საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ კომპანია “გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებების განახლებამ, ადგილობრივ ოპოზიციურ პარტიებთან  ერთად  აზერბაიჯანული მედიაც შეაშფოთა და კომპანია “გაზპრომით” “სოკარის“ ჩანაცვლებასა და კომპანიებს შორის შესაძლო “ომზე“ ალაპარაკდა. “სოკარს“ ბუნებრივი აირის ქართული ბაზრის 90% უკავია, ამიტომ მიიჩნევენ, რომ  საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა აზერბაიჯანის გაზის მონოპოლიას ბოლო მოუღოს.

ამ თემზე საუბარი აზერბაიჯანულმა მხარემ მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ ურიგო არ იქნება, თუ ქართული მხარე რუსეთიდან გაზის მეტ რესურსს მიიღებს და კერძო კომპანიებს არჩევანის საშუალება ექნებათ. აზერბაიჯანული გამოცემა კი წერს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს გაზს  გაცილებით დაბალ ფასად აწვდის, ვიდრე რუსულ გაზში სომხეთი იხდის. აქვე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და “გაზპრომის” ურთიერთობასაც იხსენებენ, რომელიც კომპანიის ერთპროცენტიანი წილის მფლობელია.

კახა კალაძე
კახა კალაძე

კახა კალაძე “გაზპრომის“ დირექტორ ალექსეი მილერს სექტემბრეში, ბრიუსელში შეხვდა და გაზის სფეროში თანამშრომლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის გაზრდილი რაოდენობით, კომერციული ოპერატორებისა და კერძო კომპანიებისთვის მიწოდების შესაძლებლობებს.

ალექსეი მილერი
ალექსეი მილერი

კახა კალაძე განმარტავს, რომ გაზის ბაზარი საქართველოში თავისუფალია და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია წავიდეს თურქეთში, ირანში, რუსეთში, სომხეთში და მისთვის ხელსაყრელ ფასად შემოიტანოს გაზი.

“გაზპრომთან“ მოლაპარაკებების თემა უყურაღებოდ არც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დატოვა და მთავრობას საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხზე საგანგებო სხდომის გამართვა ურჩია. პრეზიდენტის საპასუხოდ ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თემის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთნ დაკავშირებით პრობლემები არ აქვს და თუ პრეზიდენტი ამ თემით არის დაინტერესებული მზად არის  დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს დღევანდელ ენერგეტიკულ მდგომარებასთან დაკავშირებით.

ქართული მხარის “გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დაწყებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს სრულად გამორიცხავს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და აცხადებს, რომ საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია, როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში.

ზურაბ ტყემალაძე
ზურაბ ტყემალაძე

“გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში სახიფათოს ვერაფერს ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეც. მისი აზრით, ცუდი არაფერია იმაში, თუ საქართელო მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე არ იქნება დამოკიდებული. ამ შემთხვევაში,  კომერციულ კომპანიებს სურვილისამებრ  მიეცემათ შესაძლებლობა გადაიხადონ მეტი ფული, რათა მიიღონ მეტი გაზი. დეპუტატი არც იმას გამორიცხავს, რომ ზოგიერთმა კერძო კომპანიამ “გაზპრომთან“ პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმონ.

ტყემალაძის თქმით, “გაზპრომი“ გაზს საქართველოს დღესაც აწვდის. საქართველოს გავლით გაზი  ტრანზიტით მიეწოდება სომხეთს და ბუნებრივი აირის გარკვეული  პროცენტი საქართველოში რჩება. “ამდენად ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშე არ შემოდის, საუბარია იმაზე, რომ გაიზარდოს ტრანზიტი და მივიღოთ უფრო მეტი შემოსავალი,“ – აცხადებს დეპუტატი.

გავრცელებული ინფორმაცით, “გაზპრომი“ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს რეგულარულად მართავს, მორიგი შეხვედრაც დაგეგმილია, თუმცა, კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება მსჯელობა, “გაზპრომში” არ აკონკრეტებენ და დაინტერესებულ მედიას ურჩევენ ოფიციალურ შედეგებს დაელოდონ.

გიორგი ხუხაშვილი

ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი თემას სიფრთხილით ეკიდება და “გაზპრომის“ პირობების პოლიტიკურ რისკებზე საუბრობს. მისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის გაზი პოლიტიკურ – ეკონომიკური საკითხია, უმჯობესია საქართველოს დივერსიფიცირების საშუალება ჰქონდეს. “ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ ქვეყნისთვის საუკეთესო პირობები შექმნას,” – აცხადებს ექსპერტი.

თავისთავად მოლაპარაკებები არც საზიანოა და არც სასარგებლო, მთავარი შედეგია. ამდენად წინასწარი შეფასებების გაკეთებასა და დიაგნოზის დასმას ხუხაშვილი არ ჩქარობს. სხვა თუ არაფერი, ენერგეტიკის სამინისტრო ვალდებულია ეტაპობრივად გაასაჯაროოს მოლაპარაკებების პროცესი და საზოგადოება კაბალური პირობებით შედგენილი ხელშეკრულების წინაშე არ დააყენოს. მთელს ამ პროცესში გასათვალისწინებელია დასავლეთის პოზიციაც, რასაც საქართველოს ხელისუფლება ვერ უგულებელყოფს.

“დასავლეთმა რატომ უნდა აღიქვას მწვავედ? თვითონაც ხომ “გაზპრომისგან” ყიდულობენ გაზს.  ჩვენ აზერბიჯანთან გვაკავშირებს გრძელვადიანი ხელშეკრულებები. პირობები იდეალურთან ძალიან მიახლოებულია.  ვნახოთ, “გაზპრომი“ რას გვთავაზობს, მისი ინტერესები ეკონომიკურია, თუ პოლიტიკური.  უარის თქმა ლაპარაკზე არასდროს  შეიძლება,“ – აცხადებს გიორგი ხუხაშვილი.

მისივე აზრით, საქართველოს ერთადერთ ფუნქციას დასავლეთის თვალში წარმოადგენს ის, რომ  ენერგომატარებლების მნიშვნელოვანი გამტარია. ეს ფუნქცია თუ არ გვექნება, ვერანაირი ეკონომიკური სარგბელი ამას ვერ დააკომპენსირებს და სამყარო საქართველოს მიმართ ინტერესს დაკარგავს. ასეთი ფასის გადახდისთვის კი საქართველოში არცერთი ხელისუფლება არ იქნება მზად. ეს მშვენივრად ესმის მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის “გაზპრომში“  ერთპროცენტიანი წილი ბევრს არაფერს ცვლის, რადგან საქართველოს დიდი მოცულობის შესყიდვები არ სჭირდება.

ქართველი ექსპერტები აღიარებენ, რომ დღეს არსებული პრობლემების მიუხედავად “გაზპრომი“ მაინც რჩება ძალიან მსხვილ კომპანიად. ამიტომ საქართველოს მაგვარი ქვეყანა, თავისი მცირე მოცულობის შესყიდვებით საერთო სურათს ვერ შეცვლის. აქ საუბარია ბაზრის გადათამაშებზე და იმ ქართული ჯგუფის ინტერესებზე, რომელთაც სერიოზული მხარდამჭერები ჰყავთ ქვეყნის შიგნით.

სანამ კალაძისა და მილერის მორიგი შეხვედრა გაიმართება, ქართულ და აზერბაიჯანულ მედიაში ატეხილი აჟიოტაჟის დასაცხრომად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოულოდნელად ბაქოს ესტუმრა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პარალელურად SOCAR-ში აცხადებენ, რომ ქართულ ბაზარზე გაზპრომთან კონკურენციისთვის ემზადებიან.