ვაზგენ აზროიანი, სპორტის საერთაშორისო ოსტატი ფიგურულ სრიალში, სომხეთის ხუთგზის ჩემპიონი, ტურინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სომხეთის ნაკრების მოწინავე სპორტსმენი,  ამ ზაფხულს სომხეთში საცხოვრებლად კონკრეტული მიზნით  გადავიდა. სურს რესპუბლიკაში სპორტის ეს ულამაზესი სახეობა განავითაროს. ამ დღეებში  სპორტსმენმა ფიგურული სრიალის საკუთარი  სკოლის “Azraian Teem”-ის  დაარსების შესახებ განაცხადა. უფრო მეტიც, მისი სატესტო გახსნა 6 ნოემბერს შედგა, ხოლო ოფიციალური ღონისძიება – საჩვენებელი წარმოდგენებით და ა.შ. – მოგვიანებით გაიმართება, – განაცხადა მოციგურავემ, ცოტა ხნის წინ,  Sputnik სომხეთში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რესპუბლიკაში ფიგურული სრიალის განვითარების განზრახვის შესახებ აზროიანმა ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში განაცხადა. მაშინ იგი  დარგის ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც მოციგურავემ ამ სპორტის განვითარების გეგმა წარადგინა. აზროიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთში ფიგურულ სრიალს შესანიშნავი პერსპექტივები აქვს, თუმცა, თუ ამ სფეროს  კომპეტენტური ადამიანები უხელმძღვანელებენ.

„ამბობენ, რომ ფიგურულ სრიალსა და სომხეთს შორის შეუსაბამობაა. მაგრამ ეს ძალიან მცდარი წარმოდგენაა. სომეხი ხალხი მუსიკალური, არტისტული, ცეკვის მოყვარული და ფიზიოლოგიურად ფეთქებადია. ეს არის ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც საკმარისია უმაღლესი დონის სპორტსმენების მოსამზადებლად“, – განაცხადა მან ერევანში, იანვარში გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, რომ ეს სპორტი სომხეთში მხოლოდ იმიტომ არ ვითარდება, რომ შესაფერისი „სისტემა არ არსებობს“: „არ არსებობს გარკვეული დისციპლინა. კადრების განვითარება არ ხდება, სამწვრთნელო შტაბი უნდა გადახალისდეს თანამედროვე ტრენინგებით და ხელახალი სერტიფიცირებით. თუ ჩვენ  ამ სისტემას ავაშენებთ, დარწმუნებული ვარ, სომეხი ბავშვები ადვილად გაიზრდებიან დიდ ჩემპიონებად.

მოციგურავემ ამ სისტემის აგება მთავარით – სკოლით დაიწყო, მისი თქმით, დღეს ყინულზე პირუეტის სწავლის მსურველებს ბოლო არ უჩანს. „გაგიკვირდებათ, მაგრამ უამრავი განაცხადი შემოვიდა, ბევრი რეკავს და მოსვლის სურვილს გამოთქვამს. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა კომერციულია, ყველაფერს თავად ვაკეთებ“, – დასძინა აზროიანმა.

“Azraian Teem” “გაზპრომ სომხეთის” სს საგანმანათლებლო და სპორტული კომპლექსის ბაზაზე განთავსდა.  „ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა და შესანიშნავი პირობებია“, – განაცხადა სკოლის დამფუძნებელმა და განმარტა, რომ დასაწყისისთვის, დარეგისტრირებისა და ვარჯიშის შესაძლებლობა ყველას აქვს.  თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყდება, რომელი ბავშვი განაგრძოვს ვარჯიშს უფრო სერიოზულად.  აზროიანი ყინულზე საბავშვო ბალეტის შექმნასაც გეგმავს. “დავდგამთ სპექტაკლებს ყინულზე, რომელიც უფრო შემოქმედებითი იქნება, ვიდრე სპორტული. გეგმა  ბევრი გვაქვს – მთავარია, მათი განხორციელება შევძლოთ“, – განაცხადა სორტსმენმა.

არსებობენ სომხეთში მწვრთნელები, რომლებიც  ბავშვებს ციგურებით სრიალს ასწავლიან? – დაინტერესდნენ ჟურნალისტები.

აზროიანმა ღიმილით უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა. არიან ტრენერებიც და ახალგაზრდა სპეციალისტებიც. ასევე ვმუშაობ ფედერაციასთან, სპორტის სამინისტროსთან და ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად. ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბს ვაკომპლექტებთ . დღეს (6 ნოემბერი – ავტორი) სკოლაში არაერთი სპეციალისტი გვყავს მოწვეული, რათა სატესტო გახსნას დაესწრონ, ბავშვები შეარჩიონ და ჯგუფების მიხედვით  გადაანაწილონ. მაგრამ მთავარი აქ მწვრთნელების ყოფნა-არყოფნის საკითხი კი არ არის , არამედ ის რომ სომხეთში ადგილობრივმა მწვრთელებმა  კარგად არ იციან სპორტსმენის წრთვნის სისტემა და ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ სწორად.

მოციგურავემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  სომხეთში ფიგურული სრიალის პოპულარიზაციისთვის ჩავიდა. შემდეგ კი, რაოდენობა ხარისხში რამდენადაც გადაიზრდება, იმდენად მიიღებს ქვეყანა საკუთარ ჩემპიონებს. „მაგრამ ამისთვის ყველა – სამთავრობო უწყებები, სპონსორები და მწვრთნელები – უნდა გავერთიანდეთ, რათა  ცოტა ინვესტიცია ჩავდოთ და მართლაც დიდ შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა თანამოსაუბრემ.

სხვათა შორის, ასეთ კონსოლიდაციაზეა დამოკიდებული სომეხი წყვილის არტურ გრუზდევი/ვიქტორია აზროიანის (ვაზგენ აზროიანის ქალიშვილი – ავტორი) წარმატება მსოფლიო ჩემპიონატებზე. მოციგურავეებს სპეციალისტები ძალიან კარგად აფასებენ, მაგრამ შეჯიბრებისთვის მათი მომზადება გარკვეული სირთულეებითაა სავსე.

„სეზონის დასაწყისში არაერთი პრობლემა შეგვექმნა და ყინულზე ვერ გავდიოდით. მაგრამ შემდეგ ფედერაციის, სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის ძალისხმევით ვივარჯიშეთ, თუმცა ცოტა, რადგან უკვე ტრავმა გვქონდა მიღებული. კვირაში 5-6 საათს ვვარჯიშობდით, იმ დროს, როდესაც  მეტოქეები ყინულზე ყოველდღე ამდენივე საათს ატარებდნენ“, – განაცხადა აზროიანმა.

Вазген Азроян

მიუხედავად ამისა, წყვილი ყაზახეთში მაინც გაემგზავრა, მაგრამ ვიქტორიას ტრავმის გამო ისინი შეჯიბრიდან მოხსნეს. ხომ არ ნიშნავს ეს მოახლოებული ოლიმპიური თამაშების გამოტოვებას?

წყვილს ყველა შანსი აქვს, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეული შედეგი აჩვენოს, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ ენთუზიაზმით შეუძლებელია. ამისთვის ბევრი ვარჯიში და სრულფასოვანი სამწვრთნელო გუნდის მხარდაჭერაა საჭირო.

“გარდა ამისა, პატარა ყინული გვაქვს და მხოლოდ  მე ვარ, უფროსი მწვრთნელი და ჩვენი მოცეკვავე წყვილი. ისიც უნდა ითქვას, რომ  სპორტსმენი შეჯიბრებში მონაწილეობის მიღებით  იზრდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყველა სერიოზულ გუნდს დიდი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს, რასაც სერიოზული ფინანსები სჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი ვარჯიშისთვის ყინულის და უცხო ქვეყანაში საწრთვნელო შტაბის დაქირავება ბევრად უფრო ძვირი დაჯდებოდა. ასეთი მეთოდი სავსებით  გამართლებულია და ალბათ, ჩვენც მოგვიწევს ამ მეთოდს მივმართოთ, რადგან  სომხეთში  მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არ არიან. სხვათა შორის, ეთერი თუთბერიძის ქალიშვილი აშშ-ში ვარჯიშობს, მთელ ცოდნას იქ იღებს და საქართველოსთვის სრიალებს…“ – ამბობს აზროიანი.

მან ასევე დასძინა, რომ ამ პრობლემის ხელმძღვანელობასთან განხილვას აპირებს , რათა მოციგურავეებს საშუალება მისცენ გააგრძელონ მუშაობა, გამოიყენონ მთელი თავისი  პოტენციალი, რათა სომხეთის სახელით იასპარეზონ.

,,ფიგურული სრიალის სკოლის თემას რომ დავუბრუნდეთ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს სკოლა სარგებელს და სიხარულს მოუტანს ფიგურულ სრიალის მოყვარულებს.  ყოველ შემთხვევაში, მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიწვევ სპონსორებს თანამშრომლობისთვის, რადგან ჩვენი გუნდი მართლაც საკმაოდ დიდ და სერიოზულ პროექტებს გეგმავს. და ბოლოს, ვიმედოვნებ, სომხეთში ფიგურული სრიალი პოპულარობას მოიპოვებს და საკმაოდ პრესტიჟულ სპორტად იქცევა“, – დასძინა ვაზგენ აზროიანმა.

ირინა გრიგორიანი