“ბავშვმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტში. გეოგრაფიის კარგი მასწავლებელი ხომ არ იცით?” – ამგვარი რამ ხშირად გვესმის IX – X კლასის მოსწავლეების მშობლებისგან.

საქმე იმაშია, რომ თუ მანამდე აზერბაიჯანში რეპეტიტორებთან მომზადებას IX კლასიდან იწყებდნენ, ახლა უკვე მიღებულია, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების მიზნით პირველი კლასის მოსწავლის მოსამზადებლად ეძებენ კარგ მასწავლებლებს.

მშობლები ამას თავისებურად ხსნიან. ზოგს მიაჩნია, რომ რთულ პროგრამას ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ითვისებს და დამატებით მასწავლებლი უნდა დაეხმაროს, ზოგი კი ამბობს, რომ სკოლებში უხარისხო სწავლებაა და ბავშვს პროფესიონალის ინდივიდუალური გაკვეთილები სჭირდება. ზოგიც ფიქრობს, რომ სასკოლო პროგრამაში არ არის ის საკითხები შეტანილი, რომლებიც მოითხოვება უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად.

რას ფიქრობენ თავად მოსწავლეები?

 

საუბრები მრგვალ მაგიდასთან

სინამდვილეში მრგვალი მაგიდა არ ყოფილა. უბრალოდ იყო მეგობრული გარემო და საუბარი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში. საუბარში მონაწილეობდნენ: გაჯიზადე საური (ლიცეუმი №43), მამედოვა ხადიჯა (საშუალო სკოლა №258), მაჯიდოვა ჟალია და გაჯიევი იაჩინი (საშუალო სკოლა №47). განხილვის თემა იყო “რეპეტიტორთან იმიტომ ვემზადები, რომ…”

საუბარი ზაურმა დაიწყო: “საბუთები სამედიცინოზე შემაქვს. თურქეთის უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, ამიტომ მთელს ჩემს ყურადღებას მომზადებას ვუთმობ. ყველა ჩემი მეგობარი, ვინც კერძოდ ემზადება, ამბობს, რომ სკოლაში მიღებული განათლება საკმარისი არ არის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ისეთი საგნების სრულად ასათვისებლად, როგორიცაა ფიზიკა და ქიმია, სკოლაში გამოყოფილი საათები საკმარისი არ არის. გაკვეთილზე მასწავლებელი რამდენიმე საკითხს ხსნის და შედეგად, საფუძვლიანად ვერც ერთის სწავლას ვერ ვახერხებთ, შედეგი კი ნულია. სწორედ ამიტომ ვემზადებით რეპეტიტორებთან და ვსწავლობთ იმას, რაც სკოლაში ვერ მოვასწარით და ვიმეორებთ უკვე განვლილ მასალას”.

იანჩილს მიაჩნია, რომ ყველაფერი თავად მოსწავლეზეა დამოკიდებული. “თუ დროულად მოვამზადებ გაკვეთილებს და სკოლის მასწავლებისგან მოვითხოვ, რომ  ნორმალურად ახსნან გაკვეთილი, მაშინ რეპეტიტორამდე საქმე აღარ მივა, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს: რამდენად პატიოსნად ასრულებს მასწავლებელი თავის სამუშაოს?”

ჟალია ამბობს, რომ რამდენად პასიურიც არ უნდა იყოს მოსწავლე, მისი საგნით დაინტერესება მასწავლებლის საქმეა:

– თუ მასწავლებელი ზერელედ ხსნის გაკვეთილს და XII კლასელები ამით სარგებლობენ და ხმაურობენ, მაშინ იძულებულები ვართ ისევ რეპეტიტორებს მივმართოთ. მაგრამ ჩემს სკოლაში ამგვარი რამ არ ხდება. პირიქით,  მეორეხარისხოვანი საგნების პედაგოგებიც კი მომთხოვნი არიან.

ზაური: -ჟალია, თქვენ სკოლაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ზოგიერთ სკოლაში ქრთამს ითხოვენ, ზოგან საერთოდ არაფერს ასწავლიან. მაგრამ შენ თუ კარგი მასწავლებლები გყავს და მომთოვნები არიან, რატომ ემზადები რეპეტიტორთან?

ჟალია: -ჩვენთან კარგი სწავლებაა, მაგრამ განვლილი მასალის გასამეორებლად დრო არ გვყოფნის. ამიტომ იძულებული ვარ რეპეტიტორთან მოვემზადო.

ხადიჯას მიაჩნია, რომ მთავარია აზერბაიჯანის სკოლებში სწავლების სისტემის შეცვლა. ამისთვის საჭიროა ყოველი თვის ბოლოს საგამოცდო ტესტირებების ჩატარება და იმის შემოწმება, თუ როგორ აითვისა და დაიმახსოვრა მოსწავლემ  განვლილი საკითხები.

კარგად მახსოვს, როდესაც თავად ვაბარებდი უნივერსიტეტში (2003-2004 წლებში)  სუმგაითის №15 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენს კლასში გაძლიერებულად ისწავლებოდა ინგლისური ენა, ამიტომ ამ ენას მეორე კლასიდან ვსწავლობდით. როდესაც მეთერთმეტე კლასში გადავედი და უნივერსიტეტში ჩაბარების დრო მოვიდა, მშობლებმა დეტალური გამოკვლევის შემდეგ გადაწყვიტეს, დამატებით მევლო “ისტედადის” ლიცეუმის პედაგოგთან. ჩემი სკოლის მასწავლებელმა ეს რომ  გაიგო, გაბრაზდა და წლის ბოლომდე ხმას არ მცემდა.

დღევანდელი მოსწავლეები თავიანთი სკოლის მასწავლებლების შესახებ კიდევ უფრო უჩვეულო ამბებს ყვებიან. მაგალითად, აკლებენ ნიშნებს, უჩივიან  დირექტორებთან, არასწორად უწერენ “არას”, რათა გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობამ დაშვებულ ზღვარს გადააჭარბოს და ა.შ.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანში რეპეტიტორებთან მომზადება ბიზნესია, თანაც ძალიან შემოსავლიანი. ბიზნესი კი კორუფციაა. გარდა ამისა, ეს პედაგოგების რეპუტაციის საკითხიც არის.

ასეთი ტენდენცია მხოლოდ აზერბაიჯანში კი არა, ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში, განსაკუთრებით აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, თურქეთსა და რუსეთშიც არსებობს. იაპონიაში რეპეტიტორობას ეწევიან სკოლები, რომლებსაც ჰქვიათ “ძიუკუ“. იქ 3-დან 18 წლის ასაკის ბავშვები სწავლობენ. ამერიკაში კი,  ინდივიდუალური გაკვეთილების სიძვირის გამო, პედაგოგები მოსწავლეებს ონლაინ-გაკვეთილებს სთავაზობენ, როგორც იაფ მომსახურებას. ამ ქვეყნებში რეპეტიტორი ძირითადად მოსწავლეების ჯგუფს უტარებს გაკვეთილებს.

ამგვარი მომსახურების საფასური აზერბაიჯანში ქალაქისა და სოფლის მიხედვით იცვლება. პერიფერიებში აბიტურიენტის ერთთვიანი მომზადება მინიმუმ 50 მანათი (48$) ღირს. ცხადია, ამ ფასად მასწავლებლის მოძებნა რთულია. მაგალითად, აბიტურიენტი 2 წლის განმავლობაში 5 საგანში ემზადება, მაშინ მშობლებს მისი მომზადება მინიმუმ 5-6 ათასი მანათი (დაახლოებით 5 500$) დაუჯდებათ. ბაქოში კი მინიმალური დანახარჯი 8-9 ათასი მანათი ( დახლოებთ 8 500$) იქნება.

კიდევ არსებობს “ბუნკერის პედაგოგის” გაგება. ჩვეულებრივი რეპეტიტორისგან განსხვავებით, ასეთი პედაგოგები მონაწილეობენ ან მისაღები გამოცდების ტესტების შედგენაში, ან ამ ტესტების შესახებ აქვთ დეტალური ინფორმაცია. ასეთ რეპეტიტორებთან მომზადება თვეში 150-დან 200 მანათამდე ღირს, რაც ორ წელიწადში 15-20 ათასი მანათი გამოდის.

ასე, რომ თუ უნივერსიტეტამდე მიმავალი გზა რეპეტიტორთან მომზადებაზე გადის, საჭიროა არა მხოლოდ გონების დაძაბვა, არამედ ფულის შოვნაც, თანაც ძალიან ბევრი ფულის.

ნარმინ ნიოგტე