ბოლო დროს,  სომხეთში ახალი რუსული სკოლების გახსნისა და სომხური სკოლებისთვის რუსული სახელმძღვანელოების გადაცემის თემა კვლავ აქტუალურია. სომხეთისა და რუსეთის შესაბამისი წრეები მუდმივად განიხილავდნენ ამ საკითხს და, როგორც ჩანს, საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწიეს.

მიმდინარე წლის მარტში, ქალაქ ცახკაძორში, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომისიის 36-ე სხდომაზე გამოსვლისას, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იური ვორობიოვმა განაცხადა, რომ სომხეთში 4 რუსული სკოლის მშენებლობა დაიწყო და მისი რეალიზება რუსეთ-სომხეთის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში განხორციელდება. სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე სამუშაო პროცესი ორივე ქვეყნისთვის დინამიური და ეფექტიანი იქნება.  რამდენიმე თვის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ სომხეთის სკოლებისთვის 60 ათასზე მეტი სახელმძღვანელოს შესაძენად 35 მილიონი რუბლი გამოყო. როგორც რუსულმა მხარემ განაცხადა, ეს არის ზედა პალატის სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს დავალებით, როსოტრუდნიჩესტვოსა და რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული კოორდინირებული მუშაობის შედეგი.

თუმცა, გასულ კვირას იგივე სენატორმა სინანულით აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში რაღაც არასწორედ წარიმართა: სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  რუსულენოვანი სახელმძღვანელოების გაცემა შეაჩერა, რომლებიც მანამდე რუსულმა მხარემ სომხეთის სკოლებს გაუგზავნა.

«სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ინიციატივით, რუსეთ-სომხეთის საპარლამენტთაშორისო კომისიის სხდომებზე სომეხი დეპუტატების განმეორებითი მიმართვის საფუძველზე, ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელობის პირდაპირი მხარდაჭერით, რუსულმა მხარემ მოახერხა დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მოძიება 50 ათასზე მეტი სახელმძღვანელოს შესაძენად და შემდგომ რუსულენოვანი სომხური სკოლებისთვის შემოწირულობის სახით გადაცემა.

11 ნოემბერს რესპუბლიკას სახელმძღვანელოები ჩაბარდა და მათი დარიგება დაიწყო.

გავოცდი, როდესაც  შევიტყვე, რომ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ეს პროცესი, სასწავლო მასალების ექსპერტიზის ჩატარების საბაბით შეაჩერა.  განსაკუთრებით უცნაურია ის ფაქტი, რომ ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა თავად გამოგვიგზავნეს საჭირო სახელმძღვანელოების კონკრეტული სია.

სამწუხაროა, რომ ამგვარი ვიწრო პოლიტიკური ინტრიგებით ჩვენი მოძმე სომეხი ხალხის რიგითი ბიჭები და გოგოები ზარალდებიან.

ბიშკეკში, ჩვენმა დელეგაციამ ეს საკითხი სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის წინაშე წამოჭრა. ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში ყველა დაბრკოლება მოიხსნება“, – დაწერა სენატორმა ტელეგრამის საკუთარ გვერდზე.

საუბარი  რუსული ენის, ლიტერატურის, მათემატიკის, ალგებრია, გეომეტრიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ისტორიის სახელმძღვანელოებზე.

ოფიციალური განმარტებით, სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, 50 ათასზე მეტი რუსული სახელმძღვანელო მოწმდება.  ხოლო მათი რესპუბლიკის სკოლებისთვის გადაგზავნის პროცესი არ შეჩერებულა. განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ საუბარია არა საგანზე „რუსულ ენა”, არამედ მათემატიკაზე, ქიმიაზე, ბიოლოგიაზე და მასთან დაკავშირებულ საგნებზე, რომლებსაც ბავშვები სწავლობენ რუსულ ენაზე და ეს არის 30-ზე მეტი სახელმძღვანელო.

სამინისტროს რუსეთიდან სომხეთში გაგზავნილი რუსულენოვანი სახელმძღვანელოები კი არ აუკრძალავს, არამედ  ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, სკოლებში გამოსაყენებელი ნებისმიერი საგანმანათლებლო მასალისა თუ სახელმძღვანელოს მსგავსად, ექსპერტიზაზე გადააგზავნა.

თუმცა, ბოლო მოვლენების, რბილად რომ ვთქვათ, ერევანსა და მოსკოვს შორის ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის ფონზე, არის თუ არა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს სომხური მხარის დემარშის გაგრძელებაა? როგორც რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი პროსამთავრობო ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წარმომადგენელი, ალექსეი სანდიკოვი ირწმუნება, სახელმძღვანელოები ახალ საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობის შესამოწმებლად გაიგზავნა და ამისგან პრობლემების შექმნა საჭირო არ არის. მით უფრო, ამ საკითხის გაპოლიტიზირება.

„ეს წმინდად ტექნიკური საკითხია. ბიშკეკში დსთ-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის  საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჩემს რუს კოლეგებს ვესაუბრე და ვითარება ავუხსენი. საკითხი დროში მოგვარდება. გარწმუნებთ, პრობლემას პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს. იგი მხოლოდ ტექნიკურია“, – განაცხადა სანდიკოვმა.

როგორც ამბობენ – დაველოდებით…

ლინა მაკარიანი