რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი “ოფენნეტი” განახორციელებს. პროექტის ფარგლებში 2000-მდე დასახლებული პუნქტი დაიფარება.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის მთავრობა საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების მაგალითს დაეყრდნობა, რაც მოსახლეობისათვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის დაბალ ფასად მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ლიტვაა, სადაც ინტერნეტიზაციის მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად სახელმწიფო კომპანია შეიქმნა.

ირაკლი ქაშიბაძის თქმით, ლიტვის გამოცდილება საინტერესოა იმითაც, რომ სახელმწიფომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნის იმ რეგიონებში შექმნა, სადაც ოპერატორებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდება არ ჰქონდათ დაგეგმილი.

“ლიტვის სახელმწიფო ოპერატორმა ამგვარად ქვეყანას მისცა საშუალება ბაზარზე კონკურენცია ამაღლებულიყო და ახალი, მცირე და საშუალო პროვაიდერები გაჩენილიყო,” – აცხადებს სპეციალისტი და დასძენს, რომ იდენტური მოდელით ინტერნეტქსელი საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვითრდება, მათ შორის აშშ-ში, ირლანდიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში სათანადო ინფრასტრუქტურის შემნისთვის უკვე შექმინილია არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი “ოფენნეტი”, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს, მაღალსიჩქარიან ინტერნეტინფასტრუქტურას მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარებს. ასევე იდენტიფიცირებულია დონორები, რომელთა ფინანსური რესურსის გამოყენებითაც განხორციელდება პროექტი.