2021 წელს საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს ბიუჯეტი 310 მლნ ლარით (დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარი), გაზარდოს, – ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური პროგნოზი, რომელიც 6 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მომავალი 2022 წლიდან ღარიბაშვილი პენსიონერებს პენსიის 20-25 ლარით გაზრდას, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ხელფასის 10%-ით გაზრდას დაჰპირდა. პრემიერმა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რეკორდული ზრდაც დააანონსა, რაც ციფრებში 5500 აშშ დოლარს შეადგენს.

მზარდი ინფლაციის პირობებში, რამდენად წაადგებათ ასაკოვან ადამიანებს პენსიის მიზერული ზრდა და რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკის ზრდას საკუთარ ჯიბეზე, ამის შესახებ Dalma News-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკა შენგელია ესაუბრა.

ნიკა შენგელია

– გასაკვირი არ არის ეკონომიკა წინა წელთან შედარებით, როცა ჩავარდნა იყო, თუ გაიზარდა და ციფრებში კარგად გამოიყურება. მეორე საკითხია ვისთვის გაიზარდა ეკონომიკა და გრძნობს თუ არა ამას ჩვენი მოსახლეობა? სამწუხაროდ ეს ასე არ არის. უკვირს ხალხს, ეკონომიკა თუ გაზრდილია მათ კეთილდღეობას საშველი რატომ არ ადგას?

უმუშევრობა კვლავ პრობლემაა. ეროვნული ვალუტის 80%-იანი გაუფასურება გვაქვს სახეზეა, თუ შევადარებთ 2012 წლის ოქტომბრის მონაცემებს. ასევე, გაზრდილია სახელმწიფოს საგარეო ვალი. 2012 წელს გვქონდა 6 მილიარდ 600 მილიონი, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში გვაქვს 25 მილიარდ 300 მილიონი.  ასევე ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, საშუალოდ, 47%-ით არის გაზრდილი. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ხომ ზედმეტია საუბარი. 2017 წლის შემდეგ, ძალიან შემცირებულია ინვესტიციები და უმუშევრობის საგანგაშო დონე გვაქვს. უმუშევრობის მაჩვენებლით რეგიონში პირველ, მსოფლიოში მეათე ადგილზე ვართ. ამ მონაცემების ფონზე, მართლაც ძალიან უხერხულად გამოიყურება ეკონომიკის ზრდა.

ეკონომიკა გაიზრდება, როდესაც იზრდება საგარეო ვალი. ვალების დიდი ნაწილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები ძალიან ეხმარება ლარს სტაბილიზაციაში და იცოდეს ყველამ, რომ ამ პერიოდში ემიგრანტების მიერ გამორიცხული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე საერთოდ შემოსული ინვესტიციები. ანუ ფული ეკონომიკაში შემოდის უცხოეთიდან, ემიგრანტებისგან, ის ნაწილდება ინკლუზიურად და ჩვენ ვნახავთ, რომ, წლის ბოლოს 7-მილიარდ ლარამდე იქნება შემოსული ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილი ფული. ანუ ჩვენი ბიუჯეტის თითქმის 30% პრაქტიკულად შემოდის და ადგილზე არ წარმოქმნილა. ეს უწყობს ხელს, იმას, რომ მოსახლეობას რაღაცის ყიდვა და მომსახურების საფასურის გადახდა შეუძლია. ამ ფონზე 10,5%-იანი ზრდა ცოტა უხერხულად გამოიყურება.

ხელისუფლებამზარდ ეკონომიკასადარებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, ანუ პანდემიის გამო გაჩერებულ ეკონომიკას. ამ ფონზე, რამდენად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი?

– წინა წელს, პანდემიის გამო, ეკონომიკური ვარდნა გვქონდა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, დღევანდელი სიტუაცია კარგად გამოიყურება.

რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას საკუთარ ჯიბეზე? 

– საერთოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ან მისი მაჩვენებელი აღარ ასახავდა რეალურად არსებულ სიტუაციას. ის მოსახლეობის კეთილდღეობის პირდაპირ პროპორციული აღარ არის. მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელს გამოსახავს დროის ერთეულში გაყიდული პროდუქციისა და მიღებული მომსახურების რაოდენობა. მოთხოვნა შემცირებულია, ასე თუ ისე. შესადარებლად რომ ავიღოთ მაგალითად საცხობი, ყველა გვეტყვის, რომ იმაზე ნაკლები გაყიდვები აქვს, ვიდრე შარშან ჰქონდათ. რომ ინფლაცია არის გაზრდილი, ფასები მომატებულია. მშპ ასახავს ყველა სექტორში შესრულებული სამუშაოს და გამოშვებული პროდუქციის ჯამიდან საშუალო მაჩვენებელს. მასე თუ ვიმსჯელებთ მაშინ, მივცემ რეკომენდაციას მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, მეტად გაზარდონ ფასები და, შესაბამისად, კიდევ უფრო დიდი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. გაისად შეიძლება 20%-საც გადააჭარბოს, თუ ამ ლოგიკით მივყვებით.

როცა ციფრები მაღალი, ეს არის ციფრებით მანიპულაცია, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორიენტირებულია უცხოელ ინვესტორებზე, მაგრამ მარტო მაგ ნიშნით საქართველოში სერიოზული ინვესტიციები არ შემოვა, იმიტომ, რომ სხვა რაღაცეებში გვაქვს ჩამორჩენა, მათ შორის არის სასამართლო სისტემა, ნეპოტიზმი და ა.შ.

– მშპ ინფლაციის გზითაც შეიძლება გაიზარდოს?

– რა თქმა უნდა, ფასები თუ გაიზრდება ინფლაციაც გაიზრდება. იმიტომ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი იმპორტ-ექსპორტით იქმნება, მაღალი ფასებით შემოდის იმპორტი და ინფლაცია ფიქსირდება სტატისტიკაში.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო. რამდენად რეალისტურია მისი ეს განცხადება

– საგარეო ვალის მოცულობა მშპ-სთან შედარებით 60%-ს შეადგენდა. ვალები, რომლებიც გასასტუმრებელია, ისტუმრებენ, არის ამის საკმაოდ რეზერვები იგივე ეროვნულ ბანკში, 4 მლრდ-მდეა თანხა. ვალი ხან შემცირდება, ხან გაიზრდება. საერთოდ ვალი 2012 წელთან შედარებით, 283%-ით არის გაზრდილი.

პენსიების 20-25 ლარიანი ზრდა, რამდენად არის შეღავათი პენსიონერებისთვის?

– წამლები და პროდუქტები იმდენად არის გაძვირებული, რომ ეს მომატება ფაქტობრივად არ აისახება. წინა წლის ამავე პერიოდს თუ შევადარებთ, როცა ერთი ტომარა პურის ფქვილი 51 ლარი ღირდა, დღეს 80 ლარი ღირს, ანუ 29 ლარით გაძვირდა. ის 20-25 ლარი მარტო ამ ერთმა პროდუქტმა შეჭამა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რეგიონებში პურის ფქვილს ყიდულობს და აცხობს პურს. პენსიონერი ძირითადად საკვებს და მედიკამენტებს ყიდულობს, ამდენად 20-25 ლარიანი დანამატი აღარაფერი აღარ არის, შეჭამა ინფლაციამ. პენსიას მსყიდველობითი უნარი აღარ აქვს, ის ფარმაცევტულ ბაზარზე და ექიმებთან მიდის.

საქართველოში არსებული პენსია არსებული საჭიროებების ადეკვატური?

– ჩვენთან პენსია ძალიან დაბალია. აშშ დოლარებში თუ გადავიყვანთ, რეგიონში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ. მთავრობას შეეძლო გამოენახა თანხები და პენსია ცოტა მეტად გაზრდილიყო და კარგი პაკეტი მიეცათ ამ სოციალური ფენისთვის. საიმისო საშუალება თუ გამოინახა, რომ 10%-ით გაიზარდოს ხელფასები სახელმწიფო სისტემაში დასაქმებული ადამიანებისთვის და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის, შეიძლებოდა ცოტათი კიდევ გაეზარდათ პენსიები. სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე პრემიერისგან, რომ კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ხელფასის გაზრდაზე ვინმე ზრუნავდეს. თუმცა შეეძლოთ რეგულაციების პირობებში მიეღოთ კანონის მსგავსი დადგენილება, რომელიც იტყოდა, რომ დიდ ქალაქებში, სადაც მოსახლეობას არ აქვს წვდომა ნაკვეთებზე და უფრო უჭირთ ვიდრე სოფლად, გაზრდილიყო მათთვის ხელფასი კერძო სექტორში, ან სახელმწფოს მიეცა დახმარება. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ იანვრიდან 200 ათას ადამიანს ეხსნება სოციალური დახმარება. თუმცა ამ ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილია.

რამდენად სწორია პანდემიის პირობებში სოციალური შემწეობების მოხსნის გადაწყვეტილება?

– 200-ლარიანი დახმარება, რომელიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს ეძლეოდათ, უნდა გაგრძელებულიყო მანამდე, სანამ არ იქნებოდა დასაქმება. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა გაიზარდა კომუნალური გადასახადები. დეკემბერში მოსახლეობას დენის და გაზის უკვე გაზრდილი გადასახადი მოუვა, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

რას უნდა ველოდოთ 2022 წლიდან?

– 2022 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები ან მომსახურება გაიაფდება. 2022 წელსაც, ჯერჯერობით იქნება ინფლაციის პერიოდი. ფასების ზრდა კორელაციაში იქნება ნავთობის ფასთან. ბარელი ნავთობი 80 აშშ დოლარზე მეტი ეღირება. ეს რა თქმა უნდა აისახება პროდუქტებზე, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე.

სოციალური პროტესტის გზა, რამდენად ამართლებს ასეთ დროს?

– სოციალური პროტესტი არასდროს არის ისეთი, რომ მთავრობამ ყური დაუგდოს და რაღაც შეცვალოს, მაგალითად საწვავზე აქციზი გაუქმდეს, რაც ბენზინზე ფასს 20-30%-ით შეამცირებდა, მაგრამ ეს არ გააკეთა მთავრობამ. დატოვა ისე, როგორც არის. 2 კვირის წინ, როცა ითქვა, რომ ნავთობის ფასი დაიწევდა და ეს ქართულ ბაზარს დაეტყობა, მაშინ გავაკეთე განცხადება, რომ სამწუხაროდ ეს ასე ვერ მოხდებოდა. ნავთობის ფასი კი ჩამოვიდა 65 აშშ. დოლარზე, მაგრამ მისი ვარდნა არ გაგრძელდა და დაიწყო მომატება. 75 აშშ დოლარამდე მოიმატა, აქედან გამომდინარე არ უნდა ველოდეთ საწვავზე ფასების კლებას. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში შენარჩუნდება ის ფასები, რაც დღეს არის.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი