პარტია, რომელიც 12 წელია ხელისუფლებაში აღარ არის და 12 წელია, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, დღეს იგივე პრობლემის გამო საკუთარ პარტიაში აქვთ განხეთქილება. მას შემდეგ რაც, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე მელია ხაბეიშვილმა ჩაანაცვლა, შიდა კრიზისი მწვავდება. ნიკა მელიას დისკომფორტს უქმნის ის გავლენა, რაც პარტიაში ნასამართლევ ვანო მერაბიშვილსა და ძებნილ დავით კეზერაშვილს აქვთ. “ენმ”-ს რეიტინგის ვარდნის მიზეზსაც ამ ორის მავნე გავლენაში ხედავს.
დაპირისპირებული ფლანგები ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ. ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში “ნდობის საბჭოს” შექმნას მოითხოვს, რომელიც გადაწყვეტილებების ერთადერთი მიმღები ორგანო იქნება. მის ინიციატივას მხარს არ უჭერს მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. განხეთქილების შეჩერებას პარტიის დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი საკუთარი მეთოდებით ცდილობს. დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს შეუერთდნენ ერთობლივ მანიფესტს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის დატოვება მოუწევთ.
გეგმის თანახმად, 10-პუნქტიანი მანიფესტი 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციიდან” 20 წლისთავზე უნდა გამოაქვეყნონ. როგორც ექსპრეზიდენტი განმარტავს, ეს არ არის ვიწროპარტიული მანიფესტი.
“ამ მანიფესტის მთავარი პრინციპებია, რომ საქართველოში ადამიანების დაწინაურება ხდება მერიტოკრატიით – შრომით და არა ჩაწყობებით, ნათესაობით, ძმისშვილით, დისშვილით და ა.შ. მეორე, ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოსახლეობის კეთილდღეობის მტერი, იმიტომ, რომ ოლიგარქს ყველაფერი უნდა თავისთვის და თქვენ უნდიხართ მარტო მონებად ან უცხოეთში ემიგრანტად”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში უკვე დაამკვიდრა პრაქტიკა და სასამართლო სხდომებს საკუთარი პოლიტიკური განცხადებებისთვის აქტიურად იყენებს. საკუთარ პარტიაში არსებული პრობლემების მოგვარებასაც დისტანციურად ცდილობს.
ასე მაგალითად, სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ “ენმ”-ს პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას საკუთარ თავზე იღებს, აწუხებს ის ფაქტი, რომ “გამოცდილი მებრძოლი და ბევრი დამსახურებული ადამიანი, პოლიტიკური საბჭოდან გარიყული აღმოჩნდა. როგორც ჩანს “ნაციონალურ მოძრაობაში” იმდენად დაულაგებელი ვითარებაა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე პატიმრობაში მყოფ ლიდერს უწევს, რომელიც ამავე დროს, სხვა ქვეყნის მოქალაქეა. სააკაშვილი იღებს საკუთარ თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ხელმძღვანელობას, ასევე იმაზეც იღებს პასუხისმგებლობას, რომ პარტია გახსნილი იყოს სხვა პარტიებისთვის, სხვა ადამიანებისთვის.
ერთობლივი მანიფესტის შემუშავებას პირი არ უჩანს. ხაბეიშვილთან დაპირისპირებული ნიკა მელია და მისი გუნდი სააკაშვილის იდეას სკეპტიკურად უყურებენ. ვერც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიუღიათ. ბუნდოვანია ისიც, ვის მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი. ჯერ კარისკენ უთითებს, მერე ნიკა მელიას აქებს, მოგვიანებით ყოფილი თავმჯდომარის პირადი ამბიციები არ მოსწონს და პირდაპირ ეუბნება, რომ ლევან ხაბეიშვილი ლეგიტიმურად არის არჩეული.
მანიფესტზე შეერთებისკენ მოუწოდებს მელიას ხაბეიშვილიც, თუმცა იქვე “მგლის ბილეთს” უმზადებს. ნიკა მელია, ჯერჯერობით საკუთარი სიტყვების ერთგული რჩება.
“არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა. სადა არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესებზე, მათ დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები, ვერასდროს მოვა გამარჯვება”, – ასეთია ნიკა მელიას პოზიცია.
კატეგორიულია ლევან ხაბეიშვილიც და მელიას ულტიმატუმს უყენებს, ან 23 ნოემბრამდე მოაწერს ხელს მანიფესტს, ან დარჩება პარტიის გარეთ. მისივე თქმით, ნიკა მელია თავად იქმნის გარიყულის იმიჯს და “ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ თავის პრობლემებზე მოთქვამს”.
“ნიკა მელია პარტიიდან ამ დროისთვის, ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით, გარიცხული და გარიყულიცაა. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს თუ მელია მოგვმართავს მის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს. თუ იურიდიულად დააინტერესებს “მგლის ბილეთი”, მოგვწერს და გაგვცემს პასუხს არის თუ არა წევრი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის სიტყვებმა გააღიზიანა ნიკა მელია. მისი აზრით, ადამიანს რომელსაც სურს თანამშრომლობა, არ ესაუბრება პარტიის წევრებს “მგლის ბილეთების” გადაცემით.
“სააკაშვილმა გვითხრა ერთი, ხაბეიშვილმა – მეორე. როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა, პოლიტიკური საბჭოდან არ ყრი ხალხს. ადამიანს, რომელსაც სურს თანამშრომლობა, ის 10 ათასობით თანამოაზრეს, ჯერ კიდევ, არ ესაუბრება “მგლის ბილეთების” გადაცემით”, – აცხადებს მელია.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სრული ქაოსია. ფაქტია, რომ კეზერაშვილის შეთავაზება, რომ უარი ეთქვა მელიაზე, სააკაშვილმა არ გაიზიარა. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ელოდება დაპირისპირებული მხარეები როდის დაეჯახება ერთმანეთს და რომელი აღმოჩნდება უფრო ღონიერი.
“საერთო ჯამში სააკაშვილს ორივეს დასუსტება აწყობს, სხვა შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე მისი ადგილი აღარ არის. ვხედავთ, რომ ყველა თავისი საქმით არის დაკავებული და სააკაშვილი თითქმის არ ახსოვთ. რა გეგმა აქვთ? ბუნდოვანია. სააკაშვილმა თქვა, – ერთ კვირაში შეგატყობინებთ რას ვაპირებო და ვერ ამბობენ, რას აპირებენ. არ აქვთ არანაირი კონკრეტული გეგმა, არც ბრძოლის და არც ერთმანეთთან თანამშრომლობის, ამ პარტიაზე მსჯელობას მე მგონი აზრი არ აქვს”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური წონის მქონე ფიგურები დღეს ოპოზიციაში არ არის, საზოგადოებასაც იმედი აქვს დაკარგული, რომ შესაძლოა ასეთები ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდნენ, უიმედობის გაჩენა კი, ოპოზიციის დამსახურებაა.
„სანამ ამომრჩეველი ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის იარსებებს. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს თავად პარტია, ხმას მისცემენ სააკაშვილის მომხრეები, იმიტომ, რომ ეს პარტია ეგულებათ სააკაშვილის საკუთრებად“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აზრთა სხვადასხვაობად აფასებს, რაც მისივე თქმით, ბუნებრივი პროცესია. ეს გამოიხატა პარტიის შიდა არჩევნების ჩატარებაშიც.
“საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიზანია, ითამაშოს გამაერთიანებლის როლი, რომ პარტიაში ხელი შეუწყოს არა დეზინტეგრაციულ, არამედ ინტეგრაციულ პროცესებს”, – აცხადებს ჩიტაძე.
Dalma News-ის კითხვაზე, საბოლოოდ დათმობს თუ არა სააკაშვილი მელიას, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ მარტო მელიაზე არ არის საუბარი, სააკაშვილს არ სურს მისმა პარტიამ დაკარგოს მელიას მომხრეები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მისივე შეფასებით, არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რასაც ადასტურებს ბოლო სოციოლოგიური კვლევები, სადაც 20%-იანი რეიტინგი აქვთ.
ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ლევან ხაბეიშვილმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა პარტიაში რეგიონულ დონეზე. პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებს ახალი თავმჯდომარეები ჰყავთ. თუმცა იქვე დასძენს, რომ ხაბეიშვილის რეფორმებს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია საკუთრივ პარტიის რეიტინგის არც მომატებაზე და არც კლებაზე.
„სტაბილური ამომრჩეველი რაც ჰყავს პარტიას, შენარჩუნებულია. შესაძლებელია გაიზარდოს მათი ხმები არჩევნებში, თუ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან, გაფანტავენ დეზინფორმაციას და ჭორებს პარტიის წინააღმდეგ. რომ თითქოს მათი მმართველობა სისხლიანი რეჟიმი იყო. აუხსნან ხალხს, რომ ბევრი რამ არის პროპაგანდის ნაწილი. ასევე შესთავაზონ მოსახლეობას ალტერნატივა, – რა სოციალურ-ეკონომიკური და სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება მათი გამარჯვების შემთხვევაში. ამ მიმართულებით თუ წავა პარტიის მუშაობა, მეტი შანსი ექნებათ“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.
მაშინ, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა დიდი ბრძოლით მოიპოვა “ენმ”-ს პარტიის თავმჯდომარის პოსტი და თავის წინამორბედს “მგლის ბილეთი” გაუმზადა, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია ხაბეიშვილისა და მელიას ერთ პარტიაში თანაარსებობა, თუმცა, პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. ნიკა ჩიტაძის აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია სააკაშვილზე, მან უნდა მოუწოდოს დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთს ხელი ჩამოართვან და შეიმუშაონ კონკრეტული სტრატეგია ივანიშვილის მშვიდობიანი გზით დასამარცხებლად.
“ქართული ოცნებისგან“ უნდა განსხვავდებოდეს „ენმ“. სააკაშვილი არ უნდა იყოს ერთადერთი ლიდერი და მას არ უნდა ჰქონდეს მონოპოლია, თუმცა მის სიტყვებს წონა უნდა ჰქონდეს”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.
შორენა პაპაშვილი