თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ბედი, ბოლო რამდენიმე წელია ბურუსით არის მოცული. 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ საავადმყოფოს დემონტაჟის და ძველის ბაზაზე ახლის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.  საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციასა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობენ. როგორც განმარტავენ, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

როგორც ჩანს პრობლემა ამით არ გვარდება, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილს არ სჯერა მთავრობის კეთილი განზრახვის და არც იმის, რომ შენობა ავარიულია და საავადმყოფოსთვის აღარ გამოდგება. მედპერსონალის ნაწილი რესპუბლიკური საავადმყოფოს გადარჩენის პრობლემას აყენებს დღის წესრიგში და საპროტესტო აქციებს განაგრძობს. მათი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევასა და კოლექტივის დაშლას გულისხმობს; საავადმყოფოს გადარჩენისთვის საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებს.

28 იანვარს, საავადმყოფოს თანამშრომლებმა, პროტესტის ნიშნად, შენობის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. შაბათს, 3 თებერვალს, საპროტესტო აქციის მთავრობის სახლთან გამართვას გეგმავენ. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. აპირებენ სამართლებრივი გზით იბრძოლონ და სასამართლოში სარჩელი შეიტანონ, როგორც სამინისტროს, ისე მთავრობის წინააღმდეგ.

„რესპუბლიკური საავადმყოფო წყვეტს მუშაობას უახლოეს ორ კვირაში. ჩვენი აქციები იმიტომ დაიწყო, რომ მთავრობამ მიიღო საავადმყოფოს შენობის დანგრევის გადაწყვეტილება, შემდეგ გამოიცა ბრძანება საავადმყოფოს შენობის თანამშრომლების დათხოვნაზე. ეს არის პროტესტის გაგრძელება, არ გავჩერდებით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი აზრით, შენობა მდგრადია, უბრალოდ მთავრობის განზრახვაა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობამ სხვა დანიშნულება შეიძინოს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, იმავე დღეს, შეხვედრისკენ მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრმა. თუმცა, აქციის მონაწილეებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს და მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ კლინიკის რეორგანიზაციის ბრძანებას გააუქმებს, კომპენსაციებზე კი, საუბარსაც არ აპირებენ.

კლინიკა, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ და პრესტიჟულ ნაწილში, საბურთალოს რაიონში მდებარეობს, არის ერთადერთი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც გამორჩეულია ჯანდაცვის ობიექტებს შორის თავისი ადგილმდებარეობით, ისტორიით, ინტელექტუალური პოტენციალით და არ გააჩნია სხვა ალტერნატივა. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა “ქართულ ოცნებას” სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილიც კი მისწერეს. თანამშრომლები წერდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა.

როგორც ღია წერილშია აღნიშნული, რესპუბლიკური საავადმყოფო წარმოადგენს სახელმწიფო კლინიკებს შორის უდიდეს მრავალპროფილურ დაწესებულებას, რომელიც ყოველთვის იდგა ჯანდაცვის სისტემის სათავეში. ის იყო და არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმღები მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი. ამის დასტურია 9 აპრილი, თბილისის სამოქალაქო, აფხაზეთის და აგვისტოს ომები. მარტო ის გარემოება რად ღირს, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკამ „ფორს – მაჟორულ“ რეჟიმში 20 000 პაციენტი გაატარა.

დღეს კლინიკა დიდი გამოწვევის წინაშეა. დაანონსდა შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით, მაშინ, როდესაც რესპუბლიკურის კოლექტივს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციაზე.

როგორც ღია წერილშია აღნიშნული, რესპუბლიკურის ნგრევის დაანონსებას დროში საეჭვოდ დაემთხვა მასმედიის საშუალებების მიერ კლინიკის თანამშრომლების ბინძური დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან ერთად მიმდინარეობს კლინიკის სრულყოფილად ფუნქციონირებაში მიზანმიმართული ხელისშემშლელი პროცესები. კერძოდ: კლინიკის სერვისების მიზანმიმართული გაუქმება. უკვე დაიხურა დიდი გამოცდილების მქონე კოვიდ თერაპიის და პედიატრიული განყოფილებები. ასევე იქმნება პირობები სხვა დეპარტამენტების ლიკვიდაციაზეც.

“კლინიკური მედიცინის ალმა-მატერის, რომელიც იყო და არის სამედიცინო კადრების აღზრდის საფუძველი. მასში დღესაც არაერთი ახალგაზრდა გადის სწავლებას. ამასთან, კლინიკა არის ყველა სამედიცინო ნოვაციის სათავეში. მარტო ის რად ღირს, რომ პირველი: “ემერჯენსის“ სერვისი ამ კლინიკაში შეიქმნა და დღეს ქვეყანაში ამ სერვისში მოღვაწე ყველა ხელმძღვანელი რესპუბლიკურში აღიზარდა. გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”, – მიმართავენ “ქართულ ოცნებას” რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს მთავრობის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე გამართა.

როგორც მან განაცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა, თუ რამდენად აკმაყოფილებს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს საფუძვლიანად არის შესწავლილი. 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა ჩატარდა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

„ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით”, – განაცხადა აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ სამინისტროს სხვადასხვა შეთავაზება აქვს – 12 თვის კომპენსაციის ერთიანად გადახდა, ან დასაქმებას მინიმუმ იგივე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და აქაც 4-თვიანი კომპენსაციის გადახდა.

ზურაბ აზარაშვილი

„თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, რომ დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ჩვენ ბოლო სამი თვის საშუალოს შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობას, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზებული პირობები არის საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტო და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ”. – ამბობს აზარაშვილი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი თამთა წერეთელი მოუწოდებს სამოქალაქო თავდაცვის სპეციალისტებს და სამხედრო ექსპერტებს, განიხილონ მიწისქვეშა რესპუბლიკური საავადმყოფოს მნიშვნელობის საკითხი.

მისი აზრით, დღეს, როდესაც კაცობრიობა მსოფლიო ომის საფრთხის წინაშეა, საქართველოში საავადმყოფოს ამ უნიკალური ნაგებობის დანგრევა არაგონივრულია. მას გააჩნია მიწისქვეშა სართულები – 350-კაციანი მიწისქვეშა ჰოსპიტალი და 2 საოპერაციო.

“მიწისქვეშა სართულები სამოქალაქო თავდაცვის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა წლების განმავლობაში. საავადმყოფოს ჰყავდა მთავარი ექიმის მოადგილე ნოდარ ასათიანი და გენერალი გ.გოგუაძე, რომლებიც ანახლებდნენ მარაგებს და წესრიგში ჰქონდათ 350-კაციანი მიწისქვეშა ჰოსპიტალი თავისი 2 საოპერაციოთი და უამრავი სამალავი ბუნკერით, რომელიც მთელ თბილისის მოსახლეობას დაიტევს, ღმერთმა ნუ ქნას და საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში (ამის მაგალითია უკრაინა და ისრაელი), მიმაჩნია ჩემ მოქალაქეობრივ ვალად, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა და დაფიქრება, ვინაიდან ზოგადი პოლიტიკური სიტუაცია, მთელ მსოფლიოში, უკიდურესად დაძაბულია და ამის იგნორირება გენოციდის ტოლფასია”, – აცხადებს თამთა წერეთელი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თემას ეხმაურება და მედპერსონალს სოლიდარობას უცხადებს ამავე საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომელი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი. მისი აზრით, გარდა იმისა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დედაქალაქის სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის მშობლიური კერაა, არანაირი საფუძველი არ არსებობს ამ შენობის დანგრევის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს შენობის რეაბილიტაციისთვის და რესპუბლიკური საავადმყოფოს შენარჩუნებისთვის.

“ამ შენობის ამშენებელ ინჟინერს მოვუსმინე, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ შენობის კარკასი ძალიან მდგრადი და გამძლეა და მისი დანგრევაც კი ძალიან რთული იქნება. რატომ არ შეიძლება, რესურსები დანგრევაზე კი არა, რეაბილიტაციაზე მიიმართოს, მით უმეტეს, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, ასეც იყო ჩაფიქრებული და დიდი ენთუზიაზმით მოწოდებული განახლებული რესპუბლიკური საავადმყოფოს იდეა. გადავარჩინოთ რესპუბლიკური. მისი დანგრევა არ შეიძლება”, – აცხადებს გიორგი პაპიაშვილი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შემდეგ, ახალი კლინიკის აშენების, აღჭურვისა და რემონტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი იქნება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ თანხის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება, ნაწილს კი, დონორებიდან მოიზიდავენ, რომლებიც თურმე, მზად არიან ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ასევე მშენებლობის ნაწილში.

როგორც Dalma News-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა, არსებობს 2018 წლის ექსპერტიზის დასკვნა, რომ მზიდი კონსტრუქციები არის აბსოლუტურად დაზიანების გარეშე და არანაირი პრობლემა არ აქვს, ანუ შენობა ავარიული არ არის. პრობლემა აქვს 2007 წელს გამაგრებულ არამზიდ კონსტრუქციებს და პრობლემა არის მინის ფასადი, რომელიც საჩქაროდ და დროებით გამაგრდა.

ამის შემდეგ, 2021 წელს კიდევ ერთი დასკვნა დაიდო, რომ შენობის ფასადი არის მწვავედ ავარიული და არის სასწრაფოდ შესაცვლელი, ვინაიდან შეიძლება ჩამოვარდეს და საფრთხე შეუქმნას როგორც შიდა პერიმეტრზე, ისე გარეთ მოძრავ ადამიანებს. თუმცა, კლინიკის თანამშრომლებს 2021 წლის დასკვნა თვალით არ უნახავთ.

როგორც ვხედავთ მხარეებს შორის ნდობის სერიოზული პრობლემაა. რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი მთავრობის უმნიშვნელო გადაწყვეტილებებს ტელეეთერიდან იგებს, მათ არავინ აყენებს საქმის კურსში. დიდია იმის ალბათობა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი უახლოეს მომავალში დაიწყება. სამინისტრომ 23 იანვარს გაავრცელა ფოტოები, სადაც, თითქოსდა ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია დედაქალაქის უდიდესი საავადმყოფო.

ფოტოებზე ჩანს ძლიერი ქარის შედეგად ჩამსხვრეული მინები, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში მთავრობები საქმის ფასადურად გაკეთების დიდოსტატები არიან.

შორენა პაპაშვილი