პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას მმართველ გუნდში ცვლილებები მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა და პარტიის თავმჯდომარედ გადაინაცვლა. “ოცნების” მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. პირველ თებერვალს “ქართული ოცნების” რიგგარეშე ყრილობაზე ღარიბაშვილის კანდიდატურა ერთ ხმად დაამტკიცეს. საერთო ჯამში ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი კობახიძე, ირაკლი კობახიძემ კი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

ყრილობის დღეს “ოცნების” ლიდერებმა მედიის კითხვებსაც უპასუხეს, თუმცა თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, არც ყრილობაზე გამოსულა სიტყვით და არც ჟურნალისტებთან. “ოცნების” ლიდერები ამ ცვლილებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ამბიცია აქვთ.

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრებს შორის ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, რომელმაც ყველაზე მეტ ხანს იპრემიერა. მართალია, ამ თანამდებობაზე ის მეორედ არის მობრუნებული, მაგრამ ფაქტია, რომ პრემიერობის პირველი ვადის დროს დაწყებული პროექტები ხელმეორედ დაბრუნებისას განაგრძო და რეგიონში შექმნილ ფეთქებად საშიშ ვითარებაში შეძლო, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები განეხორციელებინა. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობისას მოეწერა ხელი. ნიშნეული იყო ისიც, რომ 2024 პოლიტიკური წელი საქართველომ ჩინეთში წარმომადგენლობითი დელეგაციის ჩასვლით დაიწყო და ამ დელეგაციას, სწორედ, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. იმ დროს, ღარიბაშვილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო. მმართველ გუნდში ცვლილებების კონტურები ივანიშვილმა, როგორც ჩანს, ადრევე მოხაზა.

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ეს გადაწყვეტილება კი, “ოცნების” შიდაპარტიულ დემოკრატიით ახსნა, რომ თურმე, საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. იმავე ბრიფინგზე ღარიბაშვილმა, პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს.

ყრილობის დღეს დამატებითი დეტალებიც გაირკვა. როგორც თავად ღარიბაშვილმა აღნიშნა, პრემიერობიდან მისი გადადგომა გარდაუვალი იყო, უბრალოდ, შეეძლო ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის შემდეგ მიეღო და თანამდებობაზე ზაფხულამდე დარჩენილიყო. მან მოცდას დაუყოვნებლივ გადადგომა არჩია. ბოლოს და ბოლოს, როგორც პირველად მოხდა, სახლში ხომ არ უშვებდნენ, მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას პირნათლად ემსახურა, უკომპრომისოდ იცავდა საქართველოს და ხალხის ინტერესებს და ამაყობს შედეგებით, რასაც ამ პერიოდში მიაღწია. ამბობს, რომ მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დაიწყო. “ოცნების” ახალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი ძმურ თანადგომას დაჰპირდა.

“პრემიერ-მინისტრს პარტიის დამფუძნებელი წარადგენს, რა არის ამაში ახალი? მთავარი მოვლენაა არჩევნები. წინ გველოდება ძალიან რთული არჩევნები. ჩვენი მიზანია მოვიდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობით. ახლა მეტ დროს დავუთმობ პარტიის საქმიანობას. ჩვენს გუნდში არის შიდა დემოკრატია. ყველაზე მეტ ხანს, 5 წლის განმავლობაში პრემიერი ვიყავი მე. მნიშვნელოვანია, რომ სხვებმაც გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები”, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ყრილობის შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ბრუნდება “ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით. იმავე ყრილობაზე თქვა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი ხელისუფლების „ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა“. თუმცა, მაშინ ისიც თქვა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა და ცვლილებები არც მთავრობაში და არც მმართველ პარტიაში არ იგეგმებოდა. როგორც ვხედავთ, დეკემბრის შემდეგ მოვლენები ივანიშვილის მიერ ნათქვამის საპირისპირო სცენარით განვითარდა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, მომდევნო პრემიერ-მინისტრის წარდგენა მისი, როგორც საპატიო თავმჯდომარის პრეროგატივაა.

 გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილს პრობლემების მეტი, არც არაფერი გაუკეთებია, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა. ახლა ყელში ამოუვიდა და “თავისი ადგილი მიუჩინა”.

“ღარიბაშვილი რატომ მოხსნა? იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდა ის, რომ ყველაფერს ბიძინა აკეთებს. ეს პატარა ბიჭები „გაგულავდნენ“. თუ ამ ქვეყანაზე რამე გაფაჩუნდება ყველაფერი პრემიერ-მინისტრის დავალებით ხდებაო, ანუ ბიძინას გაკეთებულს ღარიბაშვილს აბრალებდნენ. ამასობაში ბიძინას ანგარიშებს უყინავენ და გაგიჟდა კაცი. ადგა და მიუჩინა თავის ადგილი და თქვა კიდევაც, რომ მე არ მომისურვებია, თვითონ მიხვდა, რაც უნდა გაეკეთებინა, თავისი სურვილით წავიდაო“, – აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი გუნდი არ გააჩნია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მისი გადადგომით მთავრობაში ბევრი არაფერი შეცლილა, სამთავრობო გუნდი ადგილზე დარჩა მცირე ცვლილების მიუხედავად. ეს ცვლილება ეხება თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

გია ხუხაშვილის თქმით, არსებული მინისტრთა კაბინეტი ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი იყო, რაც ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა.

„ეს მინისტრთა კაბინეტი ღარიბაშვილის იყო? ეს მინისტრთა კაბინეტი იყო ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი. მუდმივად ვსაუბრობთ ჩრდილოვან მმართველობაზე და ჩვენ თვითონ არ გვინდა ბოლომდე დავიჯეროთ. ანუ ჩვენ გვქონდა ილუზია, რომ რომელიმე მინისტრი იყო ღარიბაშვილის დანიშნული და თუ ღარიბაშვილს პერსონალური პრობლემა შეექმნა ე.ი. სხვა მინისტრებსაც შეექმნათ პრობლემები? ამაში ხომ ლოგიკა არ არის“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

რატი ბრეგაძე

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, განსხვავებული მოლოდინი იგრძნობოდა მინისტრთა კაბინეტში. სავარაუდოდ, ცვლილებებს მინისტრებიც ელოდნენ. ავიღოთ, თუნდაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განწყობა იმ წუთებში, როდესაც ღარიბაშვილი გადადგა და ბრეგაძე ავტომატურად მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერულ უნარებზე საუბრობს. მისი შეფასებით, გუნდის შეკვრა, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება და ისეთი მოტივაცია, რომელსაც უშრეტი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია, ირაკლის ლიდერული უნარებია. ყველა კარგი საქმის უპრეცედენტოდ ძლიერი მხარდაჭერა ღარიბაშვილის ხელწერაა.

“ყველა დიდი საქმე, რაც იუსტიციის სამინისტროში დავიწყეთ, დავასრულეთ და გრძელდება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, 24 საათის განმავლობაში ირაკლის ჩართულობის და გვერდში დგომის შედეგია. არასოდეს მისაუბრია ირაკლის ადამიანური თვისებების შესახებ საჯაროდ. ესენია ღირსება, ერთგულება, ვაჟკაცობა, თავდადება და სხვისი გასაჭირის საკუთრად აღქმა. არაერთი შემთხვევის მომსწრე ვარ, თუ როგორ დახმარებია სრულიად ჩუმად ადამიანებს და ამის შესახებ არავის გაუგია და ვერც ვერასოდეს გაიგებს. სიკეთეს რომ მალვა უნდა, ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია”, – წერს რატი ბრეგაძე.

ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტისა და პოლიტიკური მიმომხილველის – ბონდო მძინარაშვილის აზრით, “ქართული ოცნების” აღნიშნული სამთავრობო ცვლილება მოსალოდნელიც იყო, ლოგიკურიც, დროულიც და აუცილებელიც. მეორე მხრივ, ირაკლი კობახიძემ იმდენად დიდი გავლენა მოიპოვა პარტიაშიც და პარლამენტშიც, რომ აუცილებელი იყო ძალების მოსასინჯად მისი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლება.

მძინარაშვილის თქმით, წლის დამლევს ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებისა და “ქართული ოცნების” წესდებაში ცვლილებების მიღებისთანავე ცხადი გახდა, რომ წინასაარჩევნოდ და არა უშუალოდ აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყების წინ, არამედ გაცილებით ადრე, გარკვეულ გადაადგილებებს ვიხილავდით. უფრო მეტიც, მძინარაშვილის აზრით, საკადრო ცვლილებებს კიდევ ვნახავთ.

“ვინც ბიძინა ივანიშვილის სისტემურ აზროვნებას აკვირდება, ხედავს, რომ მას კადრები, რომელთა რესურსი სამომავლოდაც სჭირდება, უკიდურეს ცვეთამდე არ მიჰყავს. თუმცა ახლა დასვენების დრო ნამდვილად არ არის. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობას უმძიმეს პირობებში ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებით, ბოლო ორი წელი. საშინაო და საგარეო გამოწვევებთან გასამკლავებლად მისი შემართება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ახლა კი ახალი ეტაპი იწყება, რომელიც სხვა მიდგომებს საჭიროებს. ამიტომაც პარტიის და მთავრობის თავმჯდომარეებმა ადგილები გაცვალეს”, – აცხადებს მძინარაშვილი.

მისივე თქმით, კობახიძის ინტელექტს და განათლებას მისი პოლიტიკური მტრებიც აღიარებენ, ამიტომ ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მსგავსად, კობახიძეც წარმატებული პრემიერი იქნება.

“ირაკლი ღარიბაშვილს “ქართულ ოცნებაშიც” და პარტიის მხარდამჭერებშიც სერიოზული ავტორიტეტი აქვს, პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან კი, იგი უკეთესად შეძლებს ელექტორალური რესურსის კონსოლიდაციას. უმნიშვნელოვანესია ბალანსის დაცვა მმართველ პარტიას, საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას შორის. ყველა სტრუქტურაში იწყება ყოველდღიურ რუტინას მიჩვევა, რომელიც შემდეგ, ნეგატიურ შედეგებს იწვევს, ამ გადაწყვეტილებით კი ახალი ეტაპი იწყება”, – აცხადებს ბონდო მძინარაშვილი.

მისივე შეფასებით, ამ ვითარებაში, მმართველ პარტიაში ცალკეული დაჯგუფებების ჩამოყალიბების საფრთხეც განეიტრალებულია. ეს საფრთხე ყველა სერიოზული პარტიის სუსტი წერტილია, რაც საბოლოოდ მის დეზორგანიზებას იწვევს. ბიძინა ივანიშვილმა დაბრუნებით და მართვის სადავეების ხელში აღებით, მმართველი პარტიის ერთიანობა შეინარჩუნა, რაც წინასაარჩევნოდ და არჩევნებში გასამარჯვებლად აუცილებელი წინაპირობაა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა უკვე წარუდგინა. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს. ვნახოთ, რა შეიცვლება 2 ირაკლის გადანაცვლებით.

შორენა პაპაშვილი