კოსტიუმები მართლაც რომ მორგებულია. მხოლოდ ისინი მანეკენებს აცვიათ და თან მინიატურულია. თბილისის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, 2019 წლის 12 თებერვალს, გამოფენა “ქალები კავკასიიდან – ასმათ საღირიძის სამყარო” გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ჩეჩენი, ინგუში, დაღესტნელი, ჩერქეზი, ადიღელი, ყარაბახელი, აფხაზი, ოსი ქალების მინიატურული სამოსელი.

პირველი შთაბეჭდილება გარეგნობით იქმნება

თითოეული ჩვენი ჰობის, მისწრაფების ფესვები ბავშვობიდან იწყება. “სწორედ იქ არის ათვლის წერტილი”, – ამბობს ასმათ საღირიძე. ის წარმოშობით თუშეთიდან არის. ამ მხარის შესახებ ისეთი სინაზით ყვება, თითქოს მას ხელით ეფერება. თუშური სამოსელიანი თოჯინაც განსაკუთრებული აქვს. როგორც ასმათი ყვება, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ერთ-ერთ ადგილობრივ რელიგიურ დღესასწაულ ლაშარობაში მონაწილეობდა. მთიელი ხალხი ამ დღესასწაულს წმინდა გიორგის თაყვანისცემას უკავშირებს და მას ძირითადად თუშები და ფშავები აღნიშნავენ. 10 წლის გოგონასთან სტუმრად დაღესტნელი და ჩეჩენი მეზობლები მივიდნენ. ბავშვის მეხსიერებაში მკაფიო კვალი დატოვა მათმა ეროვნულმა სამოსმა. წლების შემდეგ ასმათმა ეთნოგრაფია შეისწავლა და კავკასიის ხალხთა ცხოვრების წესის, ტრადიციების და მორალის კვლევას მიჰყო ხელი. უკვე 20 წელია, ასმათი კავკასიის რეგიონში მცხოვრები ხალხების კოსტიუმებზე მუშაობს. მუზეუმში წარმოდგენილი კოლექციის შექმნა ასმათმა 10 წლის წინ დაიწყო. როგორც თავად ამბობს, კავკასიური მრავალფეროვნებიდან ყველაზე უფრო დაღესტანი ხიბლავს.

დაღესტანი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მულტიკულტურული რეგიონია. რეგიონში 14 სახელმწიფო ენაა. შესაბამისად, ეროვნული სამოსის მრავალფეროვნებაა და საინტერესო სწორედ ის არის, რომ ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. სამოსი – ეს არის საიდენტიფიკაციო კოდი. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი: პირველი შთაბეჭდილება გარეგნობით იქმნებაო. ერთი შეხედვით შეგიძლია მიხვდე გემოვნების ქონა, თუ არქონა. სამოსი პიროვნების სოციალურ სტატუსსა და რელიგიურ კუთვნილებაზე მეტყველებს. კოსტიუმის ნიუანსების მიხედვით იმის გარკვევაც კი შესაძლებელია, რომელ სასაზღვრო ზონაში ცხოვრობ.

ეთნოგრაფის თოჯინები, რომლებიც ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქალბატონები არიან, მაღალ საზოგადოებას წარმოადგენენ.

დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ძალიან ცოტაა. ამას ასმათი იმით ხსნის, რომ ყველაზე მეტად მაღალი საზოგადოების სამოსის განსაკუთრებულობაა შემონახული. ღარიბი ადამიანი თავს ვერ მისცემდა იმის უფლებას, რომ აბრეშუმის ქსოვილით შეკერილი და ოქროსა და ვერცხლის ძაფებით ნაქარგი სამოსი ჩაეცვა. ასეთი ადამიანის ჩაცმულობის განმსაზღვრელი მისი ქისა იყო. იმ დროინდელი კოსტიუმების სრული სიზუსტით აღდგენა ძალიან რთულია.

– საქართველოს მონასტრებში შემორჩენილია კედლის მხატვრობა, რაც სხვა ხალხებს არ აქვთ,- ამბობს ასმათი, – ამ წყაროების მეშვეობით შესაძლებელია გარკვეული წარმოდგენის შექმნა თუ როგორ იცვამდნენ და როგორ გამოიყურებოდა მეზობელი ერების ტანისამოსი.

იყო დრო…

ეთნოგრაფის მინიატურული კოსტიუმები მრავალფეროვანი, ფერადი და მკვეთრია. ისინი თითქოს ტყუპებივით გვანან ერთმანეთს, მათი მოდელიორი ხომ თავად კავკასიის ბრწყინვალებაა. ამ რეგიონში დასახლებულ ხალხებს ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კავშირი ჰქონდათ. სწორედ საქართველოს სავაჭრო ბაზარზე იყრიდნენ თავს ჩეჩნები, დაღესტნელები, ყაბარდო-ბალყარები, ჩერქეზები. ყიდდნენ და ყიდულობდნენ ყველაფერს, მათ შორის სამოსსაც.

მოდის ბოლო ციკლად მიჩნეულია ყაბარდო-ბალყარეთის ბურკა. ის ყველაზე მძიმე და ყველაზე ძვირადღირებული იყო. ასევე, ძვირად ფასობდა დაღესტნური ბურკაც. ( ბურკა – მუსულმანურ ქვეყნებში ქალის შესამოსელი იყო. პირველად ავღანეთში მეფე ჰაბიბულაჰის (1901-1919 წწ.) მმართველობის პერიოდში შემოიღეს. მან თავის ჰარემში მცხოვრებ ორას ქალს ჩადრის ტარების ვალდებულება დააკისრა, რათა სასახლის გარეთ მოსეირნე ლამაზმანებს თავიანთი ეშხით სხვა მამაკაცები არ მოეხიბლათ და ეცდუნებინათ. – რედ.) განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ფაფახზეც. მამაკაცის ეს თავსაბურავი კავკასიის ხალხების, თითქმის ყველა გარდერობში იყო. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ფაფახის სიმაღლით, სიგანით და სხვადასხვა ნიუანსებით განსხვავდებოდნენ. ასორტიმენტში იყო ასევე არანაკლებ პოპულარული თავსაბურავი – ყაბალახი. მე-19 საუკუნეში ყაბალახი თითქმის უნივერსალური გახდა. საქართველოში მას როგორც მამაკაცები, ისე ქალბატონები იყენებდნენ.

საუკუნეების განმავლობაში, კავკასიელი ერები საერთო მტრის წინააღმდეგ ყოველთვის ერთიანდებოდნენ და ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდ გარემოში და ურთიერთთანხმობაში ცხოვრობდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, დიდოელებს (დაღესტნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი და მცირერიცხოვანი ერი) და ქართველებს ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ. საუბარია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ქართველებზე. მათ საერთო ხელმძღვანელი, ტომის მეთაური ჰყავდათ. იგი ხელმძღვანელობდა, ასევე თუშებს, ხევსურებს და დაღესტნელებს. ეკონომიკური კავშირების გარდა, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მკვიდრთ ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ნათესაური კავშირებიც ჰქონდათ.

– იცით, ბალყარეთში დღესაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სვანური გვარები აქვთ. უფრო სწორად, გვარები შესაძლოა, ახალი აქვთ, მაგრამ ძველი სვანური გვარები მაინც ახსოვთ. ეს იმიტომ, რომ ძველად, მათი ტერიტორია სვანებს ეკუთვნოდათ, მოსაზღვრე იყო. იქ იყო მათი საძოვრები, სასოფლო-სამეურნეო მიწები. საქართველო ჩრდილო კავკასიას ესაზღვრება. ჩვენ ყოველთვის გვაკავშირებდა საცალფეხო ბილიკები. მათ შორის საზღვრის გადალახვა დღესაც შესაძლებელია. დაღესტანში დღემდეა შემორჩენილი საფლავები, რომლებზეც წარწერა ორ ენაზე, ქართულად და დაღესტნურად არის შესრულებული. ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა მათ კულტურებზე, ტრადიციებსა და ჩაცმულობაზე. სხვათა შორის, თითოეული კავკასიური ეთნიკური ჯგუფის სამოსს ერთმანეთისგან განსხვავებული ფერები აქვთ.

– მთაში მცხოვრები ადამიანების ტანსაცმელი შედარებით უფრო მძიმე იყო,- განაგრძობს ასმათი, – დაბაში შედარებით უფრო მსუბუქი და თხელი ქსოვილი, მაგალითად ბამბა და აბრეშუმი დომინირებდა.

საქართველოში პოპულარული იყო მუქი წითელი, თითქმის ღვინისფერი, ხოლო დაღესტანში – მკვეთრი და მყვირალა წითელი. თეთრი ფერის სამოსს კავკასიაში ძირითადად თავად-აზნაურობა იცვამდა. ასევე, რა თქმა უნდა, თეთრი ფერის კოსტიუმებს იცვამდნენ ქორწილებში. ამ წესს განსაკუთრებულად მკაცრად იცავდნენ ჩერქეზები. თეთრ ფერს იყენებდნენ საყელოზე, ტანსაცმლის ბოლოებზე, ან ფერთა შეხამებისას.

სხვათა შორის, ჩერქეზულ კოსტიუმებს ბევრი განსხვავებულობა ჰქონდა. მათი ტრადიციის მიხედვით, გოგონა 9 წლის რომ გახდებოდა, კორსეტს აცმევდნენ, რომელიც თხის ტყავისგან იკერებოდა. ზურგზე, მთელი ხერხემლის გასწვრივ ჩაყოლებული იყო ხის ფირფიტები. მოგვიანებით, ხე მეტალით შეცვალეს. კორსეტი მაქსიმალურად მოჭერილი უნდა ყოფილიყო. გათხოვების შემდეგ გოგონებს კორსეტს მეუღლეები ხსნიდნენ. მკერდი ბუნებრივ ფორმებს იძენდა. იყო დრო, იყო მორალი! ალბათ, დაახლოებით ორასი წლის შემდეგ, ჩვენი შთამომავლები, ასევე გაკვირვებულები აიჩეჩავენ მხრებს და ჩუმად ჩაიცინებენ ჩვენს თანამედროვე ჩაცმულობაზე.

ეკატერინე მინასიანი

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი