სომხეთში კვლავინდებურად დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. “ხავერდოვანი” რევოლუციის და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რესპუბლიკაში პოლიტიკური ბრძოლა ახალ საფეხურზე გადავიდა – მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის და ძველი მთავრობის მთელი რიგი მოხელეების სისხლის სამართლებრივი დევნა; კოჩარიანის პოლიტიკაში დაბრუნება; ერევნის უხუცესთა საბჭოს საარჩევნო კამპანია, რომელიც რესპუბლიკაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი დიდი არჩევნებია.

ახლახანს განახლდა სისხლის სამართლის საქმე 2008 წლის პირველი მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტ კოჩარიანის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. გასაჯაროვდა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ არტურ ვანეციანის და სპეციალური საგამომძიებლო სამსახურის ხელმძღვანელ სასუნ ხაჩატრიანის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი, სადაც ისინი სისხლის სამართლის საქმეზე და კოჩარიანის და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის იური ხაჩატუროვის სამართლებრივ დევნაზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა აღიარეს თავად საუბრის მონაწილეებმა და პრემიერ-მინისტრმა პაშინიანმა.

საზოგადოებას აინტერესებს. როგორ და რაც მთავარია, ვინ მოუსმინა მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სატელეფონო საუბარს? რაც მთავარია, საინტერესოა რა კავშირია ვიდეომასალაში არსებულ ინფორმაციასა და პრემიერ-მინისტრ პაშინიანის სიტყვებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლო სისტემის საქმიანობაში არ ერევა.

რაც შეეხება პირველ საკითხს. სატელეფონო საუბრების მოსმენა უცხო ხილი, არც წამყვანი და დიდი სახელმწიფოებისთვის არის. მოსმენების გამო ობამამ მერკელს ბოდიში მოუხადა. როგორც ჩანს, ვანეციანს კი არ უსმენდნენ, არამედ ხაჩატრიანს. როდესაც ვანეციანმა საუბარი დაასრულა და ტელეფონი გათიშა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ხმა კიდევ ისმოდა.

 

 

 

 

 

 

რაც შეეხება მეორე საკითხს, კოჩარიანის საქმის მწარმოებელ მოსამართლესთან საუბარში: “გინდა თუ არა, კოჩარიანის დაკავებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღო”, ან ხაჩატუროვთან დაკავშირებული რჩევა: “თუმცა პრემიერი ამბობს, ჩასვით…” (ასევე კოჩარიანის და ხაჩატუროვის აღკვეთის ღონისძიებისადმი სხვადასხვა მიდგომები რუსეთის აღშფოთებული რეაქციის შესახებ საუბრების შემდეგ), დაუჯერებელია, რომ პაშინიანის, ვანეციანის და ხაჩატრიანის თავის მართლების მიუხედავად, აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლო საქმეში არ ერევა.

უცნაური იყო პაშინიანის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება, რომ ხაჩატუროვის მისმართით გაჟღერებული ბრალდებების და მისი შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების რეოგანიზაციაში სომხეთის პარტნიორი ქვეყნებიდან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდნენ და არსებულ საქმესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. ფაქტობრივად, პაშნიანს თუ დავიჯერებთ, ამ საქმეში საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციები ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა შეითავსა. თუ გავიხსენებთ იმ დღის მოვლენების ქრონოლოგიას, დავინახავთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავის სომეხ კოლეგას ზოგრაბ მნაცაკანიანს დაურეკა და როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი იტყობინება, “ორმხრივი თანამშრომლობის და საერთო ინტეგრაციული გაერთიანებების ფარგლებში ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს”.

კიდევ უფრო უჩვეულო და შემაშფოთებელი იყო მომხდარზე პაშნიანის და მისი გუნდის საჯარო რეაქცია, რაც აუცილებლად წარმოშობს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჯდება პრემიერის განცხადება იმ კანონის ფარგლებში, რომლის დაცვაზე თავად საუბრობდა. ზედმეტად ემოციური და ისტერიულიც კი იყო მერობის კანდიდატის მხარდასაჭერ მიტინგზე პრემიერის გამოსვლა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს და პოლიციას მოუწოდა, ჩაეტარებინათ ოლიგარქების და ყოფილი მაღალჩინოსნების ორსაათიანი ჩხრეკები და რეიდები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი წესრიგს ვერ დაამყარებდნენ, იგი თავად ჩაიცვამდა სამხედრო ფორმას და ქუჩიდან ქუჩაში, სახლიდან სახლში თავად დაამყარებდა წესრიგს მთელს სომხეთში. საინტერესოა, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს და პოლიციას წესრიგის ორ საათში დამყარებისკენ მოუწოდებს, გამოდის რომ ოთხთვიანი მმართველობის განმავლობაში თავად არაფერი უკეთებია.

დამამშვიდებელია ის ფაქტი, რომ სამართალდამცველები თავშეკავებული და ადეკვატურები აღმოჩნდნენ და კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხოლოდ საჩვენებელი დაკავებებით შემოიფარგლნენ. მიტინგის შემდგომ დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, პაშინიანი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ მისი განკარგულება სიტყვა-სიტყვით არ შეასრულა. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დაკავებასთან დაკავშირებით, ვანეციანის პოზიციამ აჩვენა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში არიან ადამიანები, რომლებსაც ამა თუ იმ ნაბიჯის შედეგების და საფრთხეების რეალურად შეფასება შეუძლიათ.

ვნებათაღელვას იწვევს ფრაქცია “ელკ”-ის და პარლამენტში პაშინიანის პარტნიორების მოქმედებები საპარლამენტო კომისიის შექმნის დაუშვებულობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კომისიას ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების საკითხებზე უნდა ემუშავა.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პაშინიანი შედეგებს იმკის, რადგანაც მაშინვე არ დანიშნა ვადამდელი არჩევნები, რომელშიც უპირობოდ გაიმარჯვებდა. მისთვის იდეალური იქნებოდა არჩვენების ჩატარება მთავრობის პროგრამის უარყოფის შემდეგ, როდესაც პარლამენტის დაშლის შემდეგ არჩევნებამდე სწორედ ის ასრულებდა პრემიერის მოვალეობას. ამისთვის საჭირო იყო სომხეთის რესპუბლიკური პარტიიდან რამდენიმე დეპუტატის გადაბირება, რაც ტექნიკურად სავსებით შესაძლებელი იყო.

თუმცა, ამ შემთხვევაში მსგავსი, მკაცრი ნაბიჯების გადადგმის გარეშე, მან თავისი მდგომარეობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაირთულა. ერთია, როდესაც ლიდერი, „რევოლუციური მიზანშეწონილობის“ სახელით გამარჯვების შემდეგ ძველი ხელისუფლების წინააღმდეგ რეპრესიებს მიმართავს და შიდა და გარე ძალები შეცვლილი ვითარების აღქმას და მორგებას ცდილობენ, ხოლო მეორეა, როდესაც ქვეყანაში რამდენიმეთვიანი მმართველობის შემდეგ, ლიდერი კანონის ნორმებს უგულებელყოფს.

ამას ემატება ისიც, რომ “პირველი მარტის” საქმის გახსნის თვალსაზრისით, რობერტ კოჩარიანის სამართლებრივი დევნის დაწყებას ძველი რეჟიმის დაპირისპირების და კონსოლიდაციის ბუნებრივი მცდელობა მოჰყვა. პაშინიანი “ნათელი მომავლის” შენების ნაცვლად “წარსულთან” ბრძოლაში ჩაება და მის წინააღმდეგ წამოწყებული ინფორმაციული კამპანიის გათვალისწინებით იძულებული გახდება უარი თქვას მკაცრ და მტკივნეულ რეფორმებზე, რომელთა გარეშეც საეჭვოა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რასაც შედეგად სოციალური ვითარების გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს.

 

 

 

 

 

 

 

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველი მარტის მოვლენებში დამნაშავეთა რეალურად დასჯის მცდელობა, გარკვეულწილად ბიზნესის, მისი ამჟამინდელი პოლიტიკური პარტნიორების და არმიის ზედა ფენებსაც შეეხება. საეჭვოა, ეს მათ მოეწონოთ და ამას ადასტურებს იმ დღეებში პაშინიანის და მის მიერ დანიშნული გენშტაბის ხელმძღვანელის, არტაკ დავთიანის მიერ გაკეთებული შეფასებები, სამხედროების მოქმედებების და ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე.

ამის გათვალისწინებით, პაშინიანი ან ვლადიმერ ლენინის ბედს გაიზიარებს, რომელიც ძველ რეჟიმზე გამარჯვების მიზნით ყველაფერზე წავიდა და მათ შორის, არც თავისი რევოლუციონერი პარტნიორები დაინდო, ან – მაქსიმილიან რობესპიერის, რომლმაც რევოლუციური ტერორი წამოიწყო და თავად გახდა კონტრრევოლუციური გადატრიალების მსხვერპლი.

მანამდე კი, დედაქალაქის თვითმმართველობის არჩევნებზე პაშინიანის და ერევნის მერობის კანდიდატის აიკ მარუთიანის ლოზუნგია „თეთრები შავების წინააღმდეგ“. ბოლშევიკური ლოზუნგის „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენს წინააღმდეგაა“ გათვალისწინებით, „შავების“ სიაში ხვდებიან არა მხოლოდ პარტიების „აყვავებული სომხეთის“ და “დაშნაკცუტიუნის” საპარლამენტო და სამთავრობო წარმომადგენლები, არამედ მეგობრების ფრაქცია “ელკ”-იდან.

აიკ ხალათიანი