რუსეთში ქართული დიასპორის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, ჟურნალისტი ანდრო ივანოვი, მშობლიურ ქალაქს ხშირად სტუმრობს. ამჯერად, იგი თბილისში, საკუთარი წიგნით ჩამოვიდა და პრეზენტაცია გამართა. წიგნი, ანდროს ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად თავმოყრილი ინტერვიუებისგან შედგება. მის რესპოდენტებს შორის არიან ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე, რეჟისორი გიორგი დანელია, საოპერო მომღერლები მაყვალა საყვარელიშვილი და ზურაბ სოტკილავა და ა.შ. როგორც თავად წიგნის ავტორი ამბობს, რუსეთში თითქმის არ არსებობს სფერო, სადაც ქართველები არ იყვნენ წარმოდგენილნი და წარმატებასაც აღწევენ ხელოვნების, მედიცინის, მეცნიერები, კულინარიის თუ სხვა სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ინტერვიუ, რომელიც ცნობილმა საოპერო მომღერალმა, ზურაბ სოტკილავამ ჩაწერა, სწორედ ამ წიგნშია შესული.

“რა კარგია ღიმილით რომ მოხვედით, მე მიყვარს მომღიმარი ადამიანები. ისინი, ვისაც პოზიტივი შემოაქვთ”, – ამ სიტყვებით დაიწყო ზურაბ სოტკილავას და ახალგაზრდა ჟურნალისტის ინტერვიუ.

იმ დროს, ზურაბ სოტკილავა უკვე ავადმყოფობდა, მაგრამ იმედიანად იყო განწყობილი და ახალი კონცერტისთვის ემზადებოდა. ისაუბრეს ადამიანურ ურთიერთობებზე, მომავალ თაობაზე, მომღერლის წარმატებულ კარიერაზე და სხვა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ დაახასითებდა ქართველ ხალხს, ზურაბ სოტკილავას უთქვამს, – “როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი საქართველოში ჩამოვიდა ჰკითხეს: რატომ შეაჩერა არჩევანი საქართველოზე, როცა საბჭოთა კავშირის წვერი ბევრი ქვეყნის ნახვა შეეძლო. ტეტჩერმა უპასუხა:- სურდა გაეცნო ხალხი, რომლებიც არასდროს არავის ჩაგრავდნენ“ (ამონარიდი წიგნიდან “Россия-Грузия. Вместе сквозь века”).

“ჩემი წიგნის – “საქართველო – რუსეთი. ერთად საუკუნოდ” (“Россия-Грузия. Вместе сквозь века”) პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა მოსკოვსა და პეტერბურგში. ამჯერად კი თბილისში შედგა. ძალიან ვღელავდი ჩემი წიგნის ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩამოტანის გამო. თუ როგორ მიიღებს მას ქართული საზოგადოება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განუცხადა Dalma News-ს ანდრო ივანოვმა.

წიგნის წარდგენა აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი პლეხანოვის N 157-ში, ე. მ პრიმაკოვის სახელობის ქართულ -რუსული საზოგადოების ცენტრის ოფისში გაიმართა. ცენტრი 2013 წელს დაფუძნდა და 2014 წლიდან ახორციელებს პროექტებს კულტურის, განათლების, სპორტის და საზოგადოების სხვა სფეროებში. სისტემატურად იმართება ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა, აქვთ რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები, სადაც სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველწიურად მატულობს. ცენტრში, წლეულს 2-ის ნაცვლად ოთხ ჯგუფს გახსნიან.

დედით ქართველი და მამით რუსი, თბილისელი ანდრო ივანოვი, ბოლო ათი წელია მოსკოვში ცხოვრობს და შორიდან ადევნებს თვალს მშობლიური ქალაქის მაჯისცემას. ცდილობს არ გაწყვიტოს კავშირი, აქაურ ნათესავებთან და მეგობრებთან, ასევე, ქვეყენაში მიმდინარე პროცესების საქმის კურსში იყოს.

“რადგან თბილისელი ვარ. აქ დავიბადე და გავიზარდე, ძალიან განვიცდი ყველაფერს, რაც აქ ხდება, მიხარია მისი წარმატებები და მწყინს წარუმატებლობა. ძალიან კარგია, რომ ქალაქში მიდის მშენებლობები, ძველი უბნების რეაბილიტაცია. თბილისის ერთ-ერთი პრობლემაა დაძველებული საკომუნიკაციო გაყვანილობები. ცვლიან კანალიზაციის მილებს, რაც ძალიან კარგია. ერთადერთი არ მომწონს, რომ სამშენებლო ადგილები რკინის ბარიერით არის შემოღობილი. ისინი საშიშია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. მათ ადგილას უნდა იყოს პლასტმასის ბარიერები. ყველა დეტალს ვაკვირდები ამ ქალაქში. რაც არ მომწონს, მინდა, რომ გამოსწორდეს. მომწონს ჩვენი ქალაქის მერი კახა კალაძე, ის განათლებული და ნიჭიერი ადამიანია, უყვარს თბილისი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უცხოვრია და შეძენილი გამოცდილება სურს გამოიყენოს საკუთარ ქვეყანაში”, – ამბობს ჟურნალისტი ანდრო ივანოვი.

თავად თბილისურ ეზოში გაზრდილს, ხიბლავს თბილისის მრავალეთნიკურობა და მიაჩნია, რომ ეს საუკეთესო თვისება ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ. მისი აზრით, ეს საქართველოს სავიზიტო ბარათია მთელს მსოფლიოში, რადგან აქ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შეუძლიათ თანაცხოვრება.

“ყოფითი კონფლიქტები ყოველთვის არსებობს, ერთი ეროვნების ადამიანებს შორისაც კი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, საქართველოს ნათელი მომავალი არის ინტერნაციონალური სულის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციისკენ სვლაში, რადგან ერთი ნაბიჯი უკან და ისევ სიბნელეში აღმოვჩნდებით. მაგრამ ამასთანავე საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ეს ურთიერთობები არსებობს, საჭიროა ახლა ქვეყნებს შორის მოგვარდეს და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს”, – ამბობს ანდრო ივანოვი.

მისი შეფასებით, წლებთან ერთად ძლიერია, ორი დაპირისპირებული ქვეყნის ახალგაზრდებს შორის, კომუნიაკაციის სურვილი. მათ აინტერესებთ როგორები არიან მოსკოველები.

“ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა მთელი სერიოზულობით მკითხა, – რუსეთში ისევ “კომუნიზმიაო”? “კომპარტია” რუსეთში არ არის პოპულარული პარტია. რუსეთი არის განვითარებული ქვეყანა, მაგრამ ის ძალიან დიდია და ბუნებრივია მის რეგიონებში არის პრობლემები. საქართველოს ხელს აძლევს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ქონა, მაგრამ ეს უნდა იყოს აწონილ-დაწონილი”, – ამბობს ივანოვი.

მისი აზრით, ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში ხელს არ უშლის. რუსეთი ყოველთვის იყო, ერთ-ერთი ძლიერი, ევროპული სახელმწიფო.

წიგნის პრეზენტაციაზე ანდრომ ყველაზე მცირე დრო პოლიტიკაზე საუბარს დაუთმო. გაიხსენა ბავშვობის თბილისი და მძიმე 90-იანი წლები, რაც უსიამოვნო მოგონებად შემორჩა მისი თაობის ახალგაზრდების (და არა მარტო მათ) მეხსიერებას. უყვარს თბილისური აივნები, რომლებიც, მისი შეფასებით, ქალაქის არქიტექტურულ ღირშესანიშნაობას წარმოადგნენ.

“სიამოვნებით ვჯდები ხოლმე თბილისურ აივანზე, მივირთმევ ყავას და ვუცქერი გამვლელ-გამომვლელებს. ქართველები ხომ ძალიან ლამაზი ერია, ამას რუსეთის იმპერიის ისტორიკოსებიც აღიარებდნენ”, – ამბობს ანდრო.

მისი სამომავლო გეგმები კვლავ წიგნის გამოცემას უკავშირდება. ამბობს, რომ კიდევ ბევრი საინტერესო ადამიანის ჩაწერა სურს, რომლებიც მისი წიგნის გმირები გახდებიან, მათ შორის არიან რუსეთში მოღვაწე ხელოვანები – თამარ გვერდწითელი და ნიკა ცისკარიძე. ოცნებობს საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ინტერვიუზე.

“ბევრი მყავს ისეთი რესპოდენტი, რომლებიც აუცილებლად მინდა მოხვდნენ ჩემს წიგნში. ძალიან მინდა ინტერვიუს ჩაწერა ილია მეორესთან. მისი დამსახურებაა ის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ბოლომდე არ ჩამოიშალა. ის ჩამოდიოდა მოსკოვში და ცდილობდა კონფლიქტი შეეჩერებინა. ილია მეორე ძალიან ბრძენი პატრიარქია, ქართველებს ძალიან გაუმართლათ ის რომ ჰყავთ. ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლეს. მის მხრებზე ბევრი რამ დგას”, – აცხადებს ანდრო ივანოვი.

მას რომ ჰკითხოთ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი ვინ არის? გიუპასუხებთ, – ილია II.

ანდრო ივანოვის წიგნის პრეზენტაცია თბილისით არ დასრულებულა. ამბობს, რომ კიდევ ერთ ქალაქს უნდა ესტუმროს, ხოლო რომელს, ამას ასაიდუმლოებს.

შორენა პაპაშვილი