საქართველოს დედაქალაქში არსებული, არც თუ სახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობა, ბოლო ხანებში ფართო განხილვის საგნად იქცა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ გარემოს დაბინძურება იმ სამშენებლო ბუმის შედეგია, რომელიც თბილისში აქტიურად მიმდინარეობს, – იჩეხება ხეები, ნადგურდება მწვანე საფარი. ნაწილის აზრით, კი გარემოს დედაქალაქის ქუჩებში მომრავლებული, გაუმართავი ავტომობილები და უხარისხო საწვავი აბინძურებს.

თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, დედაქალაქის 2017 წლის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. თბილისის მერმა კახა კალაძემაც (მმართველ პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველო”), არჩევნებამდე Facebook-ის საკუთარ გვერდზე, რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქალაქგეგმარებისა და საცობების პრობლემების მოგვარებასთან ერთად, საკუთარი ხედვა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებითაც წარმოადგინა. კალაძე მხარს უჭერს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების აღდგენას, რომელიც 2003-2004 წლებში, წინა ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით გააუქმა.

კალაძის აზრით, დღეისათვის დედაქალაქში გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებს მშენებლობები და ტრანსპორტი, ამიტომ, უნდა ამოქმედდეს ავტომობილების ტექდათვალიერება და გამკაცრდეს სამშენებლო რეგულაციები, რათა განვითარდეს ისეთი წარმოება, რომელიც ეკოლოგიისთვის უსაფრთხო იქნება.

“თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარებაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, ეკოლოგიაა. არაფერი ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. ჩვენი მიზანია, მომავალი 4 წლის განმავლობაში თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდეს”, – აცხადებს კახი კალაძე.

ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების აღდგენას დადებითად აფასებენ როგორც ისინი, ვისაც ავტომობილი არ ჰყავს და იძულებულია სხვისი გაუმართავი ავტომობილის გამონაბოლქვი ისუნთქოს, ასევე, მძღოლებიც, რომლებსაც ურჩევნიათ, არც გარემო დააბინძურონ და თავადაც უსაფრთხოდ იგრძნონ თავი საკუთარი ავტომობილის მართვისას. მაგრამ, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ეს არ უნდა იქცეს, ვიღაცისთვის დამატებით შემოსავლის წყაროდ და მომსახურების ფასები სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს.

როგორც Dalma News-ს ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” წევრმა გიორგი ჩუტკერაშვილმა განუცხადა, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის მიხედვით, ვერც ერთი ავტომობილი ვერ გაივლის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას, თუ ისინი ვერ გაივლიან ე.წ. “კვამლზე შემოწმებას”, ანუ ავტომობილს არ ექნება კატალიზატორი.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA), მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას 3-ჯერ აღემატება.

“მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუქმება, მაშინდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯი იყო”, – აცხადებს ექსპერტი.

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით, ინტერნეტში პეტიციაც კი გავრცელდა, რომლის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურებამ უკვე საშიშ ზღვარს მიაღწია და საჭიროა ძველი, ვადაგასული და უხარისხო ავტომობილები ექსპლუატაციიდან ამოიღონ.

როგორც Dalma News-ს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ავტომრბოლელმა მევლუდ მელაძემ განუცხადა, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებელია და მისი შემოღება, პირველ რიგში, შსს-მ უნდა მოითხოვოს, რადგან საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სწორედ ეს სახელმწიფო უწყებაა.

მისი აზრით, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი პოტენციური ბომბია, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს უქმნის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, ტექდათვალიერების შემოღება აუცილებელია, ოღონდ ადამიანი, რომელიც ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებს, კვალიფიციური პროფესიონალი უნდა იყოს, რომელსაც ეცოდინება, კონკრეტული ავტომობილი როგორ უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.

გაზის სისტემაზე მომუშავე ავტომობილების უსაფრთხოების ხარისხის კონტროლს რაც შეეხება, ავტომრბოლელის განმარტებით, კარგად დამონტაჟებული გაზის სისტემა ბენზინის ავზზე უსაფრთხოა. ასეთი ავტომობილების საერთო ტექნიკური დათვალიერების დროს გაზის სისტემაც მოწმდება და ამგვარად, მძღოლი ფინანსურ რესურსს დაზოგავს.

ინტერნეტში გავრცელებულ პეტიციას მძღოლებიც გამოეხმაურნენ. მათი აზრით, ტექდათვალიერების შემოღება ის იძულებითი ნაბიჯია, რომელიც პირველ რიგში, დედაქალაქში და მთლიანად ქვეყანაში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობით არის ნაკარნახევი.

როგორც მძღოლები აცხადებენ, გარემოს უხარისხო საწვავი აბინძურებს, ამიტომ ხელისუფლებამ პირველ რიგში ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიები უნდა აიძულოს, საწვავის შემადგენლობაში ტყვიის შემცველობა შეამცირონ, ასევე, უნდა გაკონტროლდეს აქვს თუ არა ავტომობილს კატალიზატორი.

“საწვავში ტყვიის ამჟამინდელი შემცველობა, ერთი შეხედვით, მის ხარისხს აუმჯობესებს, მაგრამ, რეალურად, ეს ასე არ არის და ჩვენ ცუდ ბენზინს მოვიხმართ. ჯობს, 10 თეთრით მეტი გადავიხადოთ და ავტომობილებში ხარისხიანი ბენზინი ჩავასხათ. პარალელურად, ავტომობილების მფლობელებმა საკუთარ ავტომანქანებში კატალიზატორები უნდა დააყენონ. გერმანიაში შეძენილი ავტომობილების საქართველოში ტრანსპორტირებისას, მისი მფლობელები ავტომობილებს კატალიზატორებს აცლიან, თურქეთში ჰყიდიან და ამით ავტომობილის ჩამოყვანის ხარჯების ნაწილს ფარავენ”, – აცხადებს ავტომოყვარული.

მძღოლების აზრით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს და მოთხოვნები ეტაპობრივად გამკაცრდეს, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას, ეკონომიკური მდგომარეობა საშუალებას არ აძლევს, ტექდათვალიერების ევროპული სტანდარტს ერთბაშად მოერგონ.

“პირველ წელს, ვთქვათ, გამონაბოლქვი და მაშუქები გაკონტროლდეს, ხოლო შემდეგ მოთხოვნები ეტაპობრივად გამკაცრდება”, – აცხადებენ ავტომოყვარულები.

ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია ამზადებს. ეს ევროკავშირის ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაც არის. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ერთი წლის წინათ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა შეეძლო ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება აქვთ. რეფორმა, რომელიც ქვეყანას 30 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება გულისხმობს, ტექდათვალიერების მომსახურების ცენტრების ქვეყნის თითოეული რეგიონში განთავსებას. ტექნიკური ინსპექტირების ცენტრისთვის განკუთვნილი შენობა–ნაგებობის სათანადოდ აღჭურვას საჭირო ტექნიკითა და კვალიფიციური პერსონალით. რაც მთავარია, დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელმაც სრულად უნდა გამორიცხოს კორუფციული გარიგებების ალბათობა. ასევე, შემუშავდება რეკომენდაციები აირბალონით აღჭურვილი ავტომობილების კონტროლის სისტემების ინტეგრაციის შესახებ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა უნდა განისაზღვროს ავტომობილების ასაკისა და მარკის გათვალისწინებით, ხოლო ინსპექტირების ღირებულება, ბაზარზე არსებულ ფასთან მაქსიმალურად კონკურენტული იქნება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა 2017 წლის ბოლომდე, ქვეყნის ყველა რეგიონში სრულად უნდა გაიმართოს და დაახლოებით 1000–მდე სპეციალისტი მომზადდეს და დასაქმდეს. ხოლო სავალდებულო ტექინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

“ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას”, – აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი და დასძენს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობის შედეგია.

ექსპერტების ინფორმაციით, საქართველოს ავტოპარკის 90% აბსოლუტურად მოძველებულია. ავტომობილების უმეტესობის ექსპლუატაციის ასაკი 12 წელს გადაცილებულია. საქართველოს ქალაქებში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომლის დროსაც დაახლოებით 1000 რესპოდენტი გამოიკითხა, მათი უმეტესობა, 76% ტექდათვალიერების შემოღების მომხრეა.

შ. ქარჩავა Dalma News-თვის