საქართველოს პარლამენტის ექსთავმჯდომარე, პოლიტიკური პარტია “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას მოუხშიროს, ხოლო არჩევნების შემდეგ მოსკოვში მისი ვიზიტები კიდევ უფრო გახშირდეს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ ქალთა საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გამგზავრებამდე ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვების ეთერში განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზედაც ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ, არის სწორედ რუსეთის მიმართულება.

“ყველაზე დიდი და ყველაზე სერიოზული პრობლემები ჩვენ სწორედ რუსეთთან გვაქვს. ჩემი მისია არის ყოველთვის ერთი და იგივე, შევეცადო მოვამზადო საფუძველი იმისთვის, რომ, როდესაც ხელისუფლებაში მოვალ, უკვე მქონდეს შესაძლებლობა სერიოზულად დავიწყო რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარება,” – განაცხადა ნინო ბურჯანამძემ და დასძინა, რომ ვიზიტისას კრემლში გარკვეული შეხვედრები ბუნებრივია ექნება.

გამგზავრებამდე “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა კომენტარი გააკეთა მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” დაპირებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე და განაცხადა, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ამ პროცესის დაწყებას არც აპირებს და ვერც ვერასოდეს შეძლებს. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა წარმატებით მოატყუა ქართველი ხალხი, რადგან “პოლიტიკური ნება რომ ჰქონოდა, ქვეყანაში აღდგენილიყო სამართლიანობა და დასჯილიყვნენ დამნაშავეები, აუცილებლად დაიწყებდა 2008 წლის აგვისტოს ომის და თუნდაც 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევის გამოძიებას”.