სომხეთი და საქართველო მზად არიან გადაჭრან ერთ-ერთი ურთულესი ამოცანა — პარტნიორული ურთიერთობების სტრატეგიულ დონემდე აყვანა. მრავლად არსებული გარე ფაქტორის მიუხედავად, ორმხრივი თანამშრომლობისთვის სტრატეგიული ხასიათის მინიჭებისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. კერძოდ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე მაღალი დონის დიალოგს დაიწყებენ. ოფიციალურად სომხეთი და საქართველო სტრატეგიული მოკავშირეები არ არიან, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ორივე ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბეს თავიანთი პოზიციები: ორმხრივი თანამშრომლობის პრაქტიკაში გაფართოება და გაღრმავება, ასევე მისი დონის ამაღლება.

სტრატეგიული გზა რამდენიმე წელიწადში

ერევანი 2019 წლიდან სთავაზობს თბილისს ურთიერთობების გაღრმავებას და სტრატეგიულ დონეზე გადასვლას. ჯერ კიდევ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის დროს, სომხეთის მთავრობის მეთაურთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთად შემუშავდა არაფორმალური შეხვედრების ფორმატი, რაც ფაქტობრივად, ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. 2021 წელს სომხურმა მხარემ საქართველოს მიმართ ზრახვები მთავრობის ხუთწლიან პროგრამაში გააძლიერა.

ერევანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას განაგრძობს, ხოლო თბილისთან კომუნიკაციური კავშირების გაუმჯობესებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. პარალელურად, გეგმავს კავშირების გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საკომუნიკაციო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ტურისტულ სფეროებში.

პეტრე მამრაძე

საქართველოს პრეზიდენტის აპარატის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე მიესალმება ორივე ქვეყნის მთავრობის მეთაურების განზრახვას. მისი თქმით, ერევანსა და თბილისს ამ კუთხით ყველაზე ხელსაყრელი ატმოსფერო შეექმნა, რადგან ამაზე გავლენა იქონია საგარეო პოლიტიკურმა ფონმა, რეგიონულმა კონიუნქტურამ და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სტატუს კვოს ცვლილებამ.

”ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ურთიერთქმედების სტრატეგიულ ბუნებაზე საუბარი ამ ეტაპზე ჯერ ნაადრევია”, – განაცხადა პეტრე მამრაძემ Sputnik-სომხეთთან ინტერვიუში.

ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული სიღრმე მხარეებს საშუალებას მისცემს განავითარონ გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური კურსი და საკითხები უფრო მაღალ დონეზე გადაწყვიტონ.

პროექტების გათანაბრება?

ბათუმში პრემიერ-მინისტრებმა პროექტების სინქრონიზაციაზე ისაუბრეს. ისინი ასევე პირისპირ შეხდნენ ერთმანეთს, რათა ორმხრივი ინტერესების საკითხებზე გარკვეული შეთანხმებისთვის მიეღწიათ, – განაცხადა ექსპერტმა, საქართველოს საკითხებში, ჯონი მელიქიანმა, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული დიალოგის დაწყების მნიშვნელობას, როგორც ურთიერთქმედების განვითარებისა და მისი დონის ამაღლების ერთ-ერთ ნაბიჯს.

ჯონი მელიქიანი

“ერევანსა და თბილისს რაც შეიძლება მეტი სავაჭრო, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტის ინიციირება და განხორციელება სჭირდებათ. სწორედ ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა ბაქოსთან და ანკარასთან თბილისის ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე გადასვლა. ორივე ქვეყანაში არსებობს არა მხოლოდ ურთიერთგაგება სტრატეგიულ საკითხებზე დიალოგის დაწყების თაობაზე, არამედ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობის აღქმა, სტრატეგიული დონის მიღწევასთან ერთად. ასევე არსებობს შესაბამისი განზრახვა და მზადყოფნა”, – განაცხადა მელიქიანმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად შეიძლება ვისაუბროთ ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, საკომუნიკაციო, სავაჭრო და ეკონომიკური პროექტების გააქტიურებაზე და ტურიზმისა და სხვა ინდუსტრიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

მელიქიანის მოსაზრებითა, ერევანსა და თბილისს აქამდე ხელს უშლიდა ქვეყნების სხვადასხვა ეკონომიკური გაერთიანებების და უსაფრთხოების ფორმატების წევრობა. ორივე დედაქალაქში, გეოპოლიტიკური პროცესების, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების, უკრაინაში შექმნილი ვითარების და მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, რეგიონში არსებული სტატუს კვოს ფონზე, ორმხრივი ურთიერთობების არქიტექტურის გადახედვის ტენდენცია შეინიშნება.

ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი

“თბილისში უკვე ხვდებიან, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი დაირღვა, ბაქო ომის შედეგად გაძლიერდა, გაიზარდა თურქეთის გავლენა, რამაც გარკვეულწილად გაზარდა წნეხი საქართველოზე. ამ მიზეზით, რამდენიმე წლის წინ, სომხეთის მხრიდან გამოთქმულმა იდეებმა და მიდგომებმა, მეზობელ საქართველოში საბოლოოდ პოვა გამოხმაურება”, – დასძინა მელიქიანმა.