საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტზე ყოფნის ბოლო დღეებში (რაც შესაძლოა მაშინ არც იცოდა) სომეხ კოლეგასთან ერთად, ხელი მოაწერა „დეკლარაციას სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ” დოკუმენტის შინაარსი უცნობია არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისთვის, არამედ ექსპერტთა წრეებისთვისაც. დეკლარაციის ტექსტი არც ერთ ოფიციალურ წყაროს არ გამოუქვეყნებია და მის შინაარსზე მხოლოდ იმ განცხადებებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომელიც ორიბე პრემიერ-მინისტრმა თბილისში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. დეკლარაციას ხელი მოეწერა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-13 სხდომის ფარგლებში, რომელიც იანვრის ბოლოს, თბილისში გაიმართა.

როგორც საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო და სომხეთი ისტორიულად ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები და არა მხოლოდ მეზობლები, არამედ დე ფაქტო სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეალობა გაფორმდა და დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება და სომხეთი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხრივ საქართველოს მეექვსე სავაჭრო პარტნიორი გახდა. ამასთან სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო საქართველოდან ექსპორტის მხრივ მეორე ადგილი დაიკავა. მან ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრა. საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის თქმით, გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი ეწვია საქართველოს. ღარიბაშვილმა უყურადღებოდ არ დატოვა ერევნისა და ბაქოს სამშვიდობო ხელშეკრულების თემა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მომხრე.

ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და დღესაც მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

მან არანაკლებ მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც, მისი შეფასებით, მთელს რეგიონს მოუტანს სარგებელს.

„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონული მნიშვნელობის ახალ პროექტებზე მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება. ბატონმა ფაშინიანმა დაადასტურა რეგიონული პროექტებისადმი თავისი ინტერესი, მაგალითად როგორიცაა დამაკავშირებელი ხაზების გაყვანა შავი ზღვის ფსკერზე და სხვა პროექტები, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპასუხოდ მისი ინიციატივა – პროექტი “მსოფლიოს გზაჯვარედინზე” გაიხსენა და განმარტა, რომ ეს პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში თანამშრომლობის გაზრდას, თუმცა აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დაცვის საკითხი.

იკოლ ფაშინიანი

„ჩვენი რეგიონი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური გზა გახდეს სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამ ყველაფერში ხაზგასმულია ინკლუზიურობა. ყველა სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ზემოთ აღნიშნულ ხელმოწერილ დეკლარაციასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და ერთობლივი მონდომების გამოხატულებაა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულების თემა განიხილა და ამ მიზნით ორივე ქვეყნის შესაბამის დეპარტამენტებს შესაბამისი მითითებები მიეცემათ.

ერევანში დაბრუნების შემდეგ, ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო შეხვედრაზე გამოსვლისას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თბილისში ხელმოწერილ დოკუმენტში „ფაქტობრივად ყველა მიმართულებაა დაგეგმილი“, რომ დეკლარაცია „ასახავს ორივე ქვეყნის მთავრობების ნებას წინსვლისკენ“. თუმცა ამ განმარტებებმა დიდად მაინც ვერ მოჰფინა შუქი 26 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსს.

ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სსრკ-დან გამოყოფის შემდეგ, საქართველომ და სომხეთმა კეთილმეზობლური ურთიერთობები შეინარჩუნეს, რასაც ბოლო წლებამდე მხარეები სტრატეგიულს არ უწოდებდნენ. სომხეთი, აზერბაიჯანთან ხანგრძლივი კონფლიქტისა და ბაქოსა და ანკარის ბლოკადის პირობებში, ბოლო დრომდე ინარჩუნებდა მჭიდრო ურთიერთობას რუსეთთან და დიდწილად მასზე იყო დამოკიდებული , ხოლო საქართველო თავისი დერეფნებითა და პორტებით ერევნისთვის ერთგვარი მაშველი რგოლი იყო, რომლითაც სომხეთი რუსეთისგან ენერგორესურსებს იღებდა და მასთან ვაჭრობას ახორციელებდა.

ამგვარად, მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველო ვითარდება, აქცენტს აკეთებს დასავლეთზე და შორდება რუსეთს. სომხეთი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მოსკოვთან. მაგრამ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს კავშირი თანდათან შესუსტდა და სომხეთისთვის ყარაბაღის მეორე ომის არასახარბიელო შედეგის და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაკლებობის შემდეგ, ერევნის დასავლეთისკენ მიდრეკილება განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა.

ამავდროულად, ევროკავშირი და ვაშინგტონი გააქტიურდნენ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში და სომხეთმა ნათლად მიანიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების მოსკოვური პლატფორმა აღარ იყო აქტუალური და მათთვის საინტერესო. ამ პირობებში, ერევნისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება, რომელსაც „პროდასავლური ქვეყნის“ იმიჯი აქვს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც მოიპოვა.

ჯონი მელიქიანი

საქართველოს საკითხებში ექსპერტის, ჯონი მელიქიანის თქმით, „სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ დეკლარაციის“ ხელმოწერა ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ეს ნაბიჯი აბალანსებს თბილისის ურთიერთობას მეზობლებთან.

„საქართველომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან დაამყარა სტრატეგიული ურთიერთობები. სომხეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ურთიერთობებისთვის სტრატეგიული ხასიათის მიცემა, მაგრამ საქართველო 2022 წლამდე ამ მიმართულებით არ აქტიურობდა“, – განაცხადა მელიქიანმა.

მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ასევე ბაქოს ერევნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, საქართველომ გადახედა როგორც საკუთარ როლს რეგიონში, ასევე მისი ქვეყნისთვის მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა საქართველოს მთავრობის გეგმები სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პრემიერის შეცვლის შემდეგ, ექსპერტმა უპასუხა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა სრულად შეესაბამება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას. ეს განცხადება, სავარაუდოდ, შეთანხმებული იყო მმართველი პარტიის დამფუძნებელთან და სხვა ლიდერებთან. შესაბამისად, პრემიერის ცვლილება უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

„ის ფაქტი, რომ აღნიშნულ დეკლარაციას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მოეწერა ხელი, ნიშნავს იმას, რომ ეს დოკუმენტი, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო პარტიის ლიდერების დონეზე. ასე რომ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. სომხურ-ქართული ურთიერთობები კი, რომელსაც დეკლარაციის საფუძველზე მიენიჭა სტრატეგიული ხასიათი, მიიღებს ახალ შინაარსს სხვადასხვა პროექტების სახით“, – განაცხადა მელიქიანმა.

ხათუნა ლაგაზიძე

ქართველი ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც დეკლარაციის შინაარსი ასევე არ იცის, მიიჩნევს, რომ საქართველოსა და სომხეთისთვის სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივად მომგებიანი და სასარგებლო იქნება.

„დღეს, როდესაც თავად სომხეთში ეპოქალური ცვლილებები ხდება და ამას მოწმობს ფაშინიანის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში გაკეთებული ბოლო განცხადება წევრობის გაყინვის შესახებ, როდესაც ერევანი რუსეთის მავნე გავლენისგან თავისუფლდება, საქართველოს, რომელსაც უკვე აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, გამოყენება როგორც ევროპისკენ მიმავალი ხიდის, სომხეთის ინტერესებში შედის. მით უფრო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის ლიდერები გააქტიურდნენ და მოლაპარაკებების ევროპულ პლატფორმაზე გადატანას ცდილობდნენ, თან ამ პროცესში შეერთებული შტატებიც აქტიურობდა“, – განმარტა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ახალ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთის ხელისუფლებამ თავის ხალხს „მიყენებული ზარალისთვის არსებითი და ღირებული კომპენსაცია” შესთავაზოს. ასეთი კომპენსაცია, ექსპერტის აზრით, შეიძლება იყოს დასავლეთის სურვილი, რასაც საპასუხო ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. აქ საქართველოს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს ერევნისთვის. მეორე პუნქტი, რომელზეც ხათუნა ლაგაზიძემ გაამახვილა ყურადღება, არის ახალი ინფრასტრუქტურული როლი, რომელსაც სომხეთისთვის აზერბაიჯანთან და თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების და კომუნიკაციების აღდგენა გახსნის.

„საქართველოში ბევრი წუხდა, რომ სომხეთის გავლით ყველა საკომუნიკაციო მარშრუტის გახსნით, თავად საქართველოს ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული როლი რეგიონში მნიშვნელოვნად შეიზღუდება. ამიტომ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სომხეთში არის და განხორციელდება, საქართველოსაც მოიცავდეს“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი

იგი მიიჩნევს, რომ ორივე ქვეყანას – საქართველოსა და სომხეთს – ერთმანეთი სჭირდებათ და მათ შორის სტრატეგიული ურთიერთობების დაწყება საკმაოდ ლოგიკურია.

მას ეჭვი არ ეპარება სომხეთის მთავრობისა და თავად ნიკოლ ფაშინიანის გამბედაობაში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გაბედული იქნება საქართველოს მთავრობა, რომ „რუსეთის ზეწოლის ქვეშ იმოქმედოს როგორც შუამავალი სომხეთსა და დასავლეთს შორის, რადგან, მისი თქმით, სომხეთისთვის დასავლეთისკენ მიმავალი გზა საქართველოზე გადის“.

ირინა ხაჩიძე