ირანმა და ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა მაისში, “თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ” დროებითი შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა საბაჟო რეჟიმის შემსუბუქების ხარჯზე გაიზრდება. სავარაუდოდ, ორგანიზაცია “ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა” და ირანს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ სრულფორმატიან შეთანხმებას ხელი სამ წელიწადში მოეწერება. ამ ფონზე გახშირდა საუბრები სომხეთისთვის სარგებლის მიღების შესაძლებლობებზე. ეს ქვეყანა, როგორც ირანის მეზობელი და “ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი”, ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლია აღნიშნულ ორგანიზაციასა და ირანის 80 მილიონიან ბაზარს შორის. თავდაპირველად, როდესაც “ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში” სომხეთის გაწევრიანება იგეგმებოდა, შეთანხმება სომხეთის ეკონომიკისთვის პერსპექტივების მომტანად განიხილებოდა. ახლა ეს უკვე რეალობაა და საინტერესოა, რა დადებით შედეგებს გამოიღებს “ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან” და ირანთან სომხეთს დაახლოება.

ენერგეტიკული გეოპოლიტიკის და საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტის, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრის, არმენ მანველიანის აზრით, ზემოთ აღნიშნულ შეთანხმებას სომხეთისთვის მთელი რიგი ეკონომიკური შესაძლებლობების მოტანა შეუძლია, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – სომხეთი – ირანის ენერგეტიკული თანამშრომლობა შეიქმნება.

არმენ მანველიანი

“ორგანიზაცია “ევრაზიის ეკონომიკური კავშირის” ერთიანი ეკონომიკური ბაზრის ფორმირება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში კავშირის ქვეყნების ბაზრისადმი ინტერესის გაზრდას და ახალი ინვესტიციების დანერგვას გამოიწვევს, ხოლო ირანთან თანამშრომლობის ახალი ფორმატი, დამატებითი იმპულსის როლს შეასრულებს, რომელიც პირველ რიგში, სასარგებლო იქნება სომხეთისთვის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში“, – განაცხადა ექსპერტმა კონფერენციაზე “სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული კავშირი: რეალიები და თანამედროვე გამოწვევები”.

მისივე თქმით, ყველანაირი წინაპირობა არსებობს მეგრიში თავისუფალი ვაჭრობის ზონის გასააქტიურებლად, რაც ირანიდან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან პროდუქტების სომხეთის გავლით ტრანზიტის და ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ირანში ექსპორტი არა მხოლოდ რამდენჯერმე გაიზრდება, არამედ რესპუბლიკაში ახალი ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად მოიმატებს.

“სომხეთი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქაში ელექტროენერგიის წარმოების და ექსპორტის მოედანი იყო, შეძლებს აღიდგინოს ძველი სტატუსი, თუ შეიქმნება “ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – სომხეთი-ირანის” თანამშრომლობის სამმხრივი სისტემა. რუსეთი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და ირანი ელექტროენერგიის სეზონურ დეფიციტს განიცდიან. თუ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი – ქვეყნებისთვის ამ დეფიციტის სეზონი ზამთარშია, ირანისთვის ეს სეზონი ზაფხულში დგება. სომხეთს ელექტროენერგია შეუძლია აწარმოოს ექსპორტის და ტრანზიტის ორგანიზებისთვისაც. ირან-სომხეთის გაზსადენის პროექტი დამხმარე იქნება ამ პროცესისთვის, რომელიც ამჟამად, მხოლოდ სრული სიმძლავრის 15%-ით მუშაობს და შეუძლია 50%-საც მიაღწიოს, იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატაციაში ჩაეშვება მესამე ელექტროგადამცემის მაღალი ძაბვის ხაზი”, – მიაჩნია მანველიანს.

ამგვარად, მისივე თქმით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ-სახელმწიფოებს და ირანს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონა სომხეთს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ ხელსაყრელი პირობები სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის აქტიურად გამოიყენოს, გახდეს ელექტროენერგიის არა მხოლოდ მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთსა და ირანში მათი სეზონური მოთხოვნილებების გამო, არამედ სატრანზიტო ქვეყანა ჩრდილოეთი-სამხრეთის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვებიც არსებობს.

სომხეთის სარგებელზე საუბრისას ექსპერტი, ენერგეტიკის სფეროში ვაგე დავითიანი აცხადებს, რომ სომხეთის საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 4% ირანზე მოდის, რაც 240 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და ძალიან ცოტაა მეზობელი ქვეყნისთვის. მეორე კომპონენტი – ეს არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მეგრიში.

ვაგე დავითიანი

“იგი საქონლის, მინიმუმ, 900 სახეობას მოიცავს და ირანელ და სომეხ ბიზნესმენებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე მეგრის ზონაში წარმოებული საქონლის ექსპორტირების საშუალებას აძლევს, რაც დაბალი თვითღირებულების არსებობას ნიშნავს. სამწუხაროდ, შეთანხმებაში აღნიშნული საქონლის სიაში არ შედის ენერგეტიკული პროდუქტი, რაც სომხეთისთვის სავსებით პერსპექტიული იქნებოდა”, – განაცხადა დავთიანმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას.

მისივე თქმით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ირანს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა ნამდვილად მნიშვნელოვანია სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. სხვათა შორის, ერევანი ამას დიდი ხანია ხვდება და პირველი იყო, ვინც ამ ინიციატივით წარსდგა. დავთიანის მიერ გახმაურებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზონის შექმნას სომხეთ-ირანის სავაჭრო ბრუნვის 2-ჯერ გაზრდის პოტენციალი აქვს, რადგანაც ირანულმა მხარემ მთელ რიგ საქონელზე საბაჟო გადასახდელები 3-ჯერ შეამცირა. ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ირანთან სასაქონლო ბრუნვა ნახევარი მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში, რადგანაც 2017 წელს ირანთან სასაქონლო ბრუნვამ 263,4 მილიონ დოლარს მიაღწია და ეს 2016 წელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.

რაც შეეხება სომხეთ-ირანის საზღვარზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, მეგრის ზონა 2018 წლის იანვარში გაიხსნა და სრული დატვირთვით ჯერ კიდევ არ მუშაობს. სომხეთის ხელისუფლება გეგმავს თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში უახლოეს წლებში 50-70 კომპანია მიიზიდოს, რომლებიც დაახლოებით 130 მილიონი აშშ. დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

ის ფაქტი, რომ სიუნიკის რეგიონში ბოლო სამუშაო ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოინახულა და ტერიტორიის კეთილმოწყობის დონით და სხვადასხვა ნიუანსებით უკმაყოფილო დარჩა, იძლევა იმედის საფუძველს, რომ ხელისუფლება ამ ზონას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს და შედეგად სასაქონლო ბრუნვაც გაიზრდება. ეს თავის მხრივ, აუცილებლად გამოიწვევს სომხეთის, როგორც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ირანს შორის არსებული ერთგვარი ხიდის როლის გაზრდას.

ყოფილმა პრემიერმა კარენ კარაპეტიანმა, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ირანს თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთობლივად გამოყენება შესთავაზა, რადგან მიაჩნდა, რომ ამ ზონის ფუნქციონირების მულტიპლიკაციური ეფექტი, ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ახალ მიმართულებას მისცემს. თუმცა ჯერჯერობით, ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმაში და ქაღალდზე რჩება.

ლინა მაკარიანი