საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება არახალია. თითქმის არ არსებობს საკითხი, საგარეო პოლიტიკა იქნება თუ საშინაო, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიმართ ოპონენტის რანგში არ აღმოჩნდეს. 26 მაისი კი, ამ დაპირისპირების, შეიძლება ითქვას, პიკი იყო.

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღი იზეიმა. სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. 2023 წელს, პირველად, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, ქვეყნის ყველა რეგიონში ერთდროულად გაიმართა. თავისუფლების მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მოწყობის შემდეგ ტრიბუნა ქვეყნის პრეზიდენტმა დაიკავა და საზეიმო სიტყვა წარმოთქვა, რასაც მალევე მოჰყვა მოსახლეობის ერთი ნაწილის აღშფოთებული კომენტარები სოციალურ ქსელში.

მოქალაქეები კრიტიკულ კომენტარებს სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერდნენ. მათი უმეტესობა აღნიშნავდა, რომ იმედგაცრუებულნი არიან და სინანულს განიცდიან, 2018 წლის არჩევნებში ზურაბიშვილს რომ მისცეს ხმა. მათივე შეფასებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვერ აღმოჩნდა ღირსეული, მან “უცხო ქვეყნის აგენტის როლი” მოირგო.

„ქალბატონო პრეზიდენტო. მე გულით მინდოდა, რომ მყოლოდა ღირსეული ქვეყნის, ღირსეული პრეზიდენტი, მით უმეტეს ქალი პრეზიდენტი. თქვენმა მოქმედებებმა ღრმად ჩამაფიქრა. დასკვნაც გამოვიტანე: თქვენ,საქართველოს მორიგი უღირსი პრეზიდენტი ბრძანდებით. თქვენ არცხვენთ საქართველოს, საკუთარ თავს და ქართველ ერს. პატივად გერგოთ საქართველოს პრეზიდენტობა, თუმცა ოდენ უცხო ქვეყნის აგენტის როლი მოირგეთ. გრცხვენოდეთ”, – წერენ მოქალაქეები.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისის სადღესასწაულო ტრიბუნა პრეზიდენტმა იმის საერთაშორისოდ დემონსტრირებისთვის გამოიყენა, თუ რამდენად მწვავე დაპირისპირება არსებობს ქვეყანაში არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ ქვეყნის მთავარსარდალსა და მთავრობას შორისაც. სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ დაუწუნა სახელმწიფოებრივი მიდგომები, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ევროპული არჩევანისა და ღირებულებების ერთგულება. მან დაადანაშაულა ხელისუფლება იმაში, რომ ის არ ფიქრობს თავისი მოქალაქეები პატივსა და ღირსებაზე.

ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩები, მაღალი რანგის სამხედრო პირები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ სალომე ზურაბიშვილმა ტრიბუნიდან კითხვა დაუსვა საქართველოს ხელისუფლებას:

“რატომ არ არის მიღებული არანაირი რეგულაციები რუსეთიდან მასობრივად შემოსული ადამიანებისა და მათი საქმიანობის მიმართ? განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა და განათლება, ან უძრავი ქონების შეძენა და გადასახადების გადაუხდელობა?”

როგორც ჩანს პრეზიდენტს ან ღონისძიების შინაარსი აერია, ან ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებს გამომსვლელთა შორის კითხვა-პასუხის რეჟიმს, შესაბამისად, მის მიერ მაღალი ტრიბუნიდან დასმულ კითხვებს პასუხები ვერ მოჰყვებოდა. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის კითხვები უფრო საგარეო მოხმარებისაა, ვიდრე ქვეყნის მიმართ გულშემატკივრობის სურვილით ნაკარნახევი. პრეზიდენტის გამოსვლამ საზოგადოების დიდ ნაწილში შექმნა შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილის მიზანი საქართველოს საგარეო იმიჯის დაზიანებაა. მან იქვე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარი გახდა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა, მთავრობის ლიდერების ყოველდღიური განცხადებები კი, ქვეყანას ევროპისგან აშორებს და ის თვითიოზალიციისკენ მიჰყავთო.

„ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით გამოსულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართველი ერის მამად წოდებული, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სიტყვები მოიშველია – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!“

ღარიბაშვილის თქმით, თავისუფლება გულისხმობს თვითმყოფადი გზის გაკვალვას, სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მისივე თქმით, თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია, რაც თანამედროვე სამყაროში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

„თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. საქართველო რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა მეგობარ სახელმწიფოებსა და პარტნიორებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი თარიღის მილოცვისა და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის ქმედებასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება პარტია “ქართულმა ოცნებამაც” გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად იკავებენ თავს, თუმცა, მიაჩნიათ, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ზურაბიშვილმა “მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ”.

“ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, ჩვენი მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი. არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გამოვეხმაუროთ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს. მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

არჩილ სიხარულიძე

პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის შეფასებით, 26 მაისს, სალომე ზურაბიშვილს ახალი და განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის მსგავსი დაპირისპირება გვახსოვს მეოთხე პრეზიდენტის – გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაშიც. ეს კარგი ჭკუის სასწავლებელი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რომლის საგარეო პოლიტიკა – არც შამფური დაწვან და არც მწვადი, არის დიდი შეცდომა. სწორედ ამ პრინციპით იყო სალომე ზურაბიშვილიც არჩეული პრეზიდენტად, რათა ევროპისთვის ეჩვენებინათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ევროპული წარმოშობისაა.

„სალომე ზურაბიშვილი არის ფრანგი, მას მიაჩნია, რომ აქვს ვალდებულებები ევროპის წინაშე. საქართველოს მისეული აღქმა სხვანაირია. ის იწერს პოლიტიკურ ქულებს ევროპის წინაშე საკუთარი თავისა და ოჯახისთვის. ნათელია, რომ მისი მომავალი საქართველოში დამთავრებულია. რომ არა „ქართული ოცნება“, ის არც არაფერს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, ამ ქალისთვის დამოუკიდებლობის დღესაც, ასეთი გამოსვლები დასაშვებია“, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.

პოლიტოლოგის აზრით, მძიმე სანახავია, როდესაც პრეზიდენტი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რასაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობასთან. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი საცხოვრებლად საქართველოში არც დარჩეს. არჩილ სიხარულიძის მოსაზრებით ეს საკმაოდ ლოგიკური იქნება, რადგან ზურაბიშვილს, არც აქამდე უსმენდა საქართველოში ვინმე.

„ადამიანი, რომელიც გახდა ჯერ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი პრეზიდენტი, საქართველოში მოთხოვნადი არ არის. არც მას გაუკეთებია არაფერი ღირებული. შეიძლება სადმე ლექცია წაიკითხოს ევროპულ ღირებულებებზე. ან თავისი წიგნები გაყიდოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“, – ამბობს არჩილ სიხარულიძე.

26 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ პოლიციას არა ხალხის დასაცავად, არამედ მათ დასასჯელად იყენებენ. ამით მან „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ანტიდემოკრატიულობაში დაადანაშაულა. არჩილ სიხარულიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. ამბობს, რომ მთავრობა ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს. თავად კი, პირდაპირ მხარს უჭერს მომიტინგეებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავს ესხმიან სამართალდამცველებს და პარლამენტს.

„დიდი ხანია სალომე ზურაბიშვილი გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მის მოწოდებებს არაფერი აქვს საერთო ქვეყანაში სტაბილურობასთან. გაუგებარია ვინ ჰყავს მრჩეველი? განცხადებებს, რასაც ის აკეთებს, არ არის გათვლილი საქართველოს შიდა აუდიტორიაზე. პირველ კომენტარებს ჯერ ტვიტერზე წერს, ინგლისურ ენაზე და მხოლოდ შემდეგ, ქართულად. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას პირადი მიზნები აქვს“, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.

შეეძლო, თუ არა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის რანგში, უფრო მეტი და მნიშვნელოვანი რამ გაეკეთებინა ქვეყნისთვის, სულ მცირე, ქცეულიყო საზოგადოების გაერთიანების სიმბოლოდ? არჩილ სიხარულიძის აზრით, სალომე ზურაბიშვილი ასეთი ფიგურა ვერ იქნებოდა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მას არ აქვს იმიჯი, პრესტიჟი, წონა. მის სიტყვას არ აქვს რეალური ძალაუფლება.

“სალომე ზურაბიშვილი არის, როგორც უცხო საგანი ქართულ ორგანიზმში, ის შინაგანად დარჩა ქართველ ემიგრანტად, მას არც უცდია ქართულ სულთან დაახლოება, მისი ისტორიის შესწავლა და გაცნობა”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

შ. ქარჩავა