Гия Жоржолиани

საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა ნელ-ნელა მცირდება. პოლიტიკური მოსაზრების გამო, თუ ეკონომიკური პოლიტიკის საბაბით, ცალკეული ფრაქციები ტოვებენ უმრავლესობის რიგებს. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ძალთა ხელოვნური გადანაწილება მიმდინარეობს, რათა იმ დრომდე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპირწონედ “დამაჯერებელი” ოპოზიციური ძალა ჩამოყალიბდეს. რომ “ქართულ ოცნებაზე” განაწყენებულმა ამომრჩეველი უკიდურესობაში არ ჩავარდეს და ისევ ნაციონალებს არ მისცეს ხმა. ზოგი კი ამბობს, რომ ამ შეთქმულებას მოკლევადიანი სტრატეგია აქვს და საპარლამენტო უმცირესობის დაშლას ისახავს მიზნად. Dalma News-ი პარლამენტის დეპუტატს, ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანს ესაუბრა. ის უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია იყო, მაგრამ დღეს პარტნიორებად “პატრიოტთა ალიანსს” განიხილავენ.

გია ჟორჟოლიანი

– არსებობს ვერსია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დაშლის პროცესი ხელოვნურია და ის უმცირესობის დაშლას ისახავს მიზნად. თქვენი მოსაზრება როგორია?

– უმცირესობა არის პოლიტიკური ფენომენი. მანქანა კი არ არის, რომელიც უმცირესობის ლიდერს ჰყავს. ყველა ქვეყანაში უმცირესობა ნიშნავს იმას, რომ ერთ მხარეს არის უმრავლესობა, რომელიც მართავს, მეორე მხარეს კი დანარჩენი ოპოზიცია ერთად. უმცირესობა ჩვენთან არის ოპოზიციაში მყოფი ყველაზე ხალხმრავალი და ძლიერი ჯგუფი, რომლის შემადგენლობა უმრავლესობის ნახევარი უნდა იყოს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ “ევროპული საქართველო” სულაც არ არის ყველაზე უფრო ძლიერი ოპოზიციური ჯგუფი. ასეთი კვლავ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, რომლის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში 4-ჯერ მეტი ხმა აიღო. ამიტომ პოლიტიკური შინაარსით ის უფრო არის ოპოზიციაში წამყვანი, ვიდრე “ევროპული საქართველო”. ამ დროს, საპარლამენტო უმცირესობას “ევროპული საქართველო” წარმოადგენს, რაც არის პარლამენტში ამ განხეთქილების შედეგი. თვითონ უმცირესობა არაფერს წარმოადგენს. “ევროპულ საქართველოს” პარლამენტში 3 ფრაქცია ყავს, თითოს 10 წუთი ყოველთვის აქვს სალაპარაკოდ. ასე, რომ ვინმეს ეს 15 წუთი დიდი რამე თუ ჰგონია და შეთქმულებაზე საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ აქვს იმ საკითხზე, რის შესახებაც ლაპარაკობს. რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს პარლამენტში უმცირესობის დაშლას.

– მაგრამ ფაქტია, რომ “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა ეშლება. თქვენმა ფრაქციამ რატომ დატოვა უმრავლესობა?

– ჩვენი, ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” პოზიცია ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით თანხვედრაში არ მოვიდა მმართველი გუნდის ხედვასთან. ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას ჩვენი წინადადებები. ეს ეხებოდა სამართლიან საგადასახადო სისტემას, ახალ საპენსიო სისტემას რისთვისაც ბიუჯეტში 360 მლნ ლარის დამატებას ვითხოვდით, ასევე ეკონომიკური და განათლების პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებს. ჩვენი წინადადებები  2019 წლის ბიუჯეტში უნდა ასახულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ბიუჯეტი მივიღეთ დეკემბრის ბოლოს. ამას წინ უძღოდა საპრეზიდენტო არჩევნები და მაშინ საჭიროდ მივიჩნიეთ მმართველი გუნდის გვერდით ყოფნა. ვმონაწილეობდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში.

ჩვენი ინიციატივები ნიშნავს სხვანაირ სახელმწიფოს აშენებას, სხვანაირ ცხოვრებას, სოციალურ მდგომარეობას და ა.შ. გვინდა, “ქართულ ოცნებასა” და სოციალ-დემოკრატებს შორის ეს განსხვავება ხალხმა ნათლად დაინახოს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა, სხვა პოლიტიკურ ოპოზიციას ალტერნატივა აქვს. მათი მთავარია საზრუნავია, როგორი იქნება საარჩევნო სისტემა. ის კი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ფუნდამენტური განსხვავება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება ადრეც გვქონდა მიღებული. დანარჩენი დეპუტატების უკმაყოფილება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას უკავშირდება. სასამართლოს ნაწილშიც განსხვავებული პოზიცია გვქონდა. ეს განსხვავებულობა დარჩენილ უმრავლესობაშიც არის. იქ არიან დეპუტატები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე, მოსამართლეების უვადო დანიშვნა არ უნდა განხორციელდეს.

– რატომ შეაჩერეთ არჩევანი “პატრიოტთა ალიანსზე”, შესაძლებელია თქვენი და მათი პლატფორმა თანხვედრაში მოვიდეს?

– სხვადასხვა პარტიის წევრების ერთ ფრაქციაში გაწევრიანება, საპარლამენტო საქმიანობის ფორმატია. მაგალითად “მრეწველთა” ფრაქციაში არიან “ქართული ოცნების” წევრები, ისევე როგორც ჩვენს ფრაქციაში იყვნენ “ოცნების” დეპუტატები. რაც შეეხება პლატფორმას, ფრაქციას დაერქმევა “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”, რაც ასახავს იმას, რომ ამ ფრაქციაში 2 ხედვა არის წარმოდგენილი. ჩვენს პლატფორმას შევინარჩუნებთ ჩვენც და ისინიც. შეხების წერტილები ჩვენ აქამდეც გვქონდა. მაგალითად “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის შეფასებაზე.

ჩვენი პოზიციები სრულად ემთხვეოდა ერთმანეთს. ასევე, მოსამართლეთა უვადო დანიშვნაზე. უფრო სიღრმისეულად თუ შევხედავთ, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია საშუალო, დაბალ საშუალო და საერთოდ დაბალშემოსავლიან ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითია თანასწორობის პრინციპი. ზოგადად თანასწორობა სოლიდარობას, ერთმანეთის თანადგომას უკავშირდება. ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია პატრიოტიზმთან. პატრიოტიზმი მხოლოდ წარსულის განდიდებაზე თუ არის  ორიენტირებულია, ასეთი პატრიოტიზმი არის მანიპულაციური პატრიოტიზმი, ხოლო ის პატრიოტიზმი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრებიც  იზიარებენ, არის მიმართული დღევანდელობაზეც და მომავალზეც. ჩვენ ვეყრდნობით საერთო წარსულს, ეროვნულ ღირებულებებს, გვაქვს კულტურული კონსერვატიზმი. თანამედროვე სამყაროში ჩვენს ფესვებზე დაყრდნობით გვინდა ჩვენი ხალხის წინსვლა. ეს არის ის, რაც ჩვენ გაგვაერთიანებს – სოციალური საკითხები, პატრიოტიზმი. შესაძლოა შეხების წერტილები მოინახოს ეკონომიკურ პოლიტიკაშიც. საპარლამენტო ფორმატი არ გულისხმობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა არც ეს არის გამორიცხული.

– პარლამენტის გარეთ თქვენი პარტია დამოუკიდებლად აპირებს ბრძოლას 2020 წლის არჩევნებისთვის?

– ჩვენთვის გადამწყვეტია შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა და ამისთვის ვირჩევთ დამოუკიდებელი ბრძოლის გზას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რამდენიმე საზოგადოებრივ გაერთიანებასთან. წარმოვაჩენთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არ არიან, მაგრამ საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ თავიანთ სფეროებში, რეგიონებში. განვაგრძობთ შეხვედრებს რეგიონებში. რეგრესულია ჩვენი საგადასახადო სისტემა, უფრო მეტს იხდიან ჩვენი ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც ნაკლებ შემოსავალს იღებენ. განსხვავებები გვაქვს განათლების პოლიტიკაშიც. ჩვენი უპირობო პრიორიტეტია, არა ზოგადი ლაპარაკი განათლების სიკეთეზე, არამედ იმაზე, თუ რომელ სფეროებში განათლებულობა სჭირდება დღეს ჩვენ ეკონომიკას. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ითრევს განათლების განვითარებას. ეკონომიკა აჩენს მოთხოვნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანების, ინდუსტრიის მხარდაჭერა. დასაქმების ძირითადი სფერო დღეს არის სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი. ძალიან დიდი ცვლილებებია საჭირო თვითმმართველობაში.

– სხვა პარტიებთან ითანამშრომლებთ?

– ვითანამშრომლებთ ყველასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” გარდა. ჩვენი დევიზია, – ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენთანაა. საქართველოში უნდა შეიცვალოს პოლიტიკა – მტერი-მეგობარი.

– უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას როგორ შეაფასებთ?

– მე ამას უფრო ვუწოდებდი პერსონიფიცირებულ დაპირისპირებას, ან რაღაც მენეჯმენტი არ არის სწორი. უმრავლესობაში სიღრმისეული პრობლემებია. არ არის ერთიანი ხედვა, ერთიანი პლატფორმა. “ქართულმა ოცნებამ” ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პოზიციები, თუ უნდა რომ მომავალში განაგრძოს არსებობა, როგორც ერთიანმა ორგანიზაციამ.

– საგარეო პოლიტიკის ნაწილში თუ ემთხვევა თქვენი პოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” ხედვას?

– ჩვენი მიმართულებაა ევროპული ორიენტაცია. ევროკავშირში გაერთიანება უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირად მიგვაჩნია, თუმცა ამის პერსპექტივას მალე ვერ ვხედავ.  თვითონ ევროკავშირშია პრობლემები. მან გამოწვევებს თავი უნდა გაართვას და რაღაცნაირად ტრანსფორმირდეს. ყველა შემთხვევაში, ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საინტერესოა და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს. არ მგონია, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ამ ხედვის წინააღმდეგი იყოს. რამდენადაც მქონია მათთან საუბარი, იზიარებენ ამ მიმართულებას.

– რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს…

– მგონია, რომ ის პოლიტიკა, რასაც ჩვენი მთავრობა დღეს ატარებს, მისი ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკაა. პრაგმატული ურთიერთობების ფარგლებში, სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ, მეტ-ნაკლებ სტაბილურობას ვინარჩუნებთ რეგიონის ფარგლებში. ასეთი პრაგმატული ურთიერთობები მიგვაჩნია სწორად და ამაში ვიზიარებთ ჩვენი მთავრობის პოლიტიკას. არ გვაქვს იმის იმედი, რომ რუსეთთან ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გარეშე დავალაგებთ. მგონია, რომ ეს მცდარი მოლოდინია.

– რუსეთთან პირდაპირ დიალოგს გამორიცხავთ?

– ამის რეალურ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, აქედან ვერავითარ შედეგებს ვერ მივიღებთ. რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებს, მათთან საუბარი მიგვაჩნია არსებითად და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. ჩვენ გვაქვს უკვე გარკვეული ურთიერთობები, სამთავრობო დონეზე გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ და მგონია, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ. რუსეთის ფაქტორის მოხსნა ასე ადვილი არ არის, ეს ხალხი მიეჩვია ჩვენს გარეშე ცხოვრებას. წლები გავიდა, თაობა შეიცვალა, ისინი სხვა სახელმწიფოში მიეჩვივნენ ცხოვრებას. მაგრამ ჩვენთვის ეს არის ძალიან არსებითი, არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ იმ ხალხის გამო, რომლებიც ჩვენი ძმები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამიტომ მათ უნდა ესაუბრო მეგობრულად და არა მტრულად.

– როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების რეგიონულ პოლიტიკას?

– სამწუხაროდ ხშირად, არ კეთდება ვითარების ანალიზი ფართო კონტექსტში. სინამდვილეში ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც არაპროგნოზირებადია მომავალი სამყარო. ყველაზე გავლენიანი ქვეყანა ჩვენს რეგიონში არის აშშ. რუსეთის შესაძლებლობები უფრო ვიწროა. ახალი მზარდი გეოპოლიტიკური ფაქტორი ჩინეთია. იმედია ევროკავშირი დაძლევს თავის პრობლემებს და იქნება ერთ-ერთი ძლიერი ფიგურანტი ამ რეგიონში. ამ ვითარებაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ და გააზრებულად უნდა ვაწარმოოთ ძალიან ფრთხილი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სტაბილურობა, როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში.

მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას, როდესაც ის შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ერთობლივი მიმართულებების შემუშავება შესთავაზა. პრეზიდენტის მიერ საგარეო მიმართულებით რა ნაბიჯებიც გადაიდგა, ძალიან კარგ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ პოლიტიკაში.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი