მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა და საქართველოს მოქალაქეებს უკვე, ყოველგვარი ვიზისა და შემოვლითი გზების გარეშე შეუძლიათ რუსეთის ფედერაციაში ჩასვლა და იქ 90 დღის განმავლობაში ყოფნა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები წამოსწია წინა პლანზე. პრეზიდენტის აზრით, საქართველოს მთავრობას თუ რეალურად აწუხებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, პირველ რიგში, “ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობა უნდა შექმნან”.

როგორც პრეზიდენტი ზურაბიშვილი აღნიშნავს, მისი სურვილია გამარტივდეს მოქალაქეობის აღდგენა და ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ იყოს გართულებული ეს პროცესი, თუმცა ამბობს, რომ იუსტიციის სახლთან ოთხწლიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

“დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში (და არა მხოლოდ) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ვერონიკა სელმან-ხუბულავა აფხაზეთიდან დევნილია. ის ჯერ კიდევ 1 წლის იყო, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო, მისი ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ვერონიკა 1992 წელს ქალაქ ოჩამჩირეშია დაბადებული და მისი დაბადების მოწმობა ქართულ ენაზეა შევსებული. თუმცა, ეს ფაქტი საერთოდ არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი იუსტიციის სახლში მოქმედი კომისიისთვის. წლების შემდეგ, ვერონიკამ სამშობლოში დაბრუნება და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა გადაწყვიტა, თუმცა, წინააღმდეგობას წააწყდა.

“500 ლარი გადავიხადე იმისთვის, რომ ჩემი განცხადება 3 თვის განმავლობაში განეხილათ. ადრე, უფრო იაფი იყო ეს პროცედურები. როგორც იურისტებმა განმიმარტეს, თუ ადამიანი 1993 წლამდეა დაბადებული, საქართველოში მინიმუმ 5 წელი უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები, რომ აღიდგინოს მოქალაქეობაო”, – ჰყვება ვერონიკა.

იუსტიციის სახლი

ამის შემდეგ, ის საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და იუსტიციის სახლში შეიტანა განცხადება მოქალაქეობის მიღებაზე. ამ ხნის განმავლობაში სწავლობდა ქართულ ენას. როგორც ამბობს ოჯახში მეგრულად საუბრობენ და ამის გამო ქართული არ იცოდა. სწუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რომ ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები შექმნას უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს და სურთ აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა.

განცხადების შეტანიდან 4 თვის თავზე ვერონიკა გასაუბრებაზე თბილისში, იუსტიციის სახლში დაიბარეს.

“ჩავაბარე ტესტი საქართველოს ისტორიაში და ქართულ ენაში. 30 კითხვა – 30 წუთში. ტესტს თუ ვერ ჩააბარებ მოქალაქეობას არ მოგცემენ. ტესტი უპრობლემოდ ჩავაბარე. შემდეგ გავედი გასაუბრებაზე. კითხვებს გისვამენ კომისიის წევრები ქართულ ენაზე. რატომ გინდა საქართველოს მოქალაქეობა? ვინ არიან შენი მშობლები და ა.შ. არ ვიცი უიღბლო დღე მქონდა, თუ რა… კომისიის ყველა წევრი თითქმის ერთდროულად მისვამდა კითხვებს. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მხოლოდ 2 წევრი იყო წინააღმდეგი და 4 მომხრე, მოქალაქეობაზე მაინც უარი მივიღე”, – იხსენებს ვერონიკა.

ამ მარცხის მიუხედავად, ამბობს, რომ არ აპირებს უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე.

რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის (და არა მარტო ქართველების!) ეს პრობლემა არახალია. მათთვის მარტივი არ არის საქართველოს მოქალაქეობის, არც მიღება და არც აღდგენა. რა არის ამის მიზეზი?

დავით ცეცხლაძე

როგორც რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ Dalma News-თან საუბრისას განაცხადა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ეთნიკური ქართველებისთვის დამამცირებელია.

მისი აზრით, პიროვნების იდენტიფიცირება საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ეთნიკურმა ქართველებმა საქართველოს მოქალაქეობა უპირობოდ მიიღონ. ეს უპირველესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდა თაობამ, რომლებიც რუსეთში იბადებიან და იზრდებიან, არ დაკარგონ კავშირი საქართველოსთან და ქართველებად გაიზარდონ.

“ამ დამამცირებელი გამოცდების გავლის შემდეგაც კი, ძალიან ბევრ ქართველს უთხრეს უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, რომლის მამა-პაპაც საქართველოში ცხოვრობდა. დეკემბერში გასდის ვადა კანონს, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქეობის შენარჩუნებას. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას. მადლობა, რომ ეს კანონი გაგრძელდა 2024 წლის დეკემბრამდე, მაგრამ ვინც კი შეიტანა, ბოლო ხანებში მოთხოვნა მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, ყველას ეუბნებიან უარს და ართმევენ საქართველოს მოქალაქეობას. ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და იმავდროულად მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა”, – ამბობს დავით ცეცხლაძე.

მისივე თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც გაეროს მონაცემებით, ქართველი ერი გადაშენების პირას მყოფ ერთა ხუთეულშია, როდესაც ქართველები დემოგრაფიულ ვარდნას განიცდიან, “ეს არის ანტიქართული საქმე და არ შედის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში”.

“ისეთ ადამიანებს ეუბნებიან მოქალაქეობაზე უარს, რომ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ოჯახი გადავიდა საქართველოში საცხოვრებლად, ცოლს მისცეს მოქალაქეობა, ქმარს, უკვე მესამე წელია, უარს ეუბნებიან, რატომ? პარადოქსიც ეს არის, რომ ფორმულა ვერ ამოვიცანით. რა პრინციპით ამბობენ „კის“, ან „არას“. ეს არის გამიზნული პროცესი, რომ ქართველებს მასობრივად უთხრან უარი საქართველოს მოქალაქეობაზე”, – აცხადებს დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველები სხვადასხვა ასაკის არიან, მათ შორის, არიან ახალგაზრდები, სტუდენტები, რომლებიც რუსეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მაგრამ სურთ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში იცხოვრონ.

როგორც იუსტიციის სახლში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მოპოვება შეუძლია პირს, თუ ის დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე და კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში.

დაინტერესებული პირი საქართველოში უწყვეტად მცხოვრებად ჩაითვლება, თუ მას წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია . ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის 2 წლამდე ვადით დატოვება სწავლის მიზნით და მკურნალობის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

ასევე, რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს, რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში შეუძლია განცხადებით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის არ გაივლის ტესტირებას – დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის, სამართლის ძირითადი საფუძვლების შესამოწმებლად.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაშია გამოცემიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში. ბრძანებულება ძალადაკარგულად ითვლება აღნიშნულ ვადაში არასაპატიო მიზეზით სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებით, მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნები მთლიანად გადასახედია, რადგან საქართველოში დაბადებული მოქალაქეების უმრავლესობას, ვისაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოუწია დიდი ხნის წინ წასვლა, დღეს სერიოზული პრობლემები ექმნებათ. მათ რიცხვში, განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნების ქვეშ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი ხვდებიან, რომლებსაც მრავალ ეტაპიანი საგამოცდო ბარიერის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც კი, არ ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეობა და თანაც ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

Dalma News-თან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძეს კონკრეტული მაგალითი მოჰყავს, საუბარია მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმის, ნანა შამათავასა და მისი ვაჟის შემთხვევაზე.

ნანა შამათავა სოხუმშია დაბადებული. მან და მისმა შვილმა, უკვე მესამედ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭებაზე, მას შემდეგ, რაც ორჯერ უარი მიიღეს.

“მიუხედავად იმისა სრულყოფილად ფლობს ქართულს, აქვს მრავალმილიონიანი ქონება საქართველოში, არის თავის პროფესიაში დაფასებული და წარმატებული კადრი. უბრალოდ არ არსებობს უარის თქმის არანაირი მიზეზი… და ასეთი შემთხვევა რამდენია?! საჭიროა, ასეთ შემთხვევებში პრეზიდენტი იყენებდეს კონსტიტუციურ უფლებას და გამონაკლისის წესით ანიჭებდეს მოქალაქეობას და არა ხელს იშვერდეს იუსტიციის სამინისტროსკენ”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე აზრით, დაუშვებელია ჩვენს თანამემამულეს ბლოკავდნენ, მაშინ, როდესაც ასეულობით ირანისა და არაბეთის ქვეყნების წარმომადგენელს ანიჭებენ საქართველოში ბინადრობისა და მოქალაქეობის უფლებას.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ყურადღებას ამახვილებს ფიქციურ ქორწინებებზეც, რაც საქართველოში მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთი საშუალებაა. მისი აზრით, ფიქციური სამოქალაქო ქორწინების გზით მოქალაქეობის მოპოვების მცდელობა უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, ისევე, როგორც თავად ფიქციური ქორწინების ფაქტი.

“ეს დანაშაულია და უნდა გამოსწორდეს. ერთი მხრივ თანამემამულეთათვის პროცედურის გამარტივებით და მეორე მხრივ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის პროცედურის გართულებით, მათ შორის, ფიქციური სამოქალაქო ქორწინების გზით მოქალაქეობის მოპოვების მცდელობა უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული! ამისთვის კი საჭიროა საემიგრაციო სამსახურის გაძლიერება და მისი დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება, რაც პირდაპირ დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ქორწინება საერთოდ არ წარმოადგენს არგუმენტს მოქალაქეობის მისაღებად, რატომ არის ეს საქართველოს შემთხვევაში კანონიერი საფუძველი? სამოქალაქო ქორწინების აქტი ხომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს საშუალებას გახდეს საქართველოს მოქალაქე ყველაზე არაკეთილსინდისიერი გზით? ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეზე ანგარებით ქორწინდებით, უცხოელს ეძლევა საშუალება საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება მიიღოს, რაც მის ცხოვრებას ქვეყანაში შესაძლებელს ხდის განუსაზღვრელი ვადით. ქორწინებიდან 10 წლის შემდგომ კი, შესაძლებლობას უხსნის მოქალაქეობაზე შეიტანოს განაცხადი.

“სახელმწიფოებრივი ინტერესი მოითხოვს ეფექტიანად გამოავლინოს ფიქციური ქორწინების აქტი და ჩაშალოს უკანონო კომერციული გარიგება წყვილს შორის და დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი საპროცესო მოქმედება, რაც ჩვენი აზრით, უნდა იყოს არა ადმინისტრაციული წარმოება, არამედ სისხლის სამართლებრივი”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

შორენა პაპაშვილი