საქართველო მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. 2018 წლის 28 ოქტომბერს, ქართული ელექტორატი უკანასკნელად აირჩევს პრეზიდენტს. საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, რომელიც ოქტომბერში შევა ძალაში, იზრდება  ​პარლამენტის როლი, პრეზიდენტს კი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება. ცესკო-მ პრეზიდენტობის 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, მათ შორის არიან, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილები. საპრეზიდენტო მარათონი დაიწყო და ლიდერებიც გამოიკვეთნენ. ყველაზე აქტუალური სალომე ზურაბიშვილის ფიგურაა, რომელიც ამ არჩევნებშიც, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნებში, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი,  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მმართველ პარტიას არ ჰყავს პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი, თუმცა, მათი სიმპატიები დამოუკიდებელი კანდიდატისკენ იხრება. ერთი სიტყვით, “ქართული ოცნების” ფავორიტი ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილია.

მმართველი პარტიის წევრები ღიად აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში, “ოცნების” ფინანსური, თუ ადამიანური რესურსი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისკენ იქნება მიმართული და რომ ის, არჩევნების პირველივე ტურში დადებს კარგ შედეგს. თავად სალომე ზურაბიშვილი ცნობილია ხისტი განცხადებებით. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, იგი რამდენჯერმე აღმოჩნდა არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ყურადღების ცენტრში, მის წინააღმდეგ თითქოს ქართული მედიაც ილაშქრებს. ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის მავნებლურ განცხადებების აკეთებს, რაც მას ამომრჩევლის ნდობას არ მოუტანს და ის მარცხისთვის არის განწირული. სხვები კი ამბობენ, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას გასართობი ბევრი ექნება, ხოლო ექსპერტების ნაწილი – მის შეულამაზებელ განცხადებებში კახურ პირდაპირობას ხედავენ.

სალომე ზურაბიშვილი

ასეა თუ ისე, ცხელ ზაფხულზე არანაკლები ცხელი და აქტიური შემოდგომა უკვე დადგა და მოვლენებიც ელვის სისწრაფით იცვლება. ქართულ პოლიტიკაში ბოლო ხანებში მოდად იქცე პოლიტიკური ოპონენტების პრორუსულობაში დადანაშაულება და ამომრჩევლის პატრიოტული გრძნობებით მანიპულირება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ფავორიტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ლომის წილი მიუძღვის და არც ერთ პრეზიდენტს არ აქვს უფლება საკუთარი მოსახლეობა დაბომბოსო, მის წინააღმდეგ ნამდვილი ომი გაჩაღდა. საქართველოს გასაბჭოების გამო ემიგრაციაში დაბადებული და ევროპული დიპლომატიის სკოლა გამოვლილი, საქართველოს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი სალომე ზურაბიშვილი რუსულ პროექტად მონათლეს.

სანამ სრულიად ქართული მედია და ოპოზიციური პარტიები “ქართული ოცნების” ფავორიტის ლანძღვით არიან დაკავებულნი, პრეზიდენტობის კანდიდატები საკუთარ ამომრჩევლებს ხვდებიან და დაპირებებს არიგებენ.

ასტროლოგებმა და მკითხავებმა უკვე იწინასწარმეტყველეს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ქალი, თანაც თევზი ქალი იქნება. წინასწარმეტყველების, თუ ხელისუფლების მხარდაჭერით დაიმედებული სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ის პრეზიდენტი გახდება და აცხადებს, რომ მისი დისკრედიტაციის მიზნით, მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. მომავალი პრეზიდენტის პრიორიტეტებს შორის სალომე ზურაბიშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებს. ეს იმ დროს, როდესაც პოლიტიკურმა ოპონენტებმა ის, რამდენჯერმე დაადანაშაულეს ქვეყნის ღალატში. პრინციპული ხასიათით ცნობილი ზურაბიშვილი, წლების წინ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაპირისპირებული გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადაც განიხილებოდა.

გრიგოლ ვაშაძე

მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კურსდამთავრებული, მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის მეუღლე გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გახდა. სამი წლით ადრე კი, ეს თანამდებობა სალომე ზურაბიშვილმა დატოვა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ქაჯები უწოდა და ოპოზიციაში გადაინაცვლა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში გრიგოლ ვაშაძე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში მუშაობდა. 2008 წლამდე ის კერძო ბიზნესით იყო დაკავებული, სანამ საქართველოს პირველი დიპლომატი გახდებოდა. თუმცა, მანამდე ასევე იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს. მისი თქმით, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლით, საქართველოს მოსახლეობას სჯეროდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლა დაიწყებოდა, თუმცა ამის ნაცვლად ქვეყანა ის, 90-იან წლებში დაბრუნდა. ვაშაძის აზრით, ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი, სიღარიბე და სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის ემიგრაციაში.

დავით ბაქრაძე

პრეზიდენტობის კიდევ ერთი მსურველი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი დავით ბაქრაძეც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მანმადე კი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის უშიშროების საბჭოში მუშაობდა. პერსპექტიული ახალგაზრდა ჩინოვნიკი ქართულ მედიას, წლების წინ, უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, თედო ჯაფარიძემ წარუდგინა. 2004 წელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით გახდა პარლამენტის დეპუტატი, შემდგომ კი პარლამენტის თავმჯდომარე. ასევე, იყო სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

დღეს ის პარტია “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატია და მხარდამჭერებს პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდას ჰპირდება. ამბობს, რომ მოაგვარებს დევნილთა პრობლემებს, დაეხმარება უცხოეთში სამუშაოდ წასულ ქართველ ემიგრანტებს და დააფინანსებს ჩვენი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლას. ბაქრაძის აზრით, ქვეყანას სჭირდება არა კაბინეტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი და ცვლილებებიც მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.

დავით უსუფაშვილი

კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურად ყველაზე გამჭრიახ და მოაზროვნე ნაწილად ცნობილ “რესპუბლიკელებს”, ქართველი ამომრჩეველი დიდად არ სწყალობს. 2012 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ლიდერები აღმასრულებელ და საკანონდებლო ხელისუფლებაში საკმოდ სოლიდურად იყვნენ წარმოდგენილნი და თავადაც აღიარებდნენ, რომ ეს “ოცნების” დამსახურება იყო. პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მაშ შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მრავალ მიზეზთა გამო კოალიციის დაშლა გადაწყვიტა, უსუფაშვილი მშობლიურ პარტიასაც გაემიჯნა და ახალი პარტია – “შენების მოძრაობა” შექმნა. მალევე თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ამომრჩეველთა ხმების 0,76%-ით მერვე ადგილი დაიკავა. დავით უსუფაშვილს დღეს ქვეყნის პრეზიდენტობის პრეტენზია აქვს და მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს:

“მასობრივად ვრცელდება პროპაგანდა, რომ პრეზიდენტს უფლებები ნაკლები აქვს ან თითქმის არაფრის აქვსო, მაგრამ ამ პროპაგანდას არ უნდა ავყვეთ. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ლადო პაპავას მიაჩნია, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერით, “ოცნების” ზოგი ლიდერი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს, რითაც აკნინებენ საქართველოს სახელმწიფოს. მისი აზრით, ზურაბიშვილი, ქვეყნისთვის მავნებლური განცხადებებით უკვე იმდენად არაპოპულარული გახდა, რომ ის ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარჯზე თუ გაიმარჯვებს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ხოლო მისი დევნის აღვირახსნილი კამპანიის გამო, რასაც დღეს ქართული მედია უძღვება, ჟურნალისტებს აუცილებლად შერცხვებათ.

“​ცილისწამება და დევნა ფაშისტური ელემენტებით, – რაც დღეს ხდება ქართული მედიის უმრავლესობაში. ეს ხდებოდა 1933 წელს გერმანიაში, რამაც 20 მლნ ებრაელი და საერთოდ გერმანიის სახელმწიფო შეიწირა. ეს ელემენტები უკვე ჩანს და მე ვფიქრობ დამაფიქრებელია ქართული საზოგადოებისთვის. “ნაციონალური მოძრაობა” რას წარმოადგენს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ სამარცხვინოა დევნის აღვირახსნილი კამპანია, რომელსაც მედია უძღვება. მოვა დრო, მათ ელემენტარულ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა, – რატომ არის სალომე ზურაბიშვილი მოღალატე, რომელიც, საბჭოეთის სიძულვილში დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, გულით ატარებდა საქართველოს სიყვარულს და დღემდე მოიტანა, ჩამოვიდა განვითარებული ქვეყნიდან და საქართველოს ემსახურება. მხოლოდ ისეთ ბნელ ქვეყანაშია შესაძლებელი, როგორიც საქართველოა, რომ ზურაბიშვილი იყოს პრორუსული პროექტი და ბაქრაძე და ვაშაძე პროქართული”, – მიაჩნია გოგა ხაინდრავას.

მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შანსი არ აქვთ გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს. მათთვის ეს არჩევნები აბსოლუტური კრახით დამთავრდება. ხოლო სალომე ზურაბიშვილი, წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ერთადერთია, ვისაც პრეზიდენტის სავარძელი შეეფერება. ვინც ზუსტად იცის რა არის პოლიტიკა, დიპლომატია. აქვს ძალიან სერიოზული ევროპული წარსული და მნიშვნელოვანი გამოცდილება.

“ნაციონალური მოძრაობა” ვეღარასოდეს შესწვდება პრეზიდენტის სავარძელს. ქართული საზოგადოება ამას არასოდეს დაუშვებს. მთელი მათი მოღვაწეობა ტყუილზე იყო აგებული და ასეთებად დარჩებიან. რატომ ჰგონიათ, რომ ბრმა და ყრუ არის ქართული საზოგადოება და მათ მეორე შანსს მისცემენ?”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

ქართველი ემიგრანტების შთამომავალი თუ “ნაციონალური მოძრაობის” ძველი ლიდერები ახლებური შეფუთვით? ვის აირჩევს ქართველი ხალხი თავის საერთაშორისო სახედ, დრო გვიჩვენებს.

ავტორი გიორგი ქართველი