თბილისის მოსახლეობას ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემა დიდი ხანია აწუხებს. ადგილობრივი კვლევები ირწმუნებიან, რომ დედაქალაქში ჰაერი დაბინძურების მაჩვენებელი დაშვებულ ნორმას კატასტროფულად არ აჭარბებს, მაგრამ ფაქტები განსხვავებულ რეალობაზე მეტყველებენ. იმატა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი გზების, თვალის ლორწოვანი გარსის დაავადებებმა. ბოლო ხანებში აქტუალური გახდა საქართველოს მოსახლეობაში, მათ შორის ბავშვების სისხლში ტყვიის აღმოჩენა. სპეციალისტები სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ, რომელთა შორის სამშენებლო მასალებიც სახელდება.

თბილისში ელვის სისწრაფით იზრდებიან ახალ-ახალი ცათამბჯენები და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. მნიშვნელობა აღარ აქვს, დედაქალაქის ცენტრალური ნაწილია, სადაც შენობების ისედაც მაღალი სიმჭიდროვეა, მთის ფერდობი და მეწყერსაშიში ზონა, თუ დედაქალაქის შემოგარენი, საიდანაც ქალაქს ჟანგბადი უნდა მიეწოდებოდეს. ბეტონის კედლები კეტავს გარშემო იმ სივრცეებს, რომლებიც გამწვანებულ ზოლს უნდა ეკავოს. ამას ემატება ისიც, რომ სამშენებლო კომპანიები, ხშირ შემთხვევაში არ ზრუნავენ გარემოს ეკოლოგიური დაბინძურებისგან დაცვაზე, რაც ელემენტარულად, სამშენებლო ობიექტიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დამცავი ღობის შემოვლებას გულისხმობს.

როგორც Dalma News-ს კარდეოლოგმა თემურ შენგელიამ განუცხადა, თბილისში, ერთ კვადრატულ კილომეტრზე 15 000 ტონა მტვერი მოდის. მტვერი შეიცავს თელ რიგ ნივთიერებებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ძირითადად სასუნთქი გზების მეშვეობით აღწევს, ილექება ორგანიზმში და იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, ლორწოვანი გარსის ანთებას და უამრავ სხვა მძიმე დაავადებას. სამშენებლო ​მტვერს ემატება ავტომობილების გამონაბოლქვი, გადაუმუშავებელი ნაგავი და სხვა.

მისივე განმარტებით, ​სამშენებლო მტვერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სამშენებლო მასალა გამოიყენება. მასალა, რომელიც საქართველოში შემოდის, როგორც სპეციალისტები ამბობენ, არის კატასტროფული იმ თვალსაზრისით, რომ არის რადიაციული, უამრავი სხვა ნივთიერებების შემცველი, რომლებიც საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის, პირველ რიგში ზიანდება სასუნთქი გზები. ეს არის დიდი ზომის მტვრის ნაწილაკები, რომლებიც ძალიან ძნელი მოსანელებელია ორგანიზმისთვის.

“ძველად არსებობდა სანიტარული ზედამხედველობის სამსახური, რომლის ფუნქციაში შედიოდა საყოველთაოდ მიღებული და აპრობირებული ნორმების დაცვის კონტროლი. ჩვენთან დღეს, არც ერთი რეგულაცია აღარ მუშაობს, სანიტარული ზედამხედველობის სამსახური გაუქმებულია. ეს სამსახური რომ არსებობდეს, ამ შენობებს ასე ვერ ააშენებდნენ. სანიტარული ნორმები არეგულირებდა იმასაც, რომ შენობასა და შენობას შორის დაცული ყოფილიყო გარკვეული მანძილი ჰაერის, ქარის სამოძრაოდ, ვიბრაციების გასატარებლად. შენობების განიავება სავალდებულოა. ძველად მშენებლობების დაგეგმვისას სწავლობდნენ ჰაერისა და ქარის მოძრაობის ტრაექტორიას. ახლა ისეა აშენებული შენობები, განიავებას თავი რომ დავანებოთ, კატასტროფა გვემუქრება მიწისძვრის შემთხვევაში”, – აცხადებს თემურ შენგელია.

ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქში კატასტროფული სისწრაფით მცირდება გამწვანება, დაავადების, ხანძრების, თუ სამშენებლო ინტერესების გამო იჭრება ხეები. როგორც ცნობილია, ხის ფოთლები აკავებს მტვრის ნაწილაკებს, წვიმის დროს კი ფოთლები ირეცხება.

ექიმ-კარდეოლოგის განმარტებით, მტვერი აქტიურია წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით იქ, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. გრილ ამინდში, ჰაერში მტვრის მოძრაობის სიჩქარე შედარებით დაბალია, ამიტომ, ისინი ნაკლებად აღწევენ ადამიანის სასუნთქ გზებამდე. ამიტომ ექიმები ორსულებს ურჩევენ წყლის მიდამოებში ისეირნონ, თბილისის პირობებში ეს შესაძლებელია ლისისა და კუს ტბაზე. საღამოს საათებში სეირნობა სასარგებლოა, ამ დროს ტემპერატურა შედარებით დაბალია.

“სპეციალისტებიგან ვიცი, რომ არმატურა, რომლებიც ახალი შენობებისთვის გამოიყენება, უკრაინაში, ჩერნობილის ოლქშია დამზადებული. გამოდის, რომ თბილისში აშენებული ახალი სახლები რადიაციული არმატურით არის ნაშენები. პაციენტი, რომელიც მოდის ჩემთან თავის ტკივილებით ან სხვა პათოლოგიებით, რაც არ უნდა ვუმკურნალო, ის თუ ასეთ სახლში ცხოვრობს, გამოჯანმრთელდება? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობა 255 %-ით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ადამიანი დაავადებულია ალერგიით და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიით”, – აცხადებს თემურ შენგელია.

თბილისში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოსაფხვრელად, დედაქალაქის მერმაб კახა კალაძემ რეგულაციების გამკაცრებაზე დაიწყო საუბარი. მისი თქმით, ცვლილებები მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და საშენი მასალების ტრანსპორტირებას უნდა შეეხოს. დამტვერვისგან დამცავ საშუალებაში, სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავება იგულისხმება.

კახა კალაძე

კახა კალაძის აზრით, ჰაერის მტვრით დაბინძურებისგან დაცვას მასშტაბური მიდგომები სჭირდება და მხოლოდ მწვანე სივრცეების შექმნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება საკმარისი არ არის. სერიოზული პრობლემაა მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი. არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ქვის დამუშავება ღია მეთოდით მიმდინარეობს და მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელი ხდება. არის შემთხვევები, როდესაც დიდი ავტომობილები საშენი მასალით, ღიად და დამცავი ბადეების გარეშე გადაადგილდებიან, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ქალაქს ამტვერიანებს და ამას ბავშვები სუნთქავენ.

“ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები, არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა. მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი ასევე სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები აუცილებლად უნდა გავამკაცროთ”, – აცხადებს კახა კალაძე.

არქიტექტორი ვახტანგ დავითაია, შექმნილი უკონტროლო ვითარების უმთავრეს მიზეზად არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს გაუქმებას მიიჩნევს. 400 კაციანი სამინისტროს ფუნქციები, ძნელი წარმოსადგენია, ეკონომიკის სამინისტროში შემავალმა 15 -კაციანმა ჯგუფმა შეასრულოს, სადაც არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროს სპეციალისტები თითზე ჩამოსათვლელები არიან.

“ფაქტობრივად გამკითხავი არავინ არის. შენობებს შორის მაღალი სიმჭიდროვე, მომრავლებული ტრანსპორტი, ქუჩები არ ირეცხება, ეს ყველაფერი ჰაერის სახით კატასტროფულ შედეგს იძლევა. ამას ემატება ქალაქის შუაგულში არსებული სამშენებლო ბაზრობა, ე.წ. ელიავას ბაზრობა თავისი საშენი მასალის საამქროებით”, – ამბობს Dalma News – სთან საუბრისას ცნობილი არქიტექტორი.

ვახტანგ დავითაიას თქმით, არსებობს სამშენებლო პარამეტრები, რაც იმისთვის არის საჭირო, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ნორმალურ გარემოში.

“მთელი მსოფლიო იცავს ამ კანონებს, რაც გულისხმობს ხმაურის რეჟიმს, სუფთა ჰაერის რეჟიმს და სხვა. არსებობს სანიტარული, ჰიგიენური, კონსტრუქციული მოთხოვნები იმის მიხედვით, რომელ რეგიონში მიმდინარეობს მშენებლობა. მშენებლობა და პროექტირება ექვემდებარება კანონებს და წესებს, ასე იყო ყოველთვის და ამას ძალიან კარგად ადევნებდა თვალ-ყურს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო. მის გაუქმებასთან ერთად დაიწყო ქაოსი. ახალი წესები არ იყო წახალისებული ხელისუფლების მხრიდან და ცალკეული მენაშენეები თვითნებობდნენ. ზედამხედველობა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან არის შესუსტებული”, – აცხადებს დავითაია.

მისივე თქმით, დღეს, სურვილიც რომ არსებობდეს, ზოგი წესის დაცვა ელემენტარულად უბრალოდ შეუძლებელია. შენობებს შორის აღარ არსებობს სიმჭიდროვის სტანდარტი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალაქის ერთ ქუჩაზე ერთდროულად რამდენიმე მშენებლობა მიმდინარეობს.

“ჩემი სახელოსნო ნინო რამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც ერთდროულად 4 ობიექტი შენება, ამას დაემატა გზის რეკონსტრუქცია. წარმოუდგენელია აქ ცხოვრება, ისეთი ხმაური და მტვერია მთელი დღის განმავლობაში და ღამის საათებშიც მუშაობენ. ქუჩა სავსეა სამშენებლო მანქანებით და მუდმივად არსებობს გადაადგილების პრობლემა. თითქოს ეს არის ბუნებრივი ვიღაცისთვის, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს ძალიან მძიმეა. უნდა იყოს მშენებლობის დროს დაცული საქალაქო ტრანსპორტის და მოქალაქის ინტერესები. თქვენ იცით რა სიმჭიდროვეა ამჟამად თბილისში, ცხადია ეს სტანდარტი დარღვეულია”, – აცხადებს ვახტანგ დავითაია.

საქართველოსა და თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არაერთ საერთაშორისო კვლევაში მოხვდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია და დაბინძურება ნორმას თითქმის 3-ჯერ აღემატება. საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად წლის განმავლობაში საშუალოდ 3741 ადამიანი იღუპება. Unicef-ის ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ერთ წლამდე ასაკის 17 მილიონი ბავშვი ტოქსიკურ ჰაერს სუნთქავს. დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს.

XX საუკუნის თბილისში ჰაერის დაბინძურების მიზეზად სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბი სახელდებოდა, რადგან საბჭოთა ეპოქაში, ქვეყნის დედაქალაქში არსებობდა ფაბრიკა-ქარხნები, მაგრამ ნაკლებად არსებობდა გარემოს დაბინძურებისგან დაცვის მექანიზმები. შეიძლება ითქვას, რომ მაშინაც და ახლაც ეკოლოგია კვლავაც ეწირება პროგრესს, ეს კი პირდაპირი დარტყმაა ჯანმრთელობაზე.

შორენა პაპაშვილი