27 სექტემბერს ბაქოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში მას ჯერ კიდევ 25 სექტემბერს ელოდნენ.

დაგეგმილი სამდღიანი ვიზიტის ნაცვლად რუსეთის ხელმძღვანელი ბაქოდან 27 სექტემბერს საღამოს გაემგზავრა და დუშანბეში დსთ-ს სამიტზე ჩავიდა.

ვიზიტის თავდაპირველი თარიღის – 25 სექტემბრის წინა დღეებში, აზერბაიჯანელი, სომეხი, ბრიტანელი და რუსი ექსპერტები კონსპირაციულ თეორიას ავრცელებდნენ: რაზე ისაუბრებენ? რა წინადადებით ჩავა პუტინი აზერბაიჯანში? კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანება? თუ ევრაზიის საბჭო? ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ახალი ვარიანტები? ზოგიერთი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი მრავალმნიშვნელოვან და იმავდროულად ბუნდოვან გრანდიოზულ გარღვევას მოელოდნენ.

ბრიტანული ტელერადიოკომპანია BBC-ის ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი ბაქოში “მკაცრი და რბილი ზომების” გასატარებლად ჩავიდოდა და ვიზიტის თარიღად მათაც 25 სექტემბერი დაასახელეს. იყო ვარაუდები, რომ რუსეთს აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აღიზიანებდა.

“ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში პროზაული მიზნით ჩადის. სურს შეახსენოს, რომ ამ რეგიონში რუსეთი კვლავ წამყვანი მოთამაშეა, რომლის აზრიც უნდა გაითვალისწინონ”, – ნათქვამია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხური ახალი ამბების საიტების მიმომხილველები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ 25 სექტემბრის ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნებოდა მოსკოვსა და ბაქოს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელია, თუმცა სამდღიანი ვიზიტი არ შედგა.

სამაგიეროდ, 27 სექტემბერს, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო. შემდეგ პრეზიდენტები რუსულ-აზერბაიჯანულ მეცხრე რეგიონთაშორის ფორუმზე გამგზავრნენ. დღის ბოლოს კი ვლადიმერ პუტინი დუშანბეში, დსთ-ს სამიტზე ჩავიდა.

როგორც Dalma News-ს ცნობილმა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ვახდატ სულთანზადემ განუცხადა, ვლადიმერ პუტინის და ილჰამ ალიევის შეხვედრას ადვილად შეიძლება მეგობრული ურთიერთობა ეწოდოს.

“ორ ლიდერს შორის დიდი ურთიერთპატივისცემაა. ყველა ეს ვიზიტი, თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობას ადასტურებს. ყველამ ვნახეთ, რომ მათ თბილი შეხვედრა ჰქონდათ. პრეზიდენტებმა ერთად უყურეს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს და მჭიდროდ ურთიერთობდნენ”, – დასძინა ვახდატ სულთანზადემ.

რაც შეეხება პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტის თარიღს და შემცირებულ ვადას, დიპლომატის თქმით, მსგავსი რამ ხშირად ხდება. “25 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო ჩასვლა, თუმცა შეძლო 27 სექტემბერს. რაც შეეხება კონსპირაციულობას – უბრალოდ არ მჯერა. რუსეთის პრეზიდენტს ბაქოში ჩასვლა რომ არ ნდომოდა, არც 27-ში ჩავიდოდა. თუმცა, როგორც დავინახეთ, ჩავიდა და თავის მეგობარს, ილჰამ ალიევსაც შეხვდა”, – განაცხადა დიპლომატმა.

მეორე მხრივ, ბაქოს პოლიტიკური კვლევითი ცენტრის “ატლასის” ხელმძღვანელი, ექსპერტი ელჰან შაჰინოღლუ Dalma News-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი პროგნოზები გამართლდა.

“ვლადიმერ პუტინის და ილჰამ ალიევის სოჭში, პირველი სექტემბრის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი თუ გახდება, რუსეთის ფედერაცია ერევანზე გავლენას მოახდენდა და სომხური მთავრობა ხუთ რაიონს გაათავისუფლებდა. არც მაშინ მჯეროდა ამის და არც ახლა. თუმცა, პუტინის ჩამოსვლამდე კიდევ ერთხელ დაიწყეს იმ ინფორმაციის გავრცელება, რომ „პუტინი დაგვეხმარება”, – ამბობს ელჰან შაჰინოღლუ.

მისივე თქმით, ბევრი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ნიკოლოზ პაშინიანის ქცევა აღიზიანებს. “ეს შესაძლოა ასეც იყოს. მოსკოვმა რამდენჯერმე გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება, მაგალითად, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენმდივნის, ხაჩატუროვის დაკავებასთან, რობერტ კოჩარიანის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით რაიმე ძვრები იქნება. რუსეთის პოზიციები არ იცვლება“, – დასძინა ექსპერტმა.

რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, სახელწმიფოთაშორისი ურთიერთობები კვლავ ვითარდება, “განვაგრძობთ იარაღის შეძენას”.

“საერთო ჯამში, ცუდ მესიჯად მიმაჩნია ის, რომ ვლადიმერ პუტინი 27 სექტემბერს ჩამოვიდა და არა – 25-ში, როგორც ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. გამოვიდა, რომ რუსეთის ხელმძღვანელი უბრალოდ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საყურებლად ჩამოვიდა. თუმცა, რუსეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის თბილი ურთიერთობაა. საერთოდ, მეგობრულ ურთიერთობებს ბაქო სხვა ქვეყნებთანაც ინარჩუნებს”, – განაცხადა ელჰან შაჰინოღლუმ.

როგორც აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა, ელმირა ახუნდოვამ, Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, ილჰამ ალიევსა და ვლადიმერ პუტინს შორის მეგობრული ურთიერთობაა.

“რუსეთის პრეზიდენტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ჰეიდარ ალიევთან, რომელსაც პედაგოგს და მასწავლებელს ეძახდა. ეს აისახება ალიევსა და პუტინს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობაზეც. მიმაჩნია, რომ ილჰამ ალიევს საგარეო პოლიტიკაში შეცდომა არ დაუშვია. იგი ძალიან პრაგმატული და შორსმჭვრეტელია. თუმცა, არსებობდა მოსკოვზე განაწყენების საფუძვლიანი მიზეზი, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხის მოგვარებაში არასაკმარისად მონაწილეობდა. თუმცა, ილჰამ ალიევი მკაფიოდ და მოზომილად მოქმედებდა. პრეზიდენტი, მთავრობა, დეპუტატები – რუს კოლეგებს ყველანი ვხდებით და ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენ “ბრბოზე” არ ვმუშაობთ. რუსეთს ნაბიჯ-ნაბიჯ , უფრო და უფრო ვუახლოვდებით და ვთანამშრომლობთ”, – განაცხადა ელმირა ახუნდოვამ.

დეპუტატის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ბაქოში მეგობრობის მორიგი გამოვლინება და ორ გამოჩენილ პოლიტიკოსს – ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის ურთიერთპატივისცემის გამოხატვა იყო. “ისინი ორივე ქვეყნის მოქალაქეები არიან და ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ქვეყნების კეთილდღეობისთვის”.

აზერბაიჯანის კულტურის განვითარების და აღდგენის ფონდის დირექტორს შამილ ტაგიევს, რომელიც რუსულ-აზერბაიჯანული რეგიონთაშორისი IX ფორუმის სხდომას ესწრებოდა, Dalma News-ის კორესპოდენტმა რამდენიმე კითხვა დაუსვა.

“ვლადიმერ პუტინი 25 სექტემბრისთვის მართლაც გეგმავდა ბაქოში ჩამოსვლას და ამის შესახებ მედიას ღიად აცნობეს. თუმცა, გეგმები შეიცვალა და აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 27 სექტემბერს შეხვდნენ. ისინი ბაქოში მიმდინარე ძიუდოს ჩემპიონატის ფინალსაც დაესწრნენ.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურები რუსულ-აზერბაიჯანულ რეგიონთა შორის IX ფორუმს დაესწრნენ. ვლადიმირ პუტინის ვიზიტში შეთქმულება არ შემინიშნავს. მაგრამ იყო ინტრიგა: ბოლო წუთამდე არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, მიიღებდა თუ არა იგი ფორუმში მონაწილეობას. მხოლოდ დაგეგმილი ღონისძიების წინა ღამით მივიღეთ განახლებული პროგრამა.

და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ ილჰამ ალიევის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ძალიან თბილი იყო”, – დასძინა Dalma News-ის რესპოდენტმა.

მოამზადა მამედ მამეძადემ