ორ თვეზე მეტია უკრაინა რუსეთთან საომარ ვითარებაში იმყოფება, თუმცა, ამ დროის განმავლობაში არ იცვლება საქართველოს მიმართ კიევის პრეტენზიული ტონი. პერიოდულად მძიმე ბრალდებებიც ისმის. ოფიციალური თბილისი შედის საომარ მდგომარეობაში მყოფი მეგობარი ქვეყნის მდგომარეობაში და კიევს ბრალდებებსა და მიუღებელ მოთხოვნებზე პასუხს არ სთხოვს. უფრო მეტიც, საქართველო უკრაინისა და უკრაინელების დახმარებას განაგრძობს.

საქართველოს ხელისუფლებაში გაგებით ეკიდებიან იმ ფაქტორსაც, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრები არიან მოკალათებულნი, რომლებიც საკუთარ, რევანშისტულ გეგმებზე უარს, ორ მეგობარ ქვეყანას შორის კონფრონტაციის ფასადაც არ იტყვიან.

კიევმა თბილისისგან რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება და ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებში მეორე ფრონტის გახსნა მოითხოვა, რაზეც საქართველოს ხელისუფლებისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. აბსურდული მოთხოვნების დამაგვირგვინებელი იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარებაო. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას აბსურდული უწოდა. ქართულმა მხარემ მძიმე ბრალდების მტკიცებულებები მოითხოვა, რასაც პასუხად მოჰყვა, რომ იქით ელოდებიან საქართველოსგან თავი მართლებას და ოფიციალურ მტკიცებულებებს, ხოლო, თუ მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადაწყვეტენ როგორ იმოქმედონ.

საქართველოს და აზერბაიჯანის სპიკერები

ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანას შორის დაძაბულობის განსამუხტად და ვითარებაში გასარკვევად, 16 აპრილს, უკრაინას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვია. 9 წევრისგან შემდგარ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობდა. უკრაინაში არ წავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ აპირებს.

ქართველ დეპუტატები კიევში უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა მიიღო. ქართველმა კანონმდებლებმა ომისგან დანგრეული ბუჩა და ირპენი მოინახულეს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ, როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი; პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი, “გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, “რესპუბლიკელი” ხათუნა სამნიძე და პარტია “საქართველოსთვის” წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.

დავით სერგეენკო

რას აცხადებენ დეპუტატები?​

დელეგაციის წევრთა ნაწილი უკრაინაში ვიზიტს უმნიშვნელოვანესს უწოდებს ქვეყნების სამომავლო ურთიერთობების თვალსაზრისით და იმედოვნებენ, რომ 2-ქვეყანას შორის გაუგებრობა მოგვარდება.

“გაუგებრობების უდიდესი ნაწილი იქვე გაირკვა და ამოიწურა. თუ დარჩა რაიმე მიმართულება, მაგალითად სანქციების მხარდაჭერა, შალვა პაპუაშვილმა ძალიან მკაფიო განმარტებები გააკეთა, რაც მათთვის აბსოლუტურად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა”, – ამბობს სერგეენკო.

პარტია “ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, კიევმა ქართულ მხარეს ორი რამ სთხოვა: საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, და საქართველომ ბრძოლა გამოუცხადოს რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკას, რუსულ პროპაგანდას.

დელეგაციის სხვა წევრების აზრით, უკრაინაში აქვთ განცდა, რომ საქართველო მათთვის საკმარისად არ ირჯება. ასევე, უკრაინულ მხარეს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა საქართველო. რესპუბლიკელებს კი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი დაგვიანებულად მიაჩნიათ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

როგორც Dalma News-ს უფლებადამცველმა, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, ამ ვიზიტით საქართველომ ლუსტრაციის კიდევ ერთი პროცესი მიიღო, რითაც ძალიან კარგად გამოაშკარავდა “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული ოპოზიციის ზრახვები. თავად ქართული დელეგაციის კიევში ვიზიტისთვის დრო და ვითარება სწორად იყო შერჩეული.

ლორთქიფანიძის თქმით, “ენმ” თავის დასავლეთელ პარტნიორებს რეალურად სთავაზობს, საქართველოს ხელისუფლების ალტერნატივად “ნაციონალური მოძრაობა” განიხილონ. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ “ენმ”-ს წევრი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ფორმირებულ დელეგაციას არ შეუერთდნენ. უფრო მეტიც, ჩუმად გაემართნენ კიევში, რათა უსიამოვნო სიურპრიზი მოეწყოთ საქართველოს ხელისუფლებისთვის.

უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებით, ყველაფერმა უფრო ხელისუფლების სასარგებლოდ ჩაიარა, ვიდრე ოპოზიციის. საბოლოო ჯამში, წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი დელეგაცია ჩავიდა და დაფიქსირდა კიევში, როგორც კიევის ხელისუფლებისადმი სოლიდარულები.

“ალბათ, ნაციონალებს სურდათ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალური პოზიციის მსგავსად, რომელიც გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ჩავიდა კიევში, საპარლამენტო უმრავლესობას უარი ეთქვა ამ ვიზიტზე. მაგრამ ასე არ მოხდა”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს პრემიერის მოსაზრებები ემყარება კონრეტულ პოლიტიკურ საფუძველს და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან სერიოზული მხარდაჭერაც აქვს. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ ფენაში “ჩანერგილები” არიან პირები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით იდევნებიან და პასუხისგებაში იმყოფებიან.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმერ ზელენსკი

ოფიციალური თბილისი ამაოდ ელის კიევისგან ლოგიკურ განმარტებებს. ამის სანაცვლოდ ისმის საქართველოს დადანაშაულება ტრანზიტული შავი ხვრელების გაჩენაში.

“მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის გამო, რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები შეწყვეტილია, ეს მშვიდობა არის ძალიან მყიფე. რუსეთის ფედერაციის ჯარები თბილისიდან 30 კმ-ში დგანან. ვერავინ დააბრალებს საქართველოს უკრაინის მიმართ უყურადღებობას. თუმცა, ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორი, რომ უკრაინის ხელისუფლებაში რეინკარნინებული “ნაციონალური მოძრაობაა”: ზურაბ ადეიშვილი, დავით საყვარელიძე, სანდრო კვიტაშვილი, გია ლორთქიფანიძე, ეკა ზღულაძე, ხატია დეკანოიძე და ა.შ. ესენი შემთხვევით არ არიან აქედან წასულები უკრაინაში”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, ამ ძნელბედობის ჟამს საქართველომ უკრაინაში 400 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი მწირი ბიუჯეტის ხარჯზე მიიღო ასეულობით უკრაინული ოჯახი და სოციალური მხარდაჭერის კუთხით მთელი რიგი “პრეფერენციები” გამოყენებული ამ ოჯახების მიმართ, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებით.

ქართულ საზოგადოებაში ისმის კითხვა, – რატომ სცალია ომში მყოფ უკრაინას საქართველოსთან კინკლაობისთვის?

პეტრე მამრაძე

ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას მეცნიერი, პეტრე მამრაძე კვლავ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიზნებთან მიდის. მისივე თქმით, ძალიან დასანანია, როცა უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები “სააკაშვილი ხროვის ენით საუბრობს”. ეს უკრაინისთვის ცუდია.

“აბსურდული და ბინძური ბრალდება კონტრაბანდის თაობაზე, გამაოგნებელი რამ იყო. როცა საქართველოს უშიშროების საბჭომ მოითხოვა უკრაინის მხარისგან ბრალდებაზე მტკიცებულება, რომ რეაგირება მოგვეხდინა, უკრაინის სს მინისტრმა იკადრა ეთქვა, – აქეთ დაგვისაბუთეთ და თქვენ მოგვეცით დოკუმენტაცია, რომ ამას არ აკეთებთო. ეს არის 1937 წლის გამეორება, უდანაშაულობის პრეზუმციის ფეხქვეშ გათელა”, – ამბობს პეტრე მამრაძე.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მიმართ, მამრაძეს არ აქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ ამ ვიზიტის შემდეგ საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში ტონი შერბილდება. მიზეზი კი, მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის თანამზრახველები დამკვიდრდნენ.

“როგორც შევიტყვე, ჰააგას სასამართლოს წარმომადგენლები რომ იყვნენ ჩასულები ბუჩაში, იქ მათ სხვებთან ერთად ზურაბ ადეიშვილი – სააკაშვილის სადისტური სისტემის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, შეხვდა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად. იქ იმყოფება მერაბიშვილიც, ასევე, ლაფანყურის სისხლიანი ოპერაციის ორგანიზატორი, გია ლორთქიფანიძე. ეს ადამიანი დაწინაურდა უკრაინაში და დაზვერვის  სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა”, – აცხადებს მამრაძე.

დავით არახამია

მისივე თქმით, ბნელი წარსულის მქონე პიროვნებაა დავით არახამია. გაიხსენა არახამიას ერთი წლის წინანდელი განცხადება, – რომ თურმე, უკრაინას ბირთული იარაღი არ უნდა დაეთმო და მთელი მსოფლიოს დაშანტაჟებას შეძლებდნენ. ეს ის არახამიაა, რომელმაც განაცხადა, რომ რცხვენია ქართველი რომ არის.

“საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობს ყველა საერთაშორისო სანქციაში. ყველა საერთაშორისო დონეზე საქართველომ ყველა პოლიტიკურ სანქციაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინას დაუჭირა მხარი და ამის შემდეგ გვესმის პრეტენზიული ტონი, – იფიქრეთ ორმხრივ სანქციებზე! უკრაინულ მხარეს ან არ ესმის, რომ ეკონომიკური სანქციებით საქართველო თავის მოსახლეობას მიაყენებს ზიანს, ან თუ ესმით, მაშინ სხვა კითხვები ჩნდება”, – ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ნაციონალები ყოველთვის იქ მოკალათდებიან ხოლმე, სადაც დიდი შავი ფული იშოვება. უკრაინაში, ომამდე, კორუფცია ყვაოდა, რაზედაც ევროპული ინსტიტუტები წერდნენ.

გიორგი ქართველი