კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სოციალური დისტანციითა და პირბადეებით, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, მოძრაობა “სირცხვილიას” საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ე.წ. გავრილოვის ღამე შეახსენეს და იმ სპეცრაზმელების დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც, მათივე შეფასებით, ძალას გადაამეტეს, ხოლო 20 ივნისს დაშავებულთა უმეტესობას დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

აქციის მონაწილეთა უკიდურესი სიმცირის მიუხედავად 20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ქუჩა, რამდენიმე საათით გადაიკეტა.

“გავრილოვის ღამის” წლისთავზე გამართული აქციის ორგანიზატორებმა, ამჯერად არ მიმართეს პროვოკაციას და სამართალდამცველები ძალისმიერ ქმედებაზე არ გამოიწვიეს, თუმცა, მეორე მხრივ, ასეთ მოლოდინს არც აქციის მონაწილეთა რიცხოვნება ქმნიდა.

კრიზისის გაღრმავებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, 2019 წლის ზაფხულის მოვლენების – ქუჩის საპროტესტო განწყობების განსამუხტად ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემით ჩატარებას დაჰპირდა, მაგრამ, ნოემბერში აღნიშნული ცვლილელები პარლამენტში თავად მმართველი პარტიის დეპუტატებმა ჩააგდეს. ბიძინა ივანიშვილის ცრუ დაპირებამ ოპოზიცია გააერთიანა.

“გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის თავზე, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს უყრიან კენჭს. პოლიტიკური კრიზისი, რომელიც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში სტუმრობით და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომით დაიწყო, ერთი წლის თავზე, დასავლეთელი ფასილიტატორების რეკომენდაციით “ნაციონალური მოძრაობის”, რამდენიმე მაღალჩინოსნის, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული თბილისის ექსმერის, გიგი უგულავასა და თავდაცვის ექსმინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებით დასრულდა. პატიმრობაში კვლავ რჩება, ტელეკომპანია “მთავარი არხის” მეწილე, ნაციონალების ხელისუფლებასთან დაახლოებული გიორგი რურუა. პროკურატურა მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება.

21 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს უყარა კენჭი. არც პირველ და არც მეორე დღეს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ერთიანი ნაციონალურ მოძრობის” დეპუტატებს. 21 მაისის სხდომას დაესწრნენ “ევროპული საქართველოს” ლიდერები, თუმცა მომდევნო ორი განხილვისთვის ბოიკოტი დააანონსეს. როგორ განმარტეს, კანონპროექტის პირველ მოსმენაზე მხარდაჭერით პროპორციული სისტემა გადაარჩინეს.

23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით 3-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას აღარ დასწრებია პარტია “ევროპული საქართველო”. კენჭისყრის პროცესი 29 ივნისს საბოლოოდ უნდა დასრულდეს. 23 ივნისის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა გიორგი რურუას გათავისუფლება მოითხოვეს და პერმანენტული გამოსვლებით დაიმუქრნენ.

ლადო ბოჟაძე

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი, რაც პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა გადაარჩინეს, ეს მათი პოლიტიკური იმიჯია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მათ უკვე მესამედ დაადასტურეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არ სურთ. ბოჟაძის მოსაზრებით, ამას ადასტურებს ისიც, რომ 2012 წელს, ნაციონალებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ხოლო 2017 წელს, როდესაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადაიყვანა პარლამენტი, მაშინაც არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

“პარლამენტის სხდომის ბოიკოტით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი მიზანია არა 31 ოქტომბრის არჩევნები, არამედ, ისინი ემზადებიან პირველი ნოემბრისთვის, ანუ არჩევნების შემდგომი დღისთვის. მათი წარმატების შანსი გადის დესტაბილიზაციასა და არეულობაზე. წყნარი და მშვიდი საარჩევნო გარემო მათ არ აწყობთ”, – მიაჩნია ლადო ბოჟაძეს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ “ევროპული საქართველო” მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მოქმედი პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს. ხოლო “ევროპული საქართველო” ულტიმატუმის ენით თუ განაგრძობს საუბარს, დადასტურდება, რომ ნაცმოძრაობის მსგავსად ისინიც დესტრუქციის მომხრენი არიან.

ლადო ბოჟაძის შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის სიაში ჯერჯერობით არ ჩანან კონკურენტუნარიან და ახალი სახეები. გარდა ამისა, “ლელო” და “პატრიოტთა ალიანსი” 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში აუცილებლად დაასახელებს თავის კანდიდატებს და მეორე ტურის შემთხვევაში, საარჩევნო ბიულეტენებში, დიდი ალბათობით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები ვერ მოხვდებიან.

“2014 წლიდან მოყოლებული ყველა მეორე ტურის არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში “ქართულ ოცნებას” პირველ ტურში თუ გაუჭირდა, მეორე ტურს ის გარანტირებულად მოიგებს”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით “ევროპული საქართველო” უფრო პრაგმატული გამოდგა ამ კუთხით.

“მხარი როგორ არ უნდა დაუჭირო იმას, რასაც თავად ითხოვდი, როცა ხელი მოაწერე 8 მარტის შეთანხმებას. მხარის არ დაჭერა ფაქტობრივად პოლიტიკურ ხარაკირს ნიშნავს, მაგრამ, მათ რატომღაც ეს საკითხი პოლიტპატიმრების თემას მიაბეს, რაც სერიოზული პოლიტიკური შეცდომა იყო. ამაზე მიანიშნეს კიდეც ფასილიტატორებმა თავიანთ ბოლო განცხადებაში. მათი უარი, რომ შევიდნენ პარლამენტში, არის უბრალოდ იხტიბარის არგატეხის მცდელობა. “ევროპული საქართველო” უფრო პრაგმატული გამოდგა ამ კუთხით, იმიტომ, რომ პირველ მოსმენაში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ უნდათ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაშიც შეინარჩუნონ სახე”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, “ევროპული საქართველო” აშკარად ცდილობს, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. Dalma News-ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რურუას თემა გაერთიანებულ ოპოზიციას განხეთქილების ვაშლად ექცეს, ზაალ ანჯაფარიძე ეჭვობს, მის გამო ოპოზიციაში სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტი დაიწყოს. მისი მოსაზრებით, ოპოზიციაში დაპირისპირება თუ დაიწყება, კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს დაკარგავენ და მმართველი ძალის წისქვილზე დაასხამენ წყალს, რაც კარგად იციან.

“ხელისუფლებას უნდა, საკონსტიტუციო ცვლილებები ნაციონალების და “ევროპული საქართველოს” გარეშე მიიღოს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს ისინი მარგინალურ და არაკონსტრუქციულ ძალად, როგორც ქართული ელექტორატის, ისე დასავლური ისტებლიშმენტის თვალში. რომ ეს ხალხი არ მონაწილეობს სახელმწიფო მნიშვნელობის პროცესში და ამ ყველაფერს ანაცვალებს ერთი ადამიანის ციხეში ყოფნა-არყოფნას. რომან გოცირიძემაც თქვა, – ჩვენ რურუას უდანაშაულობას კი არ ვამტკიცებთ, ჩვენი მიზანია ის, რაღაც ფორმით გამოუშვან ციხიდანო”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში არსებული პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და მხოლოდ ამის შემდეგ ეცდება ხელისუფლება შედარებით უმტკივნეულოდ და ნაკლები დანაკარგებით მოუძებნოს ფორმულირება რურუას ციხიდან გამოშვებას. ისე, რომ არ გაანაწყენოს საკუთარი ამომრჩეველი.

საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარი დეპუტატი. ცვლილება შეეხება საარჩევნო ბარიერსაც. თუკი აქამდე პარტიას პარლამენტში მოსახვედრად 5%-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ახალი სისტემით 1%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იქნება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის შემოღებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პარლამენტში მოხვდება, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

რაც შეეხება ოლქებს, ცნობილია, რომ თბილისში 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება. კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

პირველ მოსმენაზე პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, “ევროპულმა საქართველომ”, “დამოუკიდებელმა დეპუტატებმა”, “პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა: ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა, დავით ჭიჭინაძემ, ბიძინა გეგიძემ და ემზარ კვიციანმა. დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.

შორენა პაპაშვილი