კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების სიაში საქართველო, World Justice Project-ის წლევანდელი „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, 33-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა, – ასეთი ამაღლებული განწყობით შეხვდა საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც 9 დეკემბერს აღინიშნა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებზეა.

„ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგები მაღალ შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომლითაც იგი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის – „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში – მე-20, ევროპაში – მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეორე ადგილზეა და ასწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ მრავალ სახელმწიფოს.

Transparency International-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია.

ირაკლი ღარიბაშვილი

“უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებელი, მაღალი ანგარიშვალდებულების მქონე ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ფუნქციას. ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტად რჩება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეთიკური მმართველობის განმტკიცება და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოების შენება“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ოპტიმიზმს არ იზიარებს სამოქალაქო სექტორი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, საქართველოში კორუფციის მაღალ დონე კვლავაც გამოწვევად რჩება, ამიტომ მოუწოდებენ მთავრობას, ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე დაიწყონ და ბოლომდე მიიყვანონ მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ, საქართველოში უამრავი ანტიკორუფციული რეფორმა გატარდა, კორუფცია დაბალ დონეზე აღმოიფხვრა, მაგრამ მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა და დღეს, სახეზე გვაქვს ელიტური კორუფცია.

სამწუხარო ფაქტია, რომ კონკრეტული ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარებამ საქართველოში ვერ უზრუნველყო ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტიანად გაუმკლავდებოდა სწორედ ამ ელიტურ კორუფციას.

“წელს საქართველო ევროპული საბჭოსგან ელოდება გადაწყვეტილებას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე საუბარია, როგორც 2022 წლის ივნისში სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტს შორის, ისე 2023 წლის ნოემბერში შემუშავებულ რეკომენდაციებში. მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად”, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე გადადგას შემდეგი ნაბიჯები: დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები; უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; შეასრულოს ბიუროსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები; დეკლარაციების მონიტორინგის დროს ბიურომ გამოავლინოს თანამდებობის პირთა დაუსაბუთებელი ქონება და ასეთ შემთხვევებზე უნდა დაიწყოს გამოძიება; შეიმუშაოს და დაამტკიცოს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს მისი სრულყოფილად განხორციელება რეალისტურ ვადებში, შესაბამისი დაფინანსებითა და მონიტორინგის მეშვეობით.

ასევე, დაუბრუნდეს “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის” (OECD/ACN) ანტიკორუფციული გარემოს შეფასების პროცესს, რომელიც მან 2023 წლის თებერვალში დატოვა და სრულად შეასრულოს წინა შეფასების რეკომენდაციები. პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და ეკონომიკის სფეროები გათავისუფლდეს გავლენიანი პირადი ინტერესებისგან და მათი გავლენისგან.

ნიკა შენგელია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ნეპოტიზმის მაღალ ხარისხზე საუბრობს, რაც სწორედ კორუფციის არსებობას განაპირობებს. ამის გამო, ვერ ვითარდება ეკონომიკა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში კორუფცია რომ ყვავის, ეს ნათლად ჩანს ტენდერებში, სახელმწიფო შესყიდვებში და ა.შ.

“ამდენი წლის განმავლობაში გინახავთ, კორუფციის ბრალდებით ვინმე დაეკავებინოთ? ან როგორ დააკავებენ? ერთმანეთის ნათესავები და ოჯახის წევრები არიან თანამდებობებზე. არ არსებობს თანამდებობა, სადაც ვინმეს ოჯახის წევრი ან ნათესავი არ ზის. ესაა სწორედ ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც, ქვეყანა ვერ ვითარდება ეკონომიურად და მთავარი გამოწვევა პრობლემებისა არ იცვლება”, – განუცხადა ნიკა შენგელიამ Dalma News-ს.

მისივე თქმით, ისევ გამოწვევაა, კორუფცია, მაღალი ფასები, უმუშევრობა და ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება და ამ მხრივ ქვეყანას საზეიმო არაფერი აქვს.

Dalma News-ის კითხვაზე, თუ კორუფციის ზრდის მთავარი მიზეზი არის თუ არა სუსტი სამოქალაქო კონტროლი, ექსპერტმა განაცხადა, რომ საქართველოში მსგავსი კონტროლი საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, სახელმწიფო აუდიტი აქვეყნებს კორუფციის ფაქტებს მერიებში, თუნდაც საწვავის გადაჭარბებულ ხარჯებზე, მაგრამ ამ დასკვნებს მაკონტროლებელი ორგანოებიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყვება.

“კორუფციის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია ნეპოტიზმი. ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი, თავიან სანათესავოს? სამეგობროს? სხვას არავის ასაქმებენ ისედაც”, – აცხადებს ნიკა შენგელია.

მისი აზრით, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ არ არსებობს საამისო პოლიტიკური ნება.

ნიკა შენგელია ხელისუფლებას 6-საფეხურიან გეგმას გვთავაზობს, რითაც უნდა დაიწყოს კორუფციასთან ბრძოლა:

  • შეიქმნას სახელმწიფო ნავთობპროდუქტების სააგენტო, სადაც პროფესიონალები დასაქმდებიან და არა სანათესავო. ეს დაარეგულირებს საწვავის ფასებს და შექმნის კონკურენციას ამ სექტორში, შეიბოჭება კარტელი, რაც მოგვცემს საშუალებას ფასების ზრდა შეჩერდეს პროდუქტებსა და მომსახურებაზე და დაიწყოს კლება.
  • ეროვნული ბანკიდან ფასიანი ქაღალდების რეგულაციის სამსახურის გამოტანა და იქაც პროფესიონალების დასაქმება.
  • ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის დაწევას 4%-მდე, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს მაქსიმუმ წლიური 10%-იანი სესხი აიღონ.
  • ნეპოტიზმით დანიშნული არაკომპეტენტური კადრების დათხოვნას სამსახურებიდან, ასეთი 95%-ზე მეტია ხელისუფლებაში.
  • ძირეული რეფორმები სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სოფლის სექტორის მაქსიმალური წახალისება იმპორტის შემცვლელი პროდუქციის წარმოებაში.
  • განათლების სისტემაში ძირეული რეფორმები.

შორენა პაპაშვილი