მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანში ცხოვრობს 35 წლის მეთოჯინე და მეზღაპრე არმენ ჰოვანისიანი, რომელიც თოჯინების სამყაროს ქმნის და საკუთარ თეატრ-მუზეუმზე ოცნებობს. მისი მთელი თეატრალური დასი ერთ ჩემოდანში ეტევა. ამ ჩემოდნით დადის სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და ბავშვებისთვის უფასო წარმოდგენებს მართავს. მის სპექტაკლებზე ბილეთები არ იყიდება. თოჯინები, დეკორაციები და ზღაპრის სიუჟეტები ერთი ადამიანის, შექმნილი და გამოგონილია. დედა კოსტიუმების შეკერვაში ეხმარება.  ცხადია ყველაფერს სჭირდება ფინანსები, სულ მცირე მგზავრობის ხარჯს მაინც.

“ვმუშაობ, მასტერკლასებს ვმართავ სხვადასხვა პროგრამით. ჩემი ხარჯით მივდივარ სოფელებში. როცა მაქვს საშუალება, მაშინ მივდივარ”, – გვითხრა არმენმა.

მის მიერ შექმნილი თოჯინების შეძენით ბევრი კოლექციონერია დაინტერესებული, თუმცა, თოჯინებს უკიდურეს შემთხვევაში ყიდის, – როცა სპექტაკლისთვის ფული სჭირდება. ასეთ დროს, განსაკუთრებული და საინტერესოა მისი დამოკიდებულება გასაყიდი თოჯინის მიმართ. ხელოვანის ხვედრიც ხომ ეს არის, მისი ნაოსტატარი უცხო ადამიანების საკუთრებად უნდა იქცეს და ასე გავრცელდეს ხელოვანი ადამიანებში.

“თოჯინას შექმნის წუთიდან ვესაუბრები, როგორც შვილს. როცა შეკვეთით ვამზადებ თოჯინას, ვეუბნები, – შენ ჩემი არ ხარ, უნდა წახვიდე ჩემგან. თოჯინამ იცის, რომ ის ჩემი არ არის. ერთხელ ბაზრობაზე ვნახე ძველი ვიოლინო, 15 ლარი ღირდა. იმ წუთას ფული არ მქონდა და ვერ შევიძინე. სახლში დაბრუნებულს ფიქრები ამეკვიატა. ბებერი ბაბუას თოჯინის შექმნის იდეა გაჩნდა, რომელიც ამ ვიოლინოზე დაუკრავდა. ერთი კვირის მერე წავედი ბაზრობაზე და ვიყიდე ის ვიოლინო. ახლა მყავს პერსონაჟი, რომელიც ამ ვიოლინოზე უკრავს. თოჯინა თვითონ მეუბნება შექმნის პროცესში, როგორი ჩაცმულობა ჰქონდეს, რა ფერის თმა სურს და ა.შ. ცოტა მისტიკურად ჟღერს, მაგრამ ასეა”, – გვითხრა არმენმა.

არმენ ჰოვანისიანი

თოჯინების გაკეთება სკოლის ასაკიდან დაიწყო. მანამდე იყო ხატვა. ამბობს, რომ რაც თავი ახსოვს ხატავს. პატარა იყო, როცა ყური მოჰკრა, რომ არსებობდა თეატრი, სადაც თოჯინები თამაშობდნენ. დიდხანს ელოდა თეატრს თავის დაბაში, მაგრამ ამაოდ, თეატრი მასთან არ მივიდა. მაშინ თავად დაიწყო ასეთი თეატრის შექმნა. თავად მიაგნო საიდუმლოს, თუ როგორ ამოეძრავებინა ხის ადამიანები, როგორ გაეცოცხლებინა ისინი და აემეტყველებინა. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, თავისივე სკოლაში შექმნა თოჯინების თეატრი და თანასკოლელებისთვის მართავდა წარმოდგენებს.

“რაც თავი მახსოვს სულ რაღაცას ვაკეთებ, – თოჯინებს, ქანდაკებებს, დეკორაციებს. ბავშვობაში არ მქონდა საშუალება, რომ თოჯინების თეატრში წავსულიყავი, არც ის ჩამოვიდა მარნეულში. როცა სტუდენტი გავხდი, მაშინ ვიყიდე ბილეთი და წავედი თოჯინების თეატრში. მთელი ბავშვობა ველოდებოდი თოჯინების თეატრს, მაგრამ ის ჩემთან არ მოვიდა. ახლა მე მსურს მივიდე ყველა ბავშვთან, რომლებიც ელოდებიან ჩემს თეატრს”, – გვითხრა არმენმა.

სტუდენტობის წლები ერევანში გაატარა, სადაც მხატვარ-დიზაინერის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამბობს, რომ საქართველო მისი სამშობლოა და სადაც არ უნდა წავიდეს, ეს დროებითი მგზავრობაა და ყოველთვის სახლში ბრუნდება.

“მინდოდა ჩემი ზღაპრების პერსონაჟების გაცოცხლება და გავაკეთე კოლექციური თოჯინები, თუმცა ისინი არ იყვნენ ისეთი ცოცხალი, როგორიც მინდოდა. მაშინ მოვიფიქრე, რომ გამეკეთებინა პროფესიონალური მარიონეტების თეატრი და შევქმენი ჩემი პატარა თეატრი”, – ამბობს არმენ ჰოვანისიანი.

არმენ ჰოვანისიანი

ამ პერიოდის განმავლობაში არმენს კოლექციური თოჯინების 2 პერსონალური გამოფენა ჰქონდა ერევანსა და თბილისში. ეს კოლექცია მის სახლში, საძინებელ ოთახში ინახება. ოთახს ერთგვარი მუზეუმის სახე აქვს. სახლის კიდევ ერთი ოთახი თეატრს დაუთმო.

“ძალიან ბევრი სტუმარი მოდის. არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეები, არამედ ტურისტები. უბრალოდ საშუალება არ მაქვს, რომ ჩემი პატარა თეატრ-მუზეუმი გავაკეთო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ყველა სტუმრის მიღება. ჩემს სახლში არ მაქვს შესაბამისი ფართი და იძულებული ვარ, ძალიან ბევრ დამთვალიერებელს უარი ვუთხრა. ჩემთან სტუმრად ჩამოვიდა საქართველოში იტალიის ელჩი, რომელიც დამეხმარა, რომ ჩემს თეატრს პროფესიონალური შირმა ჰქონოდა”, – ამბობს მეთოჯინე.

თავისი საქმისთვის სხვების შეწუხება არ უყვარს, ალბათ, ამიტომ, არც ადგილობრივ ხელისუფლებას აწუხებს. როგორც არმენმა გვითხრა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან მისი საქმიანობის შესახებ და დახმარების სურვილი თუ ექნებათ, დაეხმარებიან.

მისი სპექტაკლები მსახიობების აუდიოჩანაწერით არის გახმოვანებული, მარიონეტებს კი თავად ამოძრავებს.

“არის სპექტაკლები, სადაც 15-ვე მარიონეტს მარტო ვამოძრავებ. ჩვენი რეგიონი მრავალფეროვანია. საერთოდ საქართველო არის მრავალფეროვანი და ვცდილობ ისეთი სპექტაკლები დავდგა, რომ ყველა ეროვნების ბავშვისთვის იყო ადვილად გასაგები და აღსაქმელი. ძირითადად მაქვს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, რომ ტექსტი არ დამჭირდეს. საერთოდ ჩემი თეატრი არის ხიდი ქართულ-სომხურ კულტურას შორის. არ მაქვს კონკრეტულად გამოხატული ერთი ეთნოსის კულტურა. უფრო ძველ თბილისურ ისტორიებს ვაცოცხლებ. მაქვს სიუჟეტები ქართული ზღაპრებიდანაც”, – ამბობს არმენი.

მისი წარმოდგენები არა მხოლოდ ბავშვებზე, უფროსი ასაკის მაყურებელზეც არის გათვლილი. იმ მაყურებელზე, რომლის შინაგან სამყაროში ბავშვობა ჯერ კიდევ ცოცხლობს. არმენის აზრით, ბავშვს, რომელიც თოჯინებთან ურთიერთობით გაიზრდება, სულ სხვაგვარი შინაგანი სამყარო უყალიბდება, ხოლო ომის მოსურნე ადამიანებს, ბავშვობაში, ალბათ, თოჯინებთან არ ჰქონიათ შეხება.

თავშიც ვთქვით, რომ არმენს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საკუთარი თოჯინების მიმართ, მაგალითად, თმები ნამდვილი უნდა იყოს. ამბობს, რომ თმას თავისი ენერგია და ისტორია აქვს. ეს ენერგეტიკა უნდა გადავიდეს თოჯინაზე. დედა თოჯინებისთვის ტანსაცმლის შეკერვაში ეხმარება.

სახლში დედასთან ერთად ცხოვრობს, მამა გარდაცვლილი ჰყავს. ძმა დაოჯახებულია და უკრაინაში ცხოვრობს. 35 წლის მეთოჯინეს საკუთარი ოჯახი ჯერ არ შეუქმნია. ამბობს, რომ ქალს, რომელიც მისი მეორე ნახევარი გახდება, თოჯინები უნდა უყვარდეს.

არმენ ჰოვანისიანი

თბილისი მისი შთაგონების წყაროა. ოცნებობდა ცნობილ ქართველ რეჟისორთან და სცენარისთან, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელ რეზო გაბრიაძესთან შეხვედრაზე, მაგრამ მათი შეხვედრა ვერ შედგა. გაბრიაძის სპექტაკლები ინტერნეტით აქვს ნანახი და მოსწონს. ამბობს, რომ გაბრიაძისეულ ჟანრში ჩაფიქრებული აქვს დადგას სპექტაკლი ფიროსმანზე. პერსონაჟები მის ფიქრებში არიან და ელოდებიან თავიანთ დროს, რომ ოსტატმა ისინი შექმნას.

“ერთი პერიოდი ძალიან ხშირად დავდიოდი თბილისის ქუჩებში და ვეძებდი ტიპაჟებს. ჩემი ყურადღება მიიპყრეს სოლოლაკელმა ქალბატონებმა, თეთრი თმებით. როცა სახლში დავბრუნდი, ფიქრებში თან დამყვებოდნენ, ასე შევქმენი კეთილი ჯადოქრები”, – გვითხრა არმენმა.

თბილისი თავისი აივნებით, სახლებით, ქუჩებით, თავისი ისტორიით, აძლევს სტიმულს და თოჯინები აცოცხლებენ ძველ ისტორიებს, ძველი თბილისის კულტურას.

ომი არმენის შემოქმედების ყველაზე მძიმე თემაა. ამბობს, რომ ომში იღუპებიან ბავშვები, უდანაშაულო ადამიანები, ეს მისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა.

“თითოეული ბავშვის დაღუპვით ჩემში ზღაპრები კვდებიან”, – გვითხრა არმენ ოჰანესიანმა.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი