კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღა საქართველოსთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა. ქვეყანაში, რომელიც ინფექციის გავრცელების დღიდან წარმატებით ინარჩუნებდა კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსს, ბოლო თვეების განმავლობაში, პაციენტთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო ევროკავშირმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის შენგენის ზონაში საზღვრები დაიკეტება. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩებმა მიიღეს. საქართველოს მთავრობის მეთაური, პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეკონომიკის ლოკდაუნი აღარ იგეგმება, უფრო მეტიც, – პრიორიტეტი ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

რამდენად მომზადებული დახვდა საქართველო პანდემიის II ტალღას და რა მიმართულებით არის საჭირო ცვლილებები, ამ საკითხებზე Dalma News-ი ეკონომიკის სფეროში ექსპერტებს, გიორგი ცუცქირიძესა და ნიკა შენგელიას ესაუბრა.

საქართველოს ეკონომიკა და პანდემიის II ტალღა

ნიკა შენგელია: როგორც ჩანს პირველი ტალღა ჩვენთან ჯერ არ ყოფილა და სწორედ ახლა არის. ხელისუფლების განცხადება, რომ ჩაკეტვები არ იქნება, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩაკეტვები დაახლოებით ნოემბრიდან დაიწყება. სავარაუდოდ იმისთვის, რომ კატასტროფა ავიცილოთ თავიდან. ვხედავთ რა დღეშია სამედიცინო სექტორი, საწოლები აღარ არის. დასავლეთის ქვეყნებში პანდემიის თემა კვლავ წინა პლანზე წამოვიდა, ქვეყნების ეკონომიკები ისევ ავტონომიურ რეჟიმში გადადის, შეიზღუდება ფრენები, აქედან გამომდინარე ეკონომიკაში გარკვეულ ჩავარდნებს უნდა ველოდოთ. ეს აისახება ვაჭრობაზე იმპორტ – ექსპორტის კუთხით. ეკონომიკა არის ადამიანებს შორის ეკონომიკური აქტივობის ჯამი, აქტივობა თუ დაეცემა ეკონომიკასაც კარგი არაფერი დაემართება. სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომ მომავალ წელს 5,5%-იანი ზრდა გვექნება, კიდევ ბევრჯერ შეიცვლება და შეიძლება ამინდის პროგნოზივით არ გამართლდეს. 2020 წელს დავასრულებთ 5-დან 7%-მდე ვარდნით. საბოლოდ ჯამში, ფაქტობრივად, 2 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ნულის ტოლი ყოფილა.

ნიკა შენგელია

გიორგი ცუცქირიძე: პირველი ტალღის დროს ჩვენთან მთლიანი ლოკდაუნი იყო. ძირითადი ეკონომიკური სექტორი, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების სეგმენტთან, ჩაიკეტა. გამოცხადდა კომენდანტის საათი, შეიზღუდა გადაადგილებაც კი. პირველ ტალღასთან შედარებაც კი არ შეიძლება, ახლა არაფერი არ არის ჩაკეტილი, უბრალოდ, რესტორნებს ეზღუდებათ კლიენტების 10 საათის შემდეგ მომსახურება. ეს არის ერთგვარი პრევენცია, რასაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიმართა. კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა არის მზარდი, ეკონომიკა კი, ამ კოვიდვირუსის მძევალი, სანამ ვაქცინა, ან სხვა რაიმე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება არ გამოჩნდება. მსოფლიო მიხვდა, რომ მას მოუწევს ამ პანდემიასთან ერთად ცხოვრება. ძალიან დიდია ეკონომიკის ჩაკეტვიდან მისი რეცესიაში გადასვლის საფრთხე. მთავრობა მოქმედებს ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს. ​მეორე ეტაპზე მთავარია, ინფექციამ არ მიიღოს გავრცელების ფართო მასშტაბი.

ონლაინსერვისები და გაუფასურებული ლარი

გიორგი ცუცქირიძე: ყველა ნეგატიურიდან შესაძლებელია პოზიტივის მიღება. როცა ეკონომიკა დაიკეტა, კიდევ უფრო აქტიურად ამუშავდა მიწოდების სერვისები. ნებისმიერი პროდუქცია უკვე, შეგიძლიათ სახლში მიიღოთ. ონლაინსერვისების ტენდენცია მთელს მსოფლიოშია გააქტიურებული. უნდა ვაღიაროთ, რომ ზაფხულში, როცა ფაქტობრივად ნულზე გვქონდა ეპიდვითარების მაჩვენებელი და საქართველო მწვანე ზონაში იყო, ჩვენ მოვეშვით. რეკომენდაციები არ დავიცავით. რეკომენდაციები რომ დაგვეცვა, გავრცელებაც შემცირდებოდა. ყველაზე მაღალი რისკი არის მასობრივი თავშეყრის ადგილები – სკოლები და ინსტიტუტები.

გიორგი ცუცქირიძე

ნიკა შენგელია: მომავალი წლის ბიუჯეტში 2,2 მლრდ საგარეო ვალის აღებაა გათვალისწინებული, მაგრამ 2,6 მლრდ ლარის ვალი იქით დასაფარი გვაქვს, გამოდის, რომ რაც უნდა ავიღოთ, იმაზე მეტი უნდა დავფაროთ. ეს დააწვება ლარის კურსს და მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში ფასებმა მოიმატა მარცვლეულზე, ლარის კურსს კარგი არაფერი ემუქრება. ამას ემატება ისიც, რომ საარჩევნო წელია. ლარის კურსზე მოქმედი ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორია სტაბილურობა ქვეყანაში. ესეც რომ არ იყოს, ჩვენი პროგნოზით, 5 ნოემბრიდან ლარის კურსი დაიწყებს ვარდნას 3,35 ნიშნულამდე. ლარის ნებისმიერი გაუფასურება იწვევს ფასების ზრდას.

ტურიზმი და პანდემია – შეძლო მთავრობამ ტურიზმის გადარჩენა?

გიორგი ცუცქირიძე: ტურიზმი არის ორმხრივი, ძალით ვერავის ჩამოიყვან, სულ რომ გახსნა საზღვრები. სადაც იყო განვითარებული საერთაშორისო ტურიზმი, შემოსავლები ყველგან შემცირდა. თუმცა, სამომავალოდ შეგვიძლია ტურიზმის გადაწყობა – რეკრეაციულ ტურიზმზე, სოფლის ტურიზმზე, შიდა ტურიზმზე… გასაგებია, რომ საერთაშორისო ტურიზმი არის ძირითადად უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო, მაგრამ გარკვეული დივერსიფიკაცია აქაც შესაძლებელია. ტურიზმის სფეროდან ბიუჯეტში შემოსავალი 93%-ით არის შემცირებული. მის შემადგენელ დარგებთან ერთად ტურიზმს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ეჭირა. ბუნებრივია, ამას ჰქონდა ეკონომიკაზე გავლენა და, როცა დღეს ეკონომიკის ვარდნა გვაქვს, ეს ტურიზმის გაჩერებით არის დიდწილად გამოწვეული. 2021 წლისთვის პროგნოზირებული 5-6 %-იანი ზრდა ითვალისწინებს ტურიზმის შემცირებასაც. ჩვენს ეკონომიკას კარგი პერსპექტივა აქვს, ხოლო ტურიზმი თუ გაცოცხლდება, კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ამიტომ წლეულს, მთავარი ამოცანა იყო, ტურისტული კომპანიები გაკოტრებისგან გადაგვერჩინა.

ნიკა შენგელია: ტურიზმი, ეს არის ის სექტორი, რაზედაც საქართველოს ეკონომიკა ჩამოკიდეს. ხელის შეშლის მეტი, მთავრობამ ამ სფეროს არაფერი გაუკეთა. მართლია, იმ 3 თვის განმავლობაში, როდესაც ნოკდაუნი გამოცხადდა, ტურიზმის სფეროს გარკვეული შეღავათები მისცეს, მაგრამ იმ იმედით, რომ ფრენები აღდგებოდა, ამ ადამიანებმა რაღაცნაირად გაიტანეს თავი. ფრენები არ აღდგა. მთავრობის დაპირებებმა ბევრი რესტორანი და ისეთი ობიექტები, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან, ლოდინის რეჟიმში გადაიყვანა და გააკოტრა. შიდა ტურიზმი იყო წელს, მაგრამ ის განვითარებულია მცირეშემოსავლიან სექტორში. იქაც ისეთი დაბალი ფასები იყო, რომ საოჯახო სასტუმროებისთვის შიდა ტურიზმს წლეულს დიდი მოგება არ დაუტოვებია. ტურიზმი და ქვეყნის ეკონომიკა ასეთ დღეში რომ ჩავარდა, ეს არის ჩვენი მთავრობის ეკონომიკური გუნდის ბრალი. ისინი ამ 8 წლის განმავლობაში თვალდახუჭული ასრულებდნენ სავალუტო ფონდისა და სხვა პარტნიორების რეკომენდაციებს და ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებიათ ეკონომიკის სხვა სფეროებისთვის, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ან სხვა სექტორები. რაიმე საწარმო მაინც შექმნილიყო.

სოფლის მეურნეობა

გიორგი ცუცქირიძე: 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, მართალია ბევრით არა, მაგრამ შემცირდა იმპორტი და გაიზარდა ექსპორტი. ეს ეხება ღვინომასალებს, თხილს, სარეკორდო იყო ატმის ექსპორტი. ეს გვაჩვენებს, რომ სამთავრობო პროგრამები, გრანტები, ოჯახური მეურნეობების დაფინანსება უნდა გაძლიერდეს და არ უნდა შემცირდეს. რაც უფრო ძლიერი ოჯახური მეურნეობები გვექნება, უკეთესია. ჩემი რეკომენდაცია იქნება გაძლიერდეს კოოპერატივებისა და ოჯახური მეურნეობების მხარდაჭერა, ვგულისხმობ მიკროგრანტებს. იცით, რომ კოოპერატივებზე ძალიან შეღავათიანი სესხებია, მთავრობა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს ჩუქნის კოოპერატივებს, თუ ისინი გარკვეული სახის პროდუქციის შექმნას გადაწყვეტენ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ორივე ამ მიმართულებით ძალიან აქტიური იყოს დაფინანსება და ბიუჯეტში ჩაიდოს ამ პროგრამებისთვის თანხა. ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს იმპორტის და ექსპორტის ჩანაცვლება.

ნიკა შენგელია: სოფლის მეურნეობის დახმარების პროექტები დაგვიანებით, მაისში ამოქმედდა. სესხები გასცეს ერთწლიან კულტურებზე. შემდეგ გაჩნდა სხვა პროექტები, მაგრამ მე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს პროექტები ვერ იმუშავებს გამართულად, იმიტომ, რომ აქ არის კადრების პრობლემა. საქართველოში გამეფებულია ნეპოტიზმი. მაგალითად ავიღოთ მცირე გრანტების პროექტი, რომელიც არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ტექნიკით დახმარებას. თუ ააშენებ საცხობს, მაშინ დაგეხმარებიან, ისიც, საჭიროდ თუ ჩათვლიან. უკეთესი იქნებოდა 5 000-იანი გრანტი დაერიგებინათ მოსახლეობისთვის სოფლებში, ვისაც ჰქონდა მოთხოვნა და 1 ან 0,5 ჰექტარი მიწა. მიეცათ ფული პატარა ტრაქტორების შესაძენად, რასაც ბოსტანში გამოიყენებდნენ, ეს გაცილებით დიდ შედეგს მისცემდა სახელმწიფოს. 30 000 ლარით 5-6 ოჯახს დააკმაყოფილებდა. 30 000 ლარით გახსნილი სამკერვალო ეკონომიკაში დიდ ბუმს ვერ გამოიწვევს, დასაქმდება 1-2 ადამიანი. ამიტომ, უფრო მომგებიანი იქნებოდა გრანტი ფერმერებისა და გლეხობისთვის გამოეყოთ.

მისცენ ამ ადამიანებს განვითარების საშუალება. მიწის უმეტესი რაოდენობა სახელმწიფოს ხელშია. გლეხს დღეს თავისი საკარმიდამო მიწის დამუშავებაც კი უჭირს, იმიტომ, რომ სოფელში ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს. რომ მიეცათ ასეთი დახმარება აპრილში, დღეს, ნელ-ნელა რომ ჩნდება დახლებზე იმპორტირებული პომიდორი, კიდევ თვენახევრის განმავლობაში არ გამოჩნდებოდა და მეტი შემოსავალი შეუვიდოდა გლეხს. მოხმარება არ შემცირდებოდა და ეკონომიკას წაადგებოდა. ახლა მოსახლეობას შემოსავალი არ აქვს, მოთხოვნა ვარდება.

რა გვასწავლა “კოვიდმა”?

გიორგი ცუცქირიძე: ვისწავლეთ ის, რომ ყოველთვის უნდა შეგვეძლოს ადაპტირება ვირუსებზე. 3 – 4 წლის შემდეგ, ხომ შეიძლება ახალი ვირუსული პანდემია გაჩნდეს? არ ვართ ამისგან დაზღვეულები. Covid-19-მა გვასწავლა, როგორ ვმართოთ კრიზისი და მოვახდინოთ ეკონომიკის ადაპტირება ახალ პირობებში. განვავითაროთ ონლაინ სერვისები, რომელიც არის ძალიან პერსპექტიული და ყველაზე მთავარი, ამ დონის კრიზისების დროს, რომელიც იწვევს, მოთხოვნის და მიწოდების ჯაჭვების წყვეტას, უნდა შეგეძლოს გარკვეული მარაგების შექმნა. ჩვენ შეგვიძლია ბევრი პროდუქცია ვაწარმოოთ, როგორც პირველადი მოხმარების, ასევე მაღალი დონის ტექნოლოგიური პროდუქტებიც. მოთხოვნილება როცა გაჩნდა, დავიწყეთ პირბადეების, სპეცტანსაცმლის წარმოება, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან. შეგვიძლია ასევე ვაწარმოოთ სასუნთქი აპარატებიც, რომელიც არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ტიპის დაავადებასთან ბრძოლისთვის. შეგვიძლია ყველა ტიპის საკვები პროდუქცია ვაწარმოოთ, არა მარტო წვენები და ჯემები, ვაწარმოოთ მაკარონი, შაქარი… თვითკმარი ეკონომიკისკენ უნდა გადავიდეთ. ექსპორტ-იმპორტის სალდო უფრო დაბალანსებული უნდა გვქონდეს. 44% კი არა, მასზე 2-ჯერ ნაკლები უნდა იყოს.

ნიკა შენგელია: არ ვიცი საქართველოს მთავრობამ ისწავლა თუ არა, მაგრამ “კოვიდმა” გვასწავლა ის, რომ ბრმად არ უნდა შეასრულა სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, როცა საქმე ეხება შენი ქვეყნის ეკონომიკას. მილიარდიანი პროექტები უნდა გაცემულიყო სოფლის მეურნეობაში, მცირე საწარმოების ასამუშავებლად, ჩვენ უკვე 8 მლრდ გვექნებოდა ამ სფეროში დახარჯული და გაცილებით წინ ვიქნებოდით, ვიდრე დღეს ვართ. ჩვენი ეკონომიკური გუნდი ყველაფერ ამას იწყებს ახლა, რაც შედეგს მოგვცემს 3-4 წლის შემდეგ. მთავარი, რაც ვერ ისწავლეს პანდემიისგან არის ის, რომ ჩვენი ფულად-საკრედიტო და საბანკო პოლიტიკა არის დანაშაულებრივი. საპროცენტი განაკვეთები ჩვენთან კატასტროფულად მაღალია. ძალიან ბევრი ფუნქციები ჩამოჰკიდეს ეროვნულ ბანკს, რომლესაც ის ვერ ასრულებს.

დღეს ვართ დაახლოებით იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო მსოფლიო ეკონომიკა XX საუკუნის 30-40-იან წლებში. შემდეგ ეს ყველაფერი ფაქტობრივად, II მსოფლიო ომმა გადატვირთა. დღეს ამას კორონავირუსის საშუალებით აკეთებენ, რათა მსოფლიო ეკონომიკაში ახალი წესრიგი დამყარდეს. შესაბამისად Covid-19-ის პანდემია 1-2 წელიწადში არ დასრულდება, მინიმუმ 3 წელი იქნება, იმიტომ, რომ მსოფლიო უნდა გადაიტვირთოს.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი