საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკული გაგებით ძალიან განსხვავდება ამ სიტყვის ქართული მნიშვნელობისგან. კერძოდ, აშშ-თვის ეს ნიშნავს არა საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას, მხარდაჭერას, უვიზო მიმოსვლასა და ელემენტარულ პროტოკოლურ პატივისცემას, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებას.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 5 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომ „გენდერი“ სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც მას დაბადებიდან მოსდგამს. ამიტომ თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სიტყვების – „დედა“, „მამა“, „ცოლი“, „ქმარი“, „ვაჟიშვილი“, „ქალიშვილი“ გამოყენებისგან.

“სახელმწიფო მდივნის ამ ბრძანებას დროში უცნაურად დაემთხვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერი ქალის მიერ გამომუშავებული ე.წ. დედის რძე ისეთივე სასარგებლოა ჩვილისთვის, როგორც ქალის რძე. სამსახურმა პირველად გამოიყენა ტერმინი “მკერდით კვება” „ძუძუთი კვების“ ნაცვლად, რადგან ის უფრო ინკლუზიურად მიიჩნია. სამსახურის ინფორმაციით, ინიციატივა ბრიტანეთის სახელმწიფოს მხრიდან სრულ მხარდაჭერას მიიღებს”, – ვკითხულობთ “ხალხის ძალის” განცხადებაში.

მათივე თქმით, ამ მოვლენებს. ასევე, დროში დაემთხვა ესპანეთში გამართული “პრაიდი”, სადაც პირველად ისტორიაში, 10-წლამდე ბავშვებს ხელში ლგბტ დროშები დააჭერინეს და აღლუმზე პრაიდის მონაწილეთათვის დამახასიათებელი გამომწვევი ტანსაცმლით გაატარეს.

“ხალხის ძალის” ლიდერების აზრით, საკმაოდ დიდი ხანია, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და ლგბტ-პროპაგანდა საერთაშორისო მასშტაბით ძალას იკრებს და ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული.

“ხალხის ძალის” ლიდერები

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალის” დეპუტატები სხვამენ კითხვას, – არის თუ არა აშშ, თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი?

კითხვას თავადვე პახუხობენ:

“მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ვუწოდებდით სახელმწიფოს, რომელთანაც დღემდე არც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს, არც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ფრენები და არც უვიზო მიმოსვლა; რომელიც უკვე არაერთი წელია მისალოც წერილებსაც კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დონეზე გვიგზავნის. სამწუხაროდ, 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა დღემდე ლიტონ სიტყვებად რჩება, ამ სიტყვების უკან კი, მხოლოდ შიშველი ამერიკული ინტერესები მოჩანს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ხალხის ძალის” ლიდერებს აწუხებთ ამერიკული ფულის არსებობა ქართულ პოლიტიკაში, უფრო სწორად, აშშ-ს მიერ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივების, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის, აგენტოკრატიის აღდგენისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მცდელობით არიან დაკავებული.

გელა ვასაძე

“სტრატეგიული ანალიზის ეროვნული ცენტრის” ექსპერტის, გელა ვასაძის მოსაზრებით, “ხალხის ძალის” ეს განცხადება გათვლილია შიდა პროპაგანდაზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ჩინეთის სახით ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს და მარტო შტატების განწყობა არ არის გადამწყვეტი.

“ახალი, ჩინური ელემენტის ქართულ პოლიტიკაში შემოყვანა სიგნალია აშშ-თვის, რომ თქვენს გარდა კიდევ არსებობენ ქვეყნები და დიდად ნუ გვაწვებით ამ არჩევნებზეო. ლგბტ- პროპაგანდის გამოყენება ჩვეულებრივი შტამპია, რომ დასავლეთზე ვინც რამეს იტყვის, მაშინვე მოიშველიებენ ამ თემას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან გაწყვეტს კონტაქტს”, – განუცხადა Dalma News-ს გელა ვასაძემ.

მისივე თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობა იმაზე მეტად ვეღარ გაუარესდება, რაც დღეს არის, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი ამ მდგომარეობას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.

გელა ვასაძის შეფასებით, დღეს რომ ყოფილიყო არჩევნები, “ქართული ოცნება” აუცილებლად გაიმარჯვებდა, მაგრამ ოქტომბრამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. 2024 წლის არჩევნების ბედზე გავლენას იქონიებს ის, თუ იმ დროისთვის როგორი იქნება შიდა პოლიტიკური ვითარება, როგორ მოიქცევა ოპოზიცია, როგორი ვითარება იქნება რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში, რა ვითარება იქნება უკრაინაში, რა ფორმაში იქნება რუსეთი და სხვა.

ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე “ხალხის ძალის” განცხადების წინაპირობას განიხილავს და ფიქრობს, რომ აშშ საქართველოში არა დემოკრატიის, არამედ ოხლოკრატიის დამყარებას ცდილობს. ამ მხრივ, ბოლო წვეთი იყო ევროკომისიის რეკომენდაციები, რაც საქართველოში უმცირესობის დიქტატურის დამყარების ნიშნებს შეიცავს.

“პარტიული დიქტატურა მყარდება – ზემოდან გიბრძანებენ და უნდა შეასრულო, ეს ეხებოდა 5%-იანი ბარიერის დაწევას. პროპორციული წესით უნდა ავირჩიოთ პარლამენტი ქვეყანაში, სადაც საერთოდ არ არსებობს პარტიული კულტურა. წარმოიდგინეთ, ორკაციან პარტიას აძლევ საშუალებას, რომ პარლამენტში შევიდეს. ჯერ ეს რამხელა პრობლემაა, რომ პარტიის ნაცვლად ენჯეოს ტიპის გაერთიანებაა, მეორე – რა ახლავს თან ამ პროპორციულ სისტემას? ახლავს ის, რომ გამარჯვებული პარტია, ვინც აიღებს ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას, ვეღარ აკომპლექტებს მთავრობას, თუ არ აიღო ხმების 51%”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, დემოკრატიული მმართველობა ნიშნავს უმრავლესობის მმართველობას. ამ დროს, ახალი სისტემა უშვებს იმ შესაძლებლობას, რომ დაბალრეიტინგიანი პარტიების ჯამმა დააკომპლექტონ მთავრობა.

“ეს ძალიან ცუდია. მაგალითად, ერთმა პარტიამ 49% თუ აიღო, ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, სამაგიეროდ ამას გააკეთებენ 5-6%-იანი პარტიები. უმრავლესობის აზრი არ იქნება გათვალისწინებული მთავრობის დაკომპლექტებაში, ეს ხომ გაუგონარი რამ არის? ეს არ არის დემოკრატია, ეს არის დიქტატურა, ან კიდევ უარესი – ოხლოკრატია”, – განუცხადა Dalma News-ს ნანა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, დღეს, სწორედ ის ადამიანების ითხოვენ ბარიერის დაწევას, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ ბარიერის 7%-მდე აწევით პარლამენტი გააჯანსაღეს.

უფლებადამცველის შეფასებით, ამ ყველაფრიდან იკვეთება სურათი, რომ აშშ-ს საქართველოში აქვს არა იმის ინტერესი, რომ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს დაუჭიროს მხარი, არამედ მხარი დაუჭიროს თავის მორჩილ ჯგუფებს, ანუ საკუთარ აგენტურას. მეორე საკითხია, რამდენად ნიშნავს ეს ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვას?

როგორც ნანა კაკაბაძე აცხადებს, საქართველო პატარა ქვეყანაა და მასზე დიქტატის განხორციელება ძალიან ბევრ ქვეყანას უნდა, მათ შორის, შეერთებულ შტატებსაც.

“საქართველოში დიდი სახელმწიფოების ინტერესების კვეთა ყოველთვის იქნება და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. გვესმის, რომ პოლიტიკა ამას მოიაზრებს, მაგრამ ის, რომ საქართველოს ინტერესები გადავწიოთ მეასე ფლანგზე, ეს არ გამოადგება არც ერთ პარტიას, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. ოპოზიცია კი, დღეს მთლიანად არის მიკედლებული დასავლურ კონტროლზე, ამიტომაც აქვთ ნულს ქვემოთ რეიტინგი. მათ სიმართლის თქმა უჭირთ”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

რა მოხდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ, შეძლებს კი საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას?

დიმიტრი ლორთქიფანიძე

მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრს, პოლიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ამისთვის შესაფერი ფორმულა აქვს – კონსერვატორები + “ქართული ოცნება”. პოლიტიკოსის აზრით, დრო „ოცნების“ სასარგებლოდ არ მუშაობს და კონსერვატორულ ძალთა ერთიანი ფრონტის გარეშე გაუჭირდებათ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლა.

„ამას არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მომავალ პარლამენტში აღარ იქნება უმრავლესობა და უმცირესობა, იქნება უმრავლესობა და ოპოზიცია, ხოლო მესამე ძალა, რომელიც შევა პარლამენტში, ვეღარ იქნება დამოუკიდებლად მესამე, ის ავტომატურად უნდა გახდეს ან ოპოზიციის, ან უმრავლესობის წევრი. ასე, რომ თუ კონსერვატორულ ძალთა ერთობა პლატფორმის სახით პარლამენტში 10-12 %-ით შევა, ამ შემთხვევაში ეს მანდატები პირდაპირ დაემატება „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ კონსერვატორულ ძალთა ერთობა ვერ გახდება ნეოლიბერალური გეი-პარტიათა ერთობის დანამატი”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, კონსერვატორული ფრთა არის არა რომელიმე ერთი ორგანიზაცია, არამედ ძალიან ბევრი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთა იდეოლოგიურ პლატფორმაზე გაერთიანება შესაძლებელია.

პოლიტიკოსის აზრით, თუ კი 2012 წელს “ოცნებასთან” კოალიციაში მემარცხენეები, მემარჯვენეები, ლიბერალები და კონსერვატორები ერთად იყვნენ, რატომ არ შეიძლება, ახლა კონსერვატორულ ძალთა ერთობა ვიხილოთ “ქართულ ოცნებასთან” ერთად.

“ძალთა ასეთი კონფიგურაცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისგან გამონადენი 15 გეი-პარტიისთვის საბოლოო განაჩენი იქნება”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

გიორგი ქართველი