მსოფლიო ისტორია მხოლოდ სხვადასხვაგვარი საერთაშორისო პროცესების საფუძველზე არ იქმნებოდა. ხშირად მას სხვადასხვა ერის წიაღიდან გამოსული ცნობილი ადამიანები ცვლიდნენ, რომელთა წვლილის გაუთვალისწინებლობა და დაუფასებლობა არ შეიძლება.

სომეხი ხალხის ღირსებად უნდა ჩაითვალოს ისიც,რომ მის რიგებში მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, გმირები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის სუსტი სქესის წარმომადგენლებიც იყვნენ. ამჯერად Dalma News იმ ათი სომეხი ქალის შესახებ მოგითხრობთ,რომლებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ.

 

წმინდა შუშან-ვარდენი

1. წმინდა შუშან-ვარდენი (409-475 წწ.)

შუშან-ვარდენი სომეხი სამხედრო მთავარსარდლის ვარდან მამიკონიანის ქალიშვილი იყო. იგი საქართველოშია დაკრძალული. საქართველოს მართლმადიდებლურმა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებმა შუშანიკი წმინდა მოწამედ შერაცხეს.

451 წლის ავარაირის ბრძოლის შემდეგ შუშანიკი ცოლად სამხრეთ ქართლის მმართველის ვაჟს ვარსქენს გაჰყვა, რომელიც მამის ტახტზე დაჯდა და პიტიახშის წოდება მიიღო. პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ვარსქენმა მეორე ცოლად სპარსეთის შაჰის ქალიშვილი მოიყვანა და ქრისტიანობა უარყო. შაჰს კი დაპირდა, რომ ცეცხლთაყვანისმცემლობას თავის პირველ ცოლს და შვილებსაც მიაღებინებდა. ამის შემდეგ ქრისტიანულ მცნებებზე გაზრდილი შუშანიკი ბოლომდე თავისი რწმენის ერთგული რჩება და ცურტავის ეკლესიაში მიდის. ცოლის დაუმორჩილებლობის გამო ვარსქენი შუშანს შვილებთან ურთიერთობას უკრძალავს.

ვარსქენი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შუშანიკიც ცეცხლთაყვანისმცემლობისკენ მოაქციოს. ამის გამო არც მის სასტიკ წამებას ერიდება, მაგრამ მიზანს ვერ აღწევს. შუშანიკის ცხოვრების ეს მონაკვეთი მასთან დაახლოებულმა ცურტავის მღვდელმა იაკობ უხუცესმა (ცურტაველმა) აღწერა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში “წამება წმიდისა შუშანიკისი დედოფლისა”. შუშანიკის წამება 6 წლის გამავლობაში გაგრძელდა, მე-7 წლის დასაწყისში კი გარდაიცვალა.

 

მუმთაზ მაჰალი

2. მუმთაზ მაჰალი (არჯუმანდ ბანუ ბეგუმი) (1593 – 1631წწ.)

საქართველოდან ინდოეთში გადავინაცვლოთ და ჩვენამდე მოღწეულ კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას გავეცნოთ. ინდოეთის ქალაქ აგრაში წამომართული ტაჯ-მაჰალის ხილვაზე ბევრი ოცნებობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის რატომ ჰქვია ამ შესანიშნავ არქიტექტურულ ნაგებობას სწორედ ტაჯ-მაჰალი. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, ტაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმანდ ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

აღსანიშნავია, რომ მუმთაზ მაჰალი წარმოშობით სომეხი იყო. იგი ინდოეთის სამეფო კარზე მომსახურე სომეხი აფაზ ხანის ქალიშვილი იყო. მისი ოჯახი ისლამური აღმსარებლობის იყო, ამიტომაც მუმთაზის ქალიშვილობის სახელია არჯუმანად ბანუ ბეგამი. შაჰ-ჯაჰალის მამამ – ჯაჰანგირმა რძალს სახელი შეუცვალა და მაჰალი, ანუ “სასახლის მშვენება” დაარქვა.

არჯუმანდ ბანუმ 19 წლის ასაკში 1612 წლის 10 მაისს უფლისწულ ხურამზე (მომავალ შაჰ ჯაჰანზე) იქორწინა. მუმთაზ მაჰალმა მეუღლეს 14 შვილი შესძინა და ნაბოლარა ქალიშვილის, გუჰარა ბეგუმის დაბადებას გადაჰყვა. ამბობდნენ, რომ შაჰ ჯაჰანი ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულ რამდენიმე წუთში გაჭაღარავდა. მსოფლიოს ულამაზესი ნაგებობა ტაჯ-მაჰალი მათი სიყვარულის ყველაზე ნათელი და თვალსაჩინო გამოხატულებაა. შენობა თეთრი მარმარილოთია ნაგები, რაც დედოფლის სიწმინდესა და სულიერ სათნოებას გამოხატავს.

საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შაჰ-ჯაჰანმა მთელს ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აკრძალული იყო ნებისმიერი დღესასწაულების აღნიშნა, ცეკვა და მუსიკა. მან ქალაქ აგრაში მარმარილოს მავზოლეუმის აგება ბრძანა, სადაც მუმთაზ მაჰალის ნეშტი დაკრძალეს. მშენებლობა 22 წელიწადს გაგრძელდა. შაჰ ჯაჰანს არ დასცალდა თავისი გეგმის განხორციელება- აეგო შავი მარმარილოს მავზოლეუმი თავისთვის. შაჰ ჯაჰანი ცოლის გვერდითაა დაკრძალული.

 

ანუშ ტერიანი

3.      ალენუშ ტერიანი (1920-2011წწ.)

ანუშ ტერიანი ირანის დედაქალაქ თეირანში დაიბადა. მისი მამა – წარმოშობით სომეხი, ახალი ჯულფადან. მიუხედავად იმისა, რომ ის მწერალი იყო, სიცოცხლის ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის “სეპანის” ბანკის დირექტორად მუშაობდა.

იმავდროულად, ახალგაზრდა ალენუში ასტრონომიას და ასტროფიზიკას იკვლევდა. იგი თეირანის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტში მზის ობსერვატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. თეირანში მას დამსახურებულად უწოდეს “ირანული ასტრონომიის დედა”, რადგანაც ალენუშ ტერიანი ირანში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პირველი ქალი პროფესორი იყო.

ა. ტერიანი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. მან საკუთარი თავი სწავლებას და კვლევას დაუთმო. მისი მოსწავლეები და თანამედროვეები ალენუშს დღესაც მზრუნველ პედაგოგად და ყველა სტუდენტისთვის პატივცემულ და საყვარელ ადამიანად მოიხსენიებენ.

აღსანიშნავია, რომ ალენუშ ტერიანმა თავისი სახლი ახაკუ ჯულფის სომხურ სათვისტომოს უანდერძა, რათა ღარიბ სტუდენტებს საერთო საცხოვრებელი ჰქონდეთ. თავად კი მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

 

ანაიტ აგაბეკიანი

4. დიანა აბგარი (ანაიტ აგაბეკიანი) (1859-1937 წწ.).

სომეხი წარმოშობის მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე დიანა აბგარი დასავლეთ ინდოეთში ბრიტანულ კოლონია ბირმას დედაქალაქ რანგუნში დაიბადა. იგი პირველი ქალის მსოფლიო ისტორიაში, რომელიც კონსულად დაინიშნა.

1919-1920 წლებში აბგარი იაპონიასა და ახლო აღმოსავლეთში სომხეთის პირველი რესპუბლიკის ელჩად დაინიშნა. როგორც ელჩის თანამედროვეები იხსენებდნენ, იგი იმდენად ლამაზი, მიმზიდველი და შთამბეჭდავი იყო, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე დარბაზში შესვლისას ყველა ფეხზე დგებოდა.

დიანა აბგარის ქალიშვილობის სახელი ანაიტ აგაბეკიანი იყო. 1890 წელს იგი ჰონგკონგში მიხეილ აბგარიანს (მაიკლ აბგარს) გაჰყვა ცოლად და მას შემდეგ დიანა გააბრაგდა.

დიანა აბგარმა სერიოზული წერილობითი მემკვიდრეობა დატოვა, მათ შორის წიგნები, პოემები და წერილები. მისი კალამი ყოველთვის კეთილ საქმეს ემსახურებოდა, აშუქებდა უსამართლობას და უბედურებას, რომელიც მის თანამემამულეებს ატყდებოდათ თავს. აღსანიშნავია, რომ დიანა აბგარი თავის ნაწარმოებებში საუბრობდა ადამიანის უფლებებზე და იმაზე, რომ ქალებს სახელმწიფო სამსახურში სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობის უფლება აქვთ.

 

ზაბელ ესაიანი

5. ზაბელ ესაიან (1878 – 1943 წწ.).

მსოფლიო ისტორიისთვის ცნობილი ყველაზე მამაცი სომეხი ქალების ხუთეულშია მწერალი, თარჯიმანი, პუბლიცისტი ზაბელ ესაიანი – ქალის უფლებების ნამდვილი დამცველი.

ერთ-ერთ ამერიკულ პერიოდულ გამოცემაში მის შესახებ წერია: “ზაბელ ესაიანი არის მაგალითი იმ ბრწყინვალე ქალბატონისა, რომელიც იმ დროში ცხოვრობდა, როდესაც გონება და ნებისყოფა ადამიანის ყველაზე საშიში თვისებები იყო”.

ზაბელ ესაიანი კონსტანტინეპოლში დაიბადა. მამამისის ცოდნის და რწმენის ძალის წყალობით მან შესანიშნავი განათლება მიიღო, რაც მაშინდელი გოგონებისთვის დიდი იშვიათობა იყო. სკიუტარის წმინდა ჯვრის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ზაბელი პარიზში გაემგზავრა და სორბონესა და დე ფრანსის კოლეჯში ლიტერატურის და ფილოსოფიის კურსები გაიარა.

ამის შემდეგ იგი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა და კილიკია მოინახულა. მან სრულად აღწერა ის მოვლენები რაც იქ იმ დროს მოხდა.

ზაბელს უსამართლობაზე თვალის დახუჭვა არ შეეძლო. იგი ყოველთვის ღირსებას და სიმართლეს იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ 1915 წელს იგი სერიოზულ აგრესიას უმკლავდება და თავშესაფარს ჯერ ბულგარეთში, შემდეგ საქართველოში, ტფილისში ნახულობს. 1936 წელს საბჭოთა სომხეთში ზაბელ ესაიანი სტალინური რეპრესიის მსხვერპლი გახდა. მისი გარდაცვალების გარემოებები დღემდე უცნობია.

 

ანიტა კონტი

6. ანიტა კონტი (ანიტა კარაგოშიანი) (1899 – 1997 წწ.).

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს ოკეანე არ ესაზღვრება, სომხური წარმოშობის ანიტა კონტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ოკეანეთმცოდნეობაში. საფრანგეთში ცნობილი ბუნებათმცოდნე, ფოტოგრაფი ანიტა კონტი ანიტა კარაგოშიანი იყო.

1993 წელს ანიტა სამი თვით არქტიკაში გაემგზავრა მეთევზეთა გემ “ვიკინგთან” ერთად. ამ მოგზაურობის დროს ანიტამ დაასკვნა, რომ ოკეანეში თევზჭერის ბოროტად გამოყენება საკმაოდ მძიმე შედეგებს გამოიწვევს. 1941-1943 წლებში მეთევზეთა გემთან ერთად აფრიკაში გაემგზავრა, სადაც საფრანგეთის გემთმშენებლობის სამმართველოს დავალებით უნდა შეეგროვებინა ინფორმაცია თევზჭერის მეთოდების შესახებ, შეედგინა რუკა და აღეწერა თევზების ახალი სახეობები.

ანიტა კონტის კვლევითი სამუშაოების მთავარი მიზანი ქალაქის პირობებში სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობის საკვებად გამოსადეგი თევზეულის მარაგის მოძიება იყო. ანიტა კონტი 99 წლის ასაკში, შობის ღამეს საფრანგეთის ქალაქ დუარნეში გარდაიცვალა. მისი ნეშტი, მისივე ანდერძის თანახმად, ხმელთაშუა ზღვაში გაფანტეს.

 

ზარუი კავალჯიანი

7. ზარუი კავალჯიანი (1877 – 1969 წწ.).

თურქეთში პირველი ქალი – ექიმი სომხური წარმოშობის ზარუი კავალჯიანი იყო. იგი ქალაქ ადაპაზარში დაიბადა. მისმა მამამ – სერობ კავალჯიანმა 1875 წელს ბოსტონის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ექიმად ადაპაზარსა და იზმირში მუშაობდა.

1898 წელს ზარუიმ ადაპაზარის ამერიკული ქალთა კოლეჯი დაამთავრა და იმავე წელს გაემგზავრა აშშ-ში, რადგანაც ოსმალურ იმპერიაში ქალებს მედიცინის შესწავლა ეკრძალებოდათ. 1903 წელს კავალჯიანმა ჩიკაგოში ილინოისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ ადაპაზარში დაბრუნდა და გარკვეული დროის განმავლობაში მამასთან ერთად იმუშავა. იმავდროულად ქალთა კლეჯში ბიოლოგიას ასწავლიდა.

პირველი მსოფლიო ომის წლებში კავალჯიანი აქტიურად მონაწილეობდა ორგანიზაციაში, რომელიც ომში დაჭრილ და დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნავდა. მოგვიანებით იგი სტამბულში გადავიდა. პარალელურად ზარუი უსკიუდარის ამერიკულ ქალთა კოლეჯში პედაგოგად მუშაობას განაგრძობდა, სადაც ექიმ კავალად დაიმკვიდრა სახელი.

 

ანა ტერ-ვარდანიანი

8. ანა ტერ-ვარდანიანი (1920-2011 წწ.).

მსოფლიო ისტორიაში არც თუ ბევრია სუსტი სქესის წარმომადგენელი, რომელიც სამხედრო საკითხებში ტოლს არ უდებს მამაკაცებს. ერთ-ერთი ასეთია ანა ტერ-ვარდანიანი – აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების გემის მთავარი სერჟანტი. ეს წოდება მან 1959 წელს მოიპოვა ნიუ-პორტის (როდ აილენდი) სამხედრო-საზღვაო კოლეჯში და პირველი ქალი გახდა, რომელიც Е-9-ის წოდებით შეიარაღებლ ძალებში მსახურობდა.

საინტერესოა, რომ ტერ-ვარდანიანის მთელი ოჯახი სამხედრო საქმით იყო დაკავებული. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სამხედრო რიგებში ანა მოხალისედ ჩაეწერა, მისი და – ჯინ ოლივერი ამერიკულ ფლოტში მსახურობდა, ძმა – ენდრიუ – შეიარაღებული ძალების წყნარი ოკეანის ნაწილში. მათი დედა კი – წითელ ჯვარში.

სამხედრო-საზღვაო ძალებში კარიერის დასრულების შემდეგ ტერ-ვარდანიანმა მუშაობა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში დაიწყო, სადაც პენსიაზე გასვლამდე დარჩა. ისტორიაში იგი ჩაიწერა როგორც სამაგალითო სამხედრო მოსამსახურე ქალი, რომელმაც აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში სამუშაოდ კარი ქალებსაც გაუღო.

 

გოარ ვარდანიანი

9. გოარ ვარდანიანი (1926 წ.).

ისტორიის ფურცლებზე თავისი სახელი სამუდამოდ უკვდავყო ცნობილმა საბჭოთა იატაკქვეშა მზვერავმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ვეტერანმა გოარ ვარდანიანმა. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში თავისი მომავალი მეუღლის და თანამებრძოლის, გევორქ ვარდანიანის ანტიფაშისტურ ჯგუფს შეუერთდა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაცია, რომელშიც ვარდანიანი მონაწილეობდა და რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, არის 1943 წელს თეირანის კონფერენციის მონაწილეებზე – სტალინზე, რუზველტსა და ჩერჩილზე დაგეგმილი თავდასხმის თავიდან აცილება. თავდასხმა განსაკუთრებული ჰიტლერული დაჯგუფების დაგეგმილი იყო.

გოარ და გევორქ ვარდანიანები ოპერატიული ფსევდონიმებით – “ანიტა” და “ანრი” წარმატებით მუშაობდნენ მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყნის იატაკქვეშა დაზვერვაში. სპეციალისტების აზრით, მათი მუშაობის შედეგები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს გასაჯაროვდება. გოარ ვარდანიანი წითელი ვარსკვლავით, მეორე მსოფლიო ომის მეორე ხარისხის ორდენით და სხვა ბევრი მედლით არის დაჯილდოვებული.

 

დეიმ საიან სრბუი ილიასი

10. დეიმ საიან სრბუი ილაიას (1949 წ.).

როგორც ჩანს, პირველობის სულისკვეთება სომხებისთვისაც დამახასიათებელია. უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი პრეზიდენტი სომეხი წარმოშობისაა.

ახალ ზელანდიაში გადაწყვიტეს, რომ სამეფო ადვოკატის თანამდებობაზე არჩეული ორი ქალბატონიდან ერთ-ერთი – დეიმ საიან სრბუი ილიასი, რომელიც ადგილობრივი ხალხის მაიორის უფლებებს აქტიურად იცავდა, უზენაესი მოსამართლე უნდა გამხდარიყო. ახალი ზელანდიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ძირითადი ვალდებულება ის არის, რომ ქვეყნის გენერალ-გუბერნატორი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბედ მეორე ნიშნავს, ავადმყოფობის, ან სხვა აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეცვალოს.

ახალ ზელანდიაში პოპულარული გამოცემა “New Zealand Herald” დეიმ საიან სრბუი ილიასის შესახებ წერს: “თუკი არსებობს ხასიათის ის თვისება, რომელსაც მის სანაცნობო წრეში ვერავინ უარყოფს, ეს არის თავშეკავება და ზრდილობა, რომელსაც ნებისმიერ ვითარებაში, მწვავე კრიტიკის დროსაც კი ავლენს”.

მოამზადა აიკ სამსონიანმა