რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, კვლავ აქტუალურია საქართველოსა და უკრაინას შორის დაძაბულობა. უკრაინის ხელისუფლება მონდომებით უკიჟინებს ქართულ საზოგადოებას აიძულონ საკუთარი ხელისუფლება და არსებული ვითარება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად გამოიყენონ. კიევის და ქართული რადიკალური ოპოზიციის გეგმის თანახმად, უახლოეს წარსულში სამ ომ გამოვლილმა საქართველომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი საკუთარ კონფლიქტურ რეგიონებში შეჭრისთვის უნდა გამოიყენოს.

საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები კი აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთ-უკრაინას შორის შეიარაღებულ კონფლიქტში არ ჩაერთვება და ქვეყნის ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების გზად, მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ესახებათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, უარი განაცხადა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში მხარს უჭერენ უკრაინის დასახმარებლად და რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს.

ექსპერტთა ნაწილი სიფრთხილით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ამბობენ, რომ სულ უფრო რეალური ხდება საქართველოს შეიარაღებულ პროვოკაციაში ჩათრევის საფრთხე. სწორედ ამ თემას მიეძღვნა „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ აპრილის ბოლოს გამართული დისკუსია – „მრგვალი მაგიდა“, სადაც მიწვეულნი იყვნენ მასმედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისკუსიაზე განიხილეს საქართველო-უკრაინისა და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები და მოსალოდნელი საფრთხეები.

ევრაზიის ინსტიტუტის კონფერენცია

“მრგვალი მაგიდის” მონაწილეთა აზრით, უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე არის ძალიან ნეგატიური და ის დიდ საშიშროებას შეიცავს, საქართველო შესაძლოა, ამა თუ იმ ფორმით იყოს ჩათრეული აღნიშნულ კონფლიქტში. ამ მხრივ, დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება საქართველოს ხელისუფლება. რუსეთის წინააღმდეგ საბანკო სექტორში დაწესებულმა სანქციებმა უკვე გავლენა იქონია ქართულ კომპანიებზეც. ამ დღეებში მუშაობა შეაჩერა საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების უდიდესი ექსპორტიორის “IDS ბორჯომის” ორმა ქარხანამ, რომელიც ქალაქ ბორჯომში მდებარეობს. კომპანია ასხამს: “ბორჯომს”, “ლიკანს”, “მიტარბს” და “ბაკურიანს”.

საქართველოს ორ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის გამო, გაყიდვები პრაქტიკულად ჩავარდნილია. კომპანიაში დასაქმებულ ათასამდე ბორჯომელს უმუშევრად დარჩენა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, რუსეთში – 14.4 მილიონი დოლარის, ხოლო უკრაინაში 6.7 მილიონის ქართული მინერალური და მტკნარი წყალი გაიყიდა. “IDS ბორჯომი” გაყიდვების ლიდერი იყო.

“ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორ გულბაათ რცხილაძის მოსაზრებით, არსებულ ვითარებაში საჭიროა შეიქმნას ქართულ-რუსული ბანკი, რომელიც ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის ბიზნეს საკითხების მოგვარებას შეუწყობდა ხელს და რომელზეც ვერ იმოქმედებს დასავლური სანქციები, რათა “ბორჯომის” ხვედრი სხვა კომპანიებმაც არ გაიზიარონ.

რცხილაძის მოსაზრებით, “ბორჯომის” გაჩერება, სწორედ საბანკო სექტორში დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. რაც შეეხება საქართველოზე უკრაინის კონფლიქტის ნეგატიურ გავლენას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში გაჩაღებულმა ანტირუსულმა ფსიქოზმა უკვე გამოიწვია მომავალი ტურისტული სეზონის ჩავარდნა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში მტრულად ეპყრობიან თვით რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჩამოსულ რუსებს, ქვეყანა “მორთეს” უკრაინის დროშებით, რუს ხალხს კი გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებენ, ნორმალური ტურისტი აქ არ ჩამოვა. ამ ვითარებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მიაჩნია, რომ მისი არაპრინციპული და თავის მართლების პოზიციაში ყოფნა აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს.

გულბაათ რცხილაძე

“საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს და ეს სწორია, მაგრამ ამავე დროს, იგი აკოტრებს “ვითიბი” ბანკს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ იმის გამო, რომ რუსულ სათავო “ვეტებეს” დასავლური სანქციები დაედო. ეს უკვე, საქართველოს მხრიდან სანქციებში მონაწილეობაა. ამ ყველაფრის უკან კი ექსპერტი ამერიკის ხელს ხედავს”, – ამბობს მან.

თავის გამოსვლაში გულბაათ რცხილაძემ ისაუბრა საქართველოს მიმართ უკრაინის არამეგობრულ პოზიციაზე და მცდელობებზე, საქართველოსთვის მიუღებელი კურსის თავსმოხვევაზე.

“ევრაზიის ინსტიტუტის რეკომენდაციაა: გაღრმავდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან – წახალისდეს ერთობლივი საწარმოების შექმნა (განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის სფეროში); შეიქმნას ერთობლივი ბანკი, რომელიც დაკავებული იქნება მხოლოდ რუსული მიმართულებით და იმუნიტეტი ექნება დასავლური შეზღუდვების მიმართ; ბალანსისთვის გამოცხადდეს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დონბასის ბავშვებისთვის (თუნდაც ცალკე აღებული მარიუპოლისთვის), – აღნიშნავს მან.

რცხილაძის აზრით, ჰუმანიტარული ტვირთები ბიზნესმენებმა, ასევე რუსეთის ქართულმა დიასპორამ უნდა შეაგროვოს.

ექსპერტი, ასევე, ხედავს დიალოგის აუცილებლობას ავიამიმოსვლის საერთაშორისო იურიდიული ასპექტების საკითხებთან დაკავშირებით, დარგის ექსპერტებს შორის.

“მესმის, რომ მთავრობის მიერ ჩვენი რეკომენდაციების განხორციელება გამოიწვევს ბუნტს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მაგრამ უმჯობესია, ჩვენ თავად დავაჩქაროთ ეს ისედაც გარდაუვალი მოვლენა!” – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.

მისი შეფასებით, დნესტრისპირეთში მიმდინარე მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მალე ჩაითრევენ მოლდავეთს და ჯერი საქართველოზეც მიდგება.

დისკუსიის მსვლელობისას, “მრგვალ მაგიდაში” მონაწილეთა მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ცალკეული შეიარაღებული ჯგუფები პროვოკაციების მოსაწყობად. შეხვედრაზე მხარეებმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ საქართველოს პირდაპირ უბიძგებენ რუსეთთან კონფლიქტისკენ, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალიან არაკეთილსინდისიერად და უპატიოსნოდ იქცევა, იმიტომ, რომ უნდათ თავიანთი საეჭვო მიზნები განახორციელონ ქართველი ხალხის ხარჯზე.

“საქართველოს არ სურს ომი და არ ჩაებმება ამ ომში, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან, მათი კავშირები ძალოვან სტრუქტურებში შეიძლება გახდეს სერიოზული ბუნტის საფუძველი და მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში. სამართალდამცავ სტრუქტურებში ჩანერგილია დესტრუქციული ელემენტები”, – განაცხადა შეხვედრაზე ქართული სპეცსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, თადარიგის ოფიცერმა, ვასილ გოგალაძემ.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა საინფორმაციო პროპაგანდაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქართული საზოგადოება დღეს, რადიკალურ ოპოზიციასთან შედარებით ბევრად რეალისტურია, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი ქართული მედიის გავლენის ქვეშ იმყოფება და მათი ფსიქიკა დაზიანებულია. მათივე თქმით, საინფორმაციო პროპაგანდაშიც არსებობს ზღვარი, როცა, რაღაც წერტილის შემდეგ უკვე ეჭვები ჩნდება. ყველაფერი დამოკიდებულია მაინც იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. ასევე, შეიძლება ქართულმა ოპოზიციამ სცადონ მოვლენების დაჩქარება, რათა ხელში აიღონ ძალაუფლება.

გულბაათ რცხილაძე

როგორც ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა, გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა, საქართველოში, დასავლეთის წამხედურობით, ადგილი აქვს უკიდურესად მძაფრ ანტირუსულ კამპანიას, რომელშიც მონაწილეობენ, როგორც ოპოზიციური, ისე სახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებები. პოლიტოლოგმა დაასახელა კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ ფიქრობს, რომ უკრაინულ ბუჩაში მომხდარი ტრაგედია არა რუსი, არამედ უკრაინელი სამხედროების ნახელავია:

მისივე თქმით, მასობრივი მკვლელობების ხმამაღალი ფაქტები, რომლებიც დასავლურმა პოლიტიკამ და ჟურნალისტიკამ (მით უმეტეს, უკრაინულმა) რუსეთს მიაწერეს, მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სოცქსელში უკრაინელების მიერ, რუსი სამხედრო ტყვეების წამების ამსახველი მასალა გავრცელდა. ასევე გავრცელდა ომამდე გადაღებული მძიმე კადრები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორი წარმოუდგენელი მეთოდებით უსწორდებიან უკრაინაში სამოქალაქო პირებს – მათ, ვისაც რუსეთი იზიდავს და არ ეთანხმებიან ნაცისტურ რეჟიმს.

“პირადად გავუგზავნე ეს ვიდეოები ზოგიერთ დასავლეთელ ჟურნალისტსა და უფლებადამცველ ორგანიზაციას, მათ შორის, “ემნესტი ინტერნეშენელის“ კავკასიურ ბიუროს გერმანიაში. უკრაინულმა მხარემ ეს საშინელი ფაქტები ბუჩას საშინელი ფაქტებით „გადაფარა“, როდესაც ამ ტრაგედიის ავტორობა რუსეთის ჯარებს მიაწერა. ასევე, დამაეჭვა ფაქტმა, თუ როგორ იწვნენ გვამები ბუჩაში. ბევრი მათგანი განლაგებული იყო ქუჩების კიდეებზე, გარკვეული დისტანციით. რუსეთში ყველამ შეამჩნია გვამებზე თეთრი სამკლაურები, რის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა, რომ ესენი არიან პრორუსულად განწყობილი ადამიანები, რომლებიც უკრაინელმა დამსჯელებმა დახოცეს და ისინი რუსების მსხვერპლად გაასაღეს”, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლების ლიდერები დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან მოკალათებულნი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკრაინაში დღეს არსებული რეჟიმი გაცილებით უფრო რეპრესიულია, ვიდრე საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი იყო.

“თუ გავიხსენებთ, რა როლს ასრულებდა შიშის ფაქტორი სააკაშვილის დროინდელ საქართველოში, უკეთ მივხვდებით, რა შიშის ქვეშ ცხოვრობს ხალხი უკრაინაში, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმზე ბევრად უფრო სასტიკი რეჟიმი მართავს”, – განაცხადა ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა, გულბაათ რცხილაძემ.

დისკუსიის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ ოპოზიციასთან თავდაცვის რეჟიმში ყოფნა და უკრაინის ინტერესებზე მორგებული საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ხელი შეუწყონ განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებების გავრცელებას. სხვა შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა “ქართული ოცნების” ხელისუფლების დამხობით დასრულდება.

გიორგი ქართველი