ოსტატის ხელები ჰქონდა. იმდენად ხშირად გვესმოდა ეს ფრაზა, რომ საოჯახო ხუმრობად იქცა. ცოტა ხნის წინათ, ვზივარ, ჩემს მანქანას ვუჩხიკინებ და ვამბობ: – ნეტა, თუ ხედავს ვალოდია მარკარიანი, რასაც მე ვაკეთებ?

მის ძმას, – ვაჟამ თავით ნინოზე მიმანიშნა,- სვანი მეგობარი ყავს. მობილურ ტელეფონში ჩემი ავტომობილის ფოტო ვაჩვენე და მეკითხება.

– ამ კაბრიოლეტით დადიხარ?

არა, – ვუპასუხე, – კაბრიოლეტი წვიმაში, თოვლში მომგებიანი არაა.

ჩვენ დიდხანს ვისხედით ბუხრის წინ, დაბალ მაგიდაზე გაშლილ სუფრასთან. ვსაუბრობდით ცხოვრებაზე, ვიხსენებდით წარსულს და ძალიან არ მინდოდა ამ პურ-მარილიან ადამიანებთან გამომშვიდობება. ბოლოს ისე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, როგორც დიდი ხნის მეგობრები.

– სადღეგრძელოებიც შეუდარებელი იცით, – ვეუბნები ვაჟას იმ დროს, როდესაც მან იმ საყვარელი საქმის სადღეგრძელო დალია, რომლისთვისაც ადამიანი სრულად იხარჯება.

– დამცინით?! 28 წელი კონიაკის ქარხანაში მუშაობა, სახუმარო საქმეა?!

ეკატერინე მინასიანი

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი