Ника Гварамия

რადიკალური ოპოზიციისა და პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „მთავარი მედია მენეჯერი“, ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია თავისუფალია. ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. მის შეწყალებას უარყოფითი გამოხმაურება მისივე ამომრჩეველთა რიგებიდან მოჰყვა, გაისმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის იდეაც, ხოლო ნაციონალები, რომლებიც ქალი პრეზიდენტის მიმართ, ამ დრომდე, პირად შეურაცხყოფას არ ერიდებოდნენ, მომენტალურად ზურაბიშვილის ვირტუალურ დამცველ რაზმად ჩამოყალიბდნენ და იმპიჩმენტისგან დაცვას დაჰპირდნენ. მათი აზრით, პრეზიდენტის შემდეგი „სწორი ნაბიჯი“ სააკაშვილის შეწყალება უნდა იყოს.

ზურაბიშვილის ამომრჩეველთა მეორე ნაწილი კი, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლებაში ერთადერთი „ნამდვილი პოლიტიკოსია”, რომელიც ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მოქალაქეებმა თავად ნიკა გვარამიას მიერ სალომე ზურაბიშვილის პირდაპირ ეთერებში გაკეთებული არა ერთი შეურაცხმყოფელი მიმართვა გაიხსენეს და პრეზიდენტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც გამოუქვეყნეს, სადაც გვარამია მას „ნაძირალა ვირიშვილს“ უწოდებს. ეს სიტყვები ყველაზე კორექტულია იმ ტერმინებს შორის, რომლებითაც გვარამია ქვეყნის პირველ პირს ამ დრომდე მოიხსენიებდა ხოლმე. როგორ ჩანს ზურაბიშვილმა პირად წყენაზე მაღლა საქართველოს ევროპული მომავალი დააყენა და მისი აქტიური მაგინებელი ქართული მართლმსაჯულებისგან იხსნა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი“. პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ არ აპირებს, საკუთარ გადაწყვეტილებაზე ქართულ საზოგადოებას რაიმე ახსნა-განმარტება გაუზიაროს და ამბობს, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა.

სალომე ზურაბიშვილი

„დღეს. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ „ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება“. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

სააკაშვილის ხელისუფლების გენპროკურორი, ნიკა გვარამია ნაციონალების მთავრობის ერთადერთი მაღალჩინოსანი არ არის, ვინც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში შეიწყალა. მანამდე იყვნენ თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. ერთი სიტყვით, “ქართული ოცნება” აპატიმრებს, პრეზიდენტი კი, ევროპული მიდგომით ათავისუფლებს.

პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძისთვის გვარამიას შეწყალებაზე მეტად ის არის მნიშვნელოვანია, გაიღებდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი საკუთარ კარიერას იმისთვის, რომ ესიამოვნებინა ევროპელებისთვის. მისივე შეფასებით, სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეწყალებების ეს სერია ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, რომ ამით ევროკავშირში საქართველოსთვის ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რაც მცდარია.

არჩილ სიხარულიძე

„მაინტერესებდა საქართველოში თავის პოლიტიკურ კარიერას საბოლოოდ დაასამარებდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი. აღმოჩნდა, რომ ევროპული მომავალი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრება და სამართლიანობა. მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც მან შეიწყალა, სტრასბურგის სასამართლოში ან არ მიდიან, ან მიხეილ სააკაშვილივით აგებენ ისე, რომ დასტურდება ქართული სასამართლოს ობიექტურობა“, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.

მისი აზრით, ნიკა გვარამია არის ერთ-ერთი პირველი, ვისაც საზოგადოებაში შემოაქვს ზიზღი და სიძულვილი, პირდაპირ ეთერში ლანძღვა, გინება, მუქარა მისი სტილია.

„ევროკავშირის ქვეყნებში გვარამიას მსგავს დამნაშავეს არ შეიწყალებდნენ“, – აცხადებს სიხარულიძე.

მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა, პრეზიდენტი თავის შეწყალებებით ერთგვარ დათვურ სამსახურს ხომ არ უწევს მმართველ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის წინაშე მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება, ხოლო გვარამიას პატიმრობა უარყოფით ფაქტად არის შეფასებული ევროკომისიის რეკომენდაციებში.

არჩილ სიხარულიძის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ მიმართ დასავლეთის მხრიდან ბევრი კრიტიკა ისმის, ამ კრიტიკის მიღმა, თითქოს დგას მედიაპლურალიზმი, დემოკრატია, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი პროპაგანდაა.

„ნიკა გვარამიას გათავისუფლებით „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წინაშე ვერანაირ ქულებს ვერ დაიწერს, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს დიდი რაოდენობით დაკარგავს. არანაირი პრინციპულობა ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია, ყველაფერზე ვაჭრობს. ნიკა გვარამია გამოუშვეს მედია პლურალიზმის მხარდაჭერის მიზნით. თავისი მედია მოღვაწეობის განმავლობაში გვარამიამ მაყურებელს რადიკალური და ძალადობრივი განცხადებებით დაამახსოვრა თავი. ამის შემდეგ ის პოლიტიკაში თუ ჩაერთვება, გაუგებარია, როგორ აპირებს ამომრჩევლის გულის მოგებას“, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციაშიც მიხვდნენ, რომ ნიკა გვარამია, სააკაშვილი და „ენმ“ არის წარსული. ამიტომ მათგან პატარ-პატარა პარტიები დისტანცირდებიან.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ერთი ნაწილის აზრით, პატიმრობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლება დასავლური დირექტივის შედეგია, რადგან მომაკვდავ, კომაში მყოფი ოპოზიციას სიცოცხლის პატარა ნიშანწყალი შთაბერონ. მეორე ნაწილი კი, ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, არამედ საკუთარი შვილების მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება.

„ხალხის ძალის“ წევრ თამთა მეგრელიშვილის აზრით, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია სხვების დავალებით შეიწყალა, რაც მომენტალურად აისახა მისი შვილების თანამდებობრივ დაწინაურებაზე. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის ვაჟი, რომელიც გაეროს ოფისის რიგითი თანამშრომელი იყო, პირდაპირ ელისეს სასახლეში მოხვდა, ხოლო მისი ქალიშვილი, რომელიც იყო ამერიკული არხის სპორტული რეპორტიორი, დღეს თეთრი სახლის საგარეო პრესის ჯგუფის ხელმძღვანელია.

თამთა მეგრელიშვილი

“ეს არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დაიწყო ანტისამთავრობო განცხადებები, მას ეს დაუფასდა”, – აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.

მისივე შეფასებით, ტყუილია ის, თითქოს პრეზიდენტი სამართლებრივი პროცედურების დასრულებას და უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის არმიღებას, რადგან, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ, ჯერ კიდევ, 31 მაისს იცოდა.

“გასაგებია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სურვილი იყო ნიკა გვარამიას შეწყალება, მაგრამ, ასევე, იგი ასრულებდა ვიღაცის დავალებას და ელოდებოდა ამის დროს. ეს დრო დადგა 22 ივნისს. სალომე ზურაბიშვილმა ხალხის სიყვარული და ქართული სამართალი გვერდით გადადო და ანაცვალა საკუთარი შვილების ინტერესს. პრეზიდენტს ანტისამთავრობო განცხადებები დაუფასდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ და რომლებმაც, სამწუხაროდ, ნიკა გვარამიას გათავისუფლება შეაფასეს, როგორც პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთი საშუალება და ამ მხრივ საქართველოს წინ გადადგმული ნაბიჯი”, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრ თამთა მეგრელიშვილი.

ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვარამიას შეწყალებაში ქვეყნისთვის ან საზოგადოებისთვის პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს. ეს ნაბიჯი პრობლემაა პრეზიდენტისთვის და თვითონ გვარამიასთვის. პრეზიდენტისთვის იმიტომ, რომ სასამართლოს სამ ინსტანციას გადააბიჯა. დაელოდა უზენაესს და არ დაელოდა სტრასბურგს.

სალუქვაძის აზრით, სტრასბურგი თუ გაამართლებდა, გვარამიაც სუფთა იქნებოდა, 7-მილიონთან დაკავშირებით კითხვების მიუხედავად, პრეზიდენტის მიმართაც არ იქნებოდა პრეტენზია.

“შესაწყალებელი უნდა შეიწყალო მაშინვე, როცა ჩამოყალიბდები სასჯელის უსამართლობაში, ან შეწყალების დადებით შედეგებში. რა დადებითი შედეგი ექნება საზოგადოებისთვის? ნული. ნაცმოძრაობა დამშვიდების ნაცვლად, უარეს გამომწვევ განცხადებებს აკეთებს. ანუ პოლარიზაციას, უფრო სწორად, ერთმანეთის მიუღებლობას არ შეამცირებს”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

კითხვაზე, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებები არის თუ არა დამაზარალებელი საქართველოში პროდასავლური განწყობებისთვის, ამირან სალუქვაძე აცხადებს:

“თუ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ვიღაც დაიბრალებს ჩემმა გადაწყვეტილებამ გადაწონაო. როცა ერთ მხარეს ყოფილი პროკურორია, რომელიც სკოლის მოსწავლეს იჭერდა ბურთის ქურდობისთვის, რომელმაც “იმედის” დარბევა იმ მოტივით გაამართლა, რომ მხარე იყოო, თითქოს მისი ტელევიზიები დღეს ობიექტურობის ეტალონებია, ხოლო მეორე მხარეს ვიღაც კადრულობს კანდიდატის სტატუსი დადოს, ზუსტად ასეთი მიდგომები აღვივებს ანტი-დასავლურ განწყობებს”.

ექსპერტის აზრით, ვინც უნდა ის შეიწყალოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. ნიკა გვარამია კი, გარეთ იქნება, თუ კამერაში, პოლიტიკურად ოპოზიციას ვერაფერს შემატებს. გააგრძელებს ეთერიდან ლანძღვა-გინებას და სიძულვილის ტირაჟირებას.

პრეზიდენტს, რომელსაც მისი ამომრჩეველი თავგამოდებით იცავდა ნაციონალების თავდასხმებისგან, დღეს დაცვას მოქმედი და “ყოფილი” ნაციონალები ჰპირდებიან.

შორენა პაპაშვილი