2020 წლის 20 ივნისს საქართველოს ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებთან ერთად, ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა, რომელიც ერთი წლის წინ, მათ მიერვე კარგად მოფიქრებულ და სისხლიან ავანტიურაზე გათვლილი, ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმის წლისთავს უკავშირდებოდა. ოპოზიციურ რიგებში ამ აქციის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ და ქუჩაში ასი ათასობით ადამიანის გამოყვანით იმუქრებოდნენ, რათა დაენახვებინათ “ხალხის სრული და უპირობო ფართო მხარდაჭერა”, იმის დასამტკიცებლად, რომ მათ მხოლოდ ევროკავშირის, ან აშშ-ს ჩინოვნიკები არ უჭერენ მხარს.

ზემოთ აღნიშნულ რადიკალურ ოპოზიციას დღეს, “გაერთიანებულს” უწოდებენ, თუმცა ისინი პირველ რიგში ყოფილი მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან, რომლებიც თავიანთი ლიდერისა და მესიის, მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლას ელიან.

გარდა ამისა, მათ რიგებში არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გაფრენილი პოლიტიკოსები, რომლებმაც 2016 წელს პარტია “ევროპული საქართველო” შექმნეს და, რომელსაც სათავეში სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების ყოფილი რუხი კარდინალები ჩაუდგნენ. ამ პოლიტიკოსებმა “ენმ”-დან გასვლით, თავიანთი ყოფილი პარტიის მიერ ჩადენილი დანაშაულებებისგან გათავისუფლება სცადეს. ყველა დანარჩენი პარტია ცდილობს, ბანალურად მიეკრას თავის ყოფილ მტრებს, რომლებსაც მოპარული და უკანონოდ მიტაცებული ფულის ნაწილი შერჩათ.

ხმამაღალი დაპირებების მიუხედავად, ოპოზიციას მასშტაბური აქცია მაინც ვერ გამოუვიდა. ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ სწორედ მათ წისქვილზე დაასხა წყალი, რადგანაც მიზეზი გაუჩნდათ იმის სათქმელად, რომ ხალხი ქუჩაში ეპიდემიის გამო ვერ გამოვიდა.

ამჯერად აქციაზე მისული ხალხის დათვლა შეუძლებელი იყო, რადგანაც ისინი პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიაზე ორმეტრიან დისტანციას იცავდნენ. სწორედ ამიტომ, კომენტატორებსა და მედიასაშუალებებს შორის ხალხის რაოდენობაზე საუბარი, რამდენიმე ათასიდან ერთ-ორ ათასამდე მერყეობდა.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან (ხედი ზევიდან)

თუმცა, არც ის არის გასაკვირი, რომ აქციაზე, რამდენიმე ათასი ადამიანი მისულიყო, რადგანაც თბილისური ტრადიციის თანახმად, ნებისმიერი საპროტესტო აქცია მაგნიტივით იკრავს უსაქმურებს. ამჯერადაც პარლამენტის შენობის წინ ბევრი იყო მოსეირნე, ან ცხოველებთან ერთად ქუჩაში სასეირნოდ გამოსული ადამიანი. თუმცა ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საპროტესტო აქცია ქალაქურ სეირნობას კი არ დამსგავსებოდა, არამედ პოლიტიკურ ღონისძიებას.

თუ ერთი წლის წინ ალკოჰოლისგან და ნარკოტიკებისგან გაბრუებული, სისხლს მოწყურებული ადამიანები პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდნენ, წელს ყველაფერი შედარებით უფრო კორექტული იყო. ახალგაზრდული მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს ტრანსფარანტების და პოლიტიკური პლაკატების ნაცვლად სამედიცინო ნიღბებს და ხელთათმანებს ურიგებდნენ. გარდა ამისა, თითოეულ იქ მისულ ადამიანს, სურვილისამებრ, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება შეეძლო. ორგანიზატორებმა მსგავსი აქციებისთვის დამახასიათებელი, უცენზურო “შეძახილებისგანაც” შეიკავეს თავი. ყოველი გამომსვლელის შემდეგ მიკროფონს სადეზინფექციო ხსნარით წმენდნენ.

სხვა ყველაფერი ჩვეულებრივი იყო. ისმოდა ანტისამთავრობო და ანტირუსული ლოზუნგები. ახალგაზრდული მოძრაობის და პარტიის აქტივისტებისგან შემდგარი ძირითადი ბირთვი სცენის მახლობლად იდგა და ნატოს, ევროკავშირის, საქართველოს დროშებს აფრიალებდა. ასევე ხელში ეჭირათ ბანერები, რომლებზეც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდნენ.

აქციის პარალელურად, ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები პარლამენტის გარშემო მოძრაობდნენ და შენობის ერთ-ერთ კართან ასფალტზე, წითელ საღებავში ამოსვრილი ხელის გულების ანაბეჭდს ტოვებდნენ, რაც მათი ჩანაფიქრით იმას ნიშნავდა, რომ მოქმედ ხელისუფლებას 2019 წლის 20-21 ივნისს მიტინგის დაშლის გამო, ხელები სისხლში აქვს გასვრილი. მარტო ეს საქციელი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ახალგაზრდა აქტივისტებს და მათ ხელმძღვანელებს ძალა ერჩით, გონება კი – არა. სწორედ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრებზეა ის 9-წლიანი სისხლიანი დიქტატურა, რამაც მთელი საქართველო სისხლით შეღება. ასე, რომ სისხლიანი ხელები სწორედ ამ მოძრაობის ნიშანი და გერბია.

სწორედ, ზემოთ აღნიშული ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები, რომლებმაც ბოლო ერთ წელიწადში აქციების ჩატარების საკმაო გამოცდილება დააგროვეს, სცენაზე გამომსვლელთა შორის ჭარბობდნენ და მხოლოდ 2019 წლის მოვლენებს იხსენებდნენ, არც საქართველოს საშინაო პოლიტიკის აქტუალური პრობლემები ავიწყდებოდათ. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა, იქ შეკრებილთა სახელით ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და მოუწოდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მიზნით ერთიანობა შეენარჩუნებინათ.

ახალგაზრდობის ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში გამოყენება სიახლე ნამდვილად არ არის. კარგად გვახსოვს 2003 წელს ხელისუფლების დამხობაში ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” როლი, რომელმაც დამნაშავეობრივ რეჟიმს ჰიტლერის მსგავსი კადრები მისცა. მხოლოდ უგულავა რად ღირს, რომელმაც ათობით მილიონი ლარი მიითვისა და დაუსჯელი დარჩა. ამჟამინდელი მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები ოდნავ გონიერები მაინც რომ იყვნენ, მიხვდებოდნენ, რომ ეს სიტყვა მათი მოძრაობის სახელი კი არა – შეფასებაა. თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი გონიერები და ჭკვიანები რომ იყვნენ, ნამდვილად სხვა მხარეს დადგებოდნენ.

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპროტესტო აქციაზე

ახალგაზრდების გარდა მიტინგზე “წარსულის ჩრდილიდან” გამოსულებიც გამოჩნდნენ. მათ შორი იყო საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პოლიტიკური არარსებულობიდან, თავის დროზე, მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გამოიყვანა და ჯერ განათლების მინისტრად დაინიშნა, შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მან როგორც ერთ, ისე მეორე თანამდებობაზე აბსოლუტური წარუმატებლობით იმუშავა. მისი მმართველ პარტიასთან კონფლიქტი იმაში მდგომარეობდა, რომ მას პრეზიდენტის სასახლის, რომელის აშენებაშიც მიხეილ სააკაშვილმა ასტრონომიული თანხა დახარჯა, დატოვება არ უნდოდა, თუმცა ამაზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები. ახლა იგი მზად არის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს, თუმცა საეჭვოა, ამის მნიშვნელობა ესმოდეს.

ოპონენტებისგან გასხვავებით, ზემოთ აღნიშნულ თარიღს “ქართული ოცნება” მშვიდად შეხვდა, რადგანაც კარგად ესმის, რომ ოპოზიციას ტყუილისა და ფარისევლობის გარდა, არაფერი შეუძლია. რად ღირს მარტო “ევროპული საქართველოს” ლიდერის ელენა ხოშტარიას გამოსვლა, მისი პათეტიკური შეძახილები იმაზე, რომ არასოდეს დაავიწყდებათ 20 ივნისი და რომ ეს დღე ხალხის მეხსიერებაში ყოველთვის იქნება. მან ძალადობა დაგმო და დაასახელა იმ ადამიანის გვარი, რომელმაც 20 ივნისის ღამეს ცალი თვალი დაკარგა. იმ ადამიანისგან, რომლის პოლიტიკური ძალა, რამდენიმე წლის განმავლობაში ტირანულად მართავდა და საკუთარ ხალხს უმოწყალოდ ხოცავდა, მსგავსი სიტყვები მკრეხელობად ჟღერს. სინამდვილეში ერთი წლის წინათ, ოპოზიციას დაკარგული თვალი კი არ უნდოდათ, არამედ გვამები ქალაქის ცენტრში, რათა ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ვითარება გაემწვავებინათ.

ვანო მერაბიშვილი

ბევრმა ნახა ძველი კადრები, სადაც ახლადგანთავისუფლებული “გმირი-პოლიტპატიმარი” ვანო მერაბიშვილი თავისი ქვეშევდრომებისგან ორ გვამს ითხოვდა, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პოლიტიკურ თამაშში ე.წ. კოზირად გამოიყენებდა. მათი ხელწერა საერთოდ არ შეცვლილა. ეს ადამიანები, იაფფასიან დემაგოგიას ამოფარებულები, მართლმადიდებლობის და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ სიძულვილს არც მალავენ. სწორედ ამიტომ ჩაშალეს მათ უმნიშვნელოვანესი ღონისძიება – მართლმადიდებლობის საერთაშორისო პარლამენტთაშორისი ასამბლეა, რომელის ფარგლებშიც მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო წარმომადგენლობას საქართველო პირველად მასპინძლობდა.

ქვეყნის მომავალი ბატონების და მათი მარიონეტების გეგმებში არ შედის მართლმადიდებლობა და ქართული ეკლესია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ქართული მენტალიტეტი, იდენტობა, საუკუნოვანი ტრადიცია და ღირსება შეინარჩუნა. 2019 წლის სისხლიანი რევოლუცია ყველა ამ პრობლემას ერთი ხელის მოსმით გადაჭრიდა. მაშინ არ გამოუვიდათ, მაგრამ 2021 წლიდან, თავიანთ ზურგსუკან აშშ-სა და ევროპის ძლიერი მხარდაჭერის შეგრძნებით, “ნაციონალები” სერიოზულად იწყებენ იმაზე ფიქრს, რომ სულაც არ არის აუცილებელი ქართველი ხალხის გათვალისწინება.

ასეთ ვითარებაში ჩნდება კითხვა: შეძლებს, ქართველი ხალხი “მსოფლიოს დღევანდელი მპყრობელების” სურვილის წინააღმდეგ წასვლას? ოპოზიციაში უკვე ღიად აცხადებენ, რომ ამერიკელებმა მკაფიოდ მიანიშნეს, როგორც “ქართულ ოცნებას”, ისე ბიძინა ივანიშვილს, რომ ხელისუფლება მათ პირდაპირ აგენტებს უნდა გადასცენ. მათი ლოგიკით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს იმ დაუმორჩილებელი პოლიტიკური ლიდერების ბედი, რომლებიც ამერიკელების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

მზად არიან ამისთვის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც მართალია თავიანთი წინასაარჩევნო დაპირებები სრულად ვერ შეასრულეს, თუმცა ქვეყანა ფაშისტი მკვლელებისგან, მძარცველებისგან და სადისტებისგან იხსნეს. უნდა ახსოვდეს, თუ არა ქართველ ხალხს თავისი ეროვნული ღირსება და სიამაყე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მრავალრიცხოვან მტერთან უთანასწორო ბრძოლებში შერკინების უფლებას აძლევდა?! საქართველოს ისტორიაში მრავლად არის იმის მაგალითები, რომ “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი” და სულაც არ აქვს მნიშვნელობა სისხლიანი ხმლის, თუ ქაღალდის დოლარების წინააღმდეგ გიწევს ბრძოლა.

დავით კუპატაძე (ბათუმი)