10 ივლისს არენისა და განძაკის თემის რუსული ენისა და კულტურის ცენტრების სტუდენტებმა გამართეს ღონისძიებები, რომელიც „ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღეს“ მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ინიციატივით, 2008 წლიდან ყოველწლიურად, 8 ივლისს რუსეთში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე აღინიშნება. დღესასწაულს აქვს თავისი ჯილდოც, ძალიან ნაზი სიმბოლო – გვირილა, რომლითაც 8 ივლისს ადამიანებს აჯილდოვებენ. დღესასწაულის იდეა რამდენიმე წლის წინ, ქალაქ მურომში გაჩნდა.

არენის საზოგადოებრივი ცენტრის უმცროსი ასაკის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები ოჯახის თემაზე. უფროსი ასაკის მოსწავლეებმა კი, ლექსები წაიკითხეს. მათ ასევე წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული გვირილა (დღესასწაულის სიმბოლო), რომლის გვირგვინის ფურცლებზე დაწერეს ის, თუ რას ნიშნავს მათთვის ოჯახი. ბავშვებმა ასევე გამოფინეს მათ მიერ მომზადებული მასალები თემებზე – „რა არის ოჯახი?“ და “ჩემი ოჯახი”.

ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება განძაკის საზოგადოებრივი ცენტრის მოსწავლეებმაც გამართეს. მცირე ჯგუფის თითოეულმა მოსწავლემ საკუთარ ოჯახზე ისაუბრა: ვინ ცხოვრობს მათ ოჯახში, რას აკეთებს, როგორ ატარებს ოჯახი თავისუფალ დროს და ა.შ. მათ ასევე საოჯახო ფოტოებიც წარმოადგინეს.

საშუალო ასაკის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ოჯახზე, ხოლო მოზრდილთა ჯგუფმა თავად დღესასწაულის ისტორიაზე, მის წარმოშობაზე, სიმბოლოებსა და გზავნილზე ისაუბრა.

Dalma News შეგახსენებთ, რომ რუსული ენისა და კულტურის ცენტრები კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებია, რომლებიც მიზნად ისახავს რუსული ენის შესწავლისთვის შესაბამისი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნას, ენის ისტორიისა და კულტურის წარმოჩენას და სხვა ქვეყნებში მისი გამოყენების ფარგლების გაფართოებას. ეს არის მრავალფუნქციური საგანმანათლებლო და სოციალურ-კულტურული გარემო რუსეთის კულტურის, მეცნიერების, მემკვიდრეობისა და ორი ქვეყნის: რუსეთისა და სომხეთის მეგობრობის ისტორიის გასაცნობად.

თითოეულმა ახლად გახსნილმა ცენტრმა გახსნისთანავე მიიღო საკუთარი თემატური სახელწოდება. ესენია: „სივრცე“, „ლიტერატურა“ და „ხელოვნება“. ბავშვების სასწავლო პროგრამა მდიდარია, მოიცავს გაკვეთილებს, ექსპერტებთან შეხვედრებს, ექსკურსიებს, ასევე ფილმებისა და მულტფილმების ჩვენებას. ამ ინიციატივას დიდი მნიშვნელობა აქვს პატარა სოფლებისთვის. სამომავლოდ კი ქსელის გაფართოება იგეგმება.