2020 წელი მსოფლიოს ისტორიაში ადამიანების მასობრივი სიკვდილიანობით დაიწყო, მიზეზი მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი იდუმალი დაავადება – ახალი კორონავირუსია (2019-nCov), რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსი პირველად 2019 წლის დასასრულს ჩინეთის 11-მილიონიან ქალაქ უხანში გამოჩნდა და უკვე, რამდენიმე ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო. 2020 წლის 1 იანვარს ის დახურეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ეპიდემიის მიზეზი კორონავირუსის აქამდე უცნობი ტიპია.

ვირუსით დაავადების შემთხვევები მალევე დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც. პირველად ტაილანდსა და იაპონიაში. ყველა შემთხვევაში დაინფიცირებული უხანიდან ჩასული ჩინელია. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების აეროპორტებში, მათ შორის, თბილისშიც, ჩინეთიდან ჩასული ადამიანების შემოწმება დაიწყეს. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით დღეისთვის, კორონავირუსის ინფექციით 14 570 ფაქტი ფიქსირდება, აქედან 300-ზემეტი ლეტალურია.

ჩინეთის გარეთ ვირუსის გავრცელების 157 შემთხვევა ფიქსირდება: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ფინეთსა და შვედეთში. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა. ჩინეთის ორ ქალაქში კარანტინია გამოცხადებული.

საქართველოში ვირუსზე ადრე პანიკამ ჩამოაღწია, რაც გაცილებით თვალშისაცემი იყო სოციალურ ქსელში. ქართული მედია საგანგებო რეჟიმში აშუქებს ვირუსით დაავადების ყველა შესაძლო შემთხვევას, ძირითადად კი, აქცენტი ჩინელ ტურისტებზე კეთდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი ექიმები მუშაობენ. მაღალი ტემპერატურით ჩამოსული რამდენიმე ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ კორონავირუსის არსებობა ჯერჯერობით არ დასტურდება. თბილისში, ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით დაბრუნებული, რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც მაღალი სიცხე აღმოაჩნდათ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასეთი 12 პაციენტი იყო, ამჟამად კი ექიმების დაკვირვების ქვეშ 3 პაციენტი რჩება.

საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე წუთებიდან დაიწყო ზრუნვა ჩინეთიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციაზე. უხანში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება და სურვილის შემთხვევაში ჩინეთს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად დატოვებენ. არსებულ პანიკურ ვითარებაში, უხანის დატოვებაზე ზოგიერთმა მათგანმა უარი განაცხადა. მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ, მსგავს იზოლაციაში კი, ჩინეთშიც არიან. ადგილობრივი მთავრობის მოწოდების შესაბამისად ცდილობდნენ სახლებში დარჩნენ და გარეთ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ. მათივე ინფორმაციით, ქალაქის ქუჩების დეზინფექცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საერთო ჯამში ვითარება უხანში საკმაოდ მძიმეა. კიდევ უფრო მძიმე კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში. სამოყვარულო ვიდეოებიდან ჩანს, თუ უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, როგორ ცვივიან ქუჩებში. ჩინელი მედპერსონალი დასვენების გარეშე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ისინიც ხშირ შემთხვევაში პანიკაში არიან. კლინიკებში ათენ-აღამებენ და სახლში ვერ მიდიან, რასაც ხშირ შემთხვევაში აპროტესტებენ. ამ ვითარების ამსახველი ვიდეოების ნახვაც ასევე, შესაძლებელია სოცქსელით.

28 იანვარს, საქართველომ ჩინეთიდან პირდაპირი ავიარეისები 29 მარტამდე შეწყვიტა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო. ქვეყნის პრემიერი იმედოვნებს, რომ ამგვარად, საქართველოში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. გეგმის მიხედვით გაწერილ ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში ჩართულები არიან შსს და სხვა სამთავრობო უწყებები.

Аამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გადატანის და შემოტანის ერთადერთი გზა საქართველოში მხოლოდ ადამიანები არიან. ვირუსი ტვირთებით ან ფრინველებით არ ვრცელდება. საზღვრები კონტროლდება. ქვეყანაში 4 ინფექციური საავადმყოფო არის მზად იმისთვის, რომ პაციენტები იზოლაციაში ჰყავდეთ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინა ტიკარაძემ კი განაცხადა, რომ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება თუ გაჩნდება, ქართული მხარე მზად არის პაციენტები მიიღოს, რადგან სახელმწიფო და პერსონალი მზად არის კორონავირუსის მართვისა და პაციენტების იზოლირებისთვის. მინისტრის ამ განცხადებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან.

ექიმი დავით ნანობაშვილი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობას არ გამორიცხავს და მიაჩნია, რომ თბილისის აეროპორტებში ჩამოსული მგზავრებისთვის მხოლოდ ტემპერატურის გაზომვა საკმარისი არ არის.

“ჩვენ შიდაიზოლაციაში არ ვართ და ეს ვირუსი სავარაუდოდ ჩვენთანაც მოხვდება. ინკუბაციურ პერიოდში ადამიანს სიცხე არ აქვს, მაგრამ ვირუსი უკვე გადამდებია”, – აცხადებს დავით ნანობაშვილი.

რაც შეეხება ვაქცინებს, როგორც Dalma News-ს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში არ არსებობს და შესაბამისად, არც საქართველოში აქვთ. დაავადების მართვა, მისი გამოვლენის შემთხვევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით განხორციელდება. კორონავირუსისგან თავის დასაცავად მოქალაქეებს ურჩევენ მოიქცნენ ისე, როგორც გრიპის დროს: ხელები ხშირად დაიბანონ, ოთახები ხშირი განიაონ, იატაკი სველი წესით დაამუშაონ და ა.შ.

ანალიტიკოს ნიკა შენგელიას კორონავირუსის ხელოვნურად გავრცელების ვერსიის სჯერა და არ გამორიცხავს, რომ ​ეს ვირუსი მსოფლიო პოლიტიკური და ფინანსური სისტემის ცვლილების კატალიზატორად მოგვევლინოს.

ჩინეთში, დაახლოებით, მილიარდ 370 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია მოქმედებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შემაჩერებელი პროგრამები, როგორიცაა ერთი ოჯახი – ერთი შვილი. დღეს ჩინეთი არის ერთი დიდი ქარხანა, საიდაც იწარმოება თითქმის ყველა სახის პროდუქცია, რომელიც იყიდება მთელ მსოფლიოში. იქედან შეტანილი ნედლეული და პროდუქცია იაფია. როგორ ირაკლი შენგელია აცხადებს, კორონავირუსმა ნავთობის ფასის დაცემის პარალელურად, ფინანსური ბაზრების დაცემაც გამოიწვია. კერძოდ, შანხაი კომპოზიტის ინდექსი დაეცა -2,75% ით, იაპონური ნიკეის ინდექსი -2%ით, სტანდარტ ფურის ინდექსი -1,5% ით. ასევე დაეცა რუსეთის ბირჟის ინდექსებიც. ნავთობი დაეცა -2% ით, სპილენძის ფასი დაეცა -2,5% ით, პალადიუმის ფასი -4% ით.

“კორონავირუსმა საფონდო ბაზრების კორექცია დააჩქარა. გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია ფასები გაიზარდოს გაზზე. ინვესტორები თავიდან იცილებენ რისკიან აქტივებს. ამ ფონზე ძლიერდება აშშ დოლარი, ოქრო, ფრანკი და იაპონური იენი”, – აცხადებს ნიკა შენგელია.

მისივე თქმით, კორონავირუსის საშიშროების გამო, ბლუმბერგის გათვლებით, მაკაოში, რომელიც აზარტული თამაშების დედაქალაქადაა წოდებული, მოთამაშეთა რაოდენობა 80% ით შემცირდა.​ კითხვაზე, თუ რატომ ჩინეთი, ნიკა შენგელია აცხადებს:

“იმისათვის, რომ აშშ- ს და სხვა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს გაეყიდა პროდუქცია, იგი უნდა ყოფილიყო იაფი. ამიტომ, ნელ-ნელა საწარმოებმა, იაფი მუშახელის გამო, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში გადაინაცვლა. ანუ ამ ქვეყნებში ხალხს უნდა ემუშავა თვეში ერთი ტომარა საჭმლისთვის და შექმნილი პროდუქცია გაყიდულიყო ასევე, იაფად განვითარებულ ქვეყნებში”, – აცხადებს ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, გაიხსნა თუ არა ჩინეთში ახალი საწარმოები, ჩინეთმა აქტიურად დაიწყო თავისი ეკონომიკის განვითარება და ბოლოს, არ ემორჩილებოდა იმ მითითებებს, რაც ოკეანის გაღმიდან მოდიოდა.

სანამ მავანთა გლობალურ ჩანაფიქრში გავერკვეოდეთ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საერთაშორისო მოგზაურებს, განსაკუთრებით კი ჩინეთში წამსვლელებს, რამდენიმე რეკომენტაციას აძლევს: მოერიდონ ავადმყოფ ადამიანებთან და ცხოველებთან კონტაქტს. თავი შეიკავონ ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებში თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის შეძენისგან. ხშირად დაიბანონ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება.

ხანში შესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას.

ადამიანებს, რომლებმაც უკვე იმოგზაურეს ვუჰანში (ჩინეთი) და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში შემდეგი სიმპტომები გამოუვლინდათ: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და მოერიდონ სხვა ადამიანებთან კონტაქტს; არ იმოგზაურონ ავადმყოფობის პერიოდში; ცემინების და ხველის დროს პირისა და ცხვირის მიდამო დაიფარონ ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით და არა შიშველი ხელით.

შ. ქარჩავა