საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს შექმნილი საპარტნიორო ფონდი, როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რეფორმირებას განიცდის, რის შედეგადაც იგი სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ორგანიზაციად უნდა იქცეს და ტრადიციულად ინვესტირებულ სფეროებთან ერთად, უნდა განავითაროს ეკონომიკის ის სექტორები, რომელიც ან საერთოდ არ ფინანსდება, ან მცირე ინვესტიციებს იზიდავს. ფონდის რეფორმირებისაკენ პირველი ნაბიჯებია სწორედ ახლა გადაიდგა.

მიმდინარე წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც 10 სექტემბერს ამოქმედდა. იმ დღიდან ფონდმა სახელი შეიცვალა და ახლა “საქართველოს განვითარების ფონდს” ეწოდება.

მთავრობამ ფონდის რეფორმის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2021 წელს მიიღო. მაშინ გამოცხადდა, რომ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებდნენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები და ის დამოუკიდებელი პირებით დაკომპლექტდებოდა. ეს იყო ფონდისთვის სრული დამოუკიდებლობისა და მოქნილობის უზრუნველყოფა.

ამ სტრუქტურის მმართველ ორგანოში გარკვეული ცვლილებები მართლაც მოხდა, მაგრამ მის შემადგენლობაში ძველი ხალხიც დარჩა, რომლებიც ოპოზიციისა და რიგი ექსპერტების აზრით, შორს არიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისაგან და პირდაპირ თუ ირიბად დღევანდელ ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულნი.

Давид Саганелидзе

რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ამჟამად 5 წევრისგან შედგება: დავით საგანელიძე, ვაზილ ხუდაკი, მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი.

საქართველოს განვითარების ფონდის ვებგვერდზე გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დავით საგანელიძე აირჩიეს, რომელიც ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობაში ახალი კადრი ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ 2015 წელს იგი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა და ამ პოსტზე ირაკლი კოვზანაძე შეცვალა. საგანელიძე საპარტნიორო ფონდში პარლამენტის სკამიდან მივიდა. მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობის (პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) ლიდერი იყო. და ვინაიდან საგანელიძის პოლიტიკური და საპარლამენტო წარსული ასე თუ ისე დაკავშირებული იყო მმართველ პარტიასთან და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან, ოპოზიცია მას პერიოდულად სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდა. მაგ.: ხელისუფლების მითითებების შესრულება, გარკვეული პროექტების დაფინანსების სელექციურობა, ზედმეტად მაღალი შემოსავალი (ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის ცნობით, საგანელიძის ხელფასი ფონდის დირექტორის თანამდებობაზე თვეში 17 ათასი ლარი იყო) და სხვა.

ბესიკ ბუგიანიშვილი

საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა, რომელიც პარალელურად დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ადრე იგი ხელმძღვანელობდა “მშვიდობის ფონდს უკეთესი მომავლისთვის”, რომელიც ერთ დროს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, რათა მხარი დაეჭირა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე. წ. გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის. საზღვრისპირა რეგიონებში სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ხელი უნდა შეუწყო კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგის, თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენისათვის. მაგრამ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ეს სტრუქტურა, ეს ცალკე თემაა. ბესიკ ბუგიანიშვილი კი ერთი ფონდიდან მეორეში გადავიდა და “საქართველოს განვითარების ფონდის” დირექტორთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში.

რეფორმირებული საქართველოს განვითარების ფონდის წესდების მიხედვით, მის მიერ მოზიდული სახსრები დააფინანსებს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი წარმოება, ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (ე.წ. სტარტაპები) და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ფონდის დაფინანსების წყაროები უცვლელი დარჩება. “საპარტნიორო ფონდის” მსგავსად, “საქართველოს განვითარების ფონდი” საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. მისი დაფინანსების წყარო მიმდინარე პროექტებიდან მიღებული საკუთარი შემოსავალი, ასევე ინვესტორებიდან, ან ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები იქნება.

საპარტნიორო ფონდი თავის დროზე, სახელმწიფო საწარმოების ბაზაზე დაარსდა – “საქართველოს რკინიგზისა” და “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” კონსოლიდაციის საფუძველზე დაარსდა. რეფორმირების შედეგად მას სახელმწიფო საწარმოები გამოეყო.

საინტერესოა, რომ “საპარტნიორო ფონდის” მფარველობაში ყოფნის წლების განმავლობაში, ზემოთ აღნიშნული ორივე სახელმწიფო საწარმო წამგებიანი იყო. ამრიგად, საპარტნიორო ფონდის 12 წლიანი საქმიანობა არაერთხელ გააკრიტიკეს, როგორც საქართველოს არასამთავრობო სექტორის, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.

2019 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში საპარტნიორო ფონდის 2014-2017 წლების საქმიანობის შესწავლის შესახებ. ამ კვლევის მიხედვით, ფონდის აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ფონდის წილმა ინვესტიციებში 330 მილიონი დოლარი შეადგინა.

2014-2017 წლებში ფონდის აქტივები 16%-ით გაიზარდა, კაპიტალი კი 14%-ით შემცირდა. ფონდმა 2017 წელი 482 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა და ამ 4 წლის განმავლობაში მთლიანმა ზარალმა 528 მილიონი ლარი შეადგინა.

2017 წელს ფონდმა, მის აქტივებში შემავალი კომპანიებისგან 27,3 მილიონი ლარის ოდენობის დივიდენდები მიიღო, 2016 წელს დივიდენდებმა 12,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშშია ნათქვამი. რომლის თანახმადაც ფონდის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურად იყო მიჩნეული.

„ვინაიდან ფონდის შემოსავლის ძირითადი წყარო, მის მიერვე დაფინანსებული პროექტებიდან, რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს აქტივები და დივიდენდებია , ფონდის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური და არაპროგნოზირებადია, რაც ფონდს სესხებზე დამოკიდებულს ხდის. 2019 წლის მონაცემებით, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან 14 დასრულდა, 5 განხორციელების პროცესშია. აქედან ზოგიერთი პროექტი კორუფციის თვალსაზრისით ეჭვს იწვევს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში.

კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაადგინა, რომ ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან ორს – საქართველოს მეღორეობისა და კერამიკული აგურის ქარხნის პროექტებს – ერთი ბენეფიციარი, ვასილ ბაბლუანი ჰყავს, ხოლო ამ პროექტებთან დაკავშირებულმა პირებმა 2013-2018 წლებში, მმართველ პარტიას, “ქართულ. ოცნებას” და მაშინდელ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს სულ 200 000 ლარამდე შესწირეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

განსხვავებული, უფრო ოპტიმისტური ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობას, რომლის მფარველობაშიც მუშაობდა აღნიშნული საინვესტიციო ფონდი იმ წლებში. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შარშან, საქართველოს საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა, ფონდმა თავისი არსებობის მანძილზე 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და ფონდის სახსრებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ასობით მილიონი ლარი შეიტანა.

სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის რეფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გარე გავლენის ჩარევის გარეშე ვერ მოხერხდა. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ მიანიშნა საქართველოს მთავრობას „საპარტნიორო ფონდის საქმიანობის გადახედვის“ აუცილებლობაზე, რადგან ის „არ აკმაყოფილებს კომერციულ მიზნებს და ბიუჯეტს ფისკალურ რისკს უქმნის“.

ნიკა შენგელია

ქართველი ექსპერტის ნიკა შენგელიას თქმით, „საპარტნიორო ფონდმა“, რა მიზნითაც თავდაპირველად შეიქმნა, არ გაამართლა.

„საპარტნიორო ფონდის არსებობის მანძილზე მისგან დაფინანსებას იღებდნენ მხოლოდ მთავრობასთან დაკავშირებული პირები და მათი ოჯახის წევრები. ამ ფონდით მხოლოდ ნეპოტიზმით დაკავშირებულმა პირებმა ისარგებლეს. მისი სახსრები ჩვეულებრივი ხალხისთვის მიუწვდომელი იყო. ასევე საინტერესოა, რომ ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თუ სტარტაპების 50 პროცენტზე მეტი განადგურდა და არ არსებობს“, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.

მისივე შეფასებით, ფაქტობრივად, „საპარტნიორო ფონდმა“ იმ სახით, რომლითაც იგი არსებობდა, ქვეყნისთვის სასარგებლო არაფერი მოუტანია.

ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს ფონდში მიმდინარე რეფორმაც. ამ ეტაპზე ის ვერ ხედავს რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას, მათ შორის, ფონდის საბჭოს შემადგენლობაში.

„რეფორმის შემდეგ სახელი და საკრებულოს რამდენიმე წევრი შეცვალეს. სასურველია, სამეთვალყურეო საბჭოში შედიოდნენ ბიზნესში გამოცდილი და ისეთი ადამიანები, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობასთან პრაქტიკული შეხება აქვთ. რა თქმა უნდა, იქ რამდენიმე მეცნიერი და წესიერი ადამიანი მოიყვანეს, თუმცა მეეჭვება, ფონდის საქმიანობაზე მათ რაიმე გავლენა მოახდინონ. თუ ფონდს მხოლოდ სახელი შეეცვლება და კვლავ განაგრძობს ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების და მათთან დაახლოებული პირების პროექტების და სტარტაპების დაფინანსებას, მაშინ არაფერი შეიცვლება“, – განმარტა ნიკა შენგელიამ.

მან ასევე დასძინა, რომ ასეთი საინვესტიციო ფონდი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის.

ექსპერტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საპარტნიორო ფონდში გაერთიანებული სახელმწიფო საწარმოების მდგომარეობაზეც და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ეს საწარმოები წამგებიანი გახდა.

„საქართველოს რკინიგზა ადრე მომგებიანი კომპანია იყო. ის არა მხოლოდ ბიუჯეტს აძლევდა შემოსავალს, არამედ დააფინანსა სხვადასხვა სოციალური პროექტი, ააშენა საავადმყოფოები, სკოლები და საბავშვო ბაღები. ძალიან საინტერესოა, იმ დროს, როდესაც საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, როგორ გახდა ეს კომპანია წამგებიანი?!“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ.

ექსპერტს უჭირს იმის თქმა, თუ რა მომავალი ელის სახელმწიფო კომპანიებს საპარტნიორო ფონდის რეფორმის შემდეგ. შესაძლოა, ისინი კვლავაც ახალი საინვესტიციო სტრუქტურის ფრთის ქვეშ მოექცნენ. არც ისაა გამორიცხული, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ან უცხო სახელმწიფოს, ან/და კერძო პირების, ან კომპანიების ხელში გადასაცემად მომზადდეს.

ირინა ხაჩიძე