მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის ფონზე, 9 ოქტომბერს, ერევანში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისო საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელშიც სომხეთის, რუსეთის, ყაზახეთის და ბელორუსის მთავრობების მეთაურები მონაწილეობდნენ. მასპინძელი ქვეყნის საზღვრებთან ცნობილი მოვლენების გამო არსებობდა მოსაზრება, რომ სხდომა გადაიდებოდა, თუმცა ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ერევანში შეიკრიბნენ. სხდომას ვერ დაესწრო მხოლოდ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თავისი ქვეყანა დაძაბული შიდა ვითარების გამო ვერ დატოვა.

ტრადიციულად, აუდიტორიის ყურადღების ცენტრში სწორედ ეკონომიკური საკითხები მოექცა – ვაჭრობა, ფინანსები, სამრეწველო თანამშრომლობა, განვითარება, „ევეკ“- ში საერთო ბაზრების შექმნა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს პროექტი „2025 წლამდე ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები“, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის რეგულირებას და 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს. ზოგიერთი საკითხი კვლავ არაკოორდინირებული დარჩა, მათ შორის, „ევეკ“-ის გაზის საერთო ბაზარზე გაზის ტრანსპორტირების მომსახურების ფასების მიდგომის განსაზღვრა. ამ და სხვა საკითხებს ევრაზიის ეკონომიკური უმაღლესი საბჭო მიმდინარე წელს მოსკოვში განიხილავს.

ომი ომია, მაგრამ ეკონომიკა უყურადღებობას ვერ იტანს

სხდომის შემდეგ, რუსმა და სომეხმა ექსპერტებმა წარადგინეს ის მნიშვნელოვანი აქცენტები, რომლებზეც ყურადღება შეხვედრის შედეგების მიხედვით უნდა გამახვილდეს, მათ ასევე მომავალ პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ისაუბრეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისო საბჭოს სხდომის მნიშვნელობაზე სომხეთისთვის, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრის პარალელურად მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რომლის შესახებაც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა.

“სომხეთი ევრაზიულ ინტეგრაციას პირველმნიშვნელოვან ხარისხს მატებს და ამიტომ ჩვენთვის სულ ერთი არ არის, სად და როგორ შეიკრიბებიან ამ ქვეყნების ლიდერები და რას გადაწყვეტენ, ასევე, როგორ განვითარდება კავშირის შემდგომი ბედი”, – განაცხადა ვიდეო-ხიდის დროს ევრაზიული ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა, ღია საზოგადოება “ინტეგრაცია და განვითარების” თავმჯდომარემ, არამ საფარიანმა.

მისივე თქმით,ერევანში განხილულ საკითხებს შორის მთავარი იყო ენერგორესურსების საერთო ბაზრის შექმნა. ექსპერტის აზრით, ამ საკითხით დაინტერესებულები არიან სომხეთი და ბელორუსი, ინტერესი სხვა ქვეყნებმაც გამოავლინეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ერევანში გაკეთდა განცხადება 2020 წლის ბოლომდე ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავების თაობაზე. საფარიანმა ისაუბრა იმაზეც, რომ 2025 წლისთვის უკვე უნდა არსებობდეს საწვავი ენერგორესურსების საერთო სივრცე, რაც “ინტეგრაციის პროცესის ტემპის გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”.

არამ საფარიან

არამ საფარიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ელექტრონული ვაჭრობის საკითხზე, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე განიხილეს.

“კორონავირუსულმა პანდემიამ აჩვენა, რომ ძალიან ძლიერი შეზღუდვების გათვალისწინებით, ელექტრონული კომერცია ჩვენი ეკონომიკისთვის ახალ აზრს იძენს და ე.წ. მაშველი რგოლის როლს ასრულებს. ამიტომ, ეს პროცესი უნდა დაინერგოს და განხორციელდეს ისე, რომ ჩვენი ვაჭრობა, სასაქონლო ბრუნვა, მომსახურება ხალხმა ძალიან სწრაფად აითვისოს და განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ კორონავირუსისგან მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს”, – დასძინა მან.

სომხური მხარისთვის, როგორც პანდემიის დასაწყისში, ახლაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება რუსეთთან და „ევეკ“-ის ქვეყნებთან რეგულარული ავიაკავშირების განახლება. საფარიანის აზრით, რუსეთთან ავიაკავშირების აღდგენა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც სომხეთი რუსეთის შრომის ბაზრით ძალიან არის დაინტერესებული. უახლოეს პერსპექტივაში მას ალტერნატივა არ ჰყავს:

“ჩვენს ქვეყნებში მშპ-ის ვარდნა იწვევს ახალი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას, რათა მოხდეს ჩამორჩენის დაძლევა და სტაბილური ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლა. ამ თვალსაზრისით, ავიაკავშირების და სახმელეთო კავშირების აღდგენა სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით, ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს შრომით მიგრანტებს რუსეთში გამგზავრების და თავიანთ სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რადგანაც ეს პასუხობს არა მხოლოდ სომხეთის საზოგადოების ძირითად ინტერესებს, არამედ რუსეთის ინტერესებსაც”, – განაცხადა არამ საფარიანმა.

ბიზნესი არ უნდა ომობდეს

ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრს, ალტერნატიული ეკონომიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ტატულ მანასერიანს მიაჩნია, რომ სომხეთმა და “ევეკ”-ის ქვეყნებმა ინტერგაციის საკითხი უფრო ფართოდ უნდა განიხილონ და გააცნობიერონ, რომ საუბარია, არა მხოლოდ ხუთ ქვეყანაზე, არამედ იმ ქვეყნებზეც, რომლებიც ინტეგრაციაში მონაწილეობისკენ ისწრაფვიან და, ასევე რეგიონალურ გაერთიანებებსაც. ექსპერტმა დასძინა, რომ ინტეგრაცია ორ მთავარ ფაქტორს ემყარება, ეს არის: უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობა. არსებული რეალობა – კორონავირუსის პანდემია, რომც არ გავითვალისწინოთ, აშკარაა, რომ ეკონომიკურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

«ეს საფრთხეები „ევეკ“-ის ქვეყნებისთვის საერთოა და სანამ საერთო ენერგეტიკულ ბაზარზე, გაზის ბაზარზე და სხვ. ვისაუბრებთ, აუცილებელია ამ კომპონენტების შესწავლა, რომელთაგანაც ყველაზე ძირითადი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა, რომლის უზრუნველსაყოფად მთავარია გაზის, ნავთობის საერთო ბაზრის ფორმირება, ტარიფების შეთანხმება და კავშირში შესვლისას დაკისრებული მოვალეობების პატივისცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეულ პრინციპებზე უარის თქმა გახდება საჭირო»,- განაცხადა მანასერიანმა.

ტატულ მანასერიან

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, არის ის ფაქტი, რომ ევრაზიის კავშირის ქვეყნების ბიზნესები ერთმანეთს არ უნდა მტრობდნენ. პირიქით, მათი თანამშრომლობა აუცილებელი კოოპერაციული პროექტების შექმნის პირდაპირი გზა. ექსპერტის აზრით, თანამშრომლობა არ უნდა იყოს ხელოვნური, არამედ პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რაც “ევეკ”-ის საერთო მიზნების – მაგალითად, სასურსათო უსაფრთხოების, ბაზაზე წარმოიქმნება.

“კავშირის ქვეყნებს ასეთი პოტენციალი სხვადასხვა სფეროში აქვთ, მაგრამ ხშირად მათი ბიზნესები ერთმანეთს უფრო ავიწროვებენ, ვიდრე თანამშრომლობენ. თუმცა იმავე ევროკავშირში წარმატებული თანამშრომლობის მრავალი მაგალითი არსებობს. მაგალითად, Airbus, სადაც 20-ზე მეტი ქვეყანა თანამშრომლობს”, – დასძინა მან.

გამოწვევები და მოლოდინები

სერგეი მარკედონოვი, MGIMO–ს წამყვანი მკვლევარი, ტელეკონფერენციის დროს სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო “ევეკ”–ის პრობლემების და გამოწვევების საკითხს. მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა კორონავირუსია, რომელმაც ინტეგრაციის პროცესები შეაჩერა.

“ახლა ევრაზიული ინტეგრაციის გზაზე პოლიტიკურის გარდა, სხვა გამოწვევაცაა, როგორიცაა მაგალითად, კორონავირუსი. ამან კავშირის შიგნით ჩაკეტილობა გამოიწვია, თუმცა აუცილებელია ინტეგრაციის პერსპექტივების გათვალისწინება პოსტკოვიდურ სამყაროში”, – თქვა მან.

სერგეი მარკედონოვი

მარკედონოვის აზრით, კიდევ ერთი გამოწვევა მთიანი ყარაბაღის ომია. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ომის შედეგებმა გავლენა იქონიოს სომხეთის წევრობაზე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში, მარკედონოვმა განაცხადა, რომ ინტეგრაციულ სტრუქტურაში საკითხის ნებისმიერ ფორმულირებას აუცილებლად უნდა ახლდეს დამატება, სქოლიო, თუ ამ სტრუქტურას რა შეუძია და რა – არა, რათა ამასთან დაკავშირებით არარეალური მოლოდინები არ არსებობდეს.

“ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები. არ ვფიქრობ, რომ ვითარება უეცრად შეიცვლება. შესაძლოა ეს ფრონტის ხაზზე გარკვეული რადიკალური ცვლილებების შემთხვევაში მოხდეს, მაგრამ თუ არ მოხდა, მაშინ ყველა ეს პრობლემა და სირთულე, დარჩება, იყო და იქნება. მოკავშირეთა ურთიერთობა სიყვარულის კი არა, ინტერესების საკითხია და ეს ინტერესები დღეს ერთმანეთს ემთხვევა”, – განაცხადა მარკედონოვმა.

კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა, აზა მიგრანიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შედეგად დაწესებული შეზღუდვები ცუდად აისახა ხუთეულის ეკონომიკებზე, მაგრამ, მისი თქმით, ინტეგრაციულმა ზომებმა კავშირის შიგნით სავაჭრო ურთიერთობების შემცირების შენელებას შეუწყო ხელი.

აზა მიგრანიანმა

ამასთან, ენერგორესურსების ბაზარზე ურთულესი მდგომარეობაა, რის შედეგადაც ერთიანი ენერგოსისტემის შექმნის საკითხი, არსებული პრობლემების გამო, ძალიან რთულდება. მაგრამ, მისივე თქმით, კორონავირუსმა ასევე აჩვენა „ევეკ“-ის შესაძლებლობა, მიიღოს გადაწყვეტილებები მწვანე დერეფანთან – სასწრაფო და აუცილებელი საქონლის, განსაკუთრებით სამედიცინო მასალების გადატანასთან დაკავშირებით.

“ამის მიუხედავად, მოქმედების ზოგადი სტრატეგია ჯერ არ გაგვაჩნია. პოლიტიკური ფონი ამ სტრუქტურისთვის სერიოზული გამოცდაა, მაგრამ ნებისმიერი კრიზისი იძლევა შანსს და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ამ შანსს გამოიყენებენ”, – დასძინა მიგრანიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორისი საბჭოს შემდეგი სხდომა მოსკოვში, 4 დეკემბერს არის დაგეგმილია.

ლინა მაკარიანი