მთავრობასთან შეუთანხმებელი მორიგი ვიზიტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში განახორციელა და კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გამოაცხო. შედეგად, განმარტებების გაკეთება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუხდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სახელმწიფოს უზენაესი კანონის დარღვევაში ბრალდებული სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნების პრეზიდენტების გასამართლებაზე დიპლომატიური ენის გარეშე საუბრობს. პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემს, სხვა ქვეყნის ლიდერების გასამართლებაზე ოცნებობს. სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, – იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან? – განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

კითხვა: „გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და, ასევე, სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინპინი – უიგურების გენოციდისთვის; ვლადიმერ პუტინი კი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს? პუტინი, რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ…“

პასუხი: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა. ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება, არ ვართ ალისას საოცრებათა სამყაროში“.

ზურაბიშვილის აღნიშნულ ინტერვიუმდე 3 თვით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. სი ძინპინთან შეხვედრაზე 2 ქვეყნის ლიდერებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.

საუბარი შეეხო საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ამის შემდეგ, სულ ახლახან თბილისში გაიმართა “აბრეშუმის გზის ფორუმი” გაფართოებული მასშტაბით, სადაც აღინიშნა საქართველოს ჩინური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობაზე.

ცხადია ამ ფონზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთიდან გაკეთებულმა, არადიპლომატიურმა განცხადებამ “ქართული ოცნების” მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და ისედაც რთული ურთიერთობა, კიდევ უფრო დაძაბა.

მმართველი პარტიის წევრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათი გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციირებაზე, სამართლიანი იყო. მათივე განმარტებით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან, მხოლოდ მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ.

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტებები გააკეთა საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას. მან სინანული გამოხატა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული განცხადება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში პოზიტიურ, ისტორიულ დინამიკას არ დააზიანებს.

Саломе Зурабишвили

მმართველი გუნდის წევრებმა სალომე ზურაბიშვილის სხვა დამაზიანებელი განცხადებებიც გაიხსენეს, რასაც ის ევროპაში ვიზიტებისას აკეთებს ხოლმე. მათ შორის, ლატვიაში ვიზიტის დროს, ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ.

ჩნდება კითხვა, რა არის სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ქმედებების მოტივი და მიზანი? დიპლომატის გამოცდილება, მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ნამდვილად აქვს. ის მუშაობდა გაეროში საფრანგეთის მუდმივმოქმედ მისიაში. სანამ თავის ისტორიულ სამშობლოში – საქართველოში ელჩად გამოგზავნიდნენ, იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი; ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი.

2003 წელს, ის საქართველოში ჩამოდის და ამ პერიოდიდან იწყება მისი ნაბიჯები ქართულ პოლიტიკაშიც. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხდება საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების გამო მალევე ტოვებს თანამდებობას და გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდება. ამის შემდეგ, იყო პარლამენტის წევრი- მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი და 2018 წელს, პარტია „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდაჭერით, 2-ეტაპიანი არჩევნებით გახდა საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი.

იმ გლობალურ სურათში, როდესაც ევროპა და აშშ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნისთვის დამაზიანებენ საჯარო განცხადებებს აკეთებს. ისმის კითხვა, რატომ?

დიმიტრი ლორთქიფანიძე

პოლიტიკოსი და უფლებადამცველი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე სალომე ზურაბიშვილის მსგავს განცხადებებში ე.წ. გლობალური დასავლეთის დაკვეთას და ინტერესს ხედავს, რომელიც მისივე თქმით, თანხვედრაში არ მოდის საქართველოს რეგიონულ ინტერესებთან.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას კატასტროფას უწოდებს და ამბობს, რომ ეს განცხადება უნისონშია აშშ-ს ელჩის რობი დენიგანის განცხადებასთან, როდესაც მან საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივა შეაფასა.

„რადიო თავისუფლების” ჟურნალისტიკის კითხვაზე, რას ნიშნავდა აშშ-თვის საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების დამყარების შეთანხმების გაფორმება, ელჩმა განაცხადა, რომ ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.

“იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, მას სრული საფუძველი აქვს იფიქროს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს არ ეკუთვნის და მისი სიტყვები არის აშშ-ს პოზიციის გახმოვანება საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელი “შტატების ეკონომიკური ომის დაწყებას უკავშირდება ჩინეთის წინააღმდეგ”.

“ანაკლიის პროექტის შეჩერება დაჰბრალდა საქართველოს ხელისუფლებას, თითქოს ეს რუსული დაკვეთით მოხდა. მკაფიოდ გაირკვა, რომ ეს იყო აშშ-ს მიერ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური აქტი. ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში განკუთვნილი იყო ჩინეთის კონტეინერული გადაზიდვებისთვის აფრიკის კონტინენტზე. ამით მოქმედებაში მოდიოდა აბრეშუმის გზის ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო მონაკვეთი, რომელიც საქართველოზე გადის. არ დაგვავიწყდეს, რომ „შუა დერეფნის“ ცნება აბრეშუმის გზის ფორუმის დროს აღმოცენდა და ის მოიცავს ტრანს კასპური მეგა ეკონომიკურ პროექტში საქართველოს მონაწილეობას”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, აქამდე საქართველოს ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ეძლეოდა იმის გამო, რომ რიკოთის უღელტეხილის ყველაზე რთული მონაკვეთი 10-წლეულების განმავლობაში მოუგვარებელი იყო.

“დაინახეს რა, რომ ჩინეთი ქმნის განსაკუთრებული მიზიდულობის ცენტრს რუსეთთან და ინდოეთთან ერთად, რომელშიც საქართველოს ენიჭება უკვე განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შესაბამისად ანგლო საქსური გეოპოლიტიკის ადგილი და პოლიგონი საქართველო აღარ არის. ჩინეთის მზარდი გავლენები მსოფლიო ეკონომიკაზე და მსოფლიო გეოპოლიტიკაზე დიდ საფიქრალს უჩენს ჰეგემონს. სწორედ ამიტომ, სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს გლობალურ დასავლეთს საქართველოში, კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც არ მომდინარეობს თავად ზურაბიშვილის პიროვნული დამოკიდებულებიდან”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე შეფასებით, 2018 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მხარს უჭერდა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში, არ იქნებოდა მხარდაჭერა, მათ შორის, რომ არ ყოფილიყო ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა და ერთიანი აღქმა იმ გეოპოლიტიკური ვითარებისა, რომელშიც საქართველო იმყოფება. დღეს კი, 180 გრადუსით არის შეცვლილი პრეზიდენტის პოლიტიკური ქცევა. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც მისი საკუთარი მოსაზრების ნაყოფი კი არ არის, არამედ პირდაპირ მიმართულია იქითკენ, რომ დამაზიანებელი ეფექტი გამოიწვიო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის.

ლორთქიფანიძის თქმით, ჩინეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ჩინეთმა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომლის საინვესტიციო მონაწილეობით უნდა აშენდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

აღსანიშნავია, რომ 16 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს სან-ფრანცისკოში შეხვდა. მხარეები სამხედრო კონტაქტების განახლებაზე შეთანხმდნენ. ჩინეთი და აშშ ხელოვნურ ინტელექტზე ერთად იმუშავებენ. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივ თანამშრომლობასაც.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე, აცხადებს, რომ ჩინეთი აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც 10 წლის წინ იყო, და რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა ევროპის ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია.

გიორგი ქართველი