2020 წლის ოქტომბერში, საქართველოში, პარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი. ზოგიერთი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნულ არჩევნებს განიხილავს, როგორც “ტესტს დემოკრატიაზე”. ქვეყანამ ბევრი “ტესტირება” გაიარა, მაგრამ ყოველ ჯერზე, პოლიტიკური ოპოზიციისა და მისი თანამოაზრეების განცხადებების თანახმად, “ბნელ”, “უიმედო” წარსულში – საბჭოთა კავშირში დაბრუნების ზღვარზეა.

საქართველოს სსრკ-ში შესაძლო დაბრუნების რიტორიკას დღეს, განსაკუთრებით აქტიურად მიმართავს პოსტრევოლუციურ პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ჩამოყალიბებული ელიტა. ეს ჯგუფები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ პრორუსული პოლიტიკოსია, რომელიც პირდაპირკავშირშია კრემლთან, არამედ ადამიანი, რომელიც თანამედროვე საქართველოში საბჭოთა წყობას მიზანმიმართულად აღორძინებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამგვარი გამონათქვამებით ზოგიერთი ევროპელი დეპუტატი და ამერიკელი კონგრესმენიც გამოირჩევა. მათთვის სიახლე ნამდვილად არ არის საქართველოს დემოკრატიული პრობლემები, თუმცა ახლა გადაწყვიტეს საქართველოს ისტორიის ნაწილობრივად გადაწერა და ამგვარად პოსტრეალობის შექმნა.

“ქართული ოცნება”, ისევე, როგორც მისი წინამორბედი მთავრობები, ჩაიძირა ნეპოტიზმში, არაპროფესიონალიზმში, განიცდის იდეების არქონას; უფრო მეტიც, სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ აღმოჩნდა მზად თავისი გავლენისგან გაეთავისუფლებინა პროკურატურა, სასამართლო და სხვ მსგავსი სისტემები. თუმცა, არსებობს კრიტიკა და არსებობს უსაფუძვლო ბრალდება; მრავალი რამ, რაშიც დღეს მმართველ ელიტას ადანაშაულებენ, სწორედ ამ უკანასკნელი ფენომენის გამოვლინებაა, რომელიც განმტკიცებულია მიზანმიმართული დეზინფორმაციით და პოსტრეალობის შექმნით.

არჩილ სიხარულიძე

პოსტრეალობა

ალბათ, არსებული მთავრობის მიმართ ყველაზე მნიშვნელოვანი საყვედური დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართული განადგურებაა. ეს არგუმენტი, ალბათ, მისაღები იქნებოდა გარკვეულწილად მიზანშეწონილი მაინც რომ იყოს. მოგვწონს თუ არა, საქართველოში არასდროს ყოფილა, არც ახლა არის და, ალბათ, კიდევ დიდხანს არ იარსებებს დემოკრატიული ინსტიტუტი. შესაბამისად, ივანიშვილის ხელისუფლება ვერ დაანგრევს იმას, რაც უბრალოდ არ არსებობს. ედუარდ შევარდნაძის დროს, ქვეყანაში “ქაისო” იყო, მიხეილ სააკაშვილის და მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს, დემოკრატიული ინსტიტუტების ნაცვლად „სახელმწიფო მანქანები“ მუშაობდნენ, რომლებიც ტოტალურად ემორჩილებოდნენ ზემდგომ ორგანოებს და მნიშვნელოვნად ამძიმებდნენ საკუთარი თანამოქალაქეების მდგომარეობას. ერთადერთი, რაშიც „ქართული ოცნება“ მართლაც გასაკრიტიკებელია, არის ის, რომ ეს „მანქანები“ მწყობრიდან გამოვიდა. სწორედ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში, ნამდვილი დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირების ჩანასახები შეიქმნა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს ყოველთვის საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც “ქართული ოცნებაა”, ისევე, როგორც სააკაშვილის პოსტრევოლუციური ხელისუფლება.

ცალკე უნდა ვისაუბროთ სასამართლო სისტემაზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცის ნამდვილ თავისტკივილად იქცა. ზოგიერთმა ევროპელმა დეპუტატმა და ამერიკელმა კონგრესმენმა მოულოდნელად შეიტყეს, რომ ხელისუფლება ამ ინსტიტუტს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და ამის გამო, ქვეყანაში დემოკრატია ინგრევა. როგორც ჩანს, საქართველოს “მეგობრებმა” არ იციან, რომ იგივე ევროპული კავშირის, ეუთოს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს სტატისტიკური მონაცემებით, დღევანდელი სასამართლო სისტემა ერთი თავით მაღლა დგას, ვიდრე ის სააკაშვილის მმართველობის დროს იყო. ქვეყნის ისტორიაში პირველად, “ქართულმა ოცნებამ” იმას მიაღწია, რომ ციხეებში სისტემური წამება და ძალადობა წარსულში დარჩა; უფრო მეტიც, იმ საქმეების რაოდენობა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავას იგებენ, 2000%-ით გაიზარდა.

ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით კრიტიკულ მედიაზე ზემოქმედებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობების შესახებ განცხადებებს. თუმცა, ეს ბრალდებები იმ ხალხისგან ისმის, რომლებმაც არაერთხელ აღიარეს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აბსოლუტურად ყველა ძირითადი ტელეარხი კონტროლდებოდა. უფრო მეტიც, უკანონო და ძალადობრივი მეთოდებით დახურეს ერთადერთი ოპოზიციური კერძო ტელეარხი “იმედი”, რომელიც ქართველ მილიარდერს ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ხოლო 2019 წლის 18 ივლისს, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთავარი ოპოზიციური ტელეარხი “რუსთავი 2”, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, სააკაშვილის უახლესი პოლიტიკური თანამოაზრე, ნიკა გვარამია იყო, ადგილობრივ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ხელისუფლების მაშინდელმა წარმომადგენლებმა უკანონოდ ჩამოართვეს და პროსამთავრობო პირებს გადასცეს. ცხადია, “ქართული ოცნება” ცდილობს ოპოზიციური ტელეარხების ხმას გადააჭარბოს, თუმცა, ფაქტია, რომ დღეს ქვეყანაში ანტისამთავრობო ტელეარხი უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს ისტორიაში ოდესმე ყოფილა.

როგორც არ უნდა ეცადო, ერთი რამ ცხადია, ახლანდელი ხელისუფლების ცოდვების მიუხედავად, იგი ბევრად უფრო დემოკრატიული და ჰუმანურია, ვიდრე სააკაშვილის პოსტრევოლუციური ხელისუფლება იყო. თუმცა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ზოგიერთ პიროვნებას ამის აღიარება არ სურს.ამ „ისტორიული სკლეროზის“ მწვერვალი შეიძლება ეწოდოს ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილებს. რა თქმა უნდა, მისაღებია შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას სამართლიანი არჩევნები, კონკურენტული შიდაპოლიტიკური ვითარება და თავისუფალი ინსტიტუტები სჭირდება; მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ აბსურდულ არგუმენტებზე, რომლებიც გამოიხატება ერთი ფრაზით – “ადრე რა კარგი ცხოვრება იყო”. არა, ადრე ბევრად უარესი ვითარება იყო. და ბოლოს, პოსტრეალობის ნამდვილი მწვერვალია რესპუბლიკელი სენატორის პიტ ოლსონის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, რადგანაც მან ამერიკული კომპანია “ფრონტერა” ჩამოაცილა გაზის მოპოვებასთან დაკავშირებულ პროექტს და ეს ბუნებრივი რესურსი პირადად ვლადიმერ პუტინს გადასცა. როგორც ჩანს, საქართველოს “მეგობარმა” არ იცის, რომ ამ მიწაზე დღემდე არავის აღმოუჩენია, არც გაზის და არც სხვა მსგავსი ძვირფასი აქტივების საბადო.

საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა 

შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს მართლაც აქვს კავშირები კრემლთან, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რომლის ბიძა, თემურ ალასანია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გენერალია. თუმცა, ცხადია, რომ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის “აღორძინების” ბრალდებებმა “ქართული ოცნების” პრორუსულობის ბრალდებები ჩაანაცვლა. ეს “ქაჯებზე ნადირობა” პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროიდან გრძელდება, როდესაც თითოეული “არასასურველი” პიროვნება თავის თავზე იგებდა, რომ მოსკოვის პირდაპირ მორჩილებაში იყო. პარადოქსი ის არის, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილის მიერ, ჯაშუშებად და მოღალატეებად გამოცხადებული ადამიანების დიდი ნაწილი ახლა მასთან პოლიტიკურ კავშირში არიან და ახალი პრორუსული ძალების წინააღმდეგ საერთო დროშის ქვეშ ილაშქრებენ.

ეს უნიკალური და რადიკალური მეტამორფოზა ნამდვილად არ არის შეუმჩნეველი ამომრჩევლისთვის. ბევრისთვის ცხადია, რომ ის, თუ ვინ იქნება, ან არ იქნება კრემლის აგენტი – პარტია წყვეტს და არა ფაქტები. ამიტომაც პრორუსული ძალების შესახებ თქმულებები საარჩევნო პროცესზე ვეღარ ახდენს გავლენას და საჭირო გახდა “მძიმე არტილერიი“ – საბჭოთა კავშირის ჩართვა. მაგრამ ყველაფერი არც ისე კარგადაა. გაერთიანებული ოპოზიციის ე.წ. ლიდერი, ოდესღაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე, რომელიც თავის დროზე, საბჭოთა დიპლომატი იყო და არაერთხელ განაცხადა, რომ “რუსული სამყაროს” წარმომადგენელია.

ამჟამინდელი ქართული ხელისუფლების “პრორუსულობის” და “საბჭოურობის” წინააღმდეგ კიდევ ერთი თავგამოდებული მებრძოლი, პარლამენტის დეპუტატი და “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია არის. ადამიანი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი იყო რეჟიმი, სადაც პარლამენტში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა იყო, არ არსებობდა პოლიტიკური დებატები და მმართველი ელიტა ოპოზიციის ჩახშობას ცდილობდა.

დღეს ქართული ოპოზიციური ძალები, ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი “ევროპული საქართველო”, პროტესტის ნიშნად ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში აღარ მონაწილეობენ. შესაბამისად, “ქართული ოცნება” მარტო მართავს ქვეყანას, როგორც ეს საბჭოთა რეჟიმის დროს იყო. თუმცა, ქალბატონ ხოშტარიას იმის თქმა დაავიწყდა, რომ ამჟამინდელი ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისინი ქვეყანას მართავდნენ არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩაგდებით, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ოპონენტები დაესუსტებინათ და ჩაეხშოთ; თუმცა, მაშინ, საბჭოთა კავშირთან პარალელები არავის გაუვლია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპის და აშშ-ს დეპუტატებს, რომლებიც დღეს განსაკუთრებულად არიან შეშფოთებულები საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესებით.

შესაძლოა, იმის დრო მოვიდა, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ჩამოშორდეს და კარგი იქნება, თუ ქართულ სახელმწიფოს სათავეში ახალი პოლიტიკური ძალა ჩაუდგება. თუმცა, ეს ახალი ძალა ვერ იქნება ცუდი წარსულის მქონე სააკაშვილის გუნდი და მისი ლიდერები, რომლებიც ციხიდან, ან ახლა გამოდიან, ან ახლა შედიან ციხეში. ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულებს ვერ გავამართლებთ წინა ხელისუფლების პოლიტიკური შეცდომებითა და დანაშაულებით. ცხადია, “ქართული ოცნება” იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ ის უნდა იყოს არგუმენტირებულად და არა ჩრდილის მიყენების მიზნით. მით უფრო, დაუშვებელია, რომ აშშ-ს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში ისტორიული მოვლენების და ემპირიული მონაცემების ფალსიფიკაციით ახალი რეალობა შექმნან. საქართველო, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით დღეს, ბევრად მაღლა დგას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. ამ ფაქტს ყველა უნდა შეეგუოს, არ აქვს მნიშვნელობა მოსწონთ ბიძინა ივანიშვილი თუ არა.

და მაინც, თუ დავუშვებთ, რომ მმართველი პარტია ქვეყანას „ავტორიტარულ რელსებზე“ დააბრუნებს, ეს იქნება ქართული „ავტორიტარულ რელსები“, რომელსაც არაფერი ექნება საერთო, არც საბჭოთა ხელისუფლებასთან დამ არც საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკასთან.

სსრკ უკვე წარსულია და კარგი იქნება, თუ ქართული პოლიტიკური ელიტა ერთხელ და სამუდამოდ დაანებებს მას თავს.

არჩილ სიხარულიძე, პოლიტოლოგი (თბილისი) სპეციალურად EADaily-სთვის